fbpx

ჩემპიონთა ლიგა – მეოთხე სათამაშო დღე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

როდესაც „აიაქსთან“ მატჩის 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბურთით ხელში ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი ახალ ამპლუაში იხილეს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კვარაცხელიას არც გადაცემა გაუკეთებია და არც პენალტი გამოუმუშავებია, მაგრამ მოედანზე საშტატო პენალტისტ პოლიტანოს არყოფნისას თანაგუნდელებმა ოსიმენის თაოსნობით ეს საპასუხისმგებლო საქმე სწორედ მას მიანდეს.

ხომ არ არის ეს ფაქტი იმის წინაპირობა, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ფეხბურთელი, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებში, „ნაპოლის“ შემადგენლობაშიც შეასრულებს სტანდარტულ სიტუაციებს?

ხვიჩამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და მატჩის პირველ ტაიმში გაკეთებულ მორიგ საგოლე გადაცემასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მეორე გოლი მიითვალა.

„აიაქსთან“ განმეორებით მატჩში „ნაპოლი“ ორბურთიანი სხვაობით დაკმაყოფილდა, მაგრამ სტატისტიკური თვალსაზრისით შესანიშნავი გუნდური თამაში გამოავლინა. ამის ნიშანი გუნდის ოთხივე თავდამსხმელის – კვარაცხელიას, ლოზანოს, რასპადორის და ოსიმენის მიერ გატანილი თითო გოლია.

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში მიმდინარე ტურნირზე პირველი ბურთი გაიტანა „გლაზგო რეინჯერსმა“, მაგრამ შოტლანდიელები საბოლოოდ უხერხული ანგარიშით 1:7 დამარცხდნენ „ნაპოლის“ მიერ შერცხვენილ „ლივერპულთან“, რომლის შემადგენლობაშიც თავი ჰეთთრიკით ისახელა სალაჰმა.

„ნაპოლის“ გარდა ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნი“ ასპარეზობს, რომელმაც განვლილ ტურში კვარაცხელიას გუნდის მსგავსად, ანგარიშით 4:2 იმარჯვა ჯგუფის აუტსაიდერ „პლზენთან“ შეხვედრაში. 

გერმანელებმა ოთხივე ბურთი მატჩის პირველ ტაიმში გაიტანეს, მეორე ნახევარში კი დასვენება ნაადრევად გადაწყვიტეს და მოწინააღმდეგეს ნოიერის ნაცვლად მდგომი ულრაიხის კარში ორი ბურთის გატანის საშუალება მისცეს. 

მიუნხენელთაგან დუბლით გამოიჩინა თავი გორეცკამ. ასევე დუბლი ყოფილმა „ბაიერნელმა“ ლევანდოვსკიმაც შეასრულა მილანის „ინტერთან“ შეხვედრაში, მაგრამ „ბარსელონა“ მხოლოდ ფრეს დასჯერდა „ნერაძურისთან“ შეხვედრაში, რაც მას დიდი ალბათობით ტურნირის დატოვებას უქადის.

„ინტერის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან 2010 წლის ფინალის შემდეგ, პრინციპული მატჩის ბედი პირველად გადაწყვიტა სათავისოდ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, რითაც იმავდროულად იტალიური კლუბების ბოლოდროინდელი შელახული პრესტიჟიც ოდნავ აღადგინა ესპანელებთან შეხვედრებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ინტერის“ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჭკუით აჯობა „ბარსელონელ“ კოლეგა ჩავი ერნანდესს, რომელსაც მატჩის წინ თავისი გუნდის მხრიდან არნახულ „კატენაჩოს“ შეჰპირდა.

სინამდვილეში კი პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა, რომ სტუმრები დაცვაში ჩაჯდომას სულაც არ აპირებდნენ და მათ მიზანს მეტოქის ნახევარდაცვის ხაზის  წელში გადატეხა და მწვავე შეტევების მოწყობა წარმოადგენდა.

პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით წაგების მიუხედავად, იტალიელები არ დაბნეულან, მატჩის მეორე ნახევარში მათ გაცილებით გონივრულად ითამაშეს და ლაუტარო მარტინესის გოლის შემდეგ, უკვე 63-ე წუთისთვის ანგარიშით 2:1-ს იგებდნენ.

მასპინძლებს მერვედფინალში გასვლის მინიმალური შანსი ლევანდოვსკიმ შეუნარჩუნა, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე შეძლო – 3:3. 

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ტურში ოთხივე ესპანურმა კლუბმა თავ-თავიანთი მატჩები ფრედ დაასრულეს, მაგრამ თუკი „რეალისთვის“ „შახტართან“ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე დაფიქსირებული ფრე მერვედფინალის საგზურის ოფიციალურად გაფორმებას ნიშნავდა, „სევილიასთვის“ მოპოვებული ქულა, „ბარსელონას“ მსგავსად, დიდი ალბათობით ტურნირიდან გამოვარდნის ტოლფასი იქნება, ხოლო „ატლეტიკოსთვის“ კი ეფექტი მას მხოლოდ გასვლაზე „პორტოს“ დამარცხების შემთხვევაში თუ ექნება.

„ატლეტიკომ“ შინ ბევრი იწვალა 82-ე წუთიდან ათი კაცით დარჩენილი „ბრიუგეს“ წინააღმდეგ შეხვედრაში, 15-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის ჩარჩოში, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო სტუმართა მეკარე მინიოლე, რომელიც ოთხი ტურის შემდეგ კვლავ მშრალად ინახავს B ჯგუფის სენსაციური ლიდერის კარს.

პარალელურ მატჩში გასვლაზე „ლევერკუზენის“ დამარცხებით, B ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა „პორტომ“. დაფიქსირებული შედეგების მიუხედავად, მერვედფინალში გასვლის შანსს ამ ჯგუფიდან ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.

მსგავსი მდგომარეობაა D და E ჯგუფებში, სადაც უშეღავათო ბრძოლა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის ჩათვლით გასტანს.

დიდი ალბათობით მერვედფინალში ოთხივე ინგლისურ კლუბს ვიხილავთ. 

მეოთხე ტურში „ჩელსიმ“ ხელმეორედ შეარცხვინა იტალიის ჩემპიონი „მილანი“, რომელიც ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:0 გაანადგურა და ამ მოგებით E ჯგუფის სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

პარალელურ მატჩში ჯგუფის აუტსაიდერ ზაგრების „დინამოსა“ და მეორე ადგილზე მყოფ  „ზალცბურგს“ შორის დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ, „მილანისთვის“ აუცილებელი იქნება მომდევნო ტურში ხორვატიის ჩემპიონთან სტუმრად მოგება. მაგრამ ამ ამოცანის შესრულების შემთხვევაშიც კი, მას არ ექნება მერვედფინალში მოხვედრა გარანტირებული.

„მილანზე“ გაცილებით უარეს მდგომარეობაშია „იუვენტუსი“, რომელიც „მაკაბისთან“ სენსაციური წაგების შემდეგ, მერვედფინალში მოხვედრის უმცირეს შანსს ინარჩუნებს.

ამ მატჩის შედეგის მცოდნე H ჯგუფის ლიდერებს – „პარი სენ-ჟერმენს“ და „ბენფიკას“ თავი დიდად აღარც მოუკლავთ და პირველი დაპირისპირების მსგავსად, ისინი ამჯერადაც დაზავდნენ – 1:1.

გასვლაზე „აინტრახტთან“ გამარჯვებით D ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა „ტოტენჰემმა“, „სპორტინგმა“ კი „მარსელთან“ ზედიზედ მეორე წაგების შემდეგ, მეორე ადგილი სწორედ ფრანგულ კლუბს გადაულოცა.

„მანჩესტერ სიტისთვის“ „კოპენჰაგენთან“ გასვლაზე ნათამაშევი 0:0, „რეალის“ მსგავსად, საკმარისი აღმოჩნდა მერვედფინალის საგზურის ოფიციალურად გასაფორმებლად.

დანიის ჩემპიონისთვის პეპ გვარდიოლას გუნდთან მოპოვებული ქულა, რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია. ამ შედეგში კი საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამაც, რომელმაც მოედანზე 80 წუთი დაყო.  

თამაშში მონაწილეობა არ მიუღია მანჩესტერელთა ლიდერ ერლინგ ჰალანდს, ხოლო ფოდენი კი გვარდიოლამ მხოლოდ შეხვედრის 77-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე. 

ერთი შეხედვით მშვიდობიანი შედეგის მიუხედავად, დაპირისპირება აღსავსე იყო ვნებათა ღელვით. 

ამის ნიშანია მატჩის მე-11 წუთზე როდრის ჩაუთვლელი გოლი, 23-ე წუთზე მაჰრეზის მიერ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი და 30-ე წუთზე გომესის გაძევების შემდეგ, სტუმართა ათი კაცის შემადგენლობით დარჩენა.

მეხუთე ტური ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩატარდება და ბუნებრივია, რომ მალე „ნაპოლისთან“, “ბაიერნთან“, „რეალთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, ტურნირის კიდევ არაერთი მერვედფინალისტის ვინაობას შევიტყობთ.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.