fbpx

ქართველი არტისტი ანდრო ვეკუა კონფლიქტს ტილოზე აცოცხლებს


გააზიარე სტატია


სიზმრების მსგავსად, ანდრო ვეკუას მულტიმედია შემოქმედება ღრმა პერსონალური და მითური ფენებისაგან შედგება. და სწორედ ისე, როგორც ნამდვილ ხელოვნებას შეეფერება, მისი ნამუშევრები დროულიცაა (კიდევ ერთი მსოფლიო ომის ზღვარზე მყოფი თაობა) და უვადოც. 

44 წლის არტისტი საქართველოში, აფხაზეთში გაიზარდა. როცა 15-ის იყო, ოჯახს თბილისში გადასახლება მოუწია, რადგან აფხაზეთის რეგიონი რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩაიგდეს ხელში.

ვეკუა ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა ბავშვობის მოგონებები მის გონებას არასოდეს მოშორებია, მეტიც, არტისტის შემოქმედება სწორედ მათით არის ნაკვები. 

ამ შემოდგომაზე ანდრო ვეკუა  ნიუ-იორკში, გლდანსტოუნ გალერეაში ნახატების ახალ სერიას წარადგენს. ისინი აცოცხლებენ იმ მივიწყებულ განცდებს, რომლებიც მეტად ხელშესახებია ადამიანების წარმოსახვებში, ვიდრე გეოპოლიტიკურ წითელ ზონაში. 

მანჰეტენთან ამ კონტაქტის გამო, არტისტი თავის მეგობარსა და მხატვარს ელიზაბეთ პეიტონს ესაუბრა. 

სპოილერი: წმინდა გიორგი მოკლავს გველეშაპს. 

ელიზაბეთი: სად ხარ ახლა?

ანდრო ვეკუა: მე თბილისში ვარ, ხვალ მივფრინავ ბერლინში. შენ სად ხარ?

ელიზაბეთი: მე სახლში ვარ, ჩემს სტუდიაში, ნიუ-იორკში. 

ვეკუა: ცას ვხედავ. რა ხდება ნიუ-იორკში?

პეიტონი: ნიუ-იორკი სავსეა, ცოცხალი და მშვენიერი. მაგრამ ძალიან ცხელა. 

ვეკუა: მომწონს შენი ვარცხნილობა.

პეიტონი: მადლობა, თუმცა დასაბანად დრო ვერ გამოვნახე. გუშინ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ვიყავი. 5 თვეა, არ ვყოფილვარ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბუნებაში გავედი პირველად. დიდებული იყო. ძალიან კარგია ისეთ ქალაქში ყოფნა, სადაც ასეთი ნამუშევრებია. 

ვეკუა: კი, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. აქ ბევრი ძველი ეკლესიაა ბიზანტიური ფრესკებითა და ხატებით, რომლებიც შთამაგონებს. საბჭოთა დროს რთული იყო, წვდომა გქონოდა თანამედროვე ხელოვნებაზე. სულ ახლახან ვიყავი სამეგრელოში, მეათე საუკუნის დროინდელ ტაძარში, სადაც მე-14 საუკუნის ფრესკები ვნახე. ერთ-ერთი მათგანი იყო წმინდა გიორგი გველეშაპთან ერთად. აღმოვაჩინე, რომ იგი თავის იარაღს არ იყენებდა ისე, როგორც სხვა ხატებშია. შესაძლოა, ეს ნაწილი დროთა განმავლობაში ამოიშალა. იქ არ იყო აღბეჭდილი მკვლელობა, რაც ძალიან ლამაზი ჩანდა. გველეშაპი თავად იყო გაკვანძული. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. 

პეიტონი: რაფაელის წმინდა გიორგის ნახატი მაგონდება, სადაც აღბეჭდილია მომენტი, სანამ წმინდა გიორგი გველეშაპს მოკლავს. მიუხედავად იმისა, რომ ნახატი ძალადობრივია, მაინც სასიამოვნოა. გახსოვს ეს ნახატი? მართლაც კარგი ჯავშანი აქვს წმინდა გიორგის. 

ვეკუა: დღეს მომიწევს მისი ნახვა. 

პეიტონი: ომთან რამდენად ახლოს გრძნობ თავს? დღის წესრიგში იგრძნობა იგი?

ვეკუა: ეს ყველაფერი ჩემს სამშობლოსთან ახლოსაა, შავიზღვისპირეთთან.

უკრაინა ამ რეგიონის ნაწილია, ამიტომ თავს უფრო დაუცველად გრძნობ, ვიდრე ევროპაში.  ხალხი შეშინებულია. ფრთხილობენ. ჩვენთან ბევრი უკრაინელი და რუსი შემოვიდა, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს. მაგრამ საშიშროების შეგრძნება არაა, ან რისი გაკეთება შეიძლება? არ ვიცი. 

პეიტონი: როგორ ფიქრობ, ომი შენს საქმიანობაზე ახდენს გავლენას?

ვეკუა: ჩემს ემოციებზე ნამდვილად მოქმედებს ყოველდღიურად. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაზეც აისახება. რთულია. პირადი ამბავია. ეს ყველაფერი ბავშვობაში საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი 90-იანი წლების დასაწყისში. საქართველოში მსგავსი სიტუაცია გვქონდა, რუსეთი ეთნიკურ ომს ხელს უწყობდა და ახალისებდა, თუმცა მასშტაბი ისეთი არ ყოფილა, როგორიც ახლა უკრაინაშია. 

პეიტონი: იქნებ შენი შემოქმედება საუბრობს ამ ტრაგედიაზე. ყოველთვის მეფიქრება იმაზე, რაც ერთხელ მითხარი: ყველაზე რადიკალური რამ, რაც შეიძლება, გააკეთო, არის საკუთარ სახელოსნოში ჯდომა და ყვავილების ხატვაო. გუშინ ლუის ბურჟუას ნახატი ვნახე – აბსტრაქტული იასამნისფერი ყვავილებით, რომელიც დათარიღებული იყო 1944 წლით, ომის პერიოდია. ვფიქრობ, ამ ყვავილებში ბევრად მეტი რამ ხდებოდა ემპათიურად.

ვეკუა: ზუსტად ვიცი, რასაც გულისხმობ. 

პეიტონი: შენს ნახატებს ვათვალიერებდი ბერლინის ბოლო გამოფენიდან. იქაც იყო ვარდის აბსტრაქტული ნახატი, ძალიან ლამაზია. 

ვეკუა: იცი, ძალიან მინდოდა, ყვავილების შოუ გამეკეთებინა ნიუ-იორკში. შემდეგ ეს ომი დაიწყო და ვეღარ შევძელი. ახლა უფრო მეტად სახეები შემოდის ჩემს ნამუშევრებში, თუმცა ისინიც აბსტრაქტულია. 

პეიტონი: ნამუშევარს უნდა მისცე საშუალება, გადაიქცეს იმად, რადაც თავად სურს. ყვავილები და სახეები კი ძალიან არ განსხვავდება ერთმანეთისგან. 

ვეკუა: მართალია.

პეიტონი: სახეები თავისთავად წარმოიქმნებიან თუ კონკრეტული ადამიანისგან იღებთ ხოლმე ინსპირაციას?

ვეკუა: უმეტესად ისინი თავად ჩნდებიან. ზოგიერთი მათგანი უფრო პერსონალურია. სახეები, რომლებსაც ვიცნობ, ან ვგრძნობ, რომ ვიცნობ. ხშირად არც კი ვიცი, როგორ დავხატო და სწორედ ეს არის საინტერესო. 

პეიტონი: ცოტა ხნის წინ ფროიდს ვხატავდი და აღმოვაჩინე, რომ ეს კაცი ნახატიდან ძალიან ჰგავდა მამაჩემს. თუმცა ეს სწორად მომეჩვენა და თავს უფლება მივეცი, გამეგრძელებინა. სახალისოა, როცა ასეთი რამ ხდება. როცა ისეთი ადამიანის პორტრეტს ვხატავ, ვისი სახეც ზუსტად არ ვიცი, ხშირად ის იმას ემსგავსება, ვისზეც მეფიქრება ხოლმე, ან ვისთანაც რაიმე კონფლიქტი მაქვს. 

 ვეკუა: დღეს ადამიანების თვალებს ვაკვირდებოდი და ვიფიქრე, რომ ისინი ძალიან ლამაზია. შემდეგ პირი მოდიოდა, დავფიქრდი, როგორი უცნაურია პირი. მივხვდი, რომ მეშინია პირის დახატვის. ბოლო დროს თვალები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ადამიანები თავიანთი პირით და ტუჩების დაჭერის მანერით ბევრ რამეს აჩვენებენ. 

პეიტონი: მილიმეტრი აქეთ ან იქით ყველაფერს ცვლის, სრულიად განსხვავებული ხასიათია. 

ვეკუა: კი, შესაძლოა, ბევრად მეტის მთქმელი იყოს, ვიდრე თვალები. სახის კუნთებიც კი ძალიან ბევრის მთქმელია მხატვრისთვის. 

პეიტონი: მართალია, ხალხი ზედმეტად ფოკუსირდება თვალებზე. 

ვეკუა: ჩვენი საუბრის შემდეგ დააკვირდი ფოტოებზე პირს თვალების გარეშე და ნახავ, როგორ გაოცდები. 

პეიტონი: რთულია, სახეზე დაკვირვებისას თვალებსა და პირზე ერთდროულად ფოკუსირება. არჩევანის გაკეთება გიწევს. ხატვისას დისტანციაა მათ შორის, ამიტომ უფრო ადვილია. დიალოგის დროს რთულია. 

ვეკუა: კი, ეს შესაძლებელია, ზევით-ქვევით იყურები და ასე ხდება განიარაღება.

პეიტონი: ხატვის გარდა, რას საქმიანობ, საკუთარი თავი რომ შეინარჩუნო?

ვეკუა: ბოლო დროს ერთ ადგილზე გაჩერება ნამდვილად რთული აღმოჩნდა ჩემთვის. აღშფოთებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ სწორედ ბოლო დროს ყველა და ყველაფერი უფრო მგრძნობიარე გახდა. სწორედ ახლა ჩემს ბაღში ვიყავი. ხვალ ბერლინში ვბრუნდები და ვცდი, განვაგრძო ხატვა. 

პეიტონი: კიდევ რამის კითხვა ხომ არ არის საჭირო, რამის დამატება ხომ არ გინდა?

ვეკუა: არ მინდა, ფრენა გამოვტოვო ხვალ. 

პეიტონი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. (იცინის)


წყარო: https://www.interviewmagazine.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.