fbpx

ზაფხულის მუსიკალური მოგონებები ROKVA-ზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ფოტოგრაფი: გიორგი ყოლბაია

 

ზაფხულის მოგონებების მნიშვნელოვანი ნაწილი სეზონის ხმაურიან და სანახაობრივ ღონისძიებებს უკავშირდება. თავისი კონცეფციით, ლოკაციითა და ლაინაფით  ROKVA ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური ფესტივალია. 2022 წლის ზაფხულს “როკვა” რაჭაში, შოვში გაიმართა. სამი დღის განმავლობაში აუდიტორიამ ქართული და საერთაშორისო სცენის არაერთი ცნობილი არტისტისა თუ ბენდის ცოცხლად მოსმენა შეძლო. 2023 წელს ROKVA  მრავალი სიახლით დაბრუნება, მანამდე კი გადავწყვიტეთ, მისი ისტორიის შესახებ მოგიყვეთ და გასული ზაფხულის საფესტივალო გამოცდილება კიდევ ერთხელ შევაფასოთ. 

“როკვა” პირველად საპილოტე ფორმატში 2019 წელს ჩატარდა. ეს იყო ერთდღიანი ფესტივალი მხოლოდ ადგილობრივი არტისტებით. “როკვას”, როგორც ახლად დაარსებულ ფესტივალს, პანდემიის გამო საკმაოდ დიდი გამოწვევების დაძლევა მოუწია, თუმცა დამფუძნებელმა გუნდმა ამ სირთულეების გადალახვა შეძლო. 2022 წელს როკვა მსმენელს  მრავალფეროვანი საფესტივალო ლაინაფით შეხვდა. შოვის მისტიკურ გარემოში მოწყობილ მთავარ სცენაზე აუდიტორიამ იხილა და მოისმინა საერთაშორისოდ აღიარებული ისეთი მუსიკოსები და მუსიკალური კოლექტივები, როგორებიც არიან: NOUVELLE VAGUE, მიშელ გურევიჩი და ბენჟამინ კლემენტაინი – ბრიტანელი მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი და მსახიობი, რომელსაც მსოფლიო მუსიკალური პრესა ერთ-ერთ წამყვან თანამედროვე არტისტად მიიჩნევს. გარდა უცხოელი შემსრულებლებისა, ROKVA-ს ლაინაფი აერთიანებდა ქართული მუსიკალური სცენის ისეთ საინტერესო წარმომადგენლებს, როგორებიც არიან: Bedford Falls, Mellow, Killages, თამადა, არა და ასე შემდეგ. 

გასულ ზაფხულს  “როკვამ” საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა. წინა წლებისაგან განსხვავებით, ფესტივალი უკვე სამდღიანი გახდა და რაჭაში პირველად ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბების არტისტები. ასევე დაგვემატა მესამე სცენაც.  ROKVA-ს ფარგლებში საინტერესო და ექსპერიმენტული კოლაბორაციის სახით მსმენელებს რაჭისთვის უნიკალური გამოცდილებაც შევთავაზეთ და თბილისისთვის კარგად ნაცნობი ფესტივალის, Mzesumzira-ს და კლუბ KHIDI-ის შოუქეისები წარვადგინეთ.  ფესტივალისათვის მზადება და მისი ჩატარება ორგანიზატორებისათვის ერთდროულად თავბრუდამხვევი, ჯადოსნური, უნიკალური და სირთულეებით სავსე გამოცდილება იყო. წარმოდგენილზე რთული აღმოჩნდა რაჭაში სტუმრების ღირსეულად  გამასპინძლება, რადგანაც ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა სწორედ ახლა ვითარდება და  ფესტივალი ამ ტემპს, უკვე მეოთხე წელია, მნიშვნელოვნად ასწრაფებს. განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იყო ასეთი დიდი მასშტაბისათვის საფესტივალო ინფრასტრუქტურის გამართვა, თუმცა ეს სირთულეები მსმენელისა და არტისტების საოცრად სასიამოვნო გამოხმაურებამ  დააბალანსა. უცხოელი სტუმრები გვეუბნებოდნენ, რომ თავს სამოთხეში გრძნობდნენ და მსოფლიოში  არსად შეხვედრიათ ასეთი უნიკალური კონცეფციის ფესტივალი. დეტალებზე ბევრი საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებთ, მაგრამ, მაგალითად,  ბენჟამინ კლემენტაინს საქართველოში სტუდიის გახსნისა და კლიპის გადაღების სურვილიც  კი გაუჩნდა”. – ლუკა ქურდიანი – ROKVA-ს თანადამფუძნებელი. 

როგორც უკვე აღინიშნა, “როკვას” კონცეფციის უნიკალურობას მისი ჩატარების ადგილი განაპირობებს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ტურისტული კლიმატით გამორჩეული კუთხე მუსიკასთან თანხვედრით იმ ჰარმონიულ გარემოს ქმნის, რომელიც აუცილებლად იქცევა ზაფხულის დაუვიწყარ მოგონებად. აღსანიშნავია, რომ “როკვამ”, როგორც  თანამედროვე გასართობმა  პლატფორმამ, თავისთავად დადებითად იმოქმედა რაჭის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გამოკვეთაზე. ახალგაზრდა თაობის და მუსიკის მოყვარული უცხოელი ტურისტებისათვის სწორედ “როკვა” იქცა ერთგვარ გიდად, რომელმაც ამ კუთხეში მოგზაურობის სურვილი გააჩინა.

“ჩვენი მიზანი საფესტივალო კულტურის მაქსიმალური დეცენტრალიზაციაა. გარდა იმისა, რომ ეს ქართული რეგიონების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ალბათ, ჩვენი სტუმრებიც დაგვეთანხმებიან, რომ ფესტივალის დინამიკა და რაჭის თვალუწვდენელი მთები იდეალური კომბინაცია გამოდგა”. – ლუკა ქურდიანი.

როდესაც ფესტივალების შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებელია განვიხილოთ, თუ რა კვალი დატოვა და როგორ აისახა პანდემია ინდუსტრიის განვითარების დინამიკაზე. როგორც ფესტივალის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამან არაერთი სირთულე და ბარიერი შექმნა, მათ შორის შეაფერხა უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკების პროცესი. 

სამწუხაროდ, ფესტივალის ორგანიზების პროცესი პანდემიურმა ფაქტორმა კიდევ უფრო გაართულა. გვიან მოგვიწია უცხოელ  მუსიკოსებთან მოლაპარაკებების დაწყება. გარდა პანდემიისა, აღსანიშნავია საქართველოს როგორც რთულ რეგიონში მდებარე ქვეყნის ფაქტორი და რუსეთის დაწყებული ბოროტების ომი, რომელმაც ასევე ეჭვები დაბადა უცხოელ არტისტებში, თუ რამდენად უსაფრთხო იყო საქართველოში ჩამოსვლა”. – ლუკა ქურდიანი.

როგორს “როკვას” დამფუძნებლები აღნიშნავენ, ფესტივალი ის უნიკალური მოვლენაა, რომელიც ყველა მონაწილე მხარისათვის სარგებლის მომტანია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც რეგიონის ეკონომიკურ, ისე კულტურის სფეროს განვითარებაში. 

მიმდინარე ეტაპზე აუცილებელია მცირე მეწარმეების, ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული ხელშეწყობა, რომ პროექტმა შეძლოს თავისი მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა”.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, ROKVA 2022 გასული ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და წარმატებულ საფესტივალო ღონისძიებად იქცა. სტუმრების ნაწილისათვის ის ოთხი წლის წინ დაწყებული ისტორიის წარმატებული გაგრძელება, ნაწილისათვის კი ახალი მუსიკალური თავგადასავალი აღმოჩნდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.