fbpx

გამოფენა „პოპ-აპი: ქსოვილები“


გააზიარე სტატია

თიბისი აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობას, ამჯერად არტისტ ნინო ქვრივიშვილის გამოფენის – „პოპ-აპი: ქსოვილები” მხარდამჭერია.

„პოპ-აპი: ქსოვილები“ დროებითი, ადგილის სპეციფიკური გამოფენაა, რომელიც 28-29 ოქტომბერს ქსოვილების მაღაზიაში იმართება (თამარ მეფის გამზ. 17). გამოფენისთვის ქსოვილების ისტორიული მაღაზია საგანგებოდ  შეირჩა, ვინაიდან ეს ერთ-ერთი იშვიათი კერძო სივრცეა, სადაც ინტერიერი შენარჩუნებულია და აქ დღემდე იყიდება ის, რაც მაღაზიის ძველ აბრაზეა – “ქსოვილები”. 

ნინო ქვრივიშვილის ბოლოდროინდელი ფერწერული სერია ტექსტილის წარმოებასა და ქვეყნის ყოფილ აქტიურ ინდუსტრიას ეხება. ხელოვანი იმ თაობას მიეკუთვნება, ვინც ტექსტილის დარგს ინდუსტრიის გაქრობის კვალდაკვალ სწავლობდა და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეუძლებელი ხდებოდა. აღნიშნული სერიის აბსტრაქტული ფორმები, ერთგვარი მედიტაცია ინდუსტრიულ თემაზე, გამოფენისთვის შერჩეულ ნამუშევრებშიც მეორდება, რომლებიც მაღაზიის სივრცეში თაბაშირის ჩანართებთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენაზე ასევე ვხედავთ ნაწილობრივ დაფარულ სხეულებსაც, რომლებიც მოდის ჟურნალების გამოსახულებებს მოგვაგონებს და ამავდროულად, იმ მრავალი ქალის ისტორიაზე მიგვანიშნებს, ვინც ამ ინდუსტრიაში იყო ჩართული, თუმცა ხშირად უხილავი რჩებოდა – ნინო ქვრივიშვილი ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია იკვლევს. აგრეთვე წარმოდგენილია ინსტალაცია – „ამ აბრეშუმში რას გადაიხდიდი?“ – ტექსტილის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასთან ერთად, სტუმრებს შეუძლიათ, რომ ინდუსტრიული აბრეშუმის ნაჭერი სახსოვრად წაიღონ.

XX საუკუნეში საქართველოში ქსოვილთან დაკავშირებული მრავალი საწარმო, ფაბრიკა და მაღაზია იყო. 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ბევრი სხვა ინდუსტრიის მსგავსად, ამ დაწესებულებათა უმეტესობამ არსებობა შეწყვიტა. ყოფილი თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, ახალი სამუშაო ადგილები თუ პროფესიები მოენახათ. ტექსტილის წარმოებისა და ვაჭრობის ბევრი ადგილი კერძო საკუთრებაში გადავიდა და მათმა დიდმა ნაწილმა სრულიად განსხვავებული ფუნქცია შეიძინა. ისინი კოლექტიური მეხსიერების ნაწილი იყო და დღეს, შეცვლილი დანიშნულებითა და ზოგჯერ შესამჩნევი ისტორიით, წინა სამი ათწლეულის არაერთ ცვლილებას ასახავს. ამავდროულად, ისინი იმ ადამიანთა ისტორიას ეხმიანება, ვინც ამ წარმოებაში იყო ჩართული ან ქსოვილებს ყიდულობდა.

გამოფენის კურატორია დათა ჭიღოლაშვილი. ნინო ქვრივიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის სახელოვნებო-კვლევითი თანამშრომლობა ტექსტილის წარმოების, ცვალებადი ადგილების, დროისა და მეხსიერების საკითხებს შორის კავშირებს ქმნის და ამ გზით, საქართველოს ქსოვილის ინდუსტრიის ისტორიას ეხმიანება. შერჩეული ფორმატით, ეს გამოფენა შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სწავლება და შრომა, ცვალებადი ადგილები და ფუნქციები, ცხოვრების და მოხმარების ტემპი. XX საუკუნეში, საქართველოში ქსოვილთან დაკავშირებული მრავალი საწარმო, ფაბრიკა და მაღაზია იყო.

 

გამოფენის თარიღები და სამუშაო საათებია: 

28-29.10.2022 / 10:00 – 18:00 

მისამართი: თამარ მეფის გამზ. 17, თბილისი. ქსოვილების მაღაზია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.