fbpx

IN C თბილისი – ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი


გააზიარე სტატია


InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა, გერმანული თანამედროვე ცეკვის კომპანიასთან – „საშა ვალცი & სტუმრები“ თანამშრომლობით წარმოადგენს ინკლუზიურ, თანამედროვე ცეკვის სპექტაკლს “IN C – თბილისი”.

 

სპექტაკლი “In C” გერმანელმა ქორეოგრაფმა, საშა ვალციმ და მისმა ცეკვის კომპანიამ  დადგა კოვიდპანდემიის დროს. ის დაფუძნებულია ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი კომპოზიტორის, ტერი რაილის ამავე სახელწოდების მუსიკალურ ნაწარმოებზე. სპექტაკლის ქორეოგრაფია აგებულია მოცეკვავეთა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე – იმოქმედონ დამოუკიდებლად და ამასთანავე იზრუნონ, რომ ფრაზა ჰარმონიულად ჩაჯდეს მთლიან მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ქსოვილში. 

IN C – ეს არის სავარჯიშო დემოკრატიაში – ასე აღწერს თავად ქორეოგრაფი თავის ნამუშევარს. რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც სცენაზე დემოკრატიის სავარჯიშოს ასრულებენ სხვადასხვა ფიზიკური, ინტელექტუალური თუ კულტურული გამოცდილების მქონე მოცეკვავეები?! სწორედ ეს კითხვა გახდა შთაგონება შექმნილიყო “IN C – თბილისი”, სპექტაკლის ინკლუზიური ვერსია, სადაც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწე ტიპური განვითარების მოცეკვავეებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეებიც იცეკვებდნენ.

“IN C თბილისის” მიზანია ხელი შეუწყოს შშმ ადამიანების ჩართვას პროფესიულსახელოვნებო პროცესებში, დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში და ჩართოს ინკლუზიური ელემენტი ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს შორის დიალოგში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ვისაუბროთ ინტეგრაციაზე, მრავალფეროვნებაზე, გახსნილობაზე – ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაცსაერთაშორისო პროფესიული საცეკვაო დასი თბილისში პირველად მონაწილეობს  ინკლუზიურ პროექტში. 

სპექტაკლზე მუშაობა ორ თვეზე მეტია, რაც დაწყებულია. საშა ვალცმა პროექტის გუნდს საქართველოში საჩუქრად გადასცა სპექტაკლის სამუშაო მასალა  (თითოეული მოძრაობის ვიდეოინსტრუქცია, ქორეოგრაფიული ნახაზები, დათვლის სისტემა, მუსიკალური პარტიტურა).

პროექტის ქართველი ქორეოგრაფი, ნათია ჩიკვაიძე, 4-13 მაისს გაემგზავრა ბერლინში და მონაწილეობა მიიღო IN C ვორქშოფში, შესაბამისად  მას აქვს ქორეოგრაფიის სწავლების უფლება. შერჩეულია ქართული გუნდი და დაწყებულია რეპეტიციები.პროექტის ბოლო ეტაპზე, ორი მოცეკვავე “საშა ვალცი და სტუმრების კომპანიიდან” უერთდება ქართულ დასს და ერთად წარადგენენ IN C თბილისის პრემიერას სამეფო უბნის თეატრის სცენაზე. 

ცეკვის კომპანია „საშა ვალცი და სტუმრები“ 1993 წელს დაარსდა ბერლინში. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცეკვის ინსტიტუციაა და ყოველწლიურად 18 სპექტაკლს და 100-მდე პერფორმანსს მართავს მსოფლიოში.  კომპანიის ქორეოგრაფი საშა ვალცი გამორჩეული ფიგურაა თანამედროვე საცეკვაო სამყაროში.  მისმა ინოვაციურმა ხედვამ მნიშვნელოვნად შეცვალა თანამედროვე ცეკვის ესთეტიკა, მათ შორის სცენაზე სხეულის აღქმაც. კომპანია ორჯერ ეწვია უკვე საქართველოს, როგორც ფესტივალი „საჩუქარის“ სტუმარი. “IN C თბილისი” არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანსამბლი ინკლუზიურ სპექტაკლზე იმუშავებს ქართველ მოცეკვავეებთან ერთად.

 

პროექტი მაყურებელს სრულიად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. Პროექტის მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან სპექტაკლის დაწყების დღეს, რათა მაყურებელს გაუზიარონ დადგმის სიყვარულით სავსე ატმოსფერო და გამოცდილება. 

 

პლატფორმის გვერდები:

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.