fbpx

შესვენების წინ


გააზიარე სტატია



ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას საკლუბო ფეხბურთი წლის ბოლომდე დაგვემშვიდობა, იქამდე კი ევროთასების კენჭისყრაც ჩატარდა, რომლის შედეგებიც უკვე მერვედფინალებიდან დაწყებული, ფინალის ტოლფას სამ დაპირისპირებას გვპირდება.

ძნელი არაა იმის დანახვა, რომ ორი მათგანი ჩემპიონთა, ხოლო ერთი კი ევროპის ლიგაზე ჩატარდება.

მიუნხენის „ბაიერნმა“ 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ყველა თამაში მოიგო და ფინალში სწორედ ამჟამინდელი მეტოქე „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა, მადრიდის „რეალმა“ კი „ლივერპულს“ 2018 და 2022 წლის ფინალებში ზედიზედ ორჯერ სძლია, რითაც მომდევნო მატჩში უკვე უპირობო რევანშისკენ მოუწოდა მოწინააღმდეგეს…

„ლივერპულის“ მსგავს მდგომარეობაშია „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც 2009 და 2011 წლებში „ბარსელონასთან“ ასევე ორი ფინალი აქვს წაგებული და ბედის ირონიით, მას რევანში ჩემპიონთა ლიგაზე რანგით დაბალ ტურნირზე ექნება ასაღები ესპანურ კლუბთან.

ჩავი ერნანდესის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, მოულოდნელად ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდა, რაშიც მას უპირველეს ყოვლისა მადრიდული კლუბი „რაიო ვალეკანო“ დაეხმარა.

„რაიო ვალეკანომ“ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ მადრიდის „რეალს“ გადამწყვეტი გოლი 67-ე წუთზე გაუტანა, როდესაც მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, უპირატესობის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე შეძლო.

„ბარსელონამ“ დაუძინებელ მტერს „ოსასუნასთან“ რთული გასვლითი მოგებით უპასუხა, რადგან მატჩის 31-ე წუთზე მოედნიდან ლევანდოვსკის გაძევების მომენტში იგი მარცხდებოდა.

სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრეს, გამარჯვების გოლი კი მათ შეხვედრის მიწურულს კარიდან დაუდევრად წინ გამოსულმა „ოსასუნას“ გოლკიპერმა აჩუქა, რომელსაც რაფინიამ თავს ზემოთ ეფექტურად გადაუგდო ბურთი.

ბომბარდირთა სიას სათავეში 13 გოლით რობერტ ლევანდოვსკი უდგას, რომელიც 5 ბურთით უსწრებს „ბეტისელ“ იგლესიასს და „მალიორკელ“ მურიქის. 

საინტერესოა, რომ მადრიდის „რეალში“ ყველაზე მეტი – 6 გოლი ვინისიუს ჟუნიორთან ერთად ვალვერდეს აქვს გატანილი. კარიმ ბენზემა კი მათ ერთი ბურთით ჩამორჩება.

შესვენების წინ თავის უკანასკნელ მატჩში „ვალენსიამ“ დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა ლა ლიგის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „ბეტისი“ და 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა. 

ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და როგორც ყოველთვის, მაღალი სათამაშო კლასი გამოავლინა. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ერთა ლიგის გადამწყვეტი ეტაპი თანდათანობით ახლოვდება.

ესპანეთის ჩემპიონატი 31 დეკემბერს განახლდება. „ვალენსია“ სატურნირო ცხრილის  მეცხრე ადგილოსან „ვიალიარეალს“ ესტუმრება და მოგების შემთხვევაში ერთი ქულით გადაასწრებს მას.

წინა საახალწლო Boxing Day-მდე დაემშვიდობა მაყურებელს ინგლისის პრემიერლიგა, რომლის ლიდერობაც „მანჩესტერ სიტის“ „ბრენტფორდთან“ სენსაციური მარცხის შემდეგ, ლონდონის „არსენალმა“ ხუთი ქულის უპირატესობით განიმტკიცა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ანგარიში ფოდენის ულამაზესი გოლით პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა და მეორე ნახევარში მას თითქოს აღარ უნდა გასჭირვებოდა მატჩის მოგებამდე მიყვანა, მაგრამ მეტოქის კართან შექმნილი არაერთი საგოლე ეპიზოდის მიუხედავად, გოლი პეპ გვარდიოლას გუნდმა მსაჯის მიერ დამატებულ მერვე წუთზე საკუთარ კარში მიიღო, რამაც მიმდინარე სეზონში „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ, მისი მეორე მარცხი განაპირობა. 

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში დამკვიდრებული „დიდი ექვსეული“, რომლის იერარქიაც 2016 წელს სენსაციური ჩემპიონობით „ლესტერმა“ დაარღვია, „ნიუკასლის“ პოზიციების მოძლიერების შემდეგ, „შვიდეულად“ იქცა. 

რომელიმე ევროტურნირზე მოხვედრის პრეტენზიას სეზონის აღმოჩენა „ბრაიტონიც“ აცხადებს, რომელიც პრემიერლიგის განახლებამდე „ჩელსისთან“ თანაბარი ქულებით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ამიტომ, განვლილ ტურში „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით – 3:1 მოგება სულაც არ ანიჭებს კონკურენტებთან ბრძოლაში უპირატესობას ამჯერად მე-6 ადგილზე მყოფ „ლივერპულს“, რომლის შემადგენლობაშიც უკანასკნელ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ალისონი იყო…   

„ნიუკასლმა“ კი „ჩელსისთან“ უმნიშვნელოვანესი მოგების შემდეგ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნა, სადაც ერთი ქულით უსწრებს „ტოტენჰემს“.

ლონდონურმა კლუბმა „ლიდსთან“ დრამატულ მატჩში იზეიმა გამარჯვება, ისე რომ სამჯერ გაუთანაბრა მეტოქეს ანგარიში და გადამწყვეტი ბურთი 83-ე წუთზე გაიტანა. ეს გოლი ბენტანკურის ანგარიშზეა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა. ორი ბურთი „ლიდსის“ ფორვარდმა როდრიგომაც გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა ვერ შეძლო „ლივერპულთან“ „ენფილდზე“ ჩადენილი გმირობის გამეორება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მიუნხენის „ბაიერნი“ კარგა ხანს ანიავებდა ქულებს, მაგრამ ბოლო ექვსი მატჩის მოგების შემდეგ „რეკორდმაისტერმა“ მაინც შეძლო სატურნირო ცხრილის სათავეში განთავსება, სადაც მას მეორე ადგილოსანი „ფრაიბურგი“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

განვლილ ტურში „ფრაიბურგმა“ შინ ანგარიშით – 4:1 გაანადგურა ბერლინის „უნიონი“ და ამ მარცხით შესვენების წინ სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე გადაუშვა ბუნდესლიგის გათამაშების ორიოდე კვირის წინანდელი ლიდერი. 

გერმანიის ჩემპიონატი 20 იანვარს მესამე ადგილზე მყოფი „ლაიპციგის“ და „ბაიერნის“ ცენტრალური დაპირისპირებით განახლდება. 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტი“ კი მეოთხე ადგილზე იმყოფება და ბოლო დროს აშკარად პროგრესირებს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მეტად დაძაბულ ორრაუნდიან ბრძოლას უქადის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

იტალიის სერია A-ს გათამაშებაში „ნაპოლიმ“ ბოლო სამი მატჩი ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობის გარეშე მოიგო. 

ლუჩანო სპალეტის გუნდმა იმდენად მარტივად გაიტანა სამი ბურთი „უდინეზეს“ კარში, რომ ადვილი მოგების მოლოდინში შეხვედრის ბოლოს მას მოდუნება დაეტყო. ამით ისარგებლა მეტოქემ და სამი წუთის განმავლობაში ორი გოლით დაასაჩუქრა უყურადღებო მასპინძლები, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო.

ასეთივე ანგარიშით 3:2 „ინტერმა“ გასვლაზე სძლია „ატალანტას“. ეს მარცხი ჯუზეპე გასპერინის გუნდისთვის ზედიზედ მესამე აღმოჩნდა ბოლო სამ მატჩში, რამაც „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს ცოტა ხნის წინანდელი ლიდერი სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე ჩამოაქვეითა.

იტალიის ჩემპიონატის პირველი ნახევარი „იუვენტუსის“ და „ლაციოს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით – 3:0 გაიმარჯვეს. საგულისხმოა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბოლოს „მილანთან“ 8 ოქტომბერს დამარცხდა და მას შემდეგ ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. 

15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი „ნაპოლი“ რვა ქულით უსწრებს „მილანს“ და ათი ქულით „იუვენტუსს“. იქვეა „ინტერიც“, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მომავალი წლის 4 იანვარს, იტალიის ჩემპიონატის განახლებისთანავე ესტუმრებიან

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.