fbpx

პოსტ-მორტემ ფოტოგრაფია (როგორ შევაკავოთ სიკვდილი?)


გააზიარე სტატია

ავტორი: სალომე ერისთავი

ადამიანი გაჩენის დღიდან ებრძვის სიკვდილს სხვადასხვა ხერხით. ერთ-ერთი ასეთი „ხერხი“ თანამედროვე სამყაროში ფოტოგრაფიაა. როგორც ფრანგი თეორეტიკოსი, როლან ბარტი ნაშრომში – „Camera Lucida“ აღნიშნავს, ფოტოგრაფია გახდა ადგილი, რომელშიც  სიკვდილმა გადაინაცვლა. ეს მოსაზრება უშუალოდ ესადაგება ვიქტორიანულ ერას, სადაც ფოტოგრაფია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს ფოტოხელოვნების განვითარების ისტორიაში. 

1800-იანი წლების შუა პერიოდში ფოტოგრაფია სულ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა ფართო მასებისთვის. მისი პირველი წარმატებული ფორმა, დაგეროტიპი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის, თუმცა არც ისე ძვირადღირებულს, როგორც ფერწერული ტილო. საუკუნეების განმავლობაში ფერწერა ითავსებდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას მრავალთაგან, კერძოდ კი  ადამიანის ვიზუალური გამოსახულების უკვდავყოფის ფუნქციას. ფოტოგრაფიის გაჩენით ფერწერას აღნიშნული ფუნქცია „ჩამოერთვა“ და გადაეცა ხელოვნების ახალ მედიუმს. 

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა სურვილი, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები სამუდამოდ აღებეჭდა ფირზე. სამწუხაროდ, ამ პერიოდისათვის ადამიანების ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს სიკვდილი წარმოადგენდა, რაც რიგი მიზეზებით იყო განპირობებული. კერძოდ კი, XIX საუკუნეში უჩვეულო სისწრაფით განვითარებულმა ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესებმა ჰაერის დაბინძურების პროცენტული ზრდა განაპირობეს. გარდა ამისა, ჰიგიენის არასათანადო დაცვას ბუნებრივად მოჰყვა ისეთი  დაავადებების გავრცელება, როგორიცაა: ალისფერი ცხელება, ტიფი, დიფთერია და ქოლერა. გახშირებულმა სიკვდილიანობამ ვიქტორიანულ ხანაში რუტინული ხასიათი შეიძინა. 

ახალი ეპოქის პროგრესულმა ცვლილებებმა განსაკუთრებული გავლენა იქონია ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდაზე. ვინაიდან 1849 წელს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობამ ლონდონის ზოგიერთ რაიონში 33%-ს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 40 წელი, ხოლო ქალებისთვის 42 წელი იყო. არსებული ფაქტების შემდეგ ლოგიკურად მოგვეჩვენება ვიქტორიანულ ეპოქაში ე.წ. პოსტ-მორტემ ფოტოგრაფიის დაბადება. 

სიკვდილის შემდგომი პორტრეტის შექმნის კონცეფცია დიდი ხნით უსწრებდა ფოტოგრაფიის დაბადებას. უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანს ჰქონდა სურვილი გარდაცვლილი ახლობლის ხატების უკვდავყოფისა. ეს სურვილი დროთა განმავლობაში გამოხატულებას პოულობს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მემორიალური ნიმუშების შექმნის სახით. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპული ფერწერის მეტად საინტერესო მიმდინარეობა, ე.წ. სამგლოვიარო პორტრეტი, რომელიც ოჯახებმა გარდაცვლილ ახლობელთა ვიზუალის უკვდავყოფის მიზნით დაუკვეთეს მხატვრებს. აქვე გასათვალისწინებელია ერთი საყურადღებო ფაქტი: წარსულში მხოლოდ მატერიალურად შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ მხატვრების მიწვევა მათი საყვარელი ადამიანის პორტრეტის შესაქმნელად. ფოტოგრაფიამ კი შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენლებს საშუალება მისცა სამუდამოდ შეენახათ საყვარელი ადამიანის ხატება ფოტოსურათის საშუალებით. შესაბამისად, ვიქტორიანულ ხანაში მემორიალურმა ფოტო-პორტრეტებმა დიდი პოპულარულობა მოიპოვა. საინტერესოა ისიც, რომ მრავალი ადამიანისთვის სიკვდილის შემდგომი პორტრეტი მათი პირველი გამოცდილება იყო ფოტოგრაფიასთან კავშირისა.

მრავალი პორტრეტისგან განსხვავებით, რომლებიც ფოტოსტუდიებში იყო გადაღებული, სიკვდილის შემდგომი ფოტოების გადაღების პროცესი, როგორც წესი, დამკვეთის სახლში მიმდინარეობდა. ოჯახები ცდილობდნენ გარდაცვლილი ნათესავები წინასწარ მოემზადებინათ ფოტოსესიისათვის. მომზადებაში ნაგულისხმევია გარდაცვლილის განსაკუთრებული ტანისამოსით შემოსვა, ვარცხნილობის გაკეთება და კონკრეტული სიმბოლიკის ჩართვა ფოტოსურათისთვის, რაც შემდგომში პირდაპირ მიანიშნებდა სიკვდილის თემატიკაზე (მაგ., ყვავილი, საათი…). 

ვიქტორიანული ხანის მემორიალურმა ფოტოგრაფიამ ადამიანებს ერთგვარი კონტროლის ილუზია გაუჩინა: მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკარგეს საყვარელი ნათესავი, მაინც შეძლეს სიმშვიდის განცდის მოპოვება, პორტრეტის კონკრეტულად ფორმირების საშუალებით. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ პოსტ-მორტემ ფოტოგრაფიის ნიმუშები ერთგვარ საოჯახო პორტრეტებად იქცა. ვინაიდან აღნიშნულ ფოტოსურათებში ხშირად შეგვხვდება დედა, რომელსაც საკუთარი გარდაცვლილი შვილი ხელში ჰყავს აყვანილი, ან მამა, რომელიც აკვანში მწოლიარე   გარდაცვლილ ჩვილს შორიდან უმზერს. კომპოზიციების ამგვარი განაწილება ფოტოსურათში ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევდა, რომ გარდაცვლილი ახლობელი ისეთ სიტუაციასა და პირობებში დაემახსოვრებინათ, როგორც ეს მათ სურდათ.

ვიქტორიანული ეპოქის პოსტ-მორტემ ფოტოგრაფია გვამცნობს თანადროული  საზოგადოების დამოკიდებულებას სიკვდილის, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიმართ. საინტერესოა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ვიქტორიანულ ხანაში ვლინდება არა მხოლოდ ფოტო-პორტრეტების, არამედ დეკორატიული ხელოვნების სახითაც. ამ მხრივ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამგლოვიარო სამკაულების სერია. მემორიალურ სამკაულებს ძირითადად ორნაირი დატვირთვა ჰქონდა: პირველ რიგში, ეს იყო ახლობლის სიკვდილით მოგვრილი მწუხარების აღმნიშვნელი ნივთი. მეორე მხრივ, მემორიალური სამკაული  მუდმივად ახსენებდა მფლობელს, რომ გარდაცვლილი ახლობელი ყოველთვის მასთან ახლოს იყო. ნიშნები, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ამგვარი დეკორატიული ხელოვნების ნიმუშის შექმნისას, ხშირად სიმბოლურ დათვირთვას ატარებდა. ამ ნიშნებს წარმოადგენდა ჯვრები, ყვავილები და მარგალიტები. გარდა ამისა, ხშირი იყო გარდაცვლილის თმის ღერების დეკორატიულ სამკაულად გამოყენებაც.

მემორიალური ხასიათის ფოტო-პორტრეტი არა მხოლოდ ფოტოხელოვნების, არამედ კონკრეტული კულტურის თავისებურებების შესწავლის საგანსაც წარმოადგენს. ისინი ერთდროულად გვიჩვენებენ ფოტოგრაფიის განვითარების საწყისი ეტაპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულებას და იმავდროულად, ვიქტორიანული ხანის ადამიანის დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.