fbpx

“ხედი” – ახალი რესტორანი თბილისის რუკაზე


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

თბილისში უკვე ბევრი ადგილი მოიძებნება, სადაც გემრიელი კერძები და ლამაზი ინტერიერი გვხვდება, თუმცა ახალი რესტორანი ამ ორი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის გარდა, ულამაზესი ხედით გამოირჩევა. სახელიც ამიტომ ჰქვია ასე – “ხედი”, საიდანაც ძველი თბილისი ხელისგულზე, პანორამული ხედით იშლება. 

საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პირველი პროექტი უკვე თბილისშია და ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე,  24  ნომერში მდებარეობს. 

საერთაშორისო სტანდარტების რესტორანი „ხედი“ სტუმრებს ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს სთავაზობს. 

AT.ge-ის ყურადღება ახალი რესტორნის გამორჩეულმა შეფმზარეულმა მიიპყრო –  იზო ძანძავა პირველი ქართველი მზარეულია, რომელიც მიშლენის გზამკვლევშია მოხსენიებული. შეფმზარეული მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა რეცეპტებს საქართველოს მასშტაბით და სპეციალურად რესტორან „ხედისთვის” შექმნა მოდერნიზებული ქართული სამზარეულოს მენიუ, რომელსაც  ამშვენებს შეფის მთავარი კერძი – შავი ზღვის ორაგული პრასით.

“მე აფხაზეთიდან ვარ და ჩემი ოცნება საქართველოში რესტორნის გახსნა იყო. ასევე, მსურს მიშლენის ვარსკვლავის ჩამოყვანა, რადგან ყველა ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ქართული სამზარეულოს მსგავსი, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, არსად მინახავს”.

იზო ძანძავა შეფმზარეულია და უკვე 15 წელია სარესტორნო ბიზნესშია ჩართული. ის არა მხოლოდ კერძების ავტორია, არამედ რესტორნის სამუშაოდ სხვა საჭირო უნარ-ჩვევებსაც ფლობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ოცნება აეხდინა და თბილისში ულამაზესი ხედითა და უგემრიელესი კერძებით რესტორანი გაეხსნა. ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ყოველთვის, ყველაზე მეტად, თავის ქვეყანაში სურდა მუშაობა და ახლა ამის შანსი მიეცა. 

“ჩემი მიზანია, რომ სამზარეულოში ბალანსის დაცვა – არ წავიდე შორს ქართული საჭმლის გემოდან, მაგრამ ეს იყოს ისეთი გასტრონომიული დღესასწაული, სადაც ნებისმიერ კერძს აკრავს ქართული გემო”

რესტორანს დიდი მენიუ აქვს, სპეციალურად მომხმარებელზე მორგებული. ყველაფერი განსაკუთრებული და გამორჩეულია, მაგრამ თავად შეფმზარეული ხინკალზე გვესაუბრება, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსი ექნება, მაგალითად: მოდერნიზებული ხინკალი ხბოს ყბებითა  და პილპილის სოუსით. 

სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული რესტორანი სტუმრებს სთავაზობს პანორამულ ხედებს ძველ თბილისზე, მთაწმინდასა და ნარიყალაზე. რესტორნის მყუდრო და უნიკალურ ინტერიერზე იზრუნა ცნობილმა უკრაინელმა დიზაინერმა ევგენი ევდოკიმოვმა.

რესტორან „ხედის“ ასევე გამოარჩევს სომელიე მაგდა სინაურიძის მიერ შერჩეული ღვინის კატალოგი და კახურ ღვინოში დაძველებული ყველის ასორტიმენტი.

“ხედში” მოსულ სტუმარს დახვდება ლამაზი და მწვანე გარემო, განსაკუთრებული ქართული სამზარეულო და მაღალი ხარისხის მომსახურება. რესტორანი იდეალურია ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებისთვის და მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად.               

რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიზანი თბილისში საუზმის კულტურის უფრო მეტად დამკვიდრებაა. რესტორანი “ხედი” საუზმეს დილის 8 საათიდან 12 საათამდე შემოგთავაზებთ და ასევე, მსურველებს ბავშვებზე მორგებული მენიუთი გაუმასპინძლდება.

რესტორანში დესერტები ფართოდ იქნება წარმოდგენილი. ამ მენიუში გამორჩეულია შუ ფხვიერი ცომითა და მოხარშული კრემით.

რესტორანი “ხედი” მოუთმენლად ელის სტუმრებს – აქ ერთხელ თუ მოხვდით, აუცილებლად ხშირად დაბრუნდებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.