fbpx

დიდი და საინტერესო ამბების მოლოდინში


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ოთხი წელიწადი და ოთხი თვე გავიდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან და დადგა ნანატრი ჟამი კატარის მუნდიალისა, რომელმაც ერთი თვის შემდეგ პლანეტის უძლიერესი გუნდის ვინაობა უნდა გამოავლინოს. 

როგორია ჩვენი მოლოდინი? როგორც წესი, გულშემატკივრები თავიანთ ფავორიტებს ირჩევენ ხოლმე. უყვართ ბრაზილია, გერმანია, არგენტინა, ინგლისი, კატარში არარსებული იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, აწ ნიდერლანდებად ქცეული ჰოლანდია, პორტუგალია და ზოგიერთს ბელგია და დანიაც, მაგრამ არ ახსენდებათ ურუგვაი ან წინა ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი ხორვატია.

არადა, კაცმა რომ თქვას, სწორედ ეს ორი ქვეყანაა ყველაზე ახლოს მოსახლეობის რაოდენობით საქართველოსთან და ალბათ უპირველეს ყოვლისა  ამ ქვეყნების მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს ქართულმა ფეხბურთმა განვითარების ოპტიმალური გზის მისაღწევად.

შორეულ 1950 წელს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ალბათ გამორჩეული ფინალი ჩატარდა, როდესაც „მარაკანას“ სტადიონზე 3-მილიონიანი ქვეყნის წარმომადგენელმა ურუგვაის ნაკრებმა, არაოფიციალური ინფორმაციით 205 000(!)-იანი აუდიტორიის წინაშე, ჩემპიონატის მასპინძელი, 200 მილიონი მოსახლეობის მქონე ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თუკი 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ნაჭამ სირცხვილს ბრაზილიის ნაკრების ფანები მეტ-ნაკლებად „გაგებით მოეკიდნენ“, ურუგვაისთან წაგებას სტადიონზევე თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა მოჰყვა.

ამ მარცხით ბრაზილიელთა ყოვლისშემძლეობის მითი კიდევ რვა წლით გადაიდო.

1958 წელს შვედეთის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფეოლამ პელე-გარინჩა-ვავა-ზაგალოს ოთხეული გამოიყვანა შეტევაში და ჩემპიონატის ბოლომდე აღარც შეუცვლია იგი. 

მომავალში ფეხბურთის მეფედ აღიარებულმა პელემ შეუსრულა ურუგვაის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ცხარე ცრემლებით ატირებულ მამას 9 წლის ასაკში მიცემული დანაპირები და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!   

17 წლის ვუნდერკინდმა თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უელსთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში გაიტანა. ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან მან ჰეთ-თრიკი, ხოლო შვედებთან ფინალში კი დუბლი შეასრულა და ექვსი გოლით დაასრულა ჩემპიონატი. 

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი 6 მატჩში გატანილი 13 ბურთით ჟუსტ ფონტენი გახდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგია. 

მაგრამ ვიღას ახსოვს 1950 წლის ფინალში მთავარი გმირობის ჩამდენი ხუან შაფინო და ალსიდეს გიჯა, რომელთაც მატჩის უკანასკნელ მეოთხედში შეძლეს თვით ბრაზილიელთა ბუნაგში მატჩის შემობრუნება და პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვება?!

ბოლოს „მარაკანაზე“ არგენტინელებმა შარშან დაამარცხეს ბრაზილიის ნაკრები, მაგრამ მესის და მის თანაგუნდელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს მოხდა არა მსოფლიოს, არამედ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში, პანდემიის გამო „მარაკანას“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე და თანაც არგენტინის მოსახლეობა 16-ჯერ აღემატება ურუგვაისას…

ბუნებრივია, რომ „ალბისელესტე“ წლეულს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან მესისთვის ეს სავარაუდოდ უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. 

თანაც სახალისოა, რომ მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების და ამაში მესის დიდი წვლილის შემთხვევაში, იგი „უფრო მაგარი ფეხბურთელი“ გახდება და სხვადასხვა სპორტულ-ჟურნალისტურ გამოკითხვებში თვით დიეგო მარადონას ჩამოაქვეითებს.  

ასეთი გამოკითხვების შედგენისას კი ყოველთვის იკარგება საკითხის არსი და გულშემატკივრებს ავიწყდებათ, რომ ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა გუნდური სპორტის სახეობაა, სადაც გამართლება ზოგჯერ გადამწყვეტიც კია.

აბა წარმოვიდგინოთ, 1986 წლის მექსიკის მუნდიალზე მარადონას „ღვთის ხელი“ მსაჯს რომ შეენიშნა, შეძლებდა კი ლეგენდარული არგენტინელი რამდენიმე წუთში იოლ გასეირნებას ინგლისელ მცველებსა და ნახევარმცველებს შორის და ამ დრიბლინგის გოლით დაგვირგვინებას? მან ამის გაკეთება ხომ იქამდე მთელი 54 წუთის განმავლობაში ვერ შეძლო. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ფეხბურთის მატიანე სხვაგვარად დაიწერებოდა…

მაგრამ ჩვენ ისიც ხომ არ ვიცით, რა მოხდებოდა, 1994 წლის მუნდიალიდან მარადონა რომ არ მოეკვეთათ და ამით ბრაზილიის ნაკრებისთვის მაქსიმალურად ია-ვარდით მოფენილი გზა არ უზრუნველეყოთ ტურნირის ბოლომდე. 

განა მაშინ არ გამოჩნდა მარადონას ძლევამოსილება სრულად როგორც მისი მომხრეების, ისე ოპონენტების წინაშე?  

ისტორიას ვერაფერი შეცვლის. ნეიტრალური გულშემატკივარი კი მსოფლიო ჩემპიონატით იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუკი ამ ტიტულის მატარებელი გუნდი ტურნირს 2014 წლის გერმანიის ნაკრების მსგავსი ღირსეული თამაშით მოიგებს.

საფრანგეთის ნაკრებიც ნამდვილად უძლიერესი იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მას ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ალბათ მერვედფინალში შეხვდა.

რას უნდა ველოდოთ საფრანგეთის ნაკრებისგან წლეულს? შემთხვევით ჯგუფში ჩარჩენას ხომ არა? 

ხუმრობა იქით იყოს და 21-ე საუკუნეში ბრაზილიის ნაკრების გარდა, აქამდე ვერც ერთმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ვერ შეძლო ჯგუფური ბარიერის გადალახვა, რასაც საფუძველი სწორედ საფრანგეთის ნაკრებმა ჩაუყარა 2002 წლის ჩემპიონატზე.

საფრანგეთი – სენეგალის მატჩი და მის ირგვლივ გავრცელებული მითები ხომ დღემდე ახსოვთ ფეხბურთის მოყვარულებს. დანიის ნაკრებიც მზადაა, რომ იმ ჩემპიონატის მსგავსად, ამჯერადაც ჩატოვოს მსოფლიო ჩემპიონი ჯგუფში…   

შემადგენლობის თვალსაზრისით ყველაზე აწყობილი გუნდის შთაბეჭდილებას გერმანია ტოვებს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ერთი კლუბის („ბაიერნის“) ერთბაშად შვიდი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. 

ბუნდესნაკრების მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი თითოეულ მათგანს მშვენივრად იცნობს და 2020 წელს ოთხი ტიტული აქვს მოგებული ნაკრებში ამჯერად გამოძახებულ ექვს „ბაიერნელთან“ ერთად, ხოლო ნოიერს და მიულერს იგი ჯერ კიდევ 2014 წლის მუნდიალიდან იცნობს.

მიუხედავად ამისა, ერთა ლიგის ტურნირზე გერმანიამ სუსტად იასპარეზა და კატარის ჩემპიონატის წინასაკონტროლო მატჩშიც იგი მინიმალური ანგარიშით, 1:0-ის მოგებით დაკმაყოფილდა ომანის ნაკრებთან. 

მაგრამ საკონტროლო მატჩებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დასკვნის გამოტანა რომ არასერიოზულია, ეს საყოველთაოდ ცნობილია. 

კვირა საღამოს მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ისეთ პერიოდში, რომელიც აქამდე თითქოს წარმოუდგენელი იყო ამ ტურნირისთვის და თანაც ისეთ ქვეყანაში, სადაც უახლოეს წარსულში მოსახლეობის უმრავლესობისათვის ფეხბურთი არაფერს ნიშნავდა.

იქნებ ამგვარმა ერთგვარმა ეგზოტიკამ კეთილისმყოფელი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სანაკრებო ტურნირზე, რომლისგანაც ფეხბურთის მოყვარულები დიდ და საინტერესო ამბებს მოელიან. 

ბევრი რამ უკვე ამ ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდება. შემდეგ კი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდება და მსოფლიოს ჩემპიონატიც თვალის დახამხამებაში ჩაივლის, რაც დამახასიათებელია ამ ტურნირისთვის…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.