fbpx

რას გავიგებ დღეს – XVII საუკუნის მაცივარი


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

17 ოქტომბერს წლის უმნიშვნელოვანესი დღისთვის – 20 ოქტომბრისთვის, დაბადების დღისთვის, ვემზადებოდი. დაბადების დღე პერსონალური ახალი წელია და ვცდილობ ხოლმე დაუვიწყარ თარიღად ვაქციო სხვებისთვისაც. სტუმრების უმნიშვნელოვანეს სიაში მიშიკო მოხვდა,  ჩემი დიდი ხნის მეგობარი, რომელსაც ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ როცა სადმე ვხვდებით,  დამშვიდობება არ მინდა ხოლმე. დავპატიჟე და თან მოვუბოდიშე, რომ მის ბოლო გამოფენაზე ვერაფრით მივედი, პასუხად მივიღე, რომ დამთავრებულ გამოფენას პერსონალურად რამდენიმე უცხოელი სტუმრისთვის აღებენ და მეც შემეძლო დასწრება. ჩავიცვი და წვიმიან თბილისში გუდიაშვილის სკვერამდე მიზანსწრაფულად მივისეირნე. 

 

I
ჩემთვის გამოფენა “XVII საუკუნის მაცივარი” გუდიაშვილის მოედნის 7/2-ის კიბეზე დაიწყო, რომელზეც სამი ლაღი, პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდა არტისტი დამხვდა. ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული მიშიკო სულაკაური იყო, მეორე სანდრო ფაჩუაშვილი, რომელიც ჩემი ახლო მეგობრების ახლო მეგობარი აღმოჩნდა (პატარაა თბილისი), მესამე – თიკო იმნაძე, რომელთან მუსაიფისას გამახსენდა, რომ სტატიებს ვწერ და მათი გამოფენა კარგი მასალა იქნებოდა. 

საგამოფენო სივრცეში შესვლამდე, კიბეებთანვე, მივხვდი, რომ რაღაც უნიკალურს, ახალს და თვითმყოფადს მოვინახულებდი. რას შეიძლება ნიშნავდეს მაცივარი, თან მეჩვიდმეტე საუკუნის, ან ივენთის ქავერზე რატომაა გამოსახული ყინულის კუბებზე მჯდარი ბზიკი? უამრავი კითხვა გამიჩნდა და ის, რაც მიწისქვეშ დამხვდა, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

 

II

არტისტების ტრიოსთან სწრაფი გაცნობითი დიალოგების შემდგომ მიშიკომ მეჩვიდმეტე საუკუნის ნაგებობის underground-ში ჩამიყვანა. აქვე ვიტყვი, რომ რესტავრირებული გუდიაშვილის მოედნის შენობების ქვეშ ასეთი საოცარი სივრცე თუ  იმალებოდა, ვერც კი წარმომედგინა. როგორ კარგავს ახლად შებათქაშებული და შეღებილი ძველი შენობები მისტიკურობას და ავთენტურობას… 

     

III

საგამოფენო სივრცე ორ ნაწილად იყოფა, სადაც სამი დამოუკიდებელი, თუმცა ერთმანეთთან იდეურად და ვიზუალურად მჭიდროდ დაკავშირებული ნამუშევარია განთავსებული. ორივე სივრცე ჩაბნელებულია, ინსტალაციების ცივი ნეონური ნათება საკმარის სინათლეს ასხივებს ობიექტების და გარემოს აღსაქმელად. პირველი  რაც ვიგრძენი, სიცივის სუნი იყო, თითქოს მართლა მაცივარში ჩავდიოდი, აღმოჩნდა, რომ მართლა “მაცივარში” ვიყავი, სანდროს (ერთ-ერთ არტისტის) ოჯახის სარდაფში, ამან მშობლების მონატრებული სახლის ასოციაცია გამიჩინა. პირველივე ნაბიჯები მეჩვიდმეტე საუკუნის მაცივარში ემოციური აღმოჩნდა. 

 IV

ნელ-ნელა მიშიკოს თხრობასთან ერთად დავიწყე კონკრეტული ინსტალაციების აღქმა. პირველი რაც ხედვის არეალში მკვეთრად მომხვდა, მეჩვიდმეტე საუკუნით დათარიღებული ქვების რუინებზე განთავსებული ნაცნობი ქსელური მარკეტის, “კარფურის” უზარმაზარი მანათობელი ლოგო იყო, მეორე – პორტატიული ტუალეტი და მასში ჰოლოგრამას სახით წარმოდგენილი მოძრავი ემბრიონი საწვავის ავზით ხელში, მესამე ობიექტი გვერდზე სივრცეში – ფირუზისფრად განათებული, ახლებური წყობით დალაგებული, ოდესღაც ბელადის – ვლადიმერ ლენინის უზარმაზარი დამსხვრეული ბიუსტი, რომელიც ბზიკების ბუდეებით, ლოკოკინებით და აბლაბუდებითაა ბუნებრივად შემკობილი (ეს ბიუსტი 1981 წელს საქართველოს გასაბჭოების სამოცი წლისთავისთვის შეიქმნა). არტისტები საგამოფენო სივრცეში სიარულისას პერსონალური ხედვას და მოტივებს მიზიარებდნენ.

 ე როგორც დამთვალიერებელმა, გამოფენის მეოთხე კომპონენტად თავად ნანგრევები აღვიქვი, რაც ექსპოზიციის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ხასიათს უსვამს ხაზს, ალბათ ავტორების ჩანაფიქრიც ეს იყო.

V

ნამუშევრების და სივრცის მიმართებას მინდა გავუსვა ხაზი. არც ისე დიდ მიწისქვეშა სივრცეში თამამი, მონუმენტური ინსტალაციები თითქოს ჰიპერტროფირებულია, ისინი ძველი ქვის კედლებს ჰარმონიულად ერწყმის, რაც დროის ეკლექტურობის საუცხოო შეგრძნებას იწვევს. სწორად ეს ეკლექტიკის განცდა მახსენებს თბილისს, რომელშიც წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად თანაცხოვრობს. 

ექსპოზიციაზე გამოყენებული სიმბოლოებით ვხვდებით, რომ არტისტები იკვლევენ კონსუმერულ ადამიანებს და მათ საცხოვრებელ გარემოს. ადაპტიციისთვის სოციალური არსებები დროსა და სივრცეში ახლის ქმნის პროცესში არიან. უხეში ჩარევა, რაციონალური მიდგომა, ბრმა თვითგადარჩენა თუ ახლის ძიება ქმნის იმ სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ.

VI

“კარფურმა”, ემბრონმა უნიტაზის თავზე, ლენინის დამსხვრეულმა გიგანტურმა ყურებმა და ცხვირმა კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ ვცხოვრობ გარემოში, სადაც სიახლე საშიში და საოცრად ეფემერულია, აწმყო კი სავსეა რეკლამებით, ტოქსიკური სუნებით, ფუნქციადაკარგული ნივთებით და შეუცნობელი შედეგებით. 

გამოფენას, თითქოს პოსტაპოკალიპსური ხასიათი ჰქონდა, რაც პერსონალურად ჩემთვის ძალიან ესთეტიკური და რომანტიზებულიც კია. თბილისი, უხეში ჩარევების მიუხედავად, არ კარგავს ავთენტურობას, მინიმუმ თავისი მხცოვანების გამო, მიწისქვეშ ალბათ რამდენი აღმოსაჩენი რამ იმალება, რომელსაც ადამიანები ამოთხრიან და ნეონებით გაანათებენ, რაც წარსულში მომავლის და მომავალში წარსულის ძიების დაუსრულებელი აწმყო პროცესია.

მოკლედ, 17 ოქტომბერს მოულოდნელად აღმოვჩნდი ძალიან სასიამოვნო, მაძიებელი ახალგაზრდების (ისე ვამბობ, თითქოს მე თვითონ 1994-ში არ ვიყო დაბადებული) შექმნილ სამყაროში და გამოფენიდან გამოსული თინეიჯერ მეგობართან ერთად დაბადების დღის დასაგეგმად ახალფუნქციაშეძენილ ძველ თბილისურ შენობაში აღმოვჩნდი, რაც თითქოს გამოფენის ლოგიკური გაგრძელება იყო… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.