fbpx

რონალდუ-პენალდუ, ავტორიტეტთა მსხვრევა და სხვა საარაკო თავგადასავლები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

პორტუგალიის ნაკრები ძალაუნებურად ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რადგან იქ რონალდუა, რომელსაც ამ ბოლო ხანს რას აღარ უწუნებენ, სისწრაფით დაწყებული, დრიბლინგით დამთავრებული. 

არადა, წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება ფეხბურთელის თავს დატრიალებული ფსიქოლოგიური პრობლემებიც იყოს, „უგოლობას“ რომ უკავშირდება.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პორტუგალიელ ვარსკვლავს საქმე ვერ აეწყო. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი მას ხშირად შემადგენლობაშიც არ აყენებდა, ხოლო მოედანზე გამოჩენისთანავე იგი ყველაფერს აკეთებდა გოლის გასატანად, მაგრამ მხოლოდ პენალტებით თუ ახერხებდა ამას, რომელთაც არცთუ ისე იშვიათადანიავებდა კიდეც…

გასულ კვირას რონალდუ ამ ერთგვარი „გოლის უნახავობის“ ნიადაგზე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ურუგვაელებთან მატჩში თანაგუნდელ ბრუნო ფერნანდეშის გოლი მიითვისა, თითქოს პარტნიორის მიერ ეფექტურად ჩახვეული ბურთი მას თავზე შეეხო და ისე შეფრინდა კარში. 

გოლის აღნიშვნისას რონალდუს ემოციებმა შეცდომაში შეიყვანა როგორც თვით ბრუნო და თანაგუნდელები, ისე ფიფას ტექნიკური წარმომადგენლობა, რომელმაც თავდაპირველად გოლი მას გაუფორმა. 

მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ნათქვამია და ბურთში ჩამონტაჟებულმა 500 ჰერც სიხშირეზე მომუშავე სენსორმა რონალდუს არამცთუ თავის, არამედ თმის ღერის შეხებაც არ დააფიქსირა ბურთის ზედაპირზე, რამაც ცოტა ხანში კარიკატურებიც გამოაჩინა ინტერნეტსივრცეში ლამის შუბლზე ამოსულ თმიანი რონალდუთი.

ურუგვაელებთან მატჩში, ბედის ირონიით, რონალდუს კიდევ ერთხელ არ გაუმართლა, რადგან როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე პორტუგალიის ნაკრებმა პენალტი მოიპოვა, ის მოედანზე უკვე აღარ იმყოფებოდა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საბოლოოდ დუბლის შემსრულებელ ბრუნო ფერნანდეშს მოუწია…

რონალდუს საქციელს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყოვლად სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იგი მყისვე პარტნიორისკენ გაექანებოდა გოლის მისალოცად.

პენალტის გატანა კი რონალდუმ განასთან პირველ მატჩში მაინც მოახერხა და ჯერჯერობით ეს მისი ერთადერთი გოლია მიმდინარე მუნდიალზე, რაც პორტუგალიელი ვარსკვლავის 5 სხვადასხვა ჩემპიონატზე გოლის ავტორობას მოასწავებს. ეს კი მსოფლიო რეკორდია!

თუკი ამ ბოლო ხანს რონალდუ 3-იდან დაახლოებით ერთ პენალტს აფუჭებს, პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ სჩესნი 3-იდან ერთ თერთმეტმეტრიანს იგერიებს. 

თანამედროვეობის ერთ-ერთმა უძლიერესმა გოლკიპერმა მილიარდობით ტელემაყურებელი გააოცა, როდესაც ლიონელ მესის პრაქტიკულად აუღებელი პენალტი მოიგერია, მაგრამ ამით მან საკუთარი უნიათო თანაგუნდელები მარცხისგან ვერ იხსნა, რადგან არგენტინის ნაკრებმა პოლონელებთან მართლაც რომ საჩემპიონო თამაში უჩვენა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში.

მაგრამ ავტორიტეტთა მსხვრევით გამოწვეული დრამის კულმინაცია თურმე წინ გველოდა, როდესაც 82%-იანი ბურთის ფლობის მქონე ესპანეთი იაპონიასთან დამარცხდა და ამ საქციელით მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები შინ გაამგზავრა. 

ესპანელთა მიერ დაფიქსირებულმა შედეგმა კონსპიროლოგიის თეორიის მიმდევრებს სხვადასხვაგვარი მითქმა-მოთქმის გაჩენის მიზეზი გაუჩინა და თითქოს არცთუ უსაფუძვლოდ. მაგრამ სად გავექცევით იმ ამბავს, რომ იაპონელებთან „შეგნებული მარცხის“ უფლება მათ უბრალოდ არ ჰქონდათ?

განა პარალელურ მატჩში მიმდინარე ამბების მცოდნე გერმანელებს ცოტა არ დააკლდათ თავზე ხელის აღებამდე, ესპანელთა ჯიბრზე წაგებამდე და ტურნირიდან მათ გაყოლამდე, როდესაც მატჩის 70-ე წუთზე კოსტა რიკა დაწინაურდა? 

მაგრამ ესპანელთა საბედნიეროდ გერმანელები ღირსეულად მოიქცნენ, შეცვლაზე შესულმა ჰავერცმა და ფულკრუგმა თანაგუნდელები აიყოლიეს და კატარის ტურნირზე ბუნდესნაკრების ერთადერთი და უკანასკნელი გამარჯვება განაპირობეს, რითაც იმავდროულად მათი დამღუპველი ესპანეთის ნაკრები გავარდნისგან იხსნეს…

ერთი კია, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით შესაძლო  მეოთხედფინალში ბრაზილიელებს აუარა გვერდი და პორტუგალიელებისკენ აიღო  გეზი, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, გამართლებული შეიძლება იყოს.  

ესპანელთა საქციელი პორტუგალიელებმა გაიმეორეს, რომელთაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში ურუგვაი დაღუპეს და სამხრეთ კორეა „გაუშვეს“ მერვედფინალში სათამაშოდ. ურუგვაისადმი მსაჯებიც მწყრალად იყვნენ განწყობილი, რადგან ორი შესაძლო თერთმეტმეტრიანი VAR-ის განხილვის ღირსიც კი არ გამხდარა.

ურუგვაელთა დაჩაგვრა მსოფლიო ჩემპიონატის მესვეურთა ინტერესებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, რადგან სამხრეთკორეელი ტურისტები თუნდაც მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გაცილებით დიდ შემოსავალს დაუტოვებდნენ მათ მცირერიცხოვან და ნაკლებად შემძლე ურუგვაელებთან შედარებით…

აი უფრო დიდხანს კი სავარაუდოდ, ისინიც აღარ გაჩერდებიან კატარში, რადგან მეოთხედფინალში კორეელებს თვით ბრაზილიის ნაკრები დაუპირისპირდება. 

პენტაკამპეონმა მისთვის სამარცხვინოდ, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მარცხი იწვნია აფრიკული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. 

თუმცა, ესპანელებისა და პორტუგალიელებისგან განსხვავებით, ბრაზილიელთა მეორე შემადგენლობის კამერუნთან წაგებას სატურნირო ვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია.

არც საფრანგეთის ტუნისელებთან მარცხს შეუცვლია ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა. ფრანგებთან ერთად მერვედფინალში გასულმა ავსტრალიის ნაკრებმა კი არგენტინელებთან შეხვედრის ბოლო წუთამდე ღირსეულად იბრძოლა და გოლის გატანა წინა სამი მატჩის მსგავსად, აქაც შეძლო.

უბრალოდ ლიონელ მესი და მისი თანაგუნდელები პოლონელების წინააღმდეგ მატჩის მსგავსად, აქაც შეუდარებელნი იყვნენ და აწი ისინი ისევე როგორც 2014 წელს, პლეიოფში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მაშინდელმა ნახევარფინალმა გოლების გარეშე ჩაიარა. პენალტების სერიაში კი არგენტინამ იმარჯვა.

ნიდერლანდების ნაკრებმა არგენტინელთა მსგავსად, საკმაოდ იოლად დასძლია მერვედფინალის ბარიერი, რადგან აშშ-ის ნაკრების მიერ მის კარში გატანილი მიმდინარე ტურნირის ულამაზესი გოლის მიუხედავად, აშკარად იგრძნობოდა დაპირისპირებული მხარეების სათამაშო კლასში განსხვავება.

საფრანგეთის და პოლონეთის მატჩში ბურთს უკანასკნელად პოლონელი ფორვარდი  ლევანდოვსკი შეეხო, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მან თავდაპირველად ჩემპიონატზე მეორე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, ხოლო შემდეგ კი ხელმეორე დარტყმა, როგორც იქნა, გამოიყენა. 

ნაკრების ლიდერის მხრიდან რონალდუს მსგავს „გოლის უნახავობას“ და მის ინდივიდუალურ საზეიმო აღნიშვნას თანაგუნდელები სრული იგნორირებით და გასახდელის მიმართულებით უხალისო სვლით გამოეხმაურნენ.

ცოტა ხანში კი ინგლისმა ნიდერლანდებზე, არგენტინასა და საფრანგეთზე იოლად გაიკვალა გზა მეოთხედფინალში, „ცალი ფეხით“ მოუგო რა სენეგალის ნაკრებს ანგარიშით 3:0.

დაძაბულობა როგორც ჩანს, წინ გველის ზოგიერთ დარჩენილ მერვედფინალსა თუ მეოთხედფინალებში, სადაც სავარაუდოდ, პენალტების სერიებსაც ვიხილავთ.

ჩემპიონატი კი ამ თვალსაზრისითაც უცნაურია, რადგან მეკარეებს ჯერჯერობით 9-იდან 5 თერთმეტმეტრიანი მოგერიებული აქვთ და ამ 5-იდან 2 ვოიცეხ სჩესნის ეკუთვნის, რომელმაც ჩემპიონატი უკვე დატოვა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.