თინათინ წერეთელი – გერმანელი მომღერალი ქართული მუსიკის სამყაროდან
ავტორი: ლაშა გაბუნია
თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტალიაში გაიმართა. ფესტივალზე მან გერმანიის სახელით იუნესკოს დელეგაციის წინაშე ორი კონცერტი გამართა. იგი ამ ღონისძიებაზე ერთადერთი მუსიკოსი ქალი გახლდათ. თინათინ წერეთელმა 2020 წლის მიწურულს ალბომი Alles Zu Seiner Zeit („ყველაფერს თავისი დრო აქვს“) გამოუშვა. იგი ცნობილ ლეიბლ Peppermint Park Studios-ში ჩაიწერა, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები: მადონა, ჯგუფი „სკორპიონსი“, ტომ ჯონსი და სხვები. თავისი შემოქმედების ინტერკულტურულობის დამსახურებით, თინათინი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ფესტივალზე ჰანოვერისა და გერმანიის მუსიკალურ ელჩად იყო მიწვეული.
ქართული წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თინათინ წერეთელი 1982 წლის 14 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობა მუსიკალურ გარემოცვაში გაატარა. გოგონა რეპეტიციებს ხშირად ოპერის საორკესტრო ორმოდან ადევნებდა თვალს. როგორც თავად ამბობს, სადაც მუსიკა ისმოდა, იქ თავს ყოველთვის შინაურულად გრძნობდა. ხუთი წლის ასაკში თინათინმა ვიოლინოს შესწავლა დაიწყო. 6 წლისამ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაც მოისურვა. ამის შემდეგ მუსიკა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა და ასე გაეცნო ქართულ მრავალხმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ჟანრში მუშაობს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას მის მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
1993 წელს საქართველოში არსებული რთული სიტუაციის გამო, 10 წლის გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დღეს თინათინი ჰანოვერისა და მისი შემოგარენის რამდენიმე უნივერსიტეტსა და სასწავლებელში ვოკალის პედაგოგად მუშაობს. მას აქვს მუსიკალური პროექტებიც. გთავაზობთ თინათინ წერეთელთან ინტერვიუს. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, აზროვნებს გერმანულად.
– თინათინ, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში საქართველოდან შორს ამოყავი თავი?
– ორი ჩემოდნის ამარა უცხოეთში ჩარჩენილმა ოჯახმა ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. მაშინ მუსიკაზე ფიქრიც კი უადგილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა და მწყუროდა იგი. უბრალოდ, არ მინდოდა დედისთვის რთულ სიტუაციაში სადარდებელი დამემატებინა, ამიტომ ხმამაღლა არ გამოვხატავდი ამ სურვილს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ამ წყურვილს სიმღერით ვიკლავდი. სიმღერისას და დაკვრისას დროის და სივრცეს შეგრძნებას ვკარგავ. მუსიკის შესრულებისას თავს სრულყოფილად აღვიქვამ, რადგან იმ „მე“-ს ვუერთდები, რომელიც თბილისში გატარებულ ბავშვობაში დარჩა.
იმ ქალაქში, სადაც გიმნაზია დავამთავრე, გოსპელის გუნდში ვმღეროდი. პირველად სცენაზე სკოლის ბოლო ზარზე ვიმღერე. შემდეგ ჩრდილოეთ გერმანიაში კულტურის მეცნიერების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, სადაც მუსიკა ერთ-ერთი საგანი იყო. ჯაზ-როკ და პოპ ვოკალისკენ ნელ-ნელა გავიკვლიე გზა. გერმანიაში ფორტეპიანოს შესწავლა ხელახლა დავიწყე, ხოლო გიტარაზე დაკვრას ჩემით დავეუფლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თავად შემეძლო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სტუდენტების უმეტესობა სიმღერებს ინგლისურად წერდა, საკუთარი შემოქმედებისთვის მაინც გერმანული ენა ვარჩიე. ქართული სული და ემოცია გაჯერებული გერმანული აზროვნებით – ესაა ჩემებური მუსიკალური კოქტეილი, რასაც აქ განსაკუთრებულად აღიქვამენ.
– რომელი მუსიკოსი, მომღერალი, ჯგუფი ან კომპოზიტორი მოგწონს განსაკუთრებით? და ვინ იქონია შენზე გავლენა?
– ბავშვობისას ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის გარდა, ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია დასავლურმა ჯაზმა და პოპმა. სახლში ელა ფიცჯერალდის, ლუი არმსტრონგის და ბიტლზის სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენდი. განსაკუთრებულად მახსოვს, ხუთი წლის ასაკში პირველად Eleanor Rigby-ს რომ მოვუსმინე, როგორი შთამბეჭდავი იყო ახალი და უცხო ჰარმონიები. მუსიკის სამყარო ჩემთვის ისეთი მრავალფეროვანი, მისტერიული და საოცრებებით სავსეა, როგორც იმის აღმოჩენა, რომ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ და კოსმოსში, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ბევრი სხვა შორეული პლანეტაა.
სახლში სიამოვნებით ვუსმენდით და ვმღეროდით ქალაქურ სიმღერებს და ქართული ფილმების მელოდიებს. რა თქმა უნდა, ამ სიმღერების კომპოზიტორთა შორის ლაღიძე, გურგულია, ცაბაძე და კახიძე უნდა ვახსენო. პატარაობიდან ოთხი გიას შესრულებული ნებისმიერი სიმღერა ძალიან მიყვარდა, ალბათ ყური სეპტაკორდულ ჯაზ ჰარმონიებს მქონდა შეჩვეული და მრავალხმიანობის ეს ვარიანტი უფრო მომწონდა. რა თქმა უნდა, ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. უკვე გერმანიიდან შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს სიახლეებსაც. ასე აღმოვაჩინე ნინო ქათამაძის შემოქმედება, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასე შევიყვარე ქალბატონ ნატო მეტონიძის შესრულებული ყანჩელის სიმღერები. გია ყანჩელი კი, როგორც კლასიკოსი კომპოზიტორი, მაინც გამორჩეულად მიყვარს.
ჩემი აკვანი ქართული მუსიკის სამყაროა, მაგრამ ბავშვობიდანვე ეს სფერო ძალიან ფართო გახდა ჩემთვის, ამიტომ მარტო ქართული მუსიკით არ და ვერ შემოვიფარგლებოდი. სასწავლებელში მსოფლიოს მუსიკალური კულტურის უშუალო აღმოჩენა დავიწყე. დროთა განმავლობაში მეც სხვადასხვა ფორმაციაში და სტილისტურად მრავალ ჟანრში ვმუშაობდი. მაგალითად, სალსას, ტანგოს, ფლამენკოს ისევე ვმღეროდი, როგორც ჯაზს, სოულს, ფანკს და ფოლკ-როკს. საკუთარი სულიერი მოთხოვნილებისა და გრძნობების გამომხატველი კი სოული გახდა. ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონიეს ლორენ ჰილმა, 90-იანი წლების მერაია ქერიმ, არეტა ფრანკლინმა, ერიკა ბადუმ, მოგვიანებით ინდია ეირიმ, ალიშა ქეიმ. ამავე დროს, ისეთმა არასტანდარტულმა მომღერალმაც, როგორიცაა ბიორკი.
– თინათინ, გერმანიაში მცხოვრებ რომელ ქართველ მუსიკოსებთან გაქვს ურთიერთობა?
– მუსიკალური სამყაროს მიმართ გახსნილმა მიდგომამ საშუალება მომცა ბევრ მუსიკოსთან მეთანამშრომლა. რა თქმა უნდა, მქონდა ურთიერთობა ქართველებთანაც. მათ შორისაა ჯგუფ „შინ“-ის დამაარსებელი, ბატონი ზაზა მიმინოშვილი შტუტგარტში, ჯაზ-პიანისტი, ბატონი პაატა დემურიშვილი მანჰაიმში, დირიჟორი და გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კინწურაშვილი და ოპერის სოლისტი, ბატონი შავლეგ მაჭარაშვილი. პანდემიამ დაუგეგმავად მუსიკალურად დამაკავშირა ჩემს საყვარელ კოლეგასა და მეგობართან, მარიამ ქირიასთან. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენ სისტემატურად ერთად ვმართავთ ქართულ კონცერტებს, სადაც ყველა დროის ჩვენთვის საყვარელ სიმღერებს ვასრულებთ ერთობლივი ახალი არანჟირებით – ორ ხმაში და გიტარების თანხლებით.
– რამდენად მოგწონს უცხოეთში მომუშავე ქართველი მუსიკოსების შემოქმედება?
– ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, მიხეილ ქირია, ქეთი მელუა, ნათია თოდუა და კიდევ ბევრი სხვა… თითოეული თავისი პროფესიონალიზმით მსოფლიოს ახსენებს, რომ არსებობს ძველი კულტურის მქონე ერთი ბეწო ქვეყანა, თავისი განსაკუთრებულობებით და შემოქმედებითი პოტენციალით. შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ რთულია და ყველა ქართველი მეამაყება, ვინც ამ სფეროში წარმატებას აღწევს. ყველას გულშემატკივარი ვარ. ეს უფრო სოლიდარული, კოლეგიალური და პროფესიული მიდგომაა. აქედან გამომდინარე, შეფასება, თუ ვინ რამდენად მომწონს, ზედაპირულად მეჩვენება.
– საქართველოში მცხოვრები რომელი მუსიკოსი, მომღერალი, ჯგუფი და კომპოზიტორი მოგწონს?
– დარწმუნებული ვარ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრი ღირსეული და საინტერესო მუსიკოსი არ ვიცოდე, ამიტომ ჩემს ჩამონათვალს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ალტერნატიულ სცენას არ ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს ამ სუბკულტურის წარმომადგენლების გაცნობა. საქართველოში მცხოვრებ მუსიკოსებს შორის აუცილებლად მინდა ვახსენო ქალბატონი თამარ ბუაძე და მისი ქალთა ანსამბლი „თუთარჩელა“. მას ფოლკლორის სფეროში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. აქვე ვახსენებ „33ა“-ს და მისი ლიდერის, ნიაზ დიასამიძის შემოქმედებას. საესტრადო პოპ-სცენა კი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან დასავლეთზე მომართულია და ამ ჟანრში ხშირად პირდაპირი კოპირება ხდება, რაც ნაკლებად ორიგინალური და ინდივიდუალურია. ჩემი სურვილია, ქართველი მუსიკოსი ვინმეს ასლი არ გახდეს. დასავლური მუსიკის გარკვეული ადაპტირება და საკუთარი მიდგომის პოვნა უფრო სარგებლიანი მგონია, ვიდრე მოკლევადიანი მოდის ატაცება.
– როგორ ფიქრობ, რამდენად აუცილებელია, რომ ქართველმა მუსიკოსებმა ქართულად წერონ სიმღერები და იმღერონ?
– საინტერესო კითხვაა. ალბათ ისევ წინა აზრს დავუბრუნდები. ყველამ თავისი ჭეშმარიტი გზა უნდა იპოვოს. ვერავის დაუკანონებ, რომ, რადგან ქართველია, მხოლოდ ქართულად უნდა წეროს და მღეროდეს. ჩემთვის უფრო გადამწყვეტია, რამდენად ბუნებრივი, ავთენტური და ორიგინალურია მუსიკოსის გზა, რა არის მისი ახალი სიტყვა მუსიკაში? ავიღოთ მელუას მაგალითი. ინგლისურად მღერის და ამით მილიონობით ადამიანს ემოციურად ეხება და აღტაცებას იწვევს. ზუსტად იმით, რომ ინგლისურად, ამ საერთაშორისო ენაზე მღერის, უამრავ ადამიანს გააცნო საკუთარი შინაგანი სამყარო და დააინტერესა თავისი წარმომავლობით. მან თავისებური წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ჩვენ ჩვენი საქმით და მისი ხარისხით ვართ საქართველოს ელჩები.
– გერმანიაში 15 წელი სცენაზე ხარ. რომელ მუსიკალურ კოლექტივებში იყავი, სანამ ცალკე დაიწყებდი მუშაობას და როდის ჩამოყალიბდა ჯგუფი „თინათინი“?
– ჩემი კარიერა 2006 წელს დაიწყო, როცა ჩემმა მეგობარმა – როგორც სტუმარი-მუსიკოსი, თავისი ბენდის კონცერტზე მიმიწვია. ეს იყო პოპ-ფოლკ-როკ ჯგუფი, სახელად Anna Singt (ანა მღერის), სადაც მე რამდენიმე სიმღერაში მეორე ხმით და კლავიშით დავემატე. ამ კონცერტის მერე ბენდთან თანამშრომლობა ოთხი წლით გაგრძელდა. ამასობაში თავად დავიწყე სიმღერების წერა. 2010 წელს ჩვენი საკმაოდ წარმატებული ბენდი სხვადასხვა მიზეზის გამო დაიშალა. მე და ანამ დუეტში გავაგრძელეთ მუშაობა და ცნობილი სიმღერების ხელახალ არანჟირებებს მივყავით ხელი.
სცენაზე მუდმივმა დგომამ და ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს სოლო კარიერაზე. ამის პარალელურად ფლამენკო და კლასიკური მუსიკაც შევისწავლე. გამიჩნდა საშუალება, მემღერა რამდენიმე ანსამბლში, სადაც ან ტანგოს, ან სალსას უკრავდნენ. დროთა განმავლობაში გავეცანი მრავალ საინტერესო მუსიკოსს. მათ შორისაა ირანული წარმოშობის გენიალური მულტიინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი ომიდ ბაჰადორი, რომელმაც მუსიკოსები ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან თავის პროექტისთვის შეგვკრიბა. აქ ჩართული ვიყავი არა მარტო როგორც ვოკალისტი, არამედ როგორც ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ტექსტების მწერალი. ამ პროექტისთვის ქართული ტრადიციული მუსიკის ფრაგმენტებიც გამოვიყენეთ. გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსს მელოდიაც დავუწერე და კომპოზიციად ვაქციეთ. ამ ანსამბლით ორი წლის განმავლობაში გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ვიყავით ტურზე.
საკუთარი გერმანულენოვანი სიმღერების გამოქვეყნება საკმაოდ გვიან გადავწყვიტე. მანამდე მუსიკის პედაგოგიკით და ჯერ კიდევ პატარა შვილის, ილიას აღზრდით ვიყავი მთლიანად დაკავებული. ოფიციალური დებიუტი 2018 წლის აპრილში მქონდა, რომელიც პირველი ვიდეოკლიპის გამოქვეყნებით – Luftbrücken-ით („ჰაერის ხიდები“) დაიწყო. მუსიკოსებთან ერთად, რომელიც ჩემ ირგვლივ შევკრიბე, გადავწყვიტე, რომ ჩემი სოლო პროექტისთვის ჩემივე სახელი, თინათინი დაგვერქმია, რადგან ყველა მეკითხებოდა, ეს ნამდვილად ჩემი სახელი იყო თუ მოგონილი. ამ დებიუტს ძალიან წარმატებული პერიოდი მოჰყვა. ჩემი პირველი ალბომი 2020 წლის აგვისტოში, პანდემიის “შათდაუნში” გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ტურის დაგეგმვა გვსურდა, რაც ვეღარ განვახორციელეთ. პანდემიურმა პაუზამ საშუალება მომცა შემეფასებინა ჩემი ალბომის შედეგები. ორი წლის შემდეგ უკმაყოფილო დავრჩი და გადავწყვიტე, ხელახალი არანჟირებით კომპოზიციები უფრო სოულში დამემუშავებინა. ეს განახლების პროცესი 2022 წლის მარტიდან დავიწყე და ნელ-ნელა, ცალკეულ სინგლებად ვუშვებ ამ ალბომის ხელახლა ჩაწერილ და დამუშავებულ სიმღერებს. საბედნიეროდ, გერმანიის ფედერაციის პოპ-გრანტის მოპოვება შევძელი, რითაც ახალი კლიპების გადაღება შემიძლია. ერთ-ერთი მათგანი 18 ნოემბერს გამოდის და შოთა რუსთაველის აფორიზმის, „რასაცა გასცემ შენია-ს“ მატარებელია.
– ქართულენოვანი პროექტი თუ გაქვს და აპირებ თუ არა საქართველოში კონცერტების ჩატარებას?
– ქართულენოვანი აქტუალური პროექტი მარიამ ქირიასთან ერთად გავაკეთე. ამ პროექტით თუნდაც თბილისს რომ ვეწვიოთ, გადასარევი იქნებოდა.
უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ჩემს მუსიკალურ და გეოგრაფიულ სამშობლოს ისევ მუსიკის სახით დავუბრუნდე! ჩემი უდიდესი ოცნება არის, ჩემი სიმღერების გაორკესტრება და ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობით, მათი ქართველი მაყურებლისთვის შეთავაზება. საამისოდ შევეცდები, ქართულადაც ვთარგმნო ჩემი ტექსტები.
– დაბოლოს, თინათინ, აპირებ თუ არა ალბომის გამოშვებას და იქნება თუ არა იგი ფიზიკურ მატარებელზე (ვინილი, სიდი, კასეტა) ჩაწერილი?
– არა მარტო ჩემს ძველ სიმღერებს ვაახლებ, ახლებიც მაქვს. მალე მინდა მათი სცენაზე გატანა და აქედან გამომდინარე, ამწუთას მინიტურებს ვგეგმავ. ძველი ალბომის ფიზიკურად შეძენა შეიძლება ჩემს ვებგვერდზე – www.tinatin-music.com, მაგრამ სტრიმინგ-საიტებიდან ავიღე, რადგან ჯერ ახალ პროდუქციაზე მინდა ყურადღების გამახვილება. აქ, დასავლეთში, ისეთი პირი უჩანს, რომ კომპაქტდისკებს მომავალი აღარ აქვს. ვინილის ფირფიტაზე კი ნამდვილად არ ვიტყოდი უარს გინდაც ლიმიტირებული რაოდენობით.