fbpx

ყველაზე დასამახსოვრებელი საუნდტრეკები ფილმებიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

შემთხვევითი არ არის, რომ მუსიკას ხშირად ფილმის „ზურგის ტვინად“ მოიხსენიებენ. კარგი მუსიკა და ფილმი კარაქი და პოპკორნივით ერწყმის ერთმანეთს. საუნდტრეკი შესაძლოა ისეთივე გულისამაჩუყებელი და დასამახსოვრებელი იყოს, როგორც ნებისმიერი დიალოგი ან თუნდაც სამსახიობო შესრულება. მას მაყურებელი სხვა განზომილებაში გადაჰყავს და ფილმის ნარატივს იმდენად ამდიდრებს, რომ ერთი მეორის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს.

გადავხედოთ კინოს საუნდტრეკებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა სხვადასხვა გზით მოახდინეს: ზოგიერთი მათგანი ჰიტი გახდა, ზოგმა კი ცალკეული კინემატოგრაფიული მომენტების შექმნას შეუწყო ხელი, რაც თითქმის ყველა თანამედროვე მუსიკალურ ჟანრს მოიცავს, მათ შორის პოპ და ავანგარდულ კლასიკურ მუსიკას. 

სოფია კოპოლას Lost in Translation-ის საუნდტრეკი კონტრასტის მოდელია. Squarepusher, Air, Death in Vegas, Jesus and Mary Chain და Phoenix-ი იმ პოპ განწყობას უზრუნველყოფს, რომელიც ფილმის სრულ სურათს ასახავს და უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს ბობისა და შარლოტას ტოკიოში ხეტიალს. Lost in Translation თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური კლიპია ბილ მარისა და  სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით. Patti Smith, Carly Simon, the Pretenders და Roxy Music საუნდტრეკს სიმწიფის და სიბრძნის ელფერს ანიჭებენ, მანამ სანამ The Peaches ლეგენდარული „Fuck the Pain Away“ გაჟღერდება, რომლის სენტიმენტალური მნიშვნელობაც უმეტესწილად სცენის კონტექსტიდან გამომდინარეობს. 

შექსპირი და თანამედროვე პოპ სიმღერები ერთი შეხედვით შეუსაბამოა, თუმცა ამ არაორდინარულ ტენდენციას ავსტრალიელმა რეჟისორმა – ბაზ ლურმანმა ოსტატურად გაართვა თავი. მეტიც, კლასიკური ლიტერატურის პოპულარულ ჰიტებთან შეზავება რეჟისორის ხელწერადაც კი იქცა. მისი „რომეო და ჯულიეტას“ კინოადაპტაცია საკმაოდ თამამია, იმის გათვალისწინებით, რომ შექსპირის სიტყვებს თანამედროვე ზღვისპირა ქალაქში ერთმანეთთან დაპირისპირებული კრიმინალური ოჯახები გადმოსცემენ. ლურმანი ანაქრონიზმს კიდევ უფრო ამძაფრებს, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიას Cardigans’-ის „Lovefool“-ით და Des’ree’s-ის „Kissing You“-ით ამშვენებს.  

ოცდათორმეტი მილიონი ეგზემპლარი – ეს გახლავთ „Dirty Dancing“-ის საუნდტრეკის საერთაშორისო გაყიდვების უხეში მაჩვენებელი. უეცარი ჰიტი, მოკრძალებული რომანტიკის თანხლებით, მოულოდნელ სენსაციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება 1963 წელს ვითარდება და ის პრე-Beatles-ის პოპ მუსიკით არის გაჟღენთილი, მაგალითად, Ronettes and the Five Satins, მორცხვი მოზარდის და ცეკვის ინსტრუქტორის სიყვარულის ისტორია 1987 წელსაც კი თანამედროვედ იგრძნობოდა. ეს ისეთ სიმღერებთანაა დაკავშირებული, როგორიც არის: Patrick Swayze-ის „She’s Like the Wind“, Eric Carmen-ის „Hungry Eyes“ და რაც მთავარია Bill Medley-ის and Jennifer Warnes-ის ოსკაროსანი „(I’ve Had) The Time of My Life“. 

„The Bodyguard“-ის საუნდტრეკის გაჟღერების შემდეგ, მისი ათ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ის მე-15 ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. უიტნი ჰიუსტონმა დოლი პარტონის I Will Always Love You-ს ახალი სიცოცხლე შთაბერა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ისეთი ჰიტებით არის სავსე, როგორიცაა  „I Have Nothing“ და „I’m Every Woman“, ფილმიდან გამომდინარე, „I Will Always Love You“ ალბომის გარდამტეხი და  ჰიუსტონის ყველაზე პოპულარული სიმღერაა დღემდე. 

სანამ Call Me By Your Name-ს გაგრძელებას ელოდებით, შეგიძლიათ ახალგაზრდა ელიოს (ტიმოთი შალამე) და მისი აკრძალული პირველი სიყვარულის, ოლივერის (არმი ჰამერი) ისტორია ფილმის სევდიანი საუნდტრეკებით – Sufjan Stevens-ის ოსკაროსანი და გრემის გამარჯვებული „Mystery of Love“, The Psychedelic Furs’ anthem-ის „Love My Way“ და John Adams-ის, Erik Satie-ის და Maurice Ravel-ის რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებით გააცოცხლოთ. რეჟისორი ლუკა გუადანინო მიიჩნევდა, რომ მუსიკას ფილმში სასიცოცხლო როლი უნდა ეთამაშა და სურდა,  მისთვის „ზუსტი იდენტობა“ მიეცა, რომელიც იტალიური ზაფხულის ცხელ და თავბრუდამხვევ ატმოსფეროს გადმოსცემდა. 

საინტერესოა, როგორ შეიძლება უცხოპლანეტელებზე, მოლაპარაკე ენოტზე და ანთროპომორფულ ხეზე ფილმი დამაჯერებელი გახადო? ეს ის შეკითხვაა, რომელიც რეჟისორმა ჯეიმს განმა საკუთარ თავს დაუსვა, სანამ Marvel-ის Guardians of the Galaxy-ს სამოციანი და სამოცდაათიანი წლების კლასიკის მიქსით დახუნძლავდა, რომელთა უმეტესობასაც წამყვანი პერსონაჟი Walkman-ზე უსმენს. ფილმის საუკეთესო მომენტი  დასაწყისია, სადაც კრის პრატი პოსტაპოკალიფსურ პლანეტაზე Redbone’s  “Come and Get Your Love“-ზე ცეკვავს და მიკროფონად ხვლიკის მაგვარ არსებას იყენებს, როგორც ჩვენ – თმის ჯაგრისს. ფილმში მუსიკა სწორედ ის საკვანძო ელემენტია, რომელიც გვახსენებს, რომ კრის პრატის პერსონაჟი ნამდვილი ადამიანია დედამიწიდან (თუ არ ჩავთვლით მის კოსმოსურ თავგადასავლებს). 

გასაკვირი არ არის, რომ პრინცის კინოდებიუტს თანამედროვე  მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი სიმღერა მოჰყვა. პრინცმა საკუთარი R&B სცენაზე აღზევების სიუჟეტი – მინეაპოლისში ბენდის ნიჭიერი და ექსცენტრიკული, მაგრამ დაჩაგრული ფრონტმენის შესახებ, რომელიც ჰიბრიდული მუსიკითა და ეროტიკით დატვირთული შოუებით გამოირჩეოდა,  ერთ-ერთი ტურნეს დროს შეიმუშავა. „Purple Rain“ 1984 წლის ათ ყველაზე შემოსავლიან ფილმს შორის  მოხვდა, ხოლო ამავე სახელწოდების რვაწუთიანი ოპუსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლუზის და სოულის მელოდიაა. 

რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ყოველთვის არაორდინარულობით გამოირჩეოდა. მისი არჩევანი, უარი ეთქვა ნებისმიერი სახის ტრადიციულ პარტიტურაზე და სანაცვლოდ ე.წ. ტრეკები გამოეყენებინა, სწორედ ის საკვანძო ფაქტორი იყო, რამაც მისი ყველაზე სათაყვანებელი ფილმის, „Pulp Fiction“-ის ფენომენად ქცევას შეუწყო ხელი. საუნდტრეკები სიუჟეტის განწყობას იდეალურად ერგება, განსაკუთრებით სერფინგის მუსიკისა და კლასიკური როკ-ენ-როლის სინთეზი, მათ შორის Dick Dale-ის „Misirlou“-ის საკულტო სცენაში. საუნდტრეკი Billboard 200-ში 21-ე ადგილზე მოხვდა და 1996 წლისთვის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული. Chuck Berry-ის „You Never Can Tell“, აგრეთვე ცნობილი, როგორც „C’est la Vie“, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფილმში უმა თურმანისა და ჯონ ტრავოლტას მიერ შესრულებული საცეკვაო ნომრის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ექსცენტრიკული რეჟისორის თითქმის ყველა ფილმი, კერძოდ, „Reservoir Dogs“, „Kill Bill“ (ტარანტინო Wu-Tang Clan’s RZA-სთან ერთად მუშაობდა მუსიკალურ მიქსზე, რომელიც უმა თურმანის პერსონაჟს „The Bride“-ის შურისძიების მწარე გზაზე ახლდა), „Django Unchained“ და „Once Upon a Time in Hollywood“ დასამახსოვრებელი საუნდტრეკებით გამოირჩევა, თუმცა „Pulp Fiction“ ტარანტინოს საუკეთესო კინემატოგრაფიულ და მუსიკალურ ნაწარმოებად რჩება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.