Porsche 964-ის ციფრული მარშრუტი წითელ პლანეტამდე – თეონა კოხოძისა და გიორგი ტყებუჩავას კოლაბორაცია
„არ გჭირდება კოსმოსური ხომალდი თბილისიდან მარსამდე“, რადგან არსებობს Porsche 964, და ახლა უკვე არსებობს უნიკალური ინსტალაცია, რომელიც ამ განსაკუთრებული მოდელის ინსპირაციით შეიქმნა. ნამუშევარზე არტისტებმა – თეონა კოხოძემ და გიორგი ტყებუჩავამ იმუშავეს. ინსტალაცია „პორშე ცენტრი თბილისის“ კონცეპტუალური შოურუმისთვის შეიქმნა.
ინსტალაცია აგებულია 90-იანი წლების განსაკუთრებულ მოდელზე, Porsche 964-ზე, და გვიყვება როგორც ამ მოდელის, ისე ბრენდის ისტორიაზე, ინოვაციურ მახასიათებლებზე, დახვეწილ დიზაინზე და ამოუწურავ შესაძლებლობებზე.
ავტორები გვიხსნიან, რომ ეს არ არის მხოლოდ ვიზუალურად ეფექტური ინსტალაცია სარეკლამო შინაარსით; ეს არის თანამედროვე ხელოვნება, რომელიც პორშეს ღირებულებებსა და მასშტაბს გვიზიარებს.
თეონა კოხოძე, არტისტი, პროექტის კრეატიული დირექტორი: „როდესაც Porsche-ს ვახსენებთ, ყველამ იცის, რაზეა საუბარი. ექსკლუზიურობა, შესრულება, ინჟინერია – ყველა ის ღირებულება, რომელიც იყო Ferry Porsche-ს ხედვაში და დღემდე აქტუალურია. თუმცა, ცხადია, Porsche მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავი მანქანების შექმნაზე ბევრად მეტია. ბრენდის ვიზუალური იდენტობა მომხმარებელში ემოციურ შეგრძნებებს იწვევს და აღძრავს განცდას, რომ ის მრავალწლიანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციის ნაწილი ხდება.
სწორედ Porsche 964-ის ელეგანტური, დახვეწილი სტილით, ქარიზმითა და ინოვაციურობით ინსპირირებულებმა შევქმენით სცენა წითელ პლანეტაზე. შენობა მზის ლურჯი, მარსიანული ჩასვლის ფონზე განვათავსეთ. წრიული ფორმის ბეტონის არქიტექტურას კი სიმბოლური დატვირთვა აქვს და უსასრულობას ნიშნავს, რაც Porsche-ს უნიკალური დიზაინის მარადიულობას უსვამს ხაზს.
ობიექტად გამოყენებულია მზე, რომელიც ლანდშაფტის განათების წყაროა. ის სცენაზე ნელ-ნელა ჩნდება, ღია გუმბათის რკალს მიჰყვება და მტვრით დაფარულ მთებში ქრება. ნამუშევარში ინტეგრირებულია Augmented Reality (შექმნილი რეალობა), რაც ფიზიკურ რეალობაში ციფრული ობიექტების ინტეგრირებას მოიაზრებს.
Artivive აპლიკაციის საშუალებით კი, „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შოურუმის პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, Porsche-ს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ამბავი შეეგრძნოთ, რომელსაც ბრენდი მრავალი წელია გვიყვება“.
თეონასთვის ეს პირველი თანამშრომლობაა Porsche-სთან, თუმცა მანამდე იყო მრავალწლიანი გზა თანამედროვე სახელოვნებო სამყაროში. ფერწერა და გრაფიკა; გამოფენები საქართველოში, ევროპასა და ამერიკაში; კარიერის გაგრძელება გერმანიაში და კიდევ ერთი პროფესიის შესწავლა – კომუნიკაციის დიზაინი. როგორც თავად ამბობს, ამ პროექტზე მუშაობა პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარების შესანიშნავი საშუალებაა და ისეთ ბრენდთან თანამშრომლობა, როგორიც Porsche-ა, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი გამოცდილებაა.
Porshce-ს როგორც ქართული წარმომადგენლობის, ისე გლობალური კომპანიისთვის მუშაობის არცთუ მცირე ისტორია აქვს გიორგი ტყებუჩავას. თუმცა ეს მისი პირველი კოლაბორაციაა თეონა კოხოძესთან. ერთობლივი პროექტის ფარგლებში არტისტმა კინემატოგრაფიის გამოცდილებით კონცეფციის ვიზუალურ განხორციელებაზე იმუშავა.
გიორგი ტყებუჩავა, არტისტი, პროექტის არტდირექტორი: „ჩემთვის Porsche საინტერესოა თავისი ელეგანტური და დახვეწილი სტილით და ასევე მისი გამორჩეულად ნიშური დიზაინით, რომელიც უკვე წლებია თავის უნიკალურ სახეს ინარჩუნებს. ჩემთვის ეს ავტომობილები უფრო არტობიექტებია, ვიდრე ტრანსპორტი.
Porsche-ს ამოცნობა მხოლოდ კონტურებითაც კი შეიძლება. Porsche 964 კი, რომელზედაც ჩვენ ვიმუშავეთ, ერთ-ერთი ფავორიტი მოდელია. სწორედ ის იყო პირველი მანქანა, რომელიც Porsche-მ მომხმარებელს ტიპტრონიკის ავტომატური გადაცემის სისტემით და all wheel drive (ყველა წამყვანი თვლის) ფუნქციით შესთავაზა“.
არტისტებისთვის როგორც მასალის კვლევის, ისე კონცეფციის განსაზღვრისა და დამუშავების პროცესი ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ დამკვეთისგან სრული თავისუფლება ჰქონდათ. განსაზღვრული იყო მხოლოდ კონკრეტული მოდელი და სივრცე, სადაც დამთვალიერებელს ინსტალაცია უნდა ენახა.
თეონა კოხოძე, არტისტი, პროექტის კრეატიული დირექტორი: „მას შემდეგ, რაც შოურუმის სივრცე მოვინახულე, გავეცანი გახსნის კონცეფციას და Porsche 964-ის ინოვაციურ მახასიათებლებს, მალევე გამიჩნდა იდეა, რისი გაკეთება შეიძლებოდა. ჩემ მიერ შეთავაზებული ვიზუალური ვარიაციებიდან ერთად ავარჩიეთ კონკრეტული ვერსია. მუშაობის პროცესში დამკვეთის მხრიდან გვქონდა სრული ნდობა და თავისუფლება, რაც, დამეთანხმებით, უფრო სასიამოვნოს ხდის შემოქმედებით პროცესს“.
სწორედ Porsche-ს ინოვაციური ტექნიკური მახასიათებლები გახდა არტისტების ძირითადი ინსპირაციის წყარო, შეექმნათ 3D ნამუშევარი თანამედროვე მედიუმების გამოყენებით, რომლის სახელიც და სათქმელიც ასე გაერთიანდა – „არ გჭირდება კოსმოსური ხომალდი თბილისიდან მარსამდე!“ კონცეფციის ვიზუალურად გამოსახვისთვის, სხვა კომპონენტებთან ერთად, სწორედ წითელი პლანეტაა გამოყენებული, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს როგორც ამ მოდელის, Porsche 964-ის, ისე ბრენდის ნოვატორულ ხასიათს.
სრულყოფილი გამოცდილების მისაღებად, მიჰყევით ინსტრუქციას:
- ნაბიჯი 1: გთხოვთ, დაასკანეროთ QR კოდი და ჩამოტვირთოთ Artivive აპლიკაცია

- ნაბიჯი 2: გახსენით Artivive-ს აპლიკაცია, მოათავსეთ ქვემოთ მოცემული ნამუშევარი კამერის ობიექტივში და დაელოდეთ – ის თქვენ თვალწინ გაცოცხლდება






