fbpx

საკონცერტო დღიური #5 – ფოკუს-მოკუს! (VAQO, Circus Mircus, თბილისი, 04.11.2022)


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი


კონცერტი ყოველთვის არ გამოდგება ხოლმე ჯადოსნური გამოცდილება; როგორც  უნდა ცდილობდე ნეიტრალური განწყობის შენარჩუნებას, არტისტისადმი წინასწარი დამოკიდებულება მაინც განსაზღვრავს შენს მოლოდინს, რომელიც დიდი სახელების შემთხვევაშიც კი შეიძლება გაწბილდეს.

აი, ერთი ძალიან გადაჭარბებულ მაგალითს მოგიყვანთ: წლების წინ ერთ ფანტასმაგორიულ საფესტივალო დღეზე მოვხვდი. ნიკ ქეივი ახურებდა… 

:ჩახველება:

უკვე რა აბსურდულად, უხერხულადაც კი ჟღერს, რომ ნიკ ქეივი ვიღაცის კონცერტს ახურებს, არა? მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება! ჰოდა, ჯერაც დღის შუქზე Nick Cave and The Bad Seeds სცენაზე იდგა და გვამზადებდა იმ დღის ჰედლაინერისთვის, Arctic Monkeys-თვის. რა გასაკვირია, რომ ქეივმა მზის სხივებთან ერთად ისე გამოგვწოვა უკანასკნელი ენერგიები, რომ მსმენელის 80%-ზე მეტი ნერვშეუტოკებლად ვიდექით ალექს ტერნერის და კომპანიის წინ. ამას სცენიდან Arctic Monkeys-იც გრძნობდა; იწვალეს, ხან რა ეცადნენ, ხან – რა, მაგრამ ვერაფრით დაუკრეს ნორმალური კონცერტი. 

შედარება რომ გადაჭარბებულია, მხოლოდ იმითაც დასტურდება, რომ ჩემი დღევანდელი პერსონაჟები კონცერტს თბილისში, მონოჰოლში ატარებენ, 2022 წლის 4 ნოემბერს და მათ შორის მეორე ნომერიც კი უდიდესი სიხარულით დათანხმდებოდა Arctic Monkeys-ობას. 

თუმცა საქმე იმაშია, რომ ასეთ შოუებზე არის ხოლმე ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც მთელი სურათი გარკვეულ კონტექსტს იძენს და საშუალებას გაძლევს საკუთარი ინტერპრეტაციის მორგებით გადაარჩინო სანახაობა. სწორედ ასე გადარჩენილი საცირკო ტრიუკის შესახებ მინდა მოგიყვეთ.

*

თბილისში ცოტაა ისეთი დარბაზი, რომელიც მეტ-ნაკლებად ხარისხიან როკ-კონცერტს შესთავაზებს მსმენელს. ამიტომაც, სანამ აქ ვარ, ვცდილობ, ყველა მსგავსი სივრცის ათვისება შევძლო. იმ დღესაც მონოჰოლისკენ ვეშურები. შესვლისთანავე თვალს მსმენელის სიუცხოვე მჭრის. განწყობა სრულიად გასაგებია. უმეტესწილად 35+ ასაკის აუდიტორია, რომელიც დღის მთავარ აქტს, Circus Mircus-ს დაელოდება.

– აი ეს ხალხი, – მეუბნება ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი, – ჩვენს კონცერტებზე არასოდეს დადის, არც არასოდეს ივლის.

 

დასტურ! 

აქ ხომ მსმენელის 70% მოსაწვევებითაა მოსული, თანაც სატუსაოდ. შესაბამისად, ორიოდე დამსწრეს თუ აინტერესებს გამხურებელი ვახტანგ ქანთარია, იგივე VAQO, ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ხმა თანამედროვე ქართულ მუსიკაში.

– სოფელში ვიყავი, ალბომზე ვმუშაობდი, დამირეკეს, ხვალ კონცერტზე თუ გაგვახურებო, ჰოდა მეც ჩამოვედი. ძაან მრცხვენია, რომ ბექინგ ტრეკით უნდა დავუკრა. – ამბობს ვაქო.

– ეგ არაფერი, – ამშვიდებს გია ხადური, – შენ ბენდის გარეშეც დაანთებ ცეცხლს.

რამდენიმე წუთში ვაქო სცენაზე ადის.

„გამარჯობა, მე სოფელო ვარ“ 

კონცერტი წარმატების ფეტიშიზმზე მკბენარი ამ სიმღერით იწყება და დაუჯერებლად უხდება გარემოს.

მიმართლებს, ოთხივე მხარეს ისეთი მსმენელი მიდგას, რომელიც ვაქოს მუსიკას გრძნობს და აფასებს, ხვდება, თუ რატომაა მნიშვნელოვანი. მე მგონი, მთელ დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვართ ვაქოს ფლანგი და ყველანი ერთად შევიყარეთ. მალე სიმღერების ტექსტებსაც ვყვებით და შეუსვენებლად ვამხნევებთ არტისტს, რომელიც აგერ უკვე მერამდენე წელია, დაუშრეტელი ენერგიითა და ენთუზიაზმით უნიკალურ ქართულ ფსიქოდელიას ქმნის. მას ახლა, წესით, ბენდი უნდა ედგეს უკან, მაგრამ ასე ექსპრომტად დაკრულ კონცერტზე, სადაც სცენაზე სრულიად მარტოა, მაინც თავდაჯერებითა და აბსოლუტური დარწმუნებით გვიმღერის:

 

“გეშინოდეთ, ჩემი გეშინოდეთ, ჩემი გეშინოდეთ, ჩემი… ჰა ჰა ჰა!“

 

პირველ სიმღერას ამთავრებს და აუდიტორიას მიმართავს:

„მუჭორექ! მა მხოჯო ვაქო!“

მეგრელებს აღელვების ტალღა გადაუვლის და შეეპასუხებიან. სწორედ ამ დროს იწყებს ვაქო „ვორექ“-ის, ალბათ პირველი მეგრულენოვანი ფსიქოდელიური როკ-სიმღერის შესრულებას, რომელსაც შემდეგ მეგრულ ფოლკლორულ მოტივებზე („ჯანსულო, ჯანსულო“) დაფუძნებულ სრულიად თავბრუდამხვევ, პოსტმოდერნულ მოგზაურობას გადააბამს. „სოლომონ II და ერეკლე II“. ისტორიის მისტიფიკაცია და არდანახული თუ გამოგონილი საქართველო ვაქოს შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ნაძლევში წაგებულ 50 ცხენზე მოდარდე ბორჯომელი ბატონი სარმანაშვილი თავდაპირველად ერეკლე მეფეს მიადგება ჩივილით; პატარა კახს თბილისი აქვს დასაცავი, სარმანიშვილისთვის არ სცალია. აღმოსავლეთში რომ ვერაფერს ხდება, თავადი სოლომონ II-ს მიადგება იმავე სადარდებლით, თუმცა ვერც იმერეთში პოულობს ნუგეშს. მე კი ამ სიმღერის ბოლოსკენ ვიღაც თრიფში მყოფი უცნობი ახალგაზრდა მომადგება და მეკითხება.

– აუ, ეს ვინაა, ძმაო?! 

ვუპასუხებ.

უცნობი შოკშია, თვალებმილულული უბრუნდება თავის ადგილს და ხმამაღლა იმეორებს მოსმენილ პასუხს: ვაქოოოოოოოოოოოოოო!

და ამას მოსდევს ვაქოს სავიზიტო ბარათი „ჰეი ზუარი“, რომელსაც დარბაზში აქა-იქ ჰყვება აგზნებული მსმენელი. ირგვლივ ფსიქოდელიური სოკოს ღრუბელი წვება, რომლის ნისლშიც ვაქო ლაშქრის გამყიდველი, მოღალატე ზაურის მოსაძებნად გვიწვევს.

ამასობაში ნახევარი საათი გადის. მანამდე ინდიფერენტული მსმენელიც კი ვაქოს ჰალუცინოგენურ მოგზაურობებშია ჩართული. ყველანი მეტს ველით, თუმცა წინასწარ განსაზღვრული რეპერტუარი იწურება, ვაქო მიკროფონთან მიდის, მადლობას უხდის ყველას, ვინც მას მოუსმინა და სცენა დაუთმო, აქტიურ აუდიტორიას და მთავარ აქტს. და შემდეგ სიტყვებს გვიტოვებს: 

„ახლა ბოლი ამოვა და მე გავქრები“

Presto!

ეს ვაქოს დაუგეგმავი ფოკუსია: მისი სცენიდან გასვლისთანავე ქრება არა მხოლოდ ვაქო და მისი მუსიკა, არამედ ის ენერგია, რომელიც როკ-ენ-როლს სჭირდება. ენერგია რომელიც ქოქავს და არ ადუნებს აუდიტორიას; ნაცვლად ამისა კი ისადგურებს შოუ, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს თავი გაასაღოს როკ-ენ-როლ წვეულებად.

საცირკო ხელოვნების ჟანრებში ვერ ვერკვევი, ამიტომაც არ ვიცი კონკრეტულად რომელი მიმართულებაა Circus Mircus, მაგრამ ფაქტია, რომ „შოუ-პროგრამა“ (მე მომიტევეთ ამ სიტყვათშეხამებისთვის), რომელსაც თუნდაც დრომოჭმული მუსიკის შექმნა-შესრულებით განუზრახავს ჩვენთვის სანახაობის შემოთავაზება, თავადვე ხდება წინა აბზაცში ნახსენები ფოკუსის დამადასტურებელი. 

ჯერ არის და სანამ სცენა გადაეწყობა, აუდიტორიას საგანგებოდ მოწვეული ილუზიონისტი ართობს, თავი დაბადების დღის ცენტრში მგონია, მაგრამ – Ok.

მე და ჩემი მეგობრები ზედა სართულზე, ხმის რეჟისორის პულტთან ავდივართ. იქიდან ვაკვირდებით, თუ როგორ შემოდის დარბაზში ის მსმენელი, რომლებსაც ვაქოს მოსმენა დიდად არ ადარდებდა. ხელში სასმელმომარჯვებულები ელიან, თუ როდის აფეთქდება სცენა როკ-ენ-როლით. 

მაგრამ ნაცვლად ამ აფეთქებისა, გამოდის წამყვანი, ხელში დავთრით(!), რომელიც საკმაოდ წარმატებით შუშხავს Circus Mircus-ის წევრებს. 

წარმატებული თუ წარუმატებელი ხუმრობები, რომლებიც სცენაზე ტრიალებს, ჯობს ამ ტექსტს გარეთ დარჩეს. 

რა თქმა უნდა, აზრი სუბიექტურია – ობიექტური მხოლოდ მკვდარიაო, როგორც ჩემი ერთი ძვირფასი კოლეგა იტყოდა – მაგრამ ის, რაც ახლა, ამ ქილიკგამოვლილ კონცერტზე ხდება, არის ობიექტურად მკვდარი როკ-ენ-როლი; როკ-ენ-როლის ის ვრცელი განტოტება, რომლის რტოებზე მიმოფანტულმა არტისტებმა 2000-იანების შუაგულში ან თავადვე მოიჭრეს ის ტოტები, რომლებზეც ისხდნენ და ამ პოეტური ჰარაკირით თავებიც იხსნეს და ჟანრის ვიბრაციაც; ან კი, ვინც არ მოიჭრა, დასთანხმდა, რომ სტანდარტულ, 10–დან 6 საათამდე სამსახურებრივ მოღვაწეობად აქციოს საკუთარი შემოქმედებითი წვა. სწორედ ეს სამსახურებრივი როკ-ენ-როლი იქცევა ელიტების თავშესაქცევ სანახაობად, რისი ილუსტრაციაც ახლა ჩემი და ჩემი მეგობრების წინ 3D ფორმატში იშლება. დარბაზში მსუბუქად ირხევა რამდენიმე ტანი; კომბზე ფეხშემოდებულ გიტარისტს აშკარად უფრო მძიმე და მჟღერი აკუსტიკური ნაკადის ფლობა-მორჯულება სწადია, მაგრამ აქ და ახლა არ სჭირდება; საერთოდაც მრჩება განცდა, რომ მუსიკოსები უკრავენ იმ მუსიკას, რომლის დაკვრაც არ სურთ. ან შეიძლება ამ ბენდის შექმნისას არ სურდათ, თუმცა მერე კომპრომისი, პრივილეგია, ისა, ესა და… სხვა გზა აღარ დარჩა. სიმღერიდან სიმღერამდე წამყვანი სცენაზე ბრუნდება და ხუმრობებით ცდილობს საზოგადოება გაამხიარულოს. არადა, თუკი რაიმე სჭირდება ახლა ამ კონცერტს, პირველ რიგში არის დრაივი, რომელიც ბენდს მოეთხოვება და რომელსაც ვერა და ვერ მიაღწია. ამ უდრაივობისას წამყვანის ოხუნჯობები კიდევ უფრო აგდებს ტემპს.

– ეს ორი წევრი King Gizzard-ობას ცდილობენ, მაგრამ Spinal Tap-ობა გამოსდით. – ხუმრობს ჩემი დანიელი მეგობარი, რომელიც პირველად არის თბილისში როკ-კონცერტზე.

– იცი, არ ვფიქრობ, რომ მაგ ორმა King Gizzard იცის. – მეც მიმწარდება ენა.

– Spinal Tap მითუმეტეს – მხარს მიბამს მეგობარი, რომელიც სტატიის დაწერას ფიქრობდა ამ ბენდზე, მაგრამ გადაიფიქრა.

სცენაზე მოწვეული სტუმრებიც გამოდიან, იქნებ და რამენაირად მათ მაინც შეძლონ ცეცხლის გაღვივება. ყველა სტუმარს იმაზე მეტი დრაივის შემოგდება შეუძლია, ვიდრე სცენაზეა, ეს იგრძნობა კიდეც. კონცერტის წვეულებაზე გადაწყობის მცდელობა სწორედ ასეთ ეპიზოდებში იჩენს თავს ყველაზე მეტად. მაგრამ არა, აურა უკვე ისეა გაფუჭებული, რომ ერთ მომენტში მიპყრობს განცდა, რომ ამ ყველაფერს კონტექსტის შესაკრავად აკლია იუმორინას საფირმო ტაში.

დშ-დშ-დშ-დშ-დშ-დშ-დშ-დშ

2022 წლის ნოემბერში ქართულ ლოკალურ კონტექსტში ეს ყველაფერი არის ისეთი ქრინჯი, რომ მეტის გაძლება უბრალოდ შეუძლებელია. ქრინჯს ვინღა ჩივის, სევდიანიც კია. არადა, როგორც კარგ სარეკლამო სტრატეგიას სჩვევია (და ამ კონცერტსაც ისეთი რეკლამა ჰქონდა, რომ all in-ის დადებას ველოდი ბენდისგან), Circus Mircus დაიწყო მშვენიერის მოლოდინით, იმით, რომ „ვაუ, რაღაც შეიძლება მოხდეს!“ და ძალიან მალევე, ყველაზე კარგ შემთხვევაში გადაიქცა it’s just OK-იდ. 

განა არ ვიცი, რომ მე ვარ პრეტენზიული, იმ ჩემს ორ მეგობარზე გაცილებით პრეტენზიული, მაგრამ რაც  უნდა იყოს, ყალბი მუსიკალური ისტებლიშმენტის ქვაბში ჩახარშული ეს გენმოდიფიცირებული ნაყოფი ნამდვილად ვერ შეიჭმება როგორც სოციალ-კულტურული ხილი. 

კონტექსტი შედგა. ფოკუსიც. მოუმზადებელი, ნახევარსაათიანი სპონტანური შოუ, რომელიც ნიჭზე, გულახდილობასა და დაუშრეტელ ენთუზიაზმზეა დაფუძნებული, მთლიანად ჭამს პრივილეგირებული ელიტის მიერ ნაწარმოებ და აღიარებულ საცირკო როკ-წვეულებას. 

ისე კი, ქვეყანაში,  სადაც დღეს როკ-ენ-როლს ალბათ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე კარგი პერიოდი უდგას, ეს კონცერტი საერთოდ როგორ პოზიციონირდება როგორც როკ-წვეულება?!

თუმცა იყოს. არა უშავს. ოკ. 

საბედნიეროდ, ასე დრამატულადაც არ გვაქვს საქმე.

ამაზე შემდეგ ქართულ საკონცერტო ბლოგებში მოგიყვებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.