ატარე ბედნიერება
ქართული ანბანი ყველა ქართველისათვის განსაკუთრებულია. ჩემდა უნებურად მუხრან მაჭავარიანის ლექსი გამახსენდა: „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა!“… სულ სხვა ემოცია აქვს ქართველებისთვის ქართულ ანბანს და სწორედ ამიტომაც განსაკუთრებულად მოსწონს ქართველ მომხმარებელს ბრენდი, რომელმაც ქართულ ბაზარზე პოზიციონირება სწორედაც რომ ქართული ასო-ნიშნებით დაიწყო. და განა რა უნდა ყოფილიყო იმაზე ძვირფასი, ვიდრე ანბანის ტარება. „ატარე ანბანი“ ქართველისთვის ნიშნავს ქართული რწმენის, ქართული კულტურის, მისთვის ძვირფასი ადამიანის ინიციალის მუდამ გულით ტარებას, რომელიც სულ მასთანაა. „ემოციურია, როცა შვილის სახელის ინიციალს ატარებ, დახედავ და გიხარია, გული გიჩუყდება, რომ ეს ვიღაცამ მოიფიქრა, გააკეთა ხარისხიანად, შეფუთა და შენამდე მოიტანა. ამ ძალისხმევას ყოველთვის აფასებს მომხმარებელი და არასოდეს უკარგავს ბრენდს, და ეს ემოცია “ატარეს” სივრცეში გროვდება, რომელსაც ახლა ჩვენი ახალი პროდუქტის, გულის სახით ათმაგ სიყვარულად ვუბრუნებთ მომხმარებელს“, – მითხრა ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ამირეჯიბმა. უფრო ვრცლად კი “ატარეს” განვითარების შესახებ თავად გვიამბობს:
“ატარე ანბანს” ქართველი მომხმარებელი უკვე ძალიან კარგად იცნობს, მხოლოდ კი არ იცნობს, უყვარს ეს ბრენდი და ბუნებრივია, დასაწყისზე აღარ შევჩერდები. უბრალოდ, გავაგრძელოთ. მოგვიყევით, რა ხდება დღეს „ატარეში“
პირველი დღიდანვე, როცა “ატარე” შეიქმნა, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდით ონლაინ გაყიდვებს. ვგულისხმობ არა სოციალური მედიის კუთხით პროდუქციის გაყიდვას, არამედ Online მაღაზიას, რაც მომხმარებელშიც უფრო მეტ სანდოობას იწვევს. თუმცა, მომხმარებლის ქცევა აქსესუარების ონლაინ შეძენის კუთხით საქართველოში არ იყო დიდად პოპულარული. ამ ქცევის ჩამოყალიბებაშიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ბრენდს პატარა წვლილი აქვს.
რასაკვირველია, განვითარების პროცესში მიზნად რჩებოდა საიტის უკეთესი ვერსიის შექმნაც და დღეს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის მხარდაჭერით ჩვენ უკვე გავაკეთეთ ახალი ონლაინ-მაღაზია, რომელიც არის თანამედროვე, ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და დამკვეთის სურვილზე მაქსიმალურად მორგებული.
ონლაინ-მაღაზიას საქართველოში ახლავს გარკვეული სირთულეები, თქვენს შემთხვევაში რა სირთულეებს წააწყდით?
ის, რომ ამ სფეროში მიიღო სწრაფი და ხარისხიანი სერვისი, ძალიან რთულია. რთულია პროფესიონალების მოძიება და მათთან საქმის დაჭერა, რადგან ასეთი ადამიანები არიან ცოტანი, და აქვთ ბევრი საქმე. შესაბამისად, არასდროს რჩებათ დრო ახალი თანამშრომლობისთვის. USAID-ის ამ პროექტში რომ მოვხვდით, ძალიან გაგვიმართლა, რადგან მათ შეძლეს პროფესიონალი ვებდეველოპერების შერჩევა ამ მიმართულებისთვის. „ატარეს“ საიტზე სააგენტო „ფაბრიკამ“ იმუშავა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, რომ საიტს დაეკმაყოფილებინა ყველა ის კრიტერიუმი და პარამეტრი, რაც ჩვენვე გვინდოდა. ამიტომაც მივიღეთ სასურველი შედეგი.
დღეს ჩვენი საიტი უფრო მოქნილია, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო. მიზანი კი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საზღვარგარეთიდან შემოვიდეს მეტი და მეტი შეკვეთა.
„ატარე ანბანიდან“ – „ატარემდე“, რამ გამოიწვია სახელის ცვლილება?
ბრენდის სახელწოდების ცვლილება განვითარებამ და ახალმა მიზნებმა გამოიწვია. „ატარეს“ ბრენდის სახელით შეგვიძლია სხვადასხვა აქსესუარი შევქმნათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ანბანი რჩება ჩვენი ბრენდის მთავარ ღერძად, შინაარსად და „ბესტსელერ“ პროდუქტად.
„ატარე გული“ – ახალი პროდუქტია “ატარესაგან”. ვერცხლისა და ოქროს გულებზე მომხმარებელს შეუძლია მისთვის საყვარელი გამოსახულებები, ცნებები, ზოდიაქოს ნიშნები გამოსახოს და ატაროს სასურველი აქსესუარი ან აჩუქოს საყვარელ ადამიანს.
მიმზიდველია მედლების კატეგორიაც და “ატარეს” ააწყვეს ხაზი, რომელიც მთლიანად დამკვეთზეა მორგებული: მას თავისი სურვილით შეუძლია ააწყოს ნებისმიერი სიტყვა, შექმნას პერსონიფიცირებული, უნიკალური აქსესუარი როგორც მისთვის, ასევე საჩუქრად.
„ატარეს“ ანბანის ხაზი ქართველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აქსესუარი აღმოჩნდა, როგორ ფიქრობთ, რა არის ბრენდის მთავარი თვისება, რითაც ის იპყრობს ადამიანების გულებს?
მომხმარებლის პირველი მადლიერების განცდა ქართულ ანბანს უკავშირდებოდა, რადგან ეს უპრეცედენტო რამ იყო. თან ასეთი უნიკალური დამწერლობა, რომელიც არცერთ სხვა დამწერლობას არ ჰგავს, ასოებად რომ ჩამოვასხით და შესაძლებელი გავხადეთ მისი ტარება, იყო პირველი ემოციური კავშირი ჩვენ და მომხმარებელს შორის. მადლიერება იმიტომ ვახსენე, რომ წლების მერე შევაფასეთ მომხმარებელთან ურთიერთობა და გვახსოვს ეს ხშირად მოსმენილი ფრაზა – “მადლობა, რომ თქვენ ამ საქმეს აკეთებთ” – ანუ აქ კიდევ სხვა ღირებულების ემოციებს ვხედავდით.
განსაკუთრებული თვისებაა ასევე ხარისხი, რაშიც ძალიან დიდი ენერგიას ვდებთ, სადა დიზაინი და პერსონიფიცირება. პერსონიფიცირება იმიტომ, რომ ადამიანებს უყვართ ისეთი ნივთების ტარება, რასთანაც ემოციური კავშირი აქვთ. რა თქმა უნდა, ემოციურია, როცა შვილის სახელის ინიციალს ატარებ, დახედავ და გიხარია, გული გიჩუყდება, რომ ეს ვიღაცამ მოიფიქრა, გააკეთა ხარისხიანად, შეფუთა და შენამდე მოიტანა, ამ ძალისხმევას ყოველთვის აფასებს მომხმარებელი და არასოდეს უკარგავს ბრენდს.
ემოციურია ისიც, როცა მეგობრისგან მიიღებ გულის სამკაულს, რომელზეც შენთვის საყვარელი სიმბოლო ან შენი ზოდიაქოს ნიშანია გამოსახული, რაც სპეციალურად შენთვის გააკეთა შენთვის ძვირფასმა ადამიანმა და ეს ემოცია “ატარეს” სივრცეში ტრიალებს, “ატარეში” გროვდება. ალბათ, ეს არის ის თვისებები, რაც გამოგვარჩევს, როგორც ბრენდს.
ახალი პროდუქტი – ატარე გული, რატომ მაინცდამაინც გული? შეიძლება ითქვას, რომ ეს გული იმ ლოიალური მომხმარებლებისადმი სიყვარულის გამოხატულებაა, ვინც “ატარე” ასე შეიყვარა?
ადამიანებს გულის ფორმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ: თბილი და სიყვარულით სავსე. ალბათ, ყველაზე საყვარელ და პოპულარულ ფიგურებშიც ამიტომ გვხვდება მთელ მსოფლიოში. მე და ჩემს დასაც, ნესისაც, ძალიან გვიყვარს გულის ფორმა და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა რამე აქსესუარი გულის ფორმით და მთელი გულით, რომელიც თან კიდევ სხვა შინაარსსაც ატარებდა.
გულის კონცეფციაზე დიზაინერ ირინა ქვლივიძესთან ერთად ვიმუშავეთ: შენ შეგიძლია აარჩიო სხვადასხვა მასალის, ოქროს ან ვერცხლის გული – ძეწკვზე თუ ფერად თოკზე და გამოსახო საყვარელი სიმბოლო, ზოდიაქოს ნიშანი, ცნება და შექმნა უნიკალური ნივთი. ეს ეს გული ჩემთვის ძალიან საყვარელი აქსესუარი გახდა, ანბანის შემდეგ, და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მომხმარებელი ამ პროდუქტსაც ისევე შეიყვარებს, როგორც ანბანს. რა თქმა უნდა, ამ გულს ვატანთ ჩვენს სიყვარულსაც მომხმარებელთან და მთელი გულით ვქმნით იმ ბედნიერ ემოციას, რასაც სიყვარულის შეგრძნება იწვევს ადამიანში.
P.S.
ახალი წელი მოდის და რას ინატრებდით?
ახალი წლის ჯადოსნურ სურვილს რაც შეეხება, მე ვისურვებდი, რომ Farfetch-ზე შევიდე და სამკაულის კატეგორიაში “ატარეს” სამაჯურები დამხვდეს…