fbpx

ფიქრის ტრაექტორია – თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა გორის ხელოვნების სახლში


გააზიარე სტატია

სემიოტიკა ეს ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინაა, მაგრამ რას ნიშნავს ის ხელოვნაბაში ?

  შემოქმედებითი ფიქრის, განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო, რომელიც დროში მოხელთებულ ანარეკლებსა და ანაბეჭდებში, უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება, ამ წარმოქმნილი  ნიშნებითა და აღნიშვნებით, ხელოვანისა და გარემოს ურთიერთქმედებას წარმოგვიდგენენ.  ფიქრის ტრაექტორია ( Trajectory of Thoughts/ Unarchived Semiotics) თანამედროვე ვიზაულური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა გორის ხელოვნების სახლში, რომელიც სხვა და სხვა დროის არტისტებს აერთიანებს. ესენი არიან: თორნიკე გოგნაძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, ნინო საკანდელიძე და დავით ჩიხლაძე.

 თორნიკე გოგნაძის „სივრცის სადგური“ 2020

სახლი, სივრცე, ოთახი, გამოკეტილი და პანდემიის იძულებით იზოლაციაში მყოფი „საკუთარი მე“ თორნიკე გოგნაძის ნამუშევარში სივრცული ობიექტის ფორმაში გარდაიქმნება. ხელოვანი განიხილავს პირადი დაკვირვებების არეალს, სადაც აბრეშუმის ჰაეროვან ტექსტილზე გადმოტანილი, ბუნებრივი ენდროს საღებავით შედგენილი გეომეტრიული ნიშნები მინის გამჭვირვალე სტრუქტურაში ექცევა.

ნინო საკანდელიძე „ნაოჭ-ნაოჭ შეგისწავლი შენს მოგონებას განვლილზე და ხვალინდელ დღეზე“ 2021

სტრუქტურის, ფორმის, ხაზის ფრაგმენტაცია. ლაკონური, წყვეტილი დინამიკა და მეხსიერებასთან, მოგონებებთან  თამაში. ამ თემატიკით ნინო საკანდელიძის

ექსპერიმენტული სერია კრებით, არქეტიპულ მეხსიერების – გახსენების შესაძლებლობასა და მათ შორის ინტიმური მიახლოების კვლევის საშუალებას გვაძლევს. ხელოვანი სათქმელს საკუთარი ვიზუალური სემანტიკით (ნიშანთა ენით) აგენერირებს. მასალასთან დამორჩილების ან დანებების გზა –

გადაუჭიმავი ბიაზის ნაპრალებში წყვეტილად გამოკვეთილი კონტურები ძალაუფლების, შემთხვევითობის, გარდაუვალობის და არჩევანის კავშირებზე გვაფიქრებს.

თეა ნილი „არსებობის ანატომია“ 2012

ციფრული გამოსახულების, დაშლილი და მინიმალისტურად რეკონსტრუირებული ფორმების ანალიზით თეა ნილი თავისი პრაქტიკისთვის ჩვეულ მიგნებას ავითარებს. წარმოდგენილ სერიაში გამოსახულების დაშლის გზით მიღებული ფორმების სიზუსტე, როგორც ნამუშევრის სათაურშია აღნიშნული „არსებობის ანატომიას“ წარადგენს.  ამგვარი ხერხით ნილი საკუთარ დაშიფრულ კოდირებულ რეალობას აგებს და ერთგვარად რეაგირებს, საქართველოში, სოციუმში დამკვიდრებულ გაუთვიცნობიერებელ

მიდრეკილებებზე, იდეოლოგიზირებულ მნიშნვნელობებსა თუ ირაციონალურ ფსიქოზურ შიშებზე.

დავით ჩიხლაძე “Mirorrim” 2006/2022

 დავით ჩიხლაძის ვიზუალური პოეზიის ერთსიტყვიანი ნამუშევრების სერია “Mirrorrim” სიტყვის ტიპოგრაფიულ პარადოქსებს წარმოადგენს. მისი პოეტური სამყარო ახალ ლექსიკურ ერთეულებში აცხადებს ქვეცნობიერში მოტივტივე საზრისს, დაფარულ, საშიშ, გამაფართხილებელ თუ მშვენიერ

სწრაფვებს. ვიდეო-ინსტალაციის ფორმატით წარმოდგენილი ნამუშევარი სივრცეში პერმანენტულად გაელვებად ნიშნებად ფორმირდებიან.

ქეთი კაპანაძე „ყველაფერი რაც არის“ ,- 2022  „ OT”.-1991.

გამოფენაზე ფიქრისა და აზროვნების სტრუქტურირების მეტაფორული ექსპერიმენტი ქეთი კაპანაძის სიტყვა-ობიექტებში ჯამდება. სიტყვები, როგორც ფორმულები, ერთგვარი ასოციაციური მინიშნებები აზროვნების შეუქცევადი პროცესის, საწყისისა და სასრულის ფიზიკური, მენტალური, გონებრივი, რაციონალური და ემოციური გარდასახვის ნიშნულებს წარმოადგენენ. ქეთი კაპანაძის ალუმინის ობიექტებსა და აბსტრაქტულ ფოტონამუშევრებში ხელოვანის სწრაფვა წარმოსახვისა და არსებული მნიშვნელობების პირობითობასთან ორმაგ გააზრებაში ვლინდება.

გამოფენაზე მოწვეული ხელოვანების განსხვავებული შემოქმედებითი მიდგომები – ფოტო, სივრცული ობიექტი, ინსტალაცია, ციფრული და გრაფიკული ნახატი ექსპოზიციის მინიმალისტურ-კონცეპტუალური გააზრებით სივრცეში შემოქმედებითი ფიქრის ტრაექტორიას აფორმირებს. რა შეიძლება იყოს შემოქმედებითი აზრის სემიოტიკა – განუქარვებელი გრძნობიდან ამოზრდილი ფიქრის გამოძახილი? ან სულაც მოუხელთებელი რეალობის ზღვართან მიახლოებისა და განშორების შეუქცევადი პროცესი.

გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.