fbpx

ირაკლი ბუგიანის ამოუცნობი ხელოვნება – ინტერვიუ მხატვართან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

ფოტო: ლუკა ყურაშვილი

 

„პანიკა ბაბილონში“, „დისტოპიური ჰორიზონტი“, „წებოვანი ჰაერი“, “დნობის წერტილი“, „ჰიმნი ჰორუსს“, „ღვთაებრივი ჭურჭელი“, „ცოდნის კაქტუსი“ –  არასრული სიაა იმ საინტერესო სათაურებისა, რომლებსაც გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ირაკლი ბუგიანი მისი მშვენიერი ნამუშევრებისათვის არჩევს. ხელოვანის შემოქმედება მის მიერ ნახატებისათვის შერჩეული სათაურების მსგავსად, უცხო და საინტერესოა: საოცრად შეხამებული ფერებისა და ღრმა შინაარსეის გარდა, მათ ის აერთიანებთ, რომ ავტორის მიერ ყოველ მათგანში რაღაც ამოუცნობი და მიღმიერია ასახული – „მსურს, ჩემს ნამუშევრებში გამოვსახო ის, რაც ცნობიერების მიღმაა, რასაც ვერ ვხედავთ“. – ამბობს ფერმწერი, რომელიც შემოქმედებითი გზის ამ ეტაპზე საკუთარი ხელოვნებით ადამიანს, ადამიანის  შექმნილ სამყაროსა და მის მიერ ბუნების კონტროლის სურვილის ფენომენს იკვლევს. 

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვან ირაკლი ბუგიანთან, რომელიც მისი შემოქმედების, ინტერესის სფეროების, ხატვის პროცესის, ფერების მიმართ დამოკიდებულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.  

ირაკლი, რამ გადაგაწყვეტინათ თქვენი თავი ხელოვნებასთან დაგეკავშირებინათ და როგორი იყო თქვენი შემოქმედებითი გზის დასაწყისი?

ჩემი ამ სფეროსთან დაკავშირება ბუნებრივად მოხდა – 2 წლიდან ვხატავ… როგორც მითხრეს, ამავე ასაკში გადავწყვიტე, რომ მხატვარი უნდა გავმხდარიყავი. რაც შეეხება შემოქმედებით გზას, ჯერ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მოვხვდი, მოგვიანებით სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, რის შემდეგაც გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში წავედი საცხოვრებლად და სწავლა სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში განვაგრძე. 

რა არის ის ინტერესის სფეროები თუ ამბები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა თქვენთვის და რა  შეიძლება ყოველდღიურობიდან თქვენი შთაგონების წყარო გახდეს?

შთაგონების წყარო ჩემთვის ყველაფერი შეიძლება გახდეს, მაგალითად, ხელოვნების სხვა ჟანრები: კინო, მუსიკა… ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ინსპირაციის წყაროა ჩემთვის, მგონია, რომ მუსიკა და ფერწერა ზუსტად ერთი და იგივე რამაა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით გადმოცემული – მუსიკა ფერწერაა, რომელიც გესმის, ფერწერა კი პოეზიაა, რომელსაც ხედავ. 

ადამიანი, ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო, მისი სურვილი და მცდელობა აკონტროლოს ბუნება, ის ფაქტი, რომ ამას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებთ… და რა ხდება შემდეგ?  – სწორედ ესაა ის თემატიკა, რაც განსაკუთრებულად მაინტერესებს. ჩემი შემოქმედებით  გადმოვცემ იმას, რასაც ყოველდღიურად ვაკვირდები როგორც საკუთარ თავში, ასევე სოციუმში.

თქვენს ნახატებს ძალიან საინტერესო და გამორჩეული სათაურები აქვთ – ხატვის პროცესს სპოტანურად იწყებთ და შემდეგ მოდის იდეა, თუ ყოველთვის წინასწარ იცით რას დახატავთ?

სხვადასხვანაირად ხდება ეგ – ზოგჯერ წინასწარ მაქვს კონკრეტული იდეები, რომელზე მუშაობასაც ვიწყებ, ზოგჯერ კი ისინი ხატვის პროცესში განიცდიან ცვლილებებს. თავდაპირველად თეთრ ზედაპირს სხვადასხვა ფორმებითა და ლაქებით ვფარავ ხოლმე და ამის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ ავაწყო კომპოზიცია. ზოგადად, ბევრ ნამუშევარზე ვმუშაობ ხოლმე ერთმანეთის პარალელურად – შეიძლება ზოგიერთი მათგანი რამდენიმე თვის, ზოგჯერ ერთი წლის განმავლობაშიც კი გადავდო სადმე, შემდეგ გამახსენდეს და პატარა დეტალით რაღაცები ისე შევცვალო, რომ ძველი ფენაც შეუნარჩუნდეს და ჩემთვის დასრულებული გახდეს ეს ნამუშევარი.

 

პირადად მე, როგორც მნახველს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენს ბოლოდროიდელ ნამუშევრებში ფორმებზე მეტ როლს ფერები თამაშობენ – საიტერესოა, თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ: რომელ ფერს რა დატვირთვით იყენებთ თქვენს ნახატებში და როგორი ენერგეტიკის მატარებელნი არიან ისინი თქვენთვის.

ფერებს სიმბოლური დატვირთვით იშვიათად ვიყენებ, გააჩნია რა მინდა – უნდა შევქმნა თუ არა კონტრასტი, როგორ განწყობაზე ვარ და ასე შემდეგ. ფერები ყოველთვის კონტექსტში მუშაობენ – იმისათვის, რომ ერთმა კონკრეტულმა ფერმა რაღაც გამოხატოს, ის სხვა ფერებთნ ერთად უნდა მუშაობდეს.  მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე განზრახ კონკრეტულ სიმბოლიკას არ ვანიჭებ ფერებს, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ თავისი დატვირთვა, რაც შეგრძნებებისა და ინტუიციის საშუალებით გამოიხატება.

 

ირაკლი, შეიცვალა თუ არა თქვენი გამომსახველობითი ენა წლების განმავლობაში?

ყოველთვის იცვლება ჩემი გამომსახველობითი ენა, მიყვარს ცვლილებები და  ექსპერიმენტები… როცა ვხვდები ხოლმე, რომ რაღაც კარგად გამომდის, ჩემთვის ის მაშინვე ნაკლებად საინტერესო ხდება. ნახატები, რომლებიც უკვე შექმენი, უნდა დაივიწყო, გვერდზე გადადო და ახლის შექმნას შეუდგე.

აგვიღწერეთ სივრცე, რომელშიც ყველაზე კომფორტულად მუშაობთ – იმ მასალის გარდა, რასაც მუშაობის პროცესში იყენებთ,  კიდევ რა გჭირდებათ იმისათვის, რომ იდეალური გარემო და განწყობა შეიქმნათ ხატვისთვის?

მთავარია შინაგანად როგორ გრძნობს ადამიანი თავს –  გარემოს შენ თვითონ ქმნი, არ არის აუცილებელი მუსიკა უკრავდეს. მუსიკას, რა თქმა უნდა, ხშირად ვრთავ სახელოსნოში, თუმცა იმას ვგულისხმობ, რომ რაღაც კონკრეტული პირობების შექმნა არაფერს ნიშნავს, თუ შინაგანი განწყობა არ გექნება შესაბამისი. შემოქმედი ხატვის პროცესის დაწყებამდე გაწონასწორებული უნდა იყოს იმ დონეზე, რომ შეეძლოს ის, რასაც მის შიგნით  და გარეთ ხედავს ერთმანეთს დაუკავშიროს, მოახდინოს მათი ემოციური სინთეზი. მთავარია ის, რომ შეძლო აღმოჩნდე კონკრეტულ ვიბრაციაში, იმ ვიბრაციაში, რომელშიც შემოქმედებითი პროცესი ხდება. შეიძლება სახლში იყო, შეიძლება სახელოსნოში ან თუნდაც გარეთ, ყველგან შეიძლება ეს მოხდეს. რთულია, მოახერხო შემოქმედებით მოდუსზე გადართვა, თვითონ შემოქმედება არ არის რთული.

თავად როგორ დაახასიათებდით თქვენს შემოქმედებას – როგორ ფიქრობთ, რა არის ის  სახასიათო დეტალი, რაც თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს?

ალბათ ის, რომ ყოველთვის რაღაც ამოუცნობის ასახვას ვცდილობ: მსურს, ჩემს ნამუშევრებში გამოვსახო ის, რაც ცნობიერების მიღმაა. რასაც ვერ ვხედავთ, იმის ჩვენება მინდა, მინდა, რომ ჩემს ყოველ ტილოზე იყოს რაღაც იდუმალი და არარეალური – შეიძლება სხვადასხვა ნამუშევრის შექმნისას განსხვავებული მასალა, ფორმები, ფერები და კონტრასტულობა გამოვიყენო, რაც შესაბამისად მათ განწყობასა და შინაარსსაც ცვლის, თუმცა ის, რაც მინდა, რომ დარჩეს, იდუმალების შეგრძნებაა მნახველში. სწორედ ესაა ცენტრალური თემა ჩემს ხელოვნებაში – იმას კი არ ვხატავ, რასაც ვხედავ, არამედ იმას, რასაც ვერ ვხედავ. 

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევართა თემები იცვლება, ალბათ ყოველ შემოქმედს აქვს ერთი კონკრეტული თემა ცხოვრებაში, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ყოველთვის უბრუნდება თავის ნამუშევრებში და გამორჩეულად საინტერესოა მისთვის. მერაბ მამარდაშვილის სიტყვები რომ მოვიშველიო: „მხატვარი ხატავს იმას, რასაც ხედავს, იმისათვის, რომ დაინახოს ის, რასაც ხედავს“. ხელოვანი თავისივე შემოქმედებით შეიმეცნებს სამყაროს, თავისივე შემოქმედებით იგებს საკუთარ თავზე რაღაცებს.

 

და ბოლოს, საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები.

ძალიან მალე, 16 დეკემბერს, თბილისში, გალერეა ArtBeat-ში იქნება ჩემი პერსონალური გამოფენის გახსნა, სადაც ჩემ მიერ 2020, 2021 და  2022 წლებში შექმნილი უახლესი ნამუშევრები გამოიფინება.

 

The white bucket, 2022, Oil on Canvas, 100x130cm

                 

Mobile Home, 2020, Oil and Spray Paint on Canvas, 185x150cm       Momentary Psychosys, 2021, Oil on Canvas, 220x180cm

                                       

On the Brink of Sanity, 2021, Oil on Canvas, 75x50cm             Run Rabbit, Run, 2022, Oil on Canvas, 190x149cm

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.