fbpx

ოქტომბერ-ნოემბრის უახლოესი დღეების სახელოვნებო აფიშა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

ოქტომბრის ბოლო კვირა და ნოემბრის დასაწყისი განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა გამორჩეული სახელოვნებო  სიახლეებით. ამიტომ გთავაზობთ იმ კულტურულ მოვლენებს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეში იმართება და ვფიქრობთ, რომ არ უნდა გამოგრჩეთ.

 

მზის ხაზი

28 და 29 ოქტომბერს “თეატრი ათონელზე” გეგა გაგნიძის სპექტაკლის – “მზის ხაზის” საპრემიერო ჩვენებებს მართავს. რუსეთში დაბადებული პოლონელი დრამატურგის, ივან ვირიპაევის პიესა კომედიის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს ცოლ-ქმრის შესახებ, რომლებიც ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობენ. სპექტაკლში გიორგი შარვაშიძე და ნატალია გაბისონია მონაწილეობენ. 

სპექტაკლის შესახებ: გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რა არის პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოკიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და მობრძანდით სპექტაკლის სანახავად.

 

ფედრა ცეცხლის ალში

28, 29 და 30 ოქტომბერს ნინო ხარატიშვილის პიესის – “ფედრა ცეცხლის ალში”  მსოფლიო პრემიერა “სამეფო უბნის თეატრში” გაიმართება. საყოველთაოდ აღიარებული გერმანულენოვანი ქართველი ავტორი და რეჟისორი მაყურებელს ძველი ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციას სთავაზობს. 

სპექტაკლის შესახებ: ფედრა, ათენის მეფის, თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი. ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა.

 

 

მე გადმოვცურავ ზღვას

ამ წლის თეატრალური სეზონის ყველაზე ხმაურიანი დადგმა დავით დოიაშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის მიუზიკლი მეფე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით – “მე გადმოვცურავ ზღვას” – ოქტომბრის პრემიერების შემდეგ, 1-6 ნოემბერს გაიმართება. 

სპექტაკლის შესახებ: შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? მაშინ, როდესაც ამისათვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც ყველაფრის მიუხედავად დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუის და მის თანატოლებს ამ გამოცდის ჩაბარება უწევთ.

 

Culture Week Tbilisi

3-იდან 7 ნოემბრის ჩათვლით Factory Tbilisi საერთაშორისო პროექტს – Culture Week Tbilisi-ს (თბილისის კულტურის კვირეული) პირველად უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები და სხვა აქტივობები.

3 ნოემბერს, 21:00 საათზე კონცერტს გამართავს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლისტები უკრაინელი შემსრულებელი კატია ჩილი  და ნინო ქათამაძე არიან. იმავე დღეს, 23:00 საათზე თანამედროვე საბალეტო დასი “Quatro” მუსიკალური თანხლებით (ფორტეპიანო – სანდრო გეგეჭკორი,  ჩელო – ლიზა რამიშვილი) წარმოგვიდგენს თანამედროვე ბალეტს კლუბში Bassiani.

4 ნოემბერს,  21:00-ზე მთავარ ლოკაციაზე გაიმართება უკრაინული ელექტროაკუსტიკური ჯგუფის, DZ’OB კონცერტი. ამ ღონისძიების სპეციალური სტუმარია ნიაზ დიასამიძე. 

7 ნოემბერს, 20:00-ზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კვირეულის დასკვნით საღამოზე უკრაინული თანამედროვე საბალეტო დასი შეასრულებს     სპექტაკლს “რადიო და ჯულიეტა”. ბალეტი წარმოადგენს სლოვენიელი ქორეოგრაფის, ედუარდ კლუგის და მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის, RADIOHEAD-ის მუსიკის არასტანდარტულ  სიმბიოზს.

გარდა ამისა, კვირეულის განმავლობაში, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება  უკრაინელი მხატვრების და არტისტების ექსპოზიციები, ქართველი ხელოვანების მხრიდან კი ლევან სონღულაშვილის, სიმონ მაჩაბლის და ქართული ალტერნატიული ჯგუფის, Fungus-ის სოლო გამოფენები. 

კვირეულის ერთ-ერთი მთავარი სოციალური პროექტია ცნობილი ფრანგი არტისტის, JR-ის  INSIDE OUT PROJECT. JR-ის მიერ  2011 წელს წამოწყებული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი შავ-თეთრი ფოტოპორტრეტების საჯარო სივრცეში განთავსებას. კვირეულის ფარგლებში INSIDE OUT პროექტს უკრაინელი ფოტოგრაფი, მარინა კარპი განახორციელებს, სახელწოდებით Children of War და წარმოადგენს როგორც  ომს გადარჩენილი უკრაინელი, ასევე 2008 წლის და აფხაზეთის ომების შედეგად დაზარალებული ქართველი, უკვე გაზრდილ ადამიანების პორტრეტებს.

თბილისის კულტურის კვირეული შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად  და პროექტი ამ ფორმით პირველად გაიმართება საქართველოში, შემდეგ კი გადაინაცვლებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში. პროექტის მიზანია,  ხელოვნების ენით მსოფლიოში  და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი. Culture Week Tbilisi-ს კულტურის კვირეულს 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან თბილისში ჩამოვლენ პრესის და ხელოვნების სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები – Forbes USA, The Guardian, Financial Times, New York Times, Vogue და ა.შ. 

 

თბილისის წიგნის დღეები

ლიტერატურის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული “თბილისის წიგნის დღეები” გაიმართება 4, 5 და 6 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში.  მე-11 პავილიონში ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები მოიყრიან თავს და მკითხველს ბევრ სიახლეს და ფასდაკლებას შესთავაზებენ.

 

მამუკა ცეცხლაძის სოლო გამოფენა

№9 გალერეაში 8 ნოემბრის ჩათვლით მხატვარ მამუკა ცეცხლაძის გამოფენა “პოკერის სახე” მიმდინარეობს. მამუკა ცეცხლაძე ერთ-ერთი გამორჩეული სახელია თანამედროვე  ქართულ მხატვრობაში. იგი 1984 წლიდან იყო მხატვრების ჯგუფის, “არქივარიუსების” წევრი. 1986 წლიდან სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, მამუკა ცეცხლაძის სახელოსნოში, სადაც ის სადიპლომო სერიაზე მუშაობდა, ჩამოყალიბდა მხატვართა არაფორმალური გაერთიანება – ე.წ. მეათე სართული. 1987 წლიდან ცეცხლაძე გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის მხატვარ-დეკორატორთა სახელოსნოში, სადაც ასევე მის სახელოსნოში ერთობლივად მუშაობდა მხატვართა კიდევ უფრო ფართო წრე, შემდეგში ეს არაფორმალური გაერთიანება “მარჯანიშვილის სახელოსნოს” სახელით გახდა ცნობილი. მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრები  ინდივიდუალურად თუ  ჯგუფურად  მრავალჯერ გამოფენილა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 

გამოფენის შესახებ: მოთამაშის მიმიკა და სხეულის ენა ყოველ ჯერზე თავიდან იბადება, ამით ხდება საინტერესო ფიგურა ადამიანი, რომელიც აზარტის ტყვეობაშია… მარად თანამედროვე მამუკა ცეცხლაძის კიდევ ერთი და შთამბეჭდავი სერია – “პოკერი” გვამოგზაურებს თამაშის ინტიმურ სამყაროში და ამ გამოფენას “პოკერის სახე” ჰქვია.

 

სასტუმროს დიასახლისი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ წლევანდელ საიუბილეო, 25-ე გამოშვებას იტალიური დადგმით დახურავს. 15 ნოემბერს თუმანიშვილის თეატრში იტალიური თეატრალური კომპანიის, PROXIMA RES სპექტაკლის, კარლო გოლდონის პიესის – “სასტუმროს დიასახლისის” ჩვენება გაიმართება.

სპექტაკლის შესახებ: „სასტუმროს დისახლისი“ (La locandiera) გოლდონის შედევრადაა მიჩნეული. ხშირად ამ პიესას უილიამ შექსპირის „აურზაური არაფრის გამოს“ ადარებენ. გოლდონის პიესის სიუჟეტი დაფუძნებულია მირანდოლინას თავგადასავალზე, მიმზიდველ და გონიერ ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც მამისგან მემკვიდრეობით ფლორენციაში სასტუმრო დარჩა და რომელსაც მსახურის, ფაბრიციოს დახმარებით მართავს. სასტუმროში ფორლიპოპოლის მარკიზი და გრაფი ალბაფიორიტა ცხოვრობს – ორივე ცდილობს დაიპყროს მომხიბვლელი მირანდოლინას გული. მდიდარი ფულს სთავაზობს, დიდგვაროვანი – დაცვას და პატრონობას. გოგონა კი უპირატესობას არცერთს არ  ანიჭებს. სასტუმროში ვითარება კავალერი რიპაფრატას გამოჩენის შემდეგ იცვლება. ქალთმოძულე არისტოკრატი დასცინის გრაფს და მარკიზს, ერთი უბრალო გოგონას გულის მოსაგებად თავს რომ ასე იწუხებენ. რიპაფრატას სიტყვებით გულნატკენი მირანდოლინა შურისძიების მიზნით თავს შეაყვარებს მას. საბოლოოდ კი მსახურ ფაბრიციოზე დაქორწინება, მომაკვდავი მამის ანდერძის თანახმად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.