„ბაბილონი“ ცვლილებებისთვის – ლია ბაგრატიონის ახალი ინსტალაციის შესახებ
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ბიბლიური ბაბილონის გოდოლის დანგრევა ალბათ ერთ-ერთი მასშტაბური დეკონსტრუქცია იყო კაცობრიობის ისტორიაში. ბიბლიურისგან განსხვავებით, ლია ბაგრატიონის ინსტალაციას, სახელწოდებით „ბაბილონი“, ზუსტად 10 დღე დასჭირდა დასანგრევად. ინსტალაციის პრეზენტაცია 4 ნოემბერს შედგა თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში, Factory Tbilisi-ის საგამოფენო სივრცეში ქართველი და უკრაინელი არტისტების ჯგუფური გამოფენის პარალელურად.
ლია ბაგრატიონი: ,,ჩემს ოთხ სტუდენტთან ერთად მშრალი თიხისგან ავაგე ეს კონსტრუქცია („ბაბილონი“). ფასადი მოწესრიგებული აქვს, ხოლო უკნიდან გამოშიგნულია, როგორც, მაგალითად, მოძველებული სისტემა, სადაც მოჩვენებითი და ყალბი წესრიგია.”
ლია ბაგრატიონი თავის ნამუშევრებში დეკონსტრუქციის მეთოდს ხშირად მიმართავს, რომელსაც შემდეგ ტრანსფორმაცია და ცვლილებები მოჰყვება. თიხის მეტამორფოზის ჯადოსნური თვისებით ის მუდმივად თამაშობს და ექსპერიმენტებშია. სწორედ ამიტომ ის არა მხოლოდ კერამიკოსია, რომელიც თიხას მხოლოდ ფუნქციური საგნებისთვის იყენებს, არამედ თიხის მულტიმედია არტისტია, რადგან მის ინსტალაციებში, ობიექტებსა თუ ვიდეოარტში თიხა როგორც მედიუმი ყოველთვის წამყვანია. დეკონსტრუქციისა და მეტამორფოზის პროცესი ხშირად თავისდაუნებურად პერფორმანსადაც კი იქცევა: მაგალითისთვის გავიხსენოთ მისი შთამბეჭდავი მულტიმედიური ინსტალაცია/პერფორმანსი „მარტო ნუ წახვალ რემედიოს“.
ამ ინსტალაცია/პერფორმანსში ერთ-ერთი მედია თავად ავტორის სხეულია. არტისტმა აბრეშუმის მუზეუმის სივრცეში აბრეშუმის ჭიის პეპლად გადაქცევისა და თიხის მეტამორფოზის პროცესის პარალელური, ერთდროული დემონსტრირება მოახერხა.
თიხის მეტამორფოზის ჯადოსნური პროცესი ლია ბაგრატიონმა ყველაზე თვალსაჩინოდ დაგვანახა თავის ცნობილ პროექტში – „შეშლილი ჩაის სმა“. თიხით, წყლითა და ბეტონით შექმნილი ერთი შეხედვით ფორმით ფუნქციური ჩაის ჭურჭელი ისეთი დისფუნქციური და აბსურდული გახადა, როგორიც ლუის კეროლის ჯადოსნური და აბსურდის გარემოა. ობიექტები თავდაპირველად 2015 წელს გამოიფინა „არტარეას“ გალერეაში, არტისტერიუმ 8-ის გამოფენაზე On Point. მისი ფოტო- და ვიდეოდოკუმენტაციის შემდეგ კი 2018 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში „შეშლილი ჩაის სმა“ უკვე ახალ მედიაში – როგორც ვიდეოარტი გამოიფინა.
არასტაბილურობისა და სამყაროს რყევის შეგრძნებამ ჯერ კიდევ „ბაბილონამდე“ ერთი წლით ადრე ლია ბაგრატიონის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში – „ვარდნის საშიშროებაში“ გაიჟღერა, (“არტარეას” გალერეა, კურატორი თამთა შავგულიძე).
აქ არტისტმა თამამ ექსპერიმენტს მიმართა და არამყარი მასალისგან – პარალონის ღრუბლისგან შექმნილი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ობიექტები (სკამი, მაგიდა, კიბე) წარმოადგინა, და მათი ვითომდა მასიური და მძიმე ფორმებითაც ზუსტად ისეთივე მოჩვენებითი და ყალბი სტაბილურობა შექმნა, როგორც „ბაბილონის“ „მოწესრიგებული“ ფასადის შემთხვევაში.
პროექტიდან „ვარდნის საშიშროება“ ორი ობიექტი ამჯერად Factory Tbilisi-ის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ქართველი და უკრაინელი არტისტების ჯგუფურ ექსპოზიციაში გამოფინეს არასტაბილურობის შეგრძნებისა და ცვლილებების აუცილებლობის კონტექსტში.
ამასობაში რა ბედი ეწია „ბაბილონს“?
მაყურებლის თვალწინ აგურის კონსტრუქციამ ყოველდღიურად და თანდათანობით დაშლა დაიწყო კონსტრუქციის თავზე დამონტაჟებული წყლის რეზერვუარიდან მომდინარე წყლის ნაკადის ზემოქმედებით. ტექნიკურად, წყალი შლის მშრალ, გამოუწვავ თიხას და გადააქცევს მას პირვანდელ სუბსტანციად და იგივე პლატსიურ მასად, რომლიდანაც განახლებული ენერგიით თიხა ახალ ფორმებს შექმნის. თიხის ეს თვისება ნამუსევრებში „ავტორის“ ფუნქციას ასრულებს. ის თავად წარმართავს შემოქმედებით პროცესს, ისე, რომ თავადვე ხდება საკუთარი თავის „შემოქმედი“.
10 დღის განმავლობაში წყლისა და თიხის ურთიერთობით გამოწვეულ შედეგებსა და დაშლის პროცესს არტისტი თეთრ ტილოზე აკრილის საღებავით აფიქსირებდა. დოკუმენტაცია ტილოზე დაცემული ინსტალაციის ჩრდილის კონტურის დაფიქსირებით იქმნებოდა და პარალელურად ეს გრაფიკული ნამუშევრები იქმნებოდა.
14 ნოემბერს წყალმა თავისი საქმე გააკეთა, „ბაბილონი“ დაინგრა და გამოფენა დაიხურა. ცვლილების დროა, ინსტალაციის დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, მომავალში სხვა საგამოფენო სივრცეში და სხვა მედიაში ახალი კონტექსტით მოგვევლინება.