fbpx

ნახვამდის, პიკე…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის უჩვეულო რეგლამენტის გამო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი ჩვეულებრივზე ადრე დასრულდა და არაერთი საინტერესო კითხვა დატოვა, რომლებზედაც პასუხს ფეხბურთის მოყვარულები მომავალ წელს, მერვედფინალებიდან მოყოლებული შეიტყობენ.

ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გული დაგვწყვიტა უკანასკნელ ტურში „ნაპოლის“ მარცხმა ისეთ მატჩში, სადაც მას წასაგები თითქოს არაფერი ჰქონდა. 

მიმდინარეობდა შეხვედრის 53-ე წუთი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შემადგენლობაში წლეულს პირველად, სტანდარტული სიტუაციის შესრულების საშუალება მიეცა. შედეგად კი ქართველი ფეხბურთელის მიერ მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩაკიდებული ბურთი მისმა თანაგუნდელმა თვალის დახამხამებაში გოლად აქცია. 

მსაჯმა VAR-ის ბრიგადასთან ერთად დიდხანს იმსჯელა და სამწუხაროდ, გოლი საეჭვო თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, მაგრამ ბუნებრივად იბადება კითხვა: რამდენი ასეთი გოლი გაიუქმა აქამდე „ნაპოლიმ“ საკუთარი ნებით, სტანდარტული სიტუაციების უხეიროდ შესრულების გამო? იქნებ აწი მაინც ჩააბარონ ეს საქმე ფეხბურთელს, რომელსაც გუნდში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული?

მაგრამ მთავარი ამბები თურმე წინ ყოფილა. „ნაპოლი“ მეორე ტაიმში ფლობდა უპირატესობას და მის შეტევებში მეტი სიმწვავე იგრძნობოდა მეტოქესთან შედარებით. 

ამ შეტევებს კი ორგანიზებას ძირითადად ხვიჩა უწევდა, აწიოკებდა რა საკუთარ ფლანგზე „ლივერპულის“ მცველებსა და ნახევარმცველებს. 

მაგრამ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის 83-ე წუთზე ჯერ კიდევ 0:0-ის დროს, მასთან ერთად მოედნიდან ნახევარდაცვის ბურჯი ლობოტკაც გაიყვანა.

ნუთუ მან ვერ იგრძნო, რომ მთავარი დამრტყმელი ძალა დარვინ ნუნიესის სახით  მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა იქამდე 10 წუთით ადრე შეიყვანა მინდორზე და ეს ტყუილუბრალოდ არ გაუკეთებია…

ხვიჩას მოედნიდან გასვლისთანავე დასრულდა „ნაპოლის“ შეტევები, „ლივერპულმა“ ხელთ იგდო მოედნის შუაგული და ზეწოლა გაზარდა. 

ნუნიესმაც გაინავარდა და შეხვედრის უკანასკნელ 10 წუთში ჯერ თავით ისე დაარტყა, რომ სალაჰს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში შეეგდო მეკარისგან ასხლეტილი ბურთი, შემდეგ კი თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში – „ლივერპულის“ სასარგებლოდ 2:0 დააფიქსირა.

„ნაპოლიმ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ოთხბურთიანი სხვაობით არ წააგო, რაც მას ჯგუფში მეორე ადგილზე გადაუშვებდა, მაგრამ დასანანია, რომ სეზონის პირველი მარცხი მან ისეთ თამაშში და ისეთ გუნდთან იწვნია, სადაც მას წასაგები არაფერი ჰქონდა. 

სამაგიეროდ, „იუვენტუსთან“ გამარჯვების მიუხედავად, მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენმა“ გადაინაცვლა. 

H ჯგუფში უჩვეულო სიტუაცია შეიქმნა, რადგან პარალელურ შეხვედრაში „მაკაბის“ ანგარიშით 6:1 განადგურების შემდეგ, „ბენფიკა“ ფრანგულ კლუბს ქულებთან ერთად, ბურთების სხვაობითაც გაუთანაბრდა და პირველადგილოსნის ბედი პორტუგალიელთა მიერ გასვლაზე გატანილი ბურთების რაოდენობამ გადაწყვიტა. 

„ბენფიკა“, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ეცადა ჯგუფში ლიდერის პოზიციის მოპოვებას, რადგან „მაკაბისთან“ პირველი ტაიმის ფრედ – 1:1 დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს მატჩის მეორე ნახევარში. 

პირველი ადგილით დაასრულა ჯგუფური ეტაპი კიდევ ერთმა პორტუგალიურმა კლუბმა „პორტომ“, რომელმაც უკანასკნელ ტურში შინ ანგარიშით 2:1 დაამარცხა ჯგუფის მოულოდნელი აუტსაიდერი, სრულიად დემორალიზებული მადრიდის „ატლეტიკო“.

მატჩის 62-ე წუთამდე პირველი ადგილი ეკავა საკუთარ ჯგუფში მესამე პორტუგალიურ კლუბ „სპორტინგსაც“, მაგრამ დარჩენილ დროში მან ორი ბურთი გაუშვა „აინტრახტთან“ მატჩში, რომელმაც „ტოტენჰემთან“ ერთად გაიკვალა გზა მომდევნო ეტაპზე.

„აინტრახტთან“ შედარებით მარტივად მოაგვარა საქმე „ლაიპციგმა“, რომელმაც ანგარიშით 4:0 დაამარცხა „შახტარი“ და შეინარჩუნა მეორე ადგილი F ჯგუფში.

მეორე დღის მატჩებიდან ინტრიგა E ჯგუფშიც იყო შენარჩუნებული, სადაც „ზალცბურგი“ გასვლაზე მოგების შემთხვევაში „მილანს“ გააწესებდა ევროპის ლიგაზე სათამაშოდ, მაგრამ „როსონერის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო ხანს აღზევებული „ზალცბურგი“ მან იოლად, მეექვსე ტურში საკმაოდ პოპულარული ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ამის მიზეზი კი ალბათ არა იმდენად ჟირუს და მის თანაგუნდელთა სიძლიერე, არამედ ავსტრიული კლუბის არასათანადო მომზადება იყო.  

ტურნირის ბოლო სათამაშო დღეს „გაისეირნა“ მიუნხენის „ბაიერნმა“, რომელმაც შინ „ინტერის“ ანგარიშით 2:0 დამარცხების შემდეგ, „ნაპოლისგან“ განსხვავებით, ქულათა 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა.

„ინტერი“ მატჩის დაწყებისთანავე ძალის დემონსტრირებას შეუდგა და მეტოქეს შეუტია კიდეც, მაგრამ საკუთარ კარში ბენჟამინ პავარისგან მიღებული „სავარჯიშო“ გოლის შემდეგ, კონცენტრაცია დაკარგა, და რომ არა „ბაიერნის“ ფეხბურთელთა  „სულგრძელობა“, იტალიელები სავარაუდოდ დიდი ანგარიშით მარცხს ვერ ასცდებოდნენ.

„ბაიერნი“ მატჩის მეორე ნახევარში ჩუპო-მოტინგის ეფექტური გოლით შემოიფარგლა და ჯგუფური ეტაპი ისე დაასრულა, რომ „ინტერთან“ და „ბარსელონასთან“ ჩატარებულ ოთხ მატჩში გატანილი და გაშვებული გოლების ჩინებული სხვაობა (9-0) დააგროვა, რაც მის აშკარა ძლევამოსილებაზე მეტყველებს. ორადორი ბურთის გაშვების უფლება კი მიუნხენელებმა თავს აუტსაიდერ „პლზენთან“ შეხვედრაში მისცეს. 

ამრიგად, მერვედფინალში 4 გუნდით ინგლისი და გერმანია, 3 და 2 გუნდით შესაბამისად, იტალია და პორტუგალია, ხოლო თითო გუნდით კი ესპანეთი, საფრანგეთი და ბელგია იქნებიან წარმოდგენილი.  

კონფერენს ლიგაზე ბრძოლას გააგრძელებს ბრატისლავას „სლოვანი“, რომელმაც გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის ძალისხმევით ბოლო ტურში გასვლაზე ვილნიუსის „ჟალგირისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩის უკანასკნელ წუთზე მოიპოვა და თავადვე შეასრულა პენალტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოიყენა იგი.

განვლილ უიკენდზე ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ტრადიციულად „ნაპოლის“ თამაშმა მიიპყრო, რომლის დაპირისპირებაც ბერგამოს „ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის სამი ცენტრალური თამაშის ფონზეც კი გამოირჩეოდა, რადგან გათამაშების ლიდერი მეორეადგილოსანს უპირისპირდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში მას 8-ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას და „ატალანტა“ შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდა, „ნაპოლიმ“ მასპინძლებს ორი გოლით პირველ ტაიმშივე უპასუხა და საბოლოო ანგარიში 2:1 უკვე მატჩის 35-ე წუთზე დააფიქსირა. 

პირველი ბურთი ოსიმენმა გაიტანა, ხოლო მეორე კი ხვიჩას შემცვლელმა ელმასმა, რომლისთვისაც ეს ბურთი მეორე იყო მიმდინარე სეზონში.

აღსანიშნავია, რომ „ატალანტამდე“ ლუჩანო სპალეტის გუნდმა სერია A-ს გათამაშებაში, ასევე გასვლაზე „მილანი“, „ლაციო“ და „რომა“ დაამარცხა, რაც მართლაც რომ საჩემპიონო განაცხადია!

განვლილ უიკენდზე ჟერარ პიკეს სახით დიდ ფეხბურთს კიდევ ერთი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი დაემშვიდობა. 

რით დაამახსოვრდება პიკეს „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩატარებული ბოლო მატჩი დებიუტანტ „ალმერიას“ წინააღმდეგ? 

ალბათ დემბელეს და დე იონგის გოლებთან ერთად, ლევანდოვსკის სულელური პენალტით და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში თუნდაც ორი დღით გალიდერებით…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.