fbpx

ქართველი პროფესიონალების წარმატება თანამედროვე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

მოდის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სანახაობრივი სფეროა. თანამედროვე ეპოქაში ის ერთდროულად არის შემოქმედებითი, კომერციული და სოციალური ელემენტებისაგან შემდგარი პლატფორმა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ  დროდადრო  თანამედროვე მსოფლიო  მოდის სფეროში  სხვადასხვა პროფილით მოღვაწე არაერთმა  გამორჩეულმა ქართველმა პროფესიონალმა შეძლო თავის დამკვიდრება და კარიერის საინტერესო გზით განვითარება. 

სტატიაში თავი მოვუყარეთ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომლებიც მოდის სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალების საერთაშორისო  წარმატებას უკავშირდება. 

 

StyleNotCom

სოციალურმა მედიამ უამრავი სფერო შეცვალა და განსხვავებული კონტექსტით წარმოადგინა, მათ შორის არის მოდის ჟურნალისტიკაც. თუკი ადრე მოდის ჟურნალისტებად და ბლოგერებად მხოლოდ გავლენიანი გამოცემების ავტორები მიიჩნეოდნენ, ინსტაგრამისა და ტვიტერის ეპოქამ ეს პროფილი მეტად სინთეზური, თვითშემოქმედებითი, დამოუკიდებელი და ინტერაქციული გახადა. დღესდღეობით ინსტაგრამზე მოდის ბლოგერების არაერთ პროფილს შევხვდებით, რომლებიც მილიონობით გამომწერით საკმაოდ გავლენიან პლატფორმებად ჩამოყალიბდნენ. და როდესაც თანამედროვე მსოფლიო მოდის წამყვან  ბლოგერებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ StyleNotCom

დამახასიათებელი ესთეტიკითა და კომუნიკაციის მანერით ბექა გვიშიანმა შეძლო, რომ თავისი ინსტაგრამ ბლოგისაკენ მოდის თითქმის ყველა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, თუმცა გავლენიანი პროფესიონალის ყურადღება მიეპყრო. StyleNotCom-ის გამომწერებს შორის აღმოვაჩენთ ისეთ პერსონებსა და მედიაგამოცემებს, როგორებიც არის ნაომი, BOF, მარკ ჯეიკობსი, ჟან პოლ გოტიე, ჯიჯი ჰადიდი და ასე შემდეგ. StyleNotCom-ის წარმატების განსაკუთრებულ მომენტად კი 2022 წლის მსოფლიო მოდის კვირეულის სეზონი უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის  ფარგლებში, ბექა გვიშიანი პარიზის მოდის კვირეულს ოფიციალური მედია-ამბასადორის სტატუსით ესწრებოდა. 

 

 

Demnagram

მოდის ინდუსტრიისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პლატფორმად იქცა Demnagram, რომელიც Balenciaga-ს მხარდამჭერი პროფილია. რამდენიმე თვის წინ მისი შემქმნელი საბა ბახია ოფიციალურად შეუერთდა მოდის სახლის გუნდს. Demnagram სოციალურ მედიაში პირველი მხარდამჭერი პლატფორმაა, რომელსაც ინსტაგრამმა ვერიფიცირებული ანგარიშის სტატუსი მიანიჭა. Demnagram-მა არაერთი გავლენიანი გამოცემის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის არის ბრიტანული Vogue, ID და სხვა გავლენიანი პლატფორმები. ახლახან საბა ბახიასთან ინტერვიუ მოდის ცნობილი ჟურნალის, კორეული Harper’s BAZAAR-ის პრინტ ვერსიის ახალ ნომერშიც  დაიბეჭდა. 

 

მატილდა გვარლიანი

როდესაც მსოფლიო მოდის სფეროში მოღვაწე ქართველებზეა საუბარი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მატილდა გვარლიანი – ახალგაზრდა მოდელი, რომელმაც არაერთი გავლენიანი ბრენდისა და მოდის სახლის ყურადღების მიპყრობა შეძლო. მატილდა მსოფლიო მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილეთ ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც არის – Fendi, კაროლინა ჰერერა, დიორი, შანელი და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, მატილდა გვარლიანი Zara-ს კამპანიის ფარგლებში, მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო წარმომადგენლის – სტივენ მეიზელის ობიექტივშიც მოხვდა. ოქტომბერში, მატილდა Calvin Klein-ის თეთრეულის ხაზის ახალ წარმდგენ სახედაც იქცა და ბრენდის სარეკლამო ვიდეოშიც გამოჩნდა.

 

 

თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ის ქართველი მოდელია, რომლის საერთაშორისო კარიერა არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობას აერთიანებს. ამჯერად ის მოდის სფეროში კიდევ ერთი განსხვავებული პროფილით წარდგა და საცვლების ეკომეგობრული ბრენდი –  Sheidish შექმნა. თაკო ნაცვლიშვილი მრავალი წელია მხარს უჭერს მოდის სფეროში ეკომეგობრული მიდგომების განვითარებას და ამ საკითხის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ამიტომაც მისი ბრენდის კონცეფცია მეტად გულწრფელი განაცხადი და ამასთან ერთად, სასიამოვნო წამოწყება აღმოჩნდა. Sheidish მაღალი ხარისხითა და მინიმალისტური, დახვეწილი  დიზაინით გამოირჩევა. პროდუქცია ხელმისაწვდომია საერთაშორისო მომხმარებლისათვის და მისი შეძენა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

 

თათია ახალაია

საკმაოდ შთამბეჭდავია ქართველი მოდელის – თათია ახალაიას კარიერაც. თათია არაერთხელ ვიხილეთ ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე.  ამჯერად თათია ახალაიამ ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის – MAC-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ის გახდა ერთ-ერთი სახე, რომელმაც MAC-ის ტუჩსაცხის ახალი ხაზი წარადგინა. 

 

 

ელენე იაკობაშვილი

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გავლენიანი ბრენდის კამპანიაში გამოჩნდა ქართველი მოდელი ელენე იაკობაშვილი. ელენემ სათვალის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის, Ray-Ban-ის სარეკლამო ვიდეოში მიიღო მონაწილეობა და ბრენდის სათვალის ერთ-ერთი ხაზის წარმდგენ გამორჩეულ სახედ იქცა. ელენე იაკობაშვილი ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამოკვეთილი წარმომადგენელია, თუმცა Ray-Ban-ის გავლენისა და მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს მის კარიერაში საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობაა.

 

 

სოფია კვინიკაძე

რაც დრო გადის,  მოდა  მეტად ინკლუზიური ხდება და სტერეოტიპების მსხვრევისაკენ არის მიდრეკილი. შედეგად, ინდუსტრია საკმაოდ საინტერესო პროექტებისა და წამოწყებების განხორციელების ადგილი ხდება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროექტში მიიღო მონაწილეობა ქართველმა ბლოგერმა, სოფია კვინიკაძემ. მას სოციალური მედიის მომხმარებლები იცნობენ ბლოგის, სახელწოდებით – Depressed Georgian in South Korea-ს მეშვეობით. სოფია უკვე მრავალი წელია სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და სწორედ ამ ბლოგის მეშვეობით გახდა პოპულარული. ამჯერად სოფია კვინიკაძემ პლუს ზომის მოდელის კარიერა დაიწყო და მისი ფოტო ერთ-ერთი საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზეც დაიბეჭდა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.