fbpx

წინ, სკუდეტოსკენ?!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დიდ გუნდში მწვრთნელის ჩანაცვლებას ყოველთვის აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და პრესასაც სალაპარაკო ეძლევა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე თვით „ბარსელონას“ ეხება.

თითქმის წელიწადი გავიდა, რაც ცოცხალმა საფეხბურთო ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა თავისი ყოფილი კლუბი ჩაიბარა, მაგრამ კრიზისიდან გამოსვლა რომ ვერ ხერხდება, ეს გასულ კვირას ჩატარებულმა „ელ კლასიკომაც“ გვამცნო.

„ინტერთან“ შინ გაჭირვებით მიღწეული ფრის შემდეგ, „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის დატოვება რომ მოუწევს, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ესპანეთის ჩემპიონატს კი „ბლაუგრანა“ „ელ კლასიკომდე“  „რეალთან“ ერთად ლიდერობდა და გუნდს ცხრა ტურის შემდეგ, ერთადერთი ბურთი ჰქონდა გაშვებული. 

აქედან გამომდინარე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაპირისპირებას თითქოს გარკვეული ინტრიგა ახლდა. 

მაგრამ სინამდვილეში „რეალი“ პირველი წუთებიდანვე შეუდგა სტუმართა  ტაქტიკური მონახაზის მარტივ მამრავლებად დაშლას. კარლო ანჩელოტის გუნდმა  მოსპო მეტოქის სათამაშო რგოლებს შორის კავშირი, დაიპყრო მოედნის შუაგული და თამაში საკუთარი სურვილისამებრ წარმართა ისეთი რიტმით, თითქოს „ბარსელონას“ სათამაშო გეგმა მატჩის დაწყებამდე ჰქონოდეს შესწავლილი.

გამოდის, რომ ჩავის ხელში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის დონის გარკვეული დაქვეითების ფონზე, რაზეც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ლა ლიგის წარმომადგენელთა ასპარეზობის ხარისხი მეტყველებს, შედარებით სუსტი გუნდების დამარცხებას თუ ახერხებს და ჩემპიონთა ლიგაზე მისი წარუმატებლობა კანონზომიერია.

აქედან გამომდინარე, გაკვირვებას იწვევს რობერტ ლევანდოვსკის გადაწყვეტილებაც ახალბედა მწვრთნელთან თანამშრომლობისა. 

ნუთუ ყოფილი „ბაიერნელი“ ვარსკვლავი კატალონიის დედაქალაქის სილამაზემ და ეგზოტიკამ იმდენად მოხიბლა, რომ ამ მიზეზით მან ესპანეთის ლა ლიგა ნისლიანი ალბიონის დაძაბულ, მაგრამ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატს ამჯობინა? როგორც ჩანს, ასეა…  

პოლონელ ფორვარდს „ბარსელონაში“ მეტი თავისუფლება მიეცემა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად, ვიდრე ეს ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე წამყვანი კლუბის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო. 

კატარში კი მას მალე ჩვენთვის კარგად ცნობილ „ნაპოლელ“ ზელინსკისთან ერთად ვიხილავთ პოლონელთა შემტევ ფაზაში. 

„რეალთან“ გაწბილების შემდეგ, „ბარსელონამ“ ერთიმეორის მიყოლებით „ვიალიარეალი“ და „ბილბაო“ ჯამური ანგარიშით – 7:0 დაარბია. ლევანდოვსკიმ კი ამ შეხვედრებში სამი ბურთი გაიტანა და ლა ლიგის ბომბარდირთა სიას 11 ტურის შემდეგ უკვე 12 გოლით ჩაუდგა სათავეში. 

ესპანეთის ჩემპიონატისგან განსხვავებული სიტუაციაა იტალიის სერია A-ს გათამაშებაში, სადაც „სკუდეტოზე“ პრეტენზიას ერთბაშად რვა (!) გუნდი აცხადებს ტურინის „იუვენტუსის“ ჩათვლით.  

ამ სიიდან, როგორც ჩანს, სრულიად მოულოდნელად აღზევებული „უდინეზე“ ამოვარდება, მაგრამ გუნდის ახალ მწვრთნელ ანდრეა სოტილის თაოსნობით „ინტერის“ და „რომას“ დამარცხების და ცხრამატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, აშკარაა, რომ ეს გუნდი „ტორინოსთან“ უკანასკნელ ტურში წაგების მიუხედავად, შემდგომში „სკუდეტოს“ კიდევ არაერთ მაძიებელს გაამწარებს.  

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ასეთი სიმჭიდროვის გამო, იტალიის ჩემპიონატის ყოველ ტურში ორი ცენტრალური მატჩი ტარდება ხოლმე და აქედან გამომდინარე, წლევანდელი გათამაშება თანდათანობით კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

ვის შერჩება ტურნირის ბოლომდე მეტი ძალა? ვის დაეწყება ჩავარდნა უახლოეს მომავალში – მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე? 

ზოგიერთ კითხვაზე პასუხს ფეხბურთის მოყვარულები უახლოეს მომავალში მიიღებენ. 

„ბოლონიასთან“  შეხვედრის ანგარიშით 3:2 მოგების მიუხედავად, „ნაპოლის“ გულშემატკივრები მთლად კმაყოფილნი ვერ დარჩებოდნენ საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.

ხვიჩამ ამ მატჩში ექვსი (!) საგოლე გადაცემა განახორციელა, მაგრამ პარტნიორებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მათი გამოყენება. გამთანაბრებელი გოლი „ნაპოლის“ სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს აჩუქეს, ხოლო მეორე ნახევარში კი უკვე მეკარე მერეტიმ გაუკეთა მეტოქეს საჩუქარი. 

„ნაპოლიმ“ საბედნიეროდ მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ შეძლებდა კი იგი ლიდერობის შენარჩუნებას „რომასთან“ მატჩის შემდეგ? გაიმეორებდა სპალეტის გუნდი „ლაციოსთან“ წარმატებას?

მეტად პრინციპულ დაპირისპირებას წინ „ატალანტას“ და „ლაციოს“ შორის ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი უძღოდა. იქამდე კი „იუვენტუსმა“, „მილანმა“ და „ინტერმა“ საკუთარ აქტივს სამ-სამი ქულა შესძინეს.

„ატალანტამ“ ამ ცოტა ხნის წინათ „უდინეზესთან“ გასვლაზე ორბურთიანი სხვაობა გაანიავა, რაც მას „ნაპოლისთან“ თანალიდერობის დაკარგვად დაუჯდა. „ლაციო“ კი სატურნირო ცხრილში სამი ქულით წინ მყოფ ბერგამოელებს, ასევე „უდინეზესთან“ ნათამაშევი ფრის შემდეგ ეწვია.  

ვერ ვიტყვით, თუ რა იყო მიზეზი „ატალანტას“ ასეთი სუსტი თამაშისა. ნუთუ ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა სეზონში პირველი მარცხის ალბათობისა?

„ლაციომ“ პირველი წუთებიდანვე ხელთ იგდო მატჩის სადავეები, მეტოქეს ტაიმებში თითო ბურთი გაუტანა და სამი ქულა დიდი გაჭირვების გარეშე მოიპოვა.  

ამრიგად, „რომასთან“ მატჩის წინ „ნაპოლის“ ქულებით „მილანი“ გაუთანაბრდა და რომში მატჩის თუნდაც ფრედ დასრულების შემთხვევაში, „ნაპოლი“ ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებდა. 

მაგრამ როგორც შეხვედრამ გვიჩვენა, „ნაპოლი“ მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდა და ფრით უფრო მასპინძლები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, რომლებმაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშეც კი აშკარად მოურინიოსეული დაცვითი სათამაშო სტილი აირჩიეს.

მეტოქეზე ზეწოლას „ნაპოლი“ მთელი მატჩის განმავლობაში თანდათანობით, მეთოდურად ავითარებდა და რომაელთათვის რიტმის ამ მომაკვდინებელი მატების დირიჟორი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც სულ უფრო მეტად ერთვებოდა თამაშში და ბურთის მიღებისთანავე მასპინძელთა ერთდროულად რამდენიმე მცველს მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებდა ინდივიდუალური გარღვევებით და არაორდინალური გადაცემებით.

ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩამ საკუთარი ნახევრიდან წამოიღო ბურთი, მოხდენილად აუარა გვერდი მეტოქეს და შეტევის შემდგომი გამწვავების ნაცვლად, გვერდით ხაზს იქით გადააგდო ბურთი, რადგან ერთ-ერთი რომაელი ფეხბურთელი გაზონზე იმყოფებოდა.

ამ ბოლო ხანს სამართლიანი თამაშის წესს ფეხბურთელები იშვიათად თუ იცავენ ხოლმე. ქართველმა ფეხბურთელმა კი თავისი საქციელით საფეხბურთო ევროპას დაანახვა, რომ რაინდული თვისებების გამოვლინება ურთულეს მატჩშიც კი შესაძლებელია! 

ერთადერთი ბურთი „ნაპოლიმ“ ოსიმენის ძალისხმევით გაიტანა. მატჩის მე-80 წუთზე ნიგერიელმა ფორვარდმა ორთაბრძოლაში აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს და უძლიერესი დარტყმით აიღო რომაელთა კარი.

ხვიჩამ მატჩი სრულად ჩაატარა, მისმა გუნდმა კი ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა მომავალი წარმატებებისკენ. 

გავიხსენოთ, რომ სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში „ნაპოლიმ“ გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე მატჩი მოიგო, სერია A-ს გათამაშებაში გასვლაზე „მილანის“, „ლაციოს“ და „რომას“ დამარცხება შეძლო. 

„ატალანტას“ და „უდინეზეს“ იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი უახლოეს მომავალში შეხვდება, „ინტერს“ და „იუვენტუსს“ კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მომავალ წელს დაუპირისპირდება. აი მაშინ უნდა ვთქვათ: „წინ, სკუდეტოსკენ“!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.