fbpx

რეკომენდაციები თბილისის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი სტარტს 4 დეკემბერს აიღებს და 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 19:00 საათზე გაიხსნება და მას პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი დაესწრება. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი “მისტერ ჯონსი” (2019 წ.). ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი 10 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი – “როქსი” (2022 წ.).

ამასობაში ყველას უჩნდება კითხვა, თუ რა ფილმი შეიძლება ვნახოთ ფესტივალზე. აქ არჩევანი ყველა გემოვნების მაყურებლისთვის მოიძებნება. AT.ge-მ რჩევა რამდენიმე კინოპროფესიონალს სთხოვა, რადგან მაყურებლისთვის არჩევანის გაკეთების პროცესი გაგვემარტივებინა: 

თეო ხატიაშვილი

ვიცი, უკვე ყველას შემოხაზული გაქვთ ალბერტ სერა, რუბენ ოსტლუნდი, ჰონგ სან-სუ, ლუკას დონტის “ახლოს”. მე რამდენიმე სხვა ფილმს შემოგთავაზებთ: 

 

ალკარასი/Alcarràs – ახალგაზრდა ესპანელი რეჟისორი კარლა სიმონი თავისი წარმატებული დებიუტის, ავტობიოგრაფიული „1993 წლის ზაფხულის“ (ასევე ნაჩვენები იყო თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე) მერე ისევ უბრუნდება კატალონიურ სოფელს, მაგრამ ამჯერად ბავშვის ახალ გარემოსთან შეგუების ტკივილისა და განცდების ნაცვლად, თანამედროვე განვითარებული კაპიტალიზმის პირობებში ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიური გამოწვევების მწვავე სურათს ხატავს. თუმცა ისევ ერთი (დიდი) ოჯახის შიგნით გვახედებს, მათ სოფლურ დამღლელ საქმიანობაში, სეზონების მიხედვით რომ იწელება. საოცარი სიმშვიდით, სიხალასითა და პასტელური ტონებით აღწერილ რურალურ გარემოს ეგზოტიკურად ქცევისგან სწორედ ეს მძიმე რუტინული შრომის პროცესი იცავს, რომელშიც ჩართულია ოჯახის ყველა თაობის წარმომადგენელი და რომლის რიტმსაც მიჰყვება ფილმი. განადგურებული ატმის ბაღი კი გაცილებით მეტს გაჩვენებს, ვიდრე ოჯახური დრამაა. 

 

რიმინი/Rimini – ულრიხ ზაიდლის მორიგი დამთრგუნველი გროტესკი ადამიანებს დაუნდობლად, არცთუ იშვიათად არაკორექტულადაც კი და თან გულისმომკვლელად წარმოაჩენს, რომელთან ერთადაც ფილმის ბოლოს ტირილი გინდა. უკვე თავად სათაურსა და ქალაქის შერჩევაშია გამოხატული ეს გროტესკი: რიმინი, ფელინის ქალაქი, მის ფილმებში გაცოცხლებული, როგორც სიცოცხლით, ჟრიამულით სავსე, ხმაურიანი იტალიური ზღვისპირა ქალაქი. ზაიდლთან ის ყველაზე სევდიან, დეპრესიულ ადგილად იქცევა, სადაც სულ წვიმს, სადაც მხოლოდ ღარიბი ქვეყნებიდან გამოქცეული ემიგრანტები ჩადიან, სადაც მხოლოდ ხანში შესული ტურისტები ისვენებენ და იქმნიან მხიარული დასვენების ილუზიას. ზაიდლზე უფრო ნაკლებად ცინიკოსი რეჟისორი ფილმს, ალბათ, „ევროპის დაისს“ დაარქმევდა.

 

უმანკო/Immaculate  – მონიკა სტანისა და ჯორჯ კიპერის შარშანდელ ვენეციის ფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის დაჯილდოებული ფილმი ნარკოდამოკიდებულებისგან განსაკურნებლად სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრილი გოგოს ისტორიას ასახავს. ნარკომანი ქალი, რომელიც მასკულინურ კულტურაში ორმაგად მძიმე სტიგმის მატარებელია, კიდევ უფრო მსხვრევადი და დაუცველი ხდება. კლინიკის სტერილური გარემო, პალატას, დერეფანსა და ტუალეტს შორის მოქცეული, უკიდურესად შემოსაზღვრული სივრცე, სადაც ადამიანთა არათუ თითოეული მოძრაობა, არამედ მათი სუნთქვაც კი შემაწუხებლად გესმის და მათი სახეებიც შენთან ზედმეტად ახლოსაა, კლაუსტროფობიული და ძალადობრივი კულტურის შემაშინებლად ფიზიკურ განსხეულებას იძენს. 

 

მარიუპოლისი 2/Mariupolis 2 – საბრძოლო ხაზს მიღმიერი ომის ქრონიკა, დანახული მანტას კვედარავიჩუსის თვალით; აუჩქარებელი, „ძუნწი“ რეპორტაჟი რუსეთის მიერ ანექსირებული ზღვისპირა ქალაქიდან 8 წლის მერე, როცა ის პირველად გადაიღო ლიეტუველმა რეჟისორმა და ანთროპოლოგმა. თითქოს სწორედ ანთროპოლოგიური დაკვირვების საშუალებაა თითქმის დაუმუშავებელი შავი მასალა მარიუპოლელების ყოველდღიურობიდან, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას ნანგრევებში, გვამებთან ერთად, რომლებსაც ქუჩაში პოულობენ და პრაგმატული ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ აფეთქებების გამაყრუებელ ხმებში და არ კარგავენ გადარჩენის იმედს. ქრონიკა, რომელიც გაცილებით დამთრგუნველია, ვიდრე ცხელი მოვლენების ამსახველი და რომელიც კიდევ უფრო შემზარავს ხდის ომს. 

 

ჩემი ოთახი/A Room of my Own – სოსო ბლიაძის მინიმალისტური ფილმი ქართული კინოსთვის მოულოდნელი ამბის დრამატურგიულ გადახვევას ასევე მოულოდნელი გულწრფელობითა და დამაჯერებლობით წარმოგვიდგენს. სხვადასხვა კლასისა და სოციუმის ორი გოგოს ურთიერთობა განსხვავებულობისთვის თანმდევი ცივი აროგანტულობიდან და დისტანციიდან მეგობრობისა და ახალი სექსუალური გამოცდილების ღრმა კავშირში გადაიზრდება. თაკი მუმლაძისა და მარიამ ხუნდაძეს მეტყველი მსხვილი ხედები და ბუნებრივი თამაში ფილმის საყრდენ ღერძად იქცევა.

 

ბიჭი სამოთხიდან/Boy from Heaven  – შედარება შესაძლოა გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც ვუწოდებდი ტარიკ სალეჰის პოლიტიკურ ტრილერს რომანის – „ვარდის სახელით“ (ან თუნდაც ეკრანიზაციის) ისლამურ ვერსიას. ახალგაზრდა გმირი, სწავლას მოწყურებული სოფლელი ბიჭი, იბნევა და იკარგება ეგვიპტის დედაქალაქში ჩასული – არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, ვიზუალურად, კაიროს ცენტრალური უნივერსიტეტის შთამბეჭდავ, ზედა რაკურსიდან გადაღებულ ხედებში, არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც, როდესაც ადამი ცოდნის დაუფლების ნაცვლად რელიგიური ინდოქტრინაციის ქსელში აღმოჩნდება და პოლიტიკური თუ რელიგიური ელიტის სათამაშო პაიკად იქცევა. ძალაუფლების მოპოვებისა თუ შენარჩუნებისთვის დახლართული ინტრიგები და დაუნდობელი ბრძოლა, როცა შეუძლებელია, გაარკვიო, ვინ ვინ არის ან ვინ ვისთვის მუშაობს,  თანამედროვე საქართველოსთან სევდიან პარალელებს აცოცხლებს.

 

Klondike/”კლონდაიკი”, მარინა ერ გორბახი – ახალგაზრდა უკრაინელი რეჟისორი ფილმს უძღვნის ქალებს, ომგამოვლილ ქალებს, უკრაინას, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს და ხელახლა დაიბადება.

 

ბექა მაისურაძე

პირველ რიგში ვიტყვი, ძალიან მიხარია, რომ წელს კინოფესტივალზე ბევრი ისეთი ფილმი იქნება, რაც ჯერ ნანახი არ მაქვს და მათი ნახვის პირველი სიამოვნება წინ მელოდება. ამიტომ, ტრადიციულად, 4 დეკემბრიდან ჩემი დანიშნულების მთავარი ადგილი კინოთეატრი “ამირანი” იქნება. შესაბამისად, ვერ და არ გირჩევთ ისეთ ფილმებს, რომლებზეც მხოლოდ მსმენია, რომ კარგია და ჯერ საკუთარი თვალით არ მინახავს, თან არ ვაპირებ არცერთი ფილმის შინაარსობრივად განხილვას და მათ მნიშვნელობაზე საუბარს, ამას თავადაც მშვენივრად მოახერხებთ სეანსიდან გამოსვლის შემდეგ. ვთვლი, რომ თბილისის კინოფესტივალზე ნებისმიერი მაყურებელი მოძებნის ისეთ ფილმს, რომელიც მისცემს იმასაც, რაც იმ დროს ემოციურად ყველაზე მეტად სჭირდება –  კინოს მაგიაც ხომ ეს არის?! ის, რაც ვიღაცისთვის ცუდი ფილმია, შეიძლება თქვენთვის აღმოჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, დიდ ეკრანზე ფილმის ყურების სიამოვნება ერთმანეთს გავუზიაროთ.

 

Close

რაც ნანახი მაქვს და ყველას შემიძლია თამამად ვირჩიო, არის ლუკას დონტის ახალი ფილმი. თუ არსებობს ვინმე, ვინც კინოზე გული აიცრუა და თვლის, რომ დღეს კარგი ფილმები აღარ იქმნება, Close არის ის, რაც ასეთ და არამხოლოდ ასეთ მაყურებელს კინოთეატრში დააბრუნებს. წელს რა ფილმებიც მინახავს, Close ჩემი ფავორიტია და არამხოლოდ წლევანდელი წლის. კარგი რეჟისურა, საოცარი სცენარი, გადასარევი მსახიობები – მეტი რა არის საჭირო იმისთვის, რომ დავსხდეთ და სიამოვნება მივიღოთ?! ზოგადად, ლუკასი ის რეჟისორია, რომელსაც ყველამ, ვისაც კინო უყვარს, თვალი უნდა ადევნოს, რადგან მისი წინა ფილმიც არაჩვეულებრივი იყო და იმედი მაქვს, რომ მომდევნოც ასეთივე იქნება.

ქართული პანორამა

ჩემთვის და მჯერა, რომ ძალიან ბევრისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული ფილმების სექცია და სულ ველოდები ხოლმე. წელს განსაკუთრებულად მაინტერესებს სოსო ბლიაძის და დავით ფირცხალავას ფილმები.

 

Triangle of Sadness

მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონთ თუ არა რუბენ ოსტლუნდი, მისი ყველა ფილმი მაინც ღირს ნახვად, მითუმეტეს, ამ ფილმმა კანის მთავარი პრიზი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე რამდენიმე სცენას ამოვიღებდი და ქრონომეტრაჟს უფრო შევამცირებდი, აბა მე ვინ მეკითხება, როცა საქმეს, ჩემი აზრით, თავისი საქმის კარგი მცოდნე აკეთებს. “სევდის სამკუთხედი” არის ფილმი ყველაზე და ყველაფერზე, ზუსტად ამიტომ მგონია, რომ ის შესაძლოა ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად ვთვლი. 

 

აპოლო: კინოს მეხსიერება

ახალ ფილმებთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს კინოფესტივალზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სექცია, კინოს მეხსიერება, სადაც წელს პაზოლინისა და სატიაჯიტ რეის ფილმებს უჩვენებენ. ჩემთვის ეს არის ხოლმე შანსი, ვნახო კინოშედევრები დიდ ეკრანზე და თქვენც გირჩევდით ეს სიამოვნება არ მოიკლოთ. 

 

ქვეყანა ფოკუსში

რადგან სექციებზე უფრო ვარ ორიენტირებული, კიდევ ერთი სექცია, რომელიც ასევე სულ მაინტერესებს, ქვეყანა ფოკუსშია, თან განსაკუთრებით მომწონს, რომ წელს ამ სექციაში კინემატოგრაფის კუთხით, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რუმინულ ფილმებს აჩვენებენ. 

 

დავით ფირცხალავა

ჩემთვის  თბილისის კინოფესტივალი ყოველთვის იმით არის საინტერესო, რომ შემიძლია ერთად თავმოყრილ ქართულ ფილმებს ვუყურო, რაც ერთგვარ ანალიზის საშუალებას იძლევა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში, რა თემებს ეხებიან ქართველი რეჟისორები და რა საკითხები აწუხებთ მათ, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ქართულ ფილმებს შეეხება. 

 

დრამერი – კოტე კალანდაძე –  პროფესიით არარეჟისორის ფილმი ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, თანაც მეც მსგავსი გამოცდილება მაქვს – ეკონომისტის და სცენარისტის.  ამიტომ ვფიქრობ, რომ კოტეს ფილმში შეიძლება ბევრი ნიუანსი იყოს ორიგინალურად დანახული. 

 

დიტო ცინცაძე – და მერე გათენდა -დიტო ცინცაძე ფესტივალზე ორი ფილმით არის წარმოდგენილი სხვადასხვა სექციაში, თუმცა მე რეკომენდაციას ამ ფილმს გავუწევ. ეს არის რეჟისორი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი ხელობა.

 

 ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები – ამ შემთხვევაში სექციას გავუწევ რეკომენდაციას, რადგან დღევანდელი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორები  ხვალინდელი სრულმეტრაჟიანი ფილმების რეჟისორები, ანუ ქართული კინოს წარმომადგენლები გახდებიან, ამიტომ საინტერესოა მათი ინტერესები, მიდგომები და დამოკიდებულებები. 

 

დიდი შესვენება – დავით ფირცხალავა  – ბოლოს, რეკომენდაციას ვუწევ საკუთარ სადებიუტო ნამუშევარს, რომელზეც საუკეთესო გუნდმა იმუშავა და ძალიან ნიჭიერმა ხალხმა გააცოცხლა ჩემი პერსონაჟები. სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ, უკვე 30 წელს გადაცილებული მჩაგვრელები და ჩაგრულები, ერთმანეთს ისევ სკოლაში ხვდებიან. 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია  TBC კონცეპტი და მასტერქარდი. 

სპონსორები არიან: სასტუმრო “პულმანი”,Terminal • ტერმინალი, VISMINO და “ბორჯომი”.

“თიბისი კონცეპტის” მომხმარებლები 28 ნოემბრიდან შეძლებენ აბონემენტის ყიდვას კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით. 1-ელი დეკემბრიდან ბილეთები გაიყიდება: tkt.ge და ამირანის სალაროებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.