დიზაინერი, რომელიც კოსმოსს „აცმევს“
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში (3-7 ნოემბერი) – გამოფენებისა და პერფორმანსების ხმაურიან და დამთვალიერებლებით გადაჭედილ Factory Tbilisi-ის ინდუსტრიული სივრცის შუაგულში სიმონ მაჩაბელმა ამ ყველაფრისადმი სრულიად საპირისპირო ესთეტიკისა და კონცეფციის სივრცე შექმნა და ექსპოზიციას „პოეტის სიყვარული“ უწოდა.
ერთი შეხედვით გარემოს კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი ექსპოზიცია სინამდვილეში პირდაპირ უპასუხებს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამართულ თბილისის კულტურის კვირეულის კონცეფციას.
სივრცის ერთი კედელი პოპ-არტის სტილში დაფარულია ჩანახატებით, ჩანაწერებით, ძველი ჟურნალების იმიჯებით, ვრცელი ისტორიული ტექსტებით – მაგალითად, ისეთით, როგორიც 1801 წელს ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების მანიფესტი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ისტორიაა. და ეს ყველაფერი ერთ მთლიან კოლაჟს ქმნის, რომელსაც ნეორომანტიზმის უცნაური და სევდიანი განწყობის გამომწვევი უამრავი დოკუმენტური თუ ვიზუალური ინფორმაცია მოაქვს ჩვენამდე.
ექსპოზიცია „პოეტის სიყვარული“ დიზაინერმა სამ ქართველ პოეტს – ბესარიონ გაბაშვილს, ნიკოლოზ ბარათაშვილსა და დავით გურამიშვილს მიუძღვნა.
სიმონ მაჩაბელი: „ეს ყველაფერი ჩემი სამუშაო ოთახიდან წამოვიღე და პირდაპირ ექსპოზიციის მასალად გამოვიყენე, რაც ფაქტობრივად ჩემი ხანგრძლივი კვლევის ფრაგმენტებია – მე-18 საუკუნის ქართული კოსტიუმის, ანუ როგორი იქნებოდა ქართული ესთეტიკა, რომ არა რუსეთის ექსპანსია და მისი გავლენა ჩვენზე.
ფოტოები – კოლაჟიდან.
ეს ეპოქა გარდამტეხი იყო ქართული ესთეტიკის საკვლევად. ევროპელებმაც ამ დროიდან დაიწყეს კავკასიური კოსტიუმის კვლევა. ეს, მაგალითად, გერმანელი მკვლევრის ესკიზია – „ინგილო ბიჭი“.
ეს იმიჯი კი იმის მაგალითია, რომ, ის, რაც ჩვენი იდენტობა გვგონია, სინამდვილეში კავკასიის დაპყრობასთან დაკავშირებული უნიფორმაა..“
სიმონ მაჩაბელი 90-იანებში სწავლობდა სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თეატრის კოსტიუმებს – ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, სამაგისტრო კურსი ( MA in womenswear ) კი 2008 წელს დაასრულა ლეგენდარული ლონდონის სენტ მარტინსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში.
მოდის, თეატრისა და კინოს კოსტიუმების დიზაინერის მრავალფეროვანი გამოცდილება, კოსტიუმის, ტექსტილის, სასულიერო სამოსისა და ხელოვნების ისტორიის კვლევის ჭრილში, მისთვის როგორც კონცეპტუალისტი არტისტისთვის ერთგვარი დამხმარე საშუალებებია კონცეპტუალური სივრცეების შესაქმნელად, ისევე როგორც Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე მის მიერ შექმნილ ამ სივრცეში.
კოლაჟური იმიჯების მოპირდაპირე კედელზე, სივრცის ცენტრალურ ნაწილში ვიდეოინსტალაციაა წარმოდგენილი ხახულის კარედის გამოსახულებით, კონტურითა და ინსპირაციით, მარჯვნივ და მარცხნივ მეომრისა და ანგელოზის გამოსახულებებით. სივრცის კედლებზე კოსტიუმების შთამბეჭდავი სერია კი პანდემიის პერიოდში შესრულებული ბიზანტიური კოსტიუმის კვლევის შედეგია. კედლები შეღებილია შავი საღებავით, რომელსაც ირგვლივ თეთრი ჯვრებიანი ორნამენტი დაუყვება. ამ ყველაფერს აგვირგვინებს ამავე ადგილის თავდაპირველი, თითქოსდა „გუმბათოვანი“ ფორმის გადახურვაც.
სიმონ მაჩაბელი: „როდესაც თავიდან შემოვედი ამ სივრცეში ექსპოზიციის მოსაწყობად, კედლები თეთრად შესაღებად გაამზადეს. „გაშპაკვლა“ რომ დაიწყეს, უკვე მივხვდი, რაც მინდოდა და თეთრი და შავი საღებავი მოვითხოვე. ეს თეთრი ჯვრები, რომელიც კედელს დაუყვება, ხევსურული კაბის ორნამენტია. მთლიანობაში ამ სივრცისგან კოსმოსი გავაკეთე და ეს ორნამენტი მისი კაბის კალთას მოვარგე“.
კოსმოსის კაბის კალთა ხევსურული ორნამენტითა და ხახულის კარედის ვიდეოიმიჯით – სიმონ მაჩაბლის ახალი კონცეპტუალური სივრცე და ახალი კოსტიუმის გიჟური იდეაა.