fbpx

დაუმარცხებელი “ნაპოლი” და “ბაიერნი”, დაბეჩავებული ესპანური კლუბები და ქართველთა გოლები ევროთასებზე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მიმდინარეობდა მსაჯის მიერ დამატებული მე-7 წუთი, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს „ლევერკუზენთან“ მატჩში თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების საშუალება მიეცათ. 

პენალტის გამოყენების შემთხვევაში მადრიდელები ინარჩუნებდნენ მერვედფინალში მოხვედრის შანსს, მაგრამ ფორტუნამ უმტყუნა კარასკოს. მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მომდევნო დარტყმამ ხარიხა შეაზანზარა, ხოლო მეორე დამატებას კი თვით კარასკო გადაეღობა და ამით აღმოფხვრა კიდეც B ჯგუფის უკანასკნელ ტურში ინტრიგა, სადაც მხოლოდ პირველადგილოსნის ვინაობაღა დარჩა გამოსავლენი.

ასე და ამგვარად, დიეგო სიმეონეს ნაქებმა გუნდმა გადამწყვეტ მომენტში ვერ მოახერხა გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 საფეხურზე მყოფი მეტოქის დამარცხება და ისე გამოემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას. 

მერვედფინალისტებმა „პორტომ“ და „ბრიუგემ“ კი ანგარიშები ურთიერთ შორის დაპირისპირებაში გაარკვიეს. პორტუგალიელებმა პირველ წრეში ანგარიშით 0:4 მარცხზე რევანში სრულფასოვნად აიღეს და ბელგიელთა პირველ ოთხ ტურში აუღებელი კარი ოთხგზის დალაშქრეს.

„ატლეტიკოზე“ მეტად კი „ბარსელონა“ შერცხვა, რომელიც შინ „კამპ ნოუზე“ „ვილიარეალის“ და „ბილბაოს“ დარბევის შემდეგ, უკვე თავად განადგურდა „ბაიერნთან“ მორიგ დუელში. 

მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ბარსელონასთვის“, რადგან გამარჯვების შემთხვევაში გუნდი გარკვეულ რეაბილიტაციას მოახდენდა გულშემატკივრების წინაშე სეზონის პირველ ნაწილში ყველა პრინციპულ შეხვედრაში მარცხის შემდეგ.

მაგრამ მასპინძლებმა მთელი მატჩის მანძილზე ღირებული ვერაფერი შექმნეს ერთი თავით მაღლა მდგომ „რეკორდმაისტერთან“ დაპირისპირებაში, რომლის შემადგენლობაშიც სერჟ გნაბრიმ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა!

სრული უმწეობის ფონზე ლევანდოვსკიც ჩაიკარგა ყოფილ კლუბში მისი ფუნქციის შემსრულებელ ჩუპო-მოტინგის წინაშე, როდესაც კამერუნელმა ცენტრფორვარდმა ფეხებშუა გაუტარა ბურთი „ბარსელონას“ მეკარე ტერ-შტეგენს და სენეგალელი სადიო მანეს გოლს შეხვედრის 31-ე წუთზე საკუთარიც შემატა. 

მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე პავარის მიერ გატანილი მესამე ბურთი კი განსაკუთრებით არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო „ბარსელონას“ ქომაგებისთვის, რადგან სწორედ „ბაიერნთან“ მშრალი ანგარიშით დამარცხებული  დაემშვიდობა „კამპ ნოუ“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირს, რომელსაც კიდევ კარგა ხნით ვერ უმასპინძლებს სამომავლო სარემონტო სამუშაოების გამო.  

მაგრამ რაც ხდება, სრულიად ლოგიკურია. აბა რა წარმატებაზე შეიძლება იყოს საუბარი იმ კლუბში, სადაც ლიონელ მესის მეათე ნომერი მაისური მემკვიდრეობით ანსუ ფატის გადაეცემა?! 

„პარი სენ-ჟერმენის“ მიერ „მაკაბისთან“ ანგარიშით 7:2 მოგებულ შეხვედრაში მესიმ კვლავ გაიბრწყინა. მან დუბლთან ერთად, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და მაყურებლებს თავი ძველებურად შეახსენა.

პარიზელთა 30-ე ნომერმა ანგარიში მატჩის დებიუტში ეფექტური მოჭრილი დარტყმით გახსნა. მას მალევე გოლებით აუბეს მხარი მბაპემ და ნეიმარმა, რომელთაც პირველი ტაიმის მიწურულს მესი კიდევ ერთი აუღებელი დარტყმით გამოეხმაურა და „პარი სენ-ჟერმენმა“ ამგვარად მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტა. 

H ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი „ბენფიკამ“ კიდევ ერთხელ დაამარცხა „იუვენტუსი“, გაიტანა რა მის კარში ოთხი ბურთი. 

მართალია, იტალიელებმა თავის მხრივ სამჯერ გამოიჩინეს თავი, მაგრამ 79-ე წუთიდან მოყოლებული მათ მიერ სამბურთიანი სხვაობის ორ ბურთამდე დაყვანა  უფრო ჩხუბის დასრულების შემდეგ მუშტების ქნევას წააგავდა.

ბოლო ტურში შინ „აინტრახტთან“ ქულის მოპოვების შემთხვევაში „პორტოს“ და „ბენფიკას“ მერვედფინალში მესამე პორტუგალიური კლუბი, ლისაბონის „სპორტინგიც“ შეუერთდება, რაც ამ ქვეყნის საკლუბო ფეხბურთის წინსვლის აშკარა დამადასტურებელი იქნება.

„სპორტინგი“ კარგა ხნის მანძილზე ამარცხებდა გასვლაზე „ტოტენჰემს“, მაგრამ ლონდონელებმა მეორე ტაიმში ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე კი დაწინაურებაც შეძლეს, ოღონდ სულ რამდენიმე წამით…

ჰარი კეინის გოლი არბიტრმა გადაამოწმა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ ეპიზოდის გამო „ტოტენჰემის“ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ნერვებმა უმტყუნა და ამისთვის იგი წითელი ბარათით დაასაჩუქრეს.

„სპორტინგის“ მსგავსად, ბოლო ტურში „ტოტენჰემსაც“ ყოფნის ქულა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად და „მარსელთან“ სტუმრად ამ ამოცანის შესრულების  შემთხვევაში ინგლისის ოთხივე გუნდი აღმოჩნდება ტურნირის მერვედფინალში.

მომდევნო ეტაპზე ოთხი გუნდის გასვლის შანსს გერმანელებიც ინარჩუნებენ, თუმცა ეს ციფრი ორამდეც შეიძლება შემცირდეს აქ ნახსენები „სპორტინგის“ და „შახტარის“ წარმატებული თამაშის შემთხვევაში.

„ატლეტიკოს“ გამოვარდნის შემდეგ, ესპანეთი მერვედფინალში მხოლოდ მადრიდის „რეალით“ იქნება წარმოდგენილი. 

ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა „ლაიპციგთან“ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა, მაგრამ ჯგუფში პირველ ადგილს ანჩელოტის გუნდი „სელტიკთან“ ბოლო ტურში წაგების შემთხვევაში თუ დათმობს, რაც ნაკლებად დასაჯერებელია.

იტალიური გუნდებიდან „ნაპოლის“ და „ინტერს“ მერვედფინალში შინ „ზალცბურგთან“ ქულის მოპოვების შემთხვევაში, „მილანიც“ მიუერთდება.

ეს კი „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ნამდვილად უნდა აწყობდეთ, რადგან „მილანი“ სერია A-ს გათამაშებაში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის უმთავრესი მდევარია. 

ორ ფრონტზე ბრძოლა კი გუნდებს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს თუნდაც მომავალი წლის მარტის შუა პერიოდის ჩათვლით, როდესაც განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრები ჩატარდება. 

„ნაპოლი“ „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე 100%-იანი შედეგის მაჩვენებელია. 

„რეინჯერსთან“ შეხვედრაში მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩასთან ერთად ძირითადი შემადგენლობის კიდევ არაერთი მოთამაშე დაასვენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“  დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, რაც გუნდში ჯანსაღ კონკურენციაზე და თითოეული ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის დაუოკებელ წყურვილზე მეტყველებს.   

რამდენადაც გასული კვირა ავადსახსენებელი გამოდგა მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთვის, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა მისი ვაჟ ჯოვანისთვის, რომელმაც „ნაპოლის” შემადგენლობაში უცვლელად ჩაატარა შეხვედრა და ჯგუფის აუტსაიდერის კარი ორჯერ დალაშქრა. 

ხვიჩას არყოფნისას კი ქართველებმა თავი ევროპის და კონფერენს ლიგებზე გამოიჩინეს, სადაც მათ მიერ გატანილმა გოლებმა შესაბამისად გრაცის „შტურმს“ და ბრატისლავას „სლოვანს“ მატჩები მოაგებინეს და მერვედფინალში მოხვედრის საუკეთესო შანსები გაუჩინეს. 

მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე მკერდით ეფექტურად დაიგდო ბურთი მარცხენა ფეხზე და ახლო დისტანციიდან უძლიერესი დარტყმით აიღო „ფეიენოორდის“ კარი. 

„შტურმმა“ ამ ერთადერთი გოლით მოიგო მატჩი და ბოლო ტურში მას ფრეც დააკმაყოფილებს „მიდტიულანდთან“ დაპირისპირებაში მერვედფინალში გასასვლელად.

მატჩის 84-ე წუთზე ბრატისლავას „სლოვანის“ ცენტრალურ მცველ გურამ კაშიას მიერ „პიუნიკის“ კარში გატანილ ბურთს კი მასპინძლებმა ერთი წუთის შემდეგ გამარჯვების გოლიც მოაყოლეს, რის შედეგადაც სლოვაკურ კლუბს კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად აწი ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ მსგავსად, ფრეც ეყოფა.

„ნაპოლი“ კი ბოლო ტურში „ლივერპულთან“ პრესტიჟულ დაპირისპირებას სერიას A-ს მატჩში „სასუოლოს“ ანგარიშით 4:0 განადგურების შემდეგ, ამაღლებულ განწყობაზე ხვდება სავარაუდოდ საკმაოდ დამფრთხალი „ლივერპულისგან“ განსხვავებით, რომელიც შინ „ლიდსთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ხვიჩამ ამ შეხვედრაში შესანიშნავ გოლთან ერთად, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და დღესდღეობით ორივე ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 8 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით „ნაპოლიში“ საუკეთესოა!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.