fbpx

ფილმ “ტერმინალის” ინსპირაცია, ირანელი კაცი, რომელიც პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ამავე აეროპორტში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

ტომ ჰენკსის მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ფილმის,  “ტერმინალის”  მთავარი ინსპირაცია, ირანელი კაცი, 18-წლიანი ცხოვრების შემდეგ, „სახლში“ – პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მეჰრან კარიმი ნასერი აეროპორტში 1988-2006 წლებში ცხოვრობდა. თავიდან მას აეროპორტის დატოვების უფლება არ ჰქონდა, ხოლო შემდეგ, პარიზის თავშესაფარში ყოფნისას, ნებაყოფლობით კვლავ აეროპორტს დაუბრუნდა და ტერმინალ 2F-ში დასახლდა. სასწრაფო დახმარება და პოლიციაც სწორედ იქ გამოიძახეს, როდესაც კაცს შეტევა დაეწყო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ნასერის სჯეროდა, რომ იგი დაბადებული იყო 1945 წელს, თუმცა, როდესაც პირველად პარიზის აეროპორტში აღმოჩნდა, თან არანაირი სამოქალაქო დოკუმენტაცია არ ჰქონდა. ამიტომ ვერ დატოვა აეროპორტი.  წლების განმავლობაში მას აეროპორტის სავარძლებზე ეძინა, დაუმეგობრდა თანამშრომლებს, მათთვის განკუთვნილ აბაზანაში ბანაობდა, აწარმოებდა დღიურს, ჟურნალ-გაზეთებს კითხულობდა და მგზავრებს აკვირდებოდა.

აეროპორტის თანამშრომლებმა მას ლორდი ალფრედი შეარქვეს, მალე იგი უკვე სელებრითი იყო. მისი საგა ცნობილი ფილმის, „ტერმინალის“ შთამაგონებელი გახდა.

“საბოლოოდ, მე დავტოვებ აეროპორტს, თუმცა ჯერ კიდევ ველოდები ვიზას“. – უთხრა მან 1999-ში “ასოშიეიტედ პრესს”.  აეროპორტის სკამზე ჩამომჯდარი სიგარას ეწეოდა, გრძელი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა, უძირო თვალები და ჩაღრმავებული ლოყები კიდევ უფრო უსუსურს აჩენდა. 

ნასერი ირანის იმ ტერიტორიაზე დაიბადა, რომელიც მაშინ ბრიტანეთის იურისდიქციაში იყო. ირანელი მამა და ბრიტანელი დედა ჰყავდა. 1974-ში მან დატოვა ირანი, რათა სწავლა ბრიტანეთში გაეგრძელებინა, როცა დაბრუნდა, მისივე თქმით, შაჰის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისთვის დააპატიმრეს და შემდეგ უპასპორტოდ გამოუშვეს. თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არასდროს ყოფილა ირანიდან განდევნილი. 

მან პოლიტიკური თავშესაფარი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მოითხოვა. ბელგიამ შესთავაზა ლტოლვილად მიღება, თუმცა მან თქვა, რომ ჩანთა, რომელშიც ლტოლვილობის მოწმობა ჰქონდა, პარიზის მატარებელში მოჰპარეს.

მოგვიანებით იგი პარიზის პოლიციამ დააკავა, მაგრამ ვერსად გაგზავნეს, რადგან  არანაირი დოკუმენტაცია არ ჰქონდა თან. საბოლოოდ, მან თავი ამოყო შარლ დე გოლის აეროპორტში და იქვე დარჩა.  ბიუროკრატიული პროცესებისა და იმიგრაციის ევროპული კანონმდებლობის სიმკაცრის ფონზე, იგი „არავის მიწაზე“ აგრძელებდა ცხოვრებას.  საბოლოოდ, როცა საბუთები მიიღო, აღმოჩნდა, რომ იგი ნერვიულობდა აეროპორტის დატოვების გამო, თავს დაუცველად გრძნობდა. მან არ მოაწერა ხელი საბუთებს და გადაწყვიტა, აეროპორტში დარჩენილიყო,  სანამ 2006-ში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდებოდა. მოგვიანებით იგი პარიზის თავშესაფარში აგრძელებდა ცხოვრებას.

ნასერის მოქალაქეობას წლების განმავლობაში სთავაზობდნენ საფრანგეთიც და ბელგიაც, თუმცა მას აცოფებდა ის ფაქტი, რომ საბუთებში ირანელად მოიხსენიებდნენ, და არა – ბრიტანელად.  მას ასევე სურდა, მოეხსენიებინათ, როგორც ალფრედ მეჰრანი.

აეროპორტის ექიმი აღნიშნავდა, რომ წლების განმავლობაში უფანჯრო სივრცეში ცხოვრებამ მის მენტალობას დაღი დაასვა.

2004-ში ნასერის ამბავმა სტივენ სპილბერგი შთააგონა, გადაეღო ფილმი „ტერმინალი“. ასევე ფრენჩ-ფილმმა მისი ამბის მიხედვით შექმნა ფილმი lost in transit, არსებობს ოპერაც – Flight.

“ტერმინალში” ტომ ჰენკსი ასრულებს ვიქტორ ნავროსკის როლს, კაცის, რომელიც ნიუ-იორკის აეროპორტში აღმოსავლეთის რომელიღაც ფიქციური ქვეყნიდან მოდის და აღმოაჩენს, რომ პოლიტიკურმა რევოლუციამ ყველა მისი დოკუმენტის ვალიდურობა გააუქმა. ვიქტორი აეროპორტში აპირებს დარჩენას იქამდე, სანამ მისი დოკუმენტაცია არ მოწესრიგდება.

სპილბერგის ფილმში ნასერის ისტორიის გამოყენებისთვის კომპანიამ მეჰრანს  210 000 ფუნტი გადაუხადა. 

ორიგინალი: https://www.dailymail.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.