fbpx

სახელოვნებო სკოლა უკრაინელი ბავშვებისთვის – საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად კიდევ ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი –   დაიწყო “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების” სტიპენდიის  პროგრამა, სახელწოდებით  „საზაფხულო სახელოვნებო სკოლა უკრაინელი ბავშვებისთვის“. პროექტის ფარგლებში   უკრაინელ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ  სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების  გაკვეთილებს დაესწრონ. სასწავლო პროცესი  აერთიანებს  ხატვას, ძერწვას, ფოტოგრაფიას, კულინარიას და ასე შემდეგ. საზაფხულო სახელოვნებო სკოლის შესახებ პროექტის ორგანიზატორს, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს  თინათინ ბრეგვაძეს ვესაუბრეთ. 

“როდესაც ომის გამო უკრაინელმა ხალხმა საქართველოში შემოსვლა დაიწყო, ბუნებრივია, ყველამ – ორგანიზაციებმა თუ ცალკეულმა ადამიანებმა დავიწყეთ ფიქრი, თუ რით შეგვეძლო მათ დავხმარებოდით.  თავად მე  ვფიქრობდი პროექტზე, რომელიც იქნებოდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი და ამავდროულად, გარკვეული თერაპიული ეფექტის მქონე.  პარალელურად კი ხელს შეუწყობდა ბავშვებს და მშობლებს სოციალიზაციასა და ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტისათვის საჭირო ფინანსური რესურსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების” სტიპენდიის ფარგლებში მოვიძიე და ასე დაიწყო ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალურად  განხორციელება”. – თინათინ ბრეგვაძე

„საზაფხულო სახელოვნებო სკოლის ხანგრძლივობა სამი თვეა. პროექტში ამ ეტაპზე 50 ბავშვი და  მოზარდია ჩართული. პროგრამა ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფა  – 9-იდან 13 წლამდე და 13-იდან 18 წლამდე. სასწავლო პროგრამა და გაკვეთილების ხანგრძლივობა აღნიშნული ორი ჯგუფისთვის განსხვავებულია. სახელოვნებო სკოლა ასევე ითვალისწინებს ექსკურსიებს,  მუზეუმებში ვიზიტებს,  კინოჩვენებებზე დასწრებას და ასე შემდეგ. ამასთან ერთად, პროექტი სასწავლო პროცესში ჩართული ბავშვების მშობლებს საშუალებას აძლევს, დაესწრონ  ჯგუფურ შეხვედრებს ფსიქოლოგებთან. 

“უკრაინელმა ხალხმა წარმოუდგენლად დიდი ტკივილი, სტრესი და დანაკარგი განიცადა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მსგავსი პროექტები ამ ეტაპზე მათ მდგომარეობას არსებითად  ვერ შეცვლის. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი რამდენიმე ბავშვისთვის მცირედი სიხარული მაინც მოაქვს ჩვენს აქტივობებს, ეს უკვე ქმედითი ნაბიჯია”.   

ამჟამად პროექტის მიმდინარე ეტაპზეა. სასწავლო პროცესი კიდევ  დაახლოებით  ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლოს კი, როგორც შემაჯამებელი ღონისძიება, დაგეგმილია გამოფენა, რომელზეც მონაწილე ბავშვების შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. 

ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია იმ სასარგებლო ცვლილებებზე საუბარი, რაც პროექტმა განაპირობა და რისი შეფასებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივამ შედეგი გამოიღო. 

“როდესაც პირველად ბავშვები გაკვეთილზე მოვიდნენ,  უფრო თავშეკავებულები იყვნენ, მორიდებულები, დიდად ერთმანეთთანაც არ ურთიერთობდნენ. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი  სურათი რადიკალურად შეიცვალა და პროცესი ჩვეულებრივ ბავშვურ სილაღეში გადაიზარდა. მონაწილეები დამეგობრდნენ და ახლა უკვე ერთად მხიარულობენ.  ასეთივე ურთიერთობა ჩამოყალიბდა მშობლებს შორისაც – ამ პროექტმა ისინიც დააახლოვა ერთმანეთთან. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებმა პროექტის დახმარებით მათთვის უცხო ქვეყანაში ერთმანეთი იპოვეს და ეს ურთიერთობები ჩვენს სივრცესაც გასცდა. ამდენად, ვფიქრობ, გარკვეული დადებითი შედეგი ამ ინიციატივამ ნამდვილად მოიტანა”.

სკოლის პარტნიორები არიან სახელოვნებო ჯგუფი “პარალელური კლასი” და ფსიქო-სოციალური ცენტრი “კლუბი სინერგია”.  აღსანიშნავია, რომ პროექტის შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, უამრავი ადამიანი აქტივობაში სრულიად მოხალისეობრივად ჩაერთო და თითოეული მათგანისათვის  მონაწილეების კეთილდღეობა  უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქცა.  

“ბოლო დროს ხშირად მსმენია, რომ თითქოს უკრაინელი ხალხის დახმარების სურვილი გაგვინელდა. გარკვეულწილად, შეიძლება ემოციური ფონი ისეთი ძლიერი აღარ არის, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ რეალურ საქმეს ვინც აკეთებს, ისინი ისეთივე  შემართებით აგრძელებენ თანადგომის გამოხატვას. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ადამიანების არსებობით დაიძლევა ხოლმე კრიზისული სიტუაციები და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ასეთი ხალხი ჩაერთო მოხალისედ  ამ პროექტში”.  

სტიპენდიამ პროგრამის  ერთჯერადად განხორციელება უზრუნველყო, თუმცა პროექტის ორგანიზატორი გუნდი გეგმავს,  რომ „საზაფხულო სახელოვნებო სკოლა უკრაინელი ბავშვებისთვის“ კვლავაც გააგრძელონ. ამისათვის ისინი  კერძო სექტორთან შეხვედრების გამართვას და დაფინანსების მოსაპოვებლად  მუშაობას გეგმავენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.