fbpx

წინ, მერვედფინალებისკენ!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

საფეხბურთო მსოფლიო ზეიმმა მოიცვა. მიმდინარე ტურნირი კი მართლაც რომ უჩვეულოა, რადგან წინასაახალწლოა და თანაც ომის თანხლებით, რომელიც მივიწყებულია სწორედ იმავე მსოფლიოს მიერ…

ვამჩნევთ გადავსებულ ტრიბუნებს, ზოგჯერ ცარიელ ადგილებსაც, მაგრამ სინამდვილეში ეს ადგილები ხომ გაყიდულია. უბრალოდ, როგორც ჩანს, ბილეთების მფლობელებმა კონკრეტულ დღეს ფეხბურთს გართობის სხვა საშუალება ამჯობინეს.

ფეხბურთით განცხრომა კი მართლაც რომ უსაზღვროა. ამაზე როგორც ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრების, ისე მოედნებზე შოუს მთავარ მონაწილეთა სახის გამომეტყველებები მეტყველებს გოლის თუ სხვა დრამატული მომენტების აღნიშვნისას.

ამ დროს კი არავის ახსოვს, რომ ფიფას წევრ ქვეყანას რაკეტებით ბომბავენ და რომ არა ომით გამოწვეული წინააღმდეგობა, უკრაინის ნაკრები დიდი ალბათობით არ გამოტოვებდა კატარის ტურნირს. 

ამიტომ ალბათ თვით ფიფას ფუნქციაა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს საკუთარი წევრი ქვეყნის ინტერესების დაცვაში. ამისთვის კი ალბათ უკრაინის დროშა მაინც თვალში უნდა ხვდებოდეს როგორც სტადიონზე მისულ ადამიანებს და ფეხბურთელებს, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტელეეკრანებთან მყოფ მილიარდობით ადამიანს და მათ შორის არაადამიანს. მაგრამ „რაშიზმის“ აფიშირებას მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია, ეტყობა, ჯერჯერობით არ აპირებს…

ახლა კი ფეხბურთს, როგორც თამაშს დავუბრუნდეთ. 

მიმდინარეობდა მატჩის დამატებითი მე-10 წუთი, როდესაც პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერმა დიოგუ კოშტამ, რომელიც გამარჯვებას ნაადრევად ზეიმობდა, მშვიდად გადაწყვიტა ბურთის თამაშში შეტანა, ვერ შენიშნა რა ამ დროს მის ზურგს უკან ნადირივით ჩასაფრებული ინაკი უილიამსი.

განელი ფორვარდი შეუმჩნევლად წამოეპარა მოწინააღმდეგეს და აართვა კიდეც მას ბურთი. ერთი შემობრუნებაც და მატჩი აუცილებლად ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ პორტუგალიელთა საბედნიეროდ, ინაკი მოტრიალებისას გასრიალდა, დაეცა და მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა, რომელიც სენეგალის და კამერუნის შემდეგ, კიდევ ერთი აფრიკული ნაკრების მარცხს მოასწავებდა.  

პორტუგალიელთა გამარჯვება შეიძლება მაინცდამაინც დამსახურებული არც იყოს, რადგან რონალდუმ ანგარიში საეჭვო თერთმეტმეტრიანით გახსნა. 

სამაგიეროდ გარკვეული უპირატესობის და ორჯერ ძელს გარტყმული ბურთის მიუხედავად, სამართლიანი შეიძლება ეწოდოს H ჯგუფის მეორე შეხვედრის შედეგს ურუგვაის და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის, რადგან ვალვერდეს, ნუნიესის და მათ თანაგუნდელთა ძალისხმევა, საკმარისი არ აღმოჩნდა მეტოქის მიერ სახიფათო კონტრიერიშებზე აწყობილი თამაშის წინააღმდეგ.

ძლევის საუკეთესო მაგალითი ბრაზილიის ნაკრებმა წარმოაჩინა, რომელმაც მატჩის მეორე ტაიმში ზეწოლის ინტენსივობის და ტემპის მაქსიმალური ზრდის შედეგად  სერბებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის უნარი მოუსპო. 

73-ე წუთზე კი რიჩარლისონმა ტურნირის ჯერჯერობით ულამაზესი გოლი გაიტანა, როდესაც კარიდან ზურგით მდგომმა მაკრატელათი დალაშქრა მეტოქის კარი, დუბლი მიითვალა და ამით ის ოპონენტებიც დაადუმა, ვინც ნაკრების შემადგენლობაში არა მის, არამედ ფირმინოს ადგილს ხედავენ.   

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებმა ჭკუით და გამოცდილებით მოუგო კამერუნელებს და დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფური ეტაპის დაძლევისკენ, რადგან G ჯგუფში, იქ, სადაც ბრაზილიის ნაკრებია, ერთი მოგება და ფრე უკვე საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს მერვედფინალში გასასვლელად.

მეორე ტურში კარსმომდგარი კატასტროფისგან თავი დააღწია არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც მოახერხა მექსიკელთა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დამარცხება. არგენტინელებს მხსნელად ლიონელ მესი მოევლინათ, რომელმაც საშუალო დისტანციიდან შესრულებული დარტყმით ანგარიში შეხვედრის 64-ე წუთზე გახსნა.  87-ე წუთზე კი ფერნანდესმა ულამაზესი გოლით გაამყარა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის უპირატესობა.

საფრანგეთის ნაკრების მიერ დანიის ანგარიშით 2:1 დამარცხების შემდეგ, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგებს და არგენტინელებს შორის გამართული გამორჩეული მერვედფინალის განმეორების რეალური სურათი შეიქმნა.

დიდიე დეშამის გუნდმა ორივე მატჩი ისე დამაჯერებლად მოიგო, როგორც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს შეშვენის, თამაშის ხარისხს თანდათანობით რომ აუმჯობესებს…

დანიის ნაკრებს კი უკანასკნელ ტურში ავსტრალიელთა დამარცხება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერიქსენს და მის თანაგუნდელებს ტურნირის დატოვება მოუწევთ.

შედეგის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია ნიდერლანდების ნაკრების ასპარეზობა, რადგან გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს სავარაუდოდ, ხელიდან არ გაუშვებს, მაგრამ მეტოქეების კლასიდან გამომდინარე, მისი რეალური სათამაშო ხარისხის შეფასება ვერ ხერხდება.  

თუკი განელებმა მატჩის დამატებულ მე-10 წუთზე პორტუგალიელებთან ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს, ირანის ნაკრებმა ასევე დამატებულ მე-10 წუთზე უელსის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჯერჯერობით მისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. 

ირანელებმა ამ მატჩში მეორე ბურთის გატანაც მოახერხეს, მაგრამ ის სტატისტიკის თვალსაზრისით თუ იყო მნიშვნელოვანი.

მთავარი კი ისაა, რომ უელსელებთან მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, ბოლო ტურში ირანელებს აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში დიდი ალბათობით ფრეც ეყოფათ მერვედფინალში მოსახვედრად.

აი ჯგუფის ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა კი ირანთან ანგარიშით 6:2 გამარჯვების შემდეგ, მეორე ტურში თითქოს თავს ცოტაოდენი განტვირთვის უფლება მისცა და დარწმუნებულმა იმაში, რომ ბოლო ტურში უელსის ნაკრებთან შეხვედრაში სასურველ შედეგს მიაღწევს, ამერიკელებთან მატჩში იგი უგოლო ფრით დაკმაყოფილდა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური რეკორდი დაამყარა კოსტა რიკის ნაკრებმა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში სამი ქულის მოპოვება მეტოქის კარის მიმართულებით განხორციელებული ერთადერთი დარტყმით მოახერხა და მერვედფინალში გასვლის შანსის შეინარჩუნა.

ამისთვის კი კეილორ ნავასის და მის თანაგუნდელთათვის ბოლო ტურში თვით გერმანიის ნაკრებთან მატჩის თუნდაც ფრედ დასრულება შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი, როდესაც მძვინვარე მეტოქე ვალდებულია, რომ მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა მაინც მოიგოს.

ესპანეთის და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება სანახაობრივი თვალსაზრისით მართლაც რომ შთამბეჭდავი გამოდგა, მაგრამ გერმანელთათვის სამკვდრო-სასიცოცხლო იგი პარალელურ მატჩში იაპონელთა  მეორე გამარჯვების შემთხვევაში თუ აღმოჩნდებოდა, რაც ჰანსი ფლიკის გუნდისთვის საბედნიეროდ, არ მომხდარა. 

ნეიტრალურმა მაყურებელმა ამით უკვე ჯგუფურ ეტაპზე ფინალის დაძაბულობის მქონე სასეირო სანახაობის ხილვის საშუალება დაკარგა. მაგრამ ჯერ სად ვართ? ვინ ელოდა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში გერმანელთა წაგებას სამხრეთ კორეის ნაკრებთან? 

კოსტა რიკა კი ის გუნდია, რომელმაც 2014 წლის მუნდიალზე ჯგუფში იტალია და ინგლისი ჩატოვა და ტურნირი მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებთან პენალტების სერიაში წაგების შემდეგ, ორი მოგებით და სამი ფრით დაასრულა.

აი ხორვატიამ და მაროკომ კი მეორე ტურში იმდენად დამაჯერებელი მოგებები იზეიმეს, რომ დღევანდელი გადასახედით ნაკლებად სავარაუდოა რომელიმე მათგანის ჯგუფში ჩარჩენა. 

განსაკუთრებით თვალს ახარებს წინა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ლუკა მოდრიჩის გონივრული ასპარეზობა. 

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილმა ტიტულებმა კი ვინ იცის, თანამედროვეობის შესაძლო ყველაზე მოაზროვნე ფეხბურთელს თანაგუნდელები ფსიქოლოგიურად წინა მუნდიალზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებისაკენ მოამართვინოს… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.