სინდი შერმანი – დამკვირვებელი და დაკვირვების ქვეშ მყოფი
ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი
სინდი შერმანი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედია – მისმა ნამუშევრებმა ახალი თაობის არტისტებზე დიდი გავლენა მოახდინა. ის თავისი შემოქმედებით თანამედროვე ტენდენციებს და მასკულტურას აკრიტიკებს. სინდი თავისი ავტოპორტრეტების სერიით Selfie-ს წინაპრადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ – როლების მორგება, ე.წ. თამაში და გზის ძიება, თუ როგორ წარვუდგინოთ საკუთარი თავი საზოგადოებას.
დღევანდელ სამყაროში, სადაც ქალთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და Male’s Gaze კვლავ აქტუალურ თემად რჩება, სინდი შერმანის შემოქმედება განსაკუთრებით საინტერესოა. მისი ყველაზე ცნობილი ფოტოსერია, რომელიც 70-იანების ბოლოსაა გადაღებული, დღესაც ისეთივე აქტუალურია საზოგადოებისთვის.
სინდი შერმანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკუთარი თავი, ცხოვრება და შექმნილი პერსონაჟები პერფორმანსად აქცია – იგი პოზირებდა კამერის წინ და იდგა კამერის უკან. ფოტოს გადაღების ამ მხატვრულმა ხერხმა, ე.წ. ავტოპორტრეტმა, დაანგრია ფოტოგრაფიაში ქალის ასახვის სტერეოტიპული გზა, იგი აკრიტიკებს ქალს როგორც მუდმივი დაკვირვების ობიექტს, მისი ფოტოები ბადებდა კითხვებს ქალის როლზე საზოგადოებაში და კითხვის ნიშნებს სვამდა ქალების ცხოვრების შესახებ.
მისი ყველაზე ცნობილი ფოტოსერია „უსათაურო კინოკადრები“, რომელიც 70 ფოტოს აერთიანებს, 1977-80 წლებში შეიქმნა, თითოეული ნამუშევარი გამოხატავს ქალის რომელიმე არქეტიპს და პარალელურად გვიჩვენებს მათ ყოველდღიურობას.
მის ნამუშევრებში ქალთა სახეების დიდი მრავალფეროვნებაა, ჰოლივუდის ქერა ლამაზმანი, 50-იანი წლების იდეალური დიასახლისი, ბედის მაძიებელი ახალგაზრდა გოგონა თუ სატელეფონო ზარის მომლოდინე შეყვარებული ქალი.
კრიტიკოსები შერმანის ამ სერიას მეორე ტალღის ფემინიზმს მიაკუთვნებენ, რადგან ეს ფოტოები სვამს კითხვებს, თუ რა ფუნდამენტური როლი აქვთ ქალებს სოციუმში.
მისმა ნამუშევრებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ იდენტობა ჩვენ მიერ შექმნილი კონსტრუქციაა და სუბიექტური რეალობა, რომელსაც გამოვხატავთ.
სინდის, როგორც ბევრ პატარა გოგონას, უყვარდა სხვადასხვა კოსტიუმების მორგება და შემდეგ პატარა შოუების დადგმა, რაც მომავალში საკუთარ შემოქმედებით ხედვად აქცია.
იგი აცოცხლებს კინოკადრებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს, მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ ეს ფილმი თითქოს ნანახი აქვს. ხელოვნურად შექმნილი პერსონაჟები საოცრად ინდივიდუალური ქცევით, მაკიაჟითა თუ ჩაცმულობით გამოირჩევიან.
სინდის ფოტოებში შემთხვევითი არაფერია, სწორად შერჩეული გარემო, გრიმი, კოსტიუმები და სულ მცირე დეკორაცია, რომელიც მის ნამუშევრებს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.
მაგალითად, ამ ფოტოში იგი განასახიერებს ჰიჩკოკისეულ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ახლახან ჩამოვიდა დიდ ქალაქში ბედის საძიებლად.
მის ფოტოებში ყველა ელემენტი იმდენად ჰარმონიული და დაბალანსებულია, რომ არ სჭირდებათ კონცეფცია ან რაიმე განმარტების თან დართვა – კადრში გამოსახული სახე და გარემო თავად გვიყვება ამბავს.
„უსათაურო კინოკადრების“ გადაღების პარალელურად იგი სწავლობს კინოს თეორიას და ესწრება გადაღებებს ლეგენდარულ Bicker Street Art cinema-ში, სადაც ეცნობა ჟან-ლუკ გოდარისა და მიქელანჯელო ანტონიონის გადაღების პრინციპებს.
შერმანის ფოტოებში იპოვით პარალელებს ფრანგული ახალი ტალღის კინოსთან, ერთ-ერთ ფოტოში იგი ბრიჯიტ ბარდოს პროტოტიპად გვევლინება ფილმიდან „La Mepris”, მაგრამ აქ იგი სექსუალური იმიჯის ნაცვლად ინტელექტუალურ ქალად წარმოგვიდგება.
აღსანიშნავია დრო, როდესაც სინდიმ ეს სერია გადაიღო XX საუკუნის 70-იანი წლებში, ჟურნალები, მედია, სარეკლამო ინდუსტრია თავისი განვითარების მწვერვალზეა, ამ დროს სწორედ მასმედიის საშუალებით ხდება ხალხის მართვა, მათი გემოვნების ფორმირება. ადამიანებს ამ სტერეოტიპებით აქვთ გამოჭედილი გონება და სწორედ საინფორმაციო საშუალებებით ექმნებათ შთაბეჭდილება სამყაროსა და საკუთარ თავზე.
და დღეს ვფიქრობ, საინტერესოა, რომელია ჩვენი რეალური სახე – ის, რომელსაც სხვა ადამიანებს შავ ეკრანებში ვუჩვენებთ ჩვენ მიერ გათვლილ კონსტრუირებულ გამოსახულებას თუ ის, რასაც საკუთარი თავის გარდა არავის ვუმხელთ?!