fbpx

Concept Area – მარიამ გვასალიასა და ნინო ვარდოსანიძის ახალი კონცეპტუალური მაღაზია


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

Concept Area  მეგობრების – დიზაინერ მარიამ გვასალიასა და პედიატრ ნინო ვარდოსანიძის მიერ დაფუძნებული კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც თბილისში, ქობულეთის ქუჩის 19 ნომერში მდებარეობს. ეს საინტერესო სივრცე, რომელიც უამრავ გამორჩეულ ნივთს აერთიანებს, სტუმრებს ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა, ყოველდღე: დილის 12-იდან საღამოს 8 საათამდე მასპინძლობს.

Concept Area-ს თანადამფუძნებლები გვიყვებიან,  რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ ისეთი საერთო სივრცის შექმნაზე, რომელიც საინტერესო სამოსს, ინტერიერის ნივთებსა თუ მხატვრულ ნამუშევრებს გააერთიანებდა; ამავდროულად, სურდათ ისიც, რომ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია საქართველოში ყოფილიყო წარმოებული. ერთ-ერთი შეხვედრისას მეგობრებმა ჩანაფიქრის რეალიზება გადაწყვიტეს – 10 აპრილს დაფუძნდა განსხვავებული სივრცე, რომელიც ნივთების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს.

სამოსი, ფეხსაცმელი, ჩანთები, კერამიკის ჭურჭელი, საფერფლეები, კალათები, აქსესუარები, მცენარეები, სხვადასხვა არტისტის ჩანახატები, პოსტერები, ბალიშები, სანათები… ნატურალური საპნებიც კი კონცეპტუალურია ამ სივრცეში – როცა თავდება, მათ შიგნით ვპოულობთ ისტორიას, რომელიც ბავშვებს შეგვიძლია, ისე გავაცნოთ, როგორც ზღაპარი; მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ განთავსებული ნივთები ეკომეგობრულია – გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.

„გვინდოდა მომხმარებლისათვის ისეთი პროდუქცია შეგვეთავაზებინა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების, სქესისა თუ ასაკის ადამიანისათვის იქნებოდა მოსაწონი – ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა კიდეც: ჩვენს კოლექციებში ყოველთვის შეიძლება ისეთი ნივთის პოვნა, რაც შეგიძლია ხელს გააყოლო და აჩუქო საკუთარ თავს, ან სხვას.“

Concept Area 20-მდე არტისტის ნამუშევრებს აერთიანებს (@Saposoapsapo, @ai_dardi,  @keti_akubardia_paintings, @ID VISION,  @lickthestar, @salome.iosava,  @Saukuno_ukuni და სხვები), რომელთაგან მხოლოდ ორია უცხოელი – ხელოვანებთან თანამშრომლობის პრინციპი ისაა, რომ ის ნამუშევრები, რომლებსაც მაღაზიასთან კოლაბორაციის ფარგლებში  შექმნიან,  მხოლოდ ამ სივრცეში უნდა იყიდებოდეს.   მარიამი და ნინო  ამ ახალ წამოწყებას ერთგვარ სოციალურ პროექტსაც უწოდებენ, ვინაიდან მათი ერთ-ერთი მიზანი მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი  ნივთებისა თუ მხატვრული ნამუშევრების რეალიზებაა: „ამ სივრცეში წარმოდგენილ  ზოგიერთი ავტორს თავიანთი პროდუქცია ჯერ ბრენდადაც კი არ აქვს ქცეული, ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ – შევთავაზოთ სივრცე, სადაც  ნამუშევრების ქირის გადახდის გარეშე განთავსებას შეძლებენ. გვინდა, რომ დამწყებმა ხელოვანებმა ფინანსური სარგებელი მიიღონ და მათი ნამუშევრების საინტერესოდ წარმოჩენა შევძლოთ.“ 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიამს და ნინოს სურთ, რომ Concept Area-ს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ნივთი შემატონ – „ჯერჯერობით ჩვენს სივრცეში შერეული ტიპის ნამუშევრებია წარმოდგენილი – ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ, თუმცა გვინდა, რომ მომავალში მაღაზიას მეტი ინტერიერის ნივთი შევმატოთ: ველოდებით შუშის ნაწარმს, მცირე ზომის დეკორებსა და შერეული ტექნიკით დამზადებულ პროდუქციას, ასევე შედარებით მცირე ზომის ავეჯსაც. გვსურს, რომ ჩვენი სივრცე მუდმივად ცვალებადი და საინტერესო იყოს და აქ მოსულმა მომხმარებელმა არასდროს იცოდეს, რა დახვდება.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.