fbpx

თბილისიდან გუგენჰაიმის მუზეუმამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: სალომე ერისთავი

 

ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუსა და 89-ე ქუჩის კვეთაზე აღმართული სოლომონ გუგენჰაიმის სახელობის მუზეუმი ერთ-ერთი პირველი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეცვალა სამუზეუმო არქიტექტურამ თავად მუზეუმის იდეის აღქმა საზოგადოებაში. გენიალური არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ დაპროექტებული გუგენჰაიმის მუზეუმი მნახველს გახსნის დღიდან იზიდავს არა მხოლოდ გამოფენილი ნამუშევრებით, არამედ უშუალოდ ნაგებობის ორიგინალური არქიტექტურული სტილით.

სოლომონ რობერტ გუგენჰაიმი, ამერიკელი ბიზნესმენი და ხელოვნების კოლექციონერი, ჯერ კიდევ 1920-იან წლებში შეძენილ მეგობართან, ბარონესა ჰილა ფონ რებაისთან ერთად, წლების განმავლობაში გეგმავდა საკუთარი კოლექციისათვის, არა-ობიექტური (Non-objective) ხელოვნების ნიმუშებისათვის, ახალი და განუმეორებელი სივრცის შექმნას.

იმ დროს არსებული მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე (ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გამარჯვება გერმანიაში; კომუნისტური რეჟიმის დამყარება და საბჭოთა კავშირის შექმნა), ამერიკულ საზოგადოებას ბარონესა რებაის მიერ გუგენჰაიმის მუზეუმისათვის შერჩეული კოლექცია უკვე გაკრიტიკებული ჰქონდა ნიმუშების უმრავლესობის გერმანული წარმომავლობის გამო. შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი სამუზეუმო სივრცის არქიტექტორად წარმოშობით არა ევროპელი, არამედ ამერიკელი შეერჩიათ. ბარონესა წნეხის ქვეშ მოექცა: ერთი მხრივ, კურატორი არ აპირებდა უარის თქმას საკუთარ პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც ახალი სამუზეუმო ნაგებობა ფორმით ისეთივე უსაზღვრო და სპირიტული  უნდა ყოფილიყო, როგორც შერჩეული ფერწერული კოლექცია. 

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ბარონესა ამერიკულ არქიტექტურას ერთფეროვნად და არაორგანულად მიიჩნევდა, იგი იძულებული შეიქნა გუგენჰაიმის მუზეუმისათვის ამერიკელი არქიტექტორი შეერჩია. სწორედ ამ დროს, რებაის სახლში ყოფნისას, მოულოდნელად, თაროდან გადმოვარდა ფრენკ ლოიდ რაიტის ერთ-ერთი წიგნი არქიტექტურაზე და ბარონესამაც იპოვა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა: ნიჭიერი, გამორჩეული მხატვრული ენის მქონე არქიტექტორი, რომლის ნიმუშებიც განთქმული იყო ბუნებისა და არქიტექტურის სრულყოფილი სინთეზით, სწრაფადვე იქცა გერმანელი კურატორის ერთადერთ იმედად. რებაი მაშინვე დაუკავშირდა რაიტს და შესთავაზა გუგენჰაიმის კოლექციისათვის არნახული არქიტექტურული ნაგებობის დაპროექტება.  მოლაპარაკებისა და სოლომონ გუგენჰაიმის თანხმობის შემდეგ არქიტექტორი და კურატორი შეუდგნენ ხანგრძლივ სამუშაო-შემოქმედებით პროცესს.

როდესაც ვსაუბრობთ გუგენჰაიმის მუზეუმზე, ფრენკ ლოიდ რაიტსა და ჰილა რებაიზე, შეუძლებელია არ შევჩერდეთ რაიტის მესამე ცოლზე – ოლგა ივანოვნა ჰინზბერგზე, რომელიც

თეოსოფის, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევრისა და ქრისტიანული მისტიკურ- ანთროპოლოგიური მოძღვრების ავტორის – გიორგი გურჯიევის მოსწავლე იყო. ოლგა გურჯიევს პირველად თბილისში, 1919 წელს შეხვდა და იმ დროიდან მოყოლებული მის მიმდევარი გახდა. ჰინზბერგის მსგავსად, გურჯიევმაც დიდი რევოლუციის დროს თავშესაფარი თბილისში იპოვა.

რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ გურჯიევმა ათიოდე მიმდევართან ერთად ილაშქრა კავკასიის მთებში, გაემართა სოჭის შავი ზღვის პორტისაკენ და გადავიდა თბილისში, სადაც დააფუძნა თეოსოფიური სწავლების ჯგუფი. მისი სწავლების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს მისტიკურ-სულიერი ხასიათის ცეკვები წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნული ცეკვებით მოიხიბლა პირველად ოლგა ივანოვნა. იგი უმზერდა გურჯიევის მიმდევარ ხუთ ქალბატონს ცეკვის შესრულებისას და ინთებოდა სურვილით, რომ მათ შორის აღმოჩენილიყო. ოცდაექვსი წლის ჰინზბერგი სწრაფდვე გახდა უცნაური მისტიკოსის მოსწავლე.

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა საქართველოსთვის გარე პოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა: ბოლშევიკების ჯარები თბილისის საზღვრებს დღითიდღე უახლოვდებოდნენ. გურჯიევმა და მისმა მოსწავლეებმა, მათ შორის ოლგამ, საბჭოთა ჯარის შემოსვლამდე მოახერხეს ქვეყნიდან გაქცევა. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო მათი მოგზაურობა ევროპისა და ამერიკის გარშემო: ოლგა ივანოვნამ მოგზაურობის დაწყებიდან უმოკლეს დროში მიატოვა ქმარ-შვილი და გურჯიევის ჯგუფის მმართველად დაინიშნა. მას ევალებოდა დღის წესრიგის გაწერა, ინვენტარის წარმოება და პერსპექტიულ მიმდევრებთან გასაუბრებების წარმართვა.

გიორგი გურჯიევის სწავლებას ფართოდ იცნობდა ევროპა, ახლა საჭირო იყო შემდეგი ნაბიჯების გადადგმა და იმ პერიოდის ამომავალი კულტურული ცენტრის – ამერიკის

„დაპყრობა“. ოსტატი და მოსწავლე აშშ-ში გაემგზავრნენ და ნიუ-იორკში დაფუძნდნენ. ამერიკაში ახლად ჩასულმა ოლგამ 1924 წელს გაიცნო იმ დროისთვის სახელგანთქმული, მიმზიდველი ამერიკელი არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაიტი და გაცნობიდან მოკლე ხანში მათი ქორწილიც შედგა. ივანოვნამ, თავისი თეოსოფიური სწავლებით დიდი გავლენა მოახდინა არქიტექტორის მსოფლმხედველობაზე, 1934 წელს კი თავის ოსტატსაც გააცნო მეუღლე. როგორც რაიტისთვის, ისე გურჯიევისთვის სილამაზე წარმოადგენდა დახვეწილ, მოწესრიგებულ სტრუქტურას, რომელიც მუსიკაში, მოძრაობასა და არქიტექტურაში პოვებდა გამოვლინებას. მისტიკოსისა და არქიტექტორის შეხვედრიდან რამდენიმე წელში რაიტი თანაზიარი გახდა გურჯიევის თეოსოფიური იდეებისა. კიდევ რამდენიმე წელში კი არქიტექტორს მოულოდნელად შესთავაზეს გრანდიოზული სამუზეუმო ნაგებობის დაგეგმარება, რომელიც ასევე თეოსოფიურ კონცეფციაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული.

გუგენჰაიმის მუზეუმის სტრუქტურა შთაგონებული იყო უძველესი სატაძრო არქიტექტურის ნიმუშის – ზიქურათის ფორმით. „სპირალური ზიქურათი“ ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ განცხადება რაიტის ინდივიდუალურობის შესახებ. რებაის მიხედვით, ნაგებობის სპირალისებური დაგეგმარება სიმბოლო იყო იმ სულიერი ევოლუციის გზისა, რომელიც ენერგიულ სისტემებს ატომებიდან გალაქტიკებად აქცევდა. 

ბარონესას ჩანაფიქრი, რომ მუზეუმი სულიერი სწავლების ტაძრის არქიტექტურული სიმბოლო უნდა გამხდარიყო, წარმატებით განხორციელდა: აგებიდან სამოცი წლის შემდეგაც კი გუგენჰაიმის მუზეუმი მნახველთ თვალს ჭრის თავისი უჩვეულო, მიმზიდველი და ორიგინალური არქიტექტურული ფორმებით.

შეკითხვაზე – იყო ეს შემთხვევითობა თუ იმ კოსმოსური წესრიგის ნაწილი, რომელზეც ასე იყვნენ ჩაციკლულნი რაიტი, გურჯიევი, რებაი და ოლგა ივანოვნა – პასუხის გაცემა მკითხველისათვის მიმინდვია. თუმცა, აშკარაა, რომ თბილისში შეხვედრით დაწყებულმა ოსტატ-მოწაფის ურთიერთობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო სამუზეუმო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშის შექმნაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.