fbpx

რეკომენდაციები თბილისის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის – VOL. 2


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიხსნა და მას პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი დაესწრო. ნაჩვენები იყო მისი ფილმი “მისტერ ჯონსი” (2019). 10 დეკემბერს, დახურვაზე, წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი – “როქსი” (2022).

ამასობაში ყველას უჩნდება კითხვა, თუ რა ფილმი შეიძლება ვნახოთ ფესტივალზე. აქ არჩევანი ყველა გემოვნების მაყურებლისთვის მოიძებნება. AT.ge-მ რჩევა რამდენიმე კინოპროფესიონალს სთხოვა, რადგან კინოს მოყვარულებისთვის არჩევანის გაკეთების პროცესი გაგვემარტივებინა. გთავაზობთ კინორეკომენდაციების მეორე ნაწილს – რისი ნახვა შეგვიძლია 5 იდან 11 დეკემბრის ჩათვლით:

 

ანანო ბაკურაძე


Close   ახლოს – Lukas Dhont

ლუკას დონტის შესანიშნავი კინოსურათი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უნდა ნახოთ,  მითუმეტეს – კინომოყვარულებმა. მე ვიტყოდი, ბოლო ათწლეულის  ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. სულისშემძვრელი ამბავი მოყოლილია მინიმალური დიალოგებითა და რეჟისურის ოსტატობით.

 

Triangle of Sadness   სევდის სამკუთხედი – Ruben Östlund

შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის სევდის სამკუთხედი ოქროს პალმის რტოს მფლობელი კინოსურათია. საინტერესო ნამუშევარია, ვიტყოდი, ოსტლუნდის ფილმოგრაფიაში საუკეთესო.

 

Pacifiction   პასიფიქცია – Albert Serra

ალბერტ სერას პასიფიქცია უნდა ნახოთ დიდ ეკრანზე, კარგი გახმოვანებით. ამ ფილმის ლეპტოპში ყურებას უბრალოდ აზრი არ აქვს და მგონია, რომ ქართველი მაყურებლისთვის უნიკალური შანსია, უსმინოს და უყუროს სერას ახალ კინოსურათს დიდ ეკრანზე.

 

A Room of my Own   ჩემი ოთახი  – Ioseb (Soso ) Bliadze 

სოსო ბლიაძის ჩემი ოთახი მეც ძალიან მაინტერესებს და რადგან  ფესტივალს ვერ დავესწრები, თქვენ მაინც გირჩევთ, რომ ნახოთ. 

 

უტა ბერია 

დიდი შესვენება – დავით ფირცხალავა 

სკოლის დამთავრებიდან 13-წლიანი პაუზის შემდეგ, მჩაგვრელები და ჩაგრულები ერთმანეთს ისევ სკოლაში ხვდებიან. მახსოვს, ეს ამბავი ჯერ პიესად დაწერა დათამ, შემდეგ სპექტაკლად იქცა, შემდეგ კინოსცენარად შექმნა და ახლა ფილმად შედგა. მოუშუშებელი ტრავმების ამბავი წარსულის შესახებ, რომლის გახსენებაც არ გვინდა, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია ცხოვრება გავაგრძელოთ.

 

ჩემი ოთახი – სოსო ბლიაძე 

როგორც ვიცი, სოსომ ეს ფილმი პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად გადაიღო, უბიუჯეტოდ. ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის მსგავსი მიდგომით გადაღებული ფილმები, რადგან ხშირად განსაკუთრებული გულწრფელობა ახლავს  ხოლმე ასეთ ნამუშევრებს.

 

მარიოპოლისი 2 – მანტას კვედარავიჩუსი 

დოკუმენტური ფილმი ომზე, რომლის რეჟისორი გადაღებების დასრულებამდე მარიოპოლში მოკლეს, შეიძლება ითქვას, ის ამ ფილმს შეეწირა.

 

მშვიდობით ლეონორა – პაოლო ტავიანი

უფროსი ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ ეს პირველი ფილმია, რომელიც პაოლომ გადაიღო, ამბობენ, რომ შეიძლება ბოლოც იყოს, იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილის შესახებაა და მეც დიდი ხანია ცრემლებს ვაგროვებ ამ ფილმისთვის.

 

ქვეყანა ფოკუსში, რუმინეთი

 რუმინული კინო რამდენიმე წლის წინ საინტერესო ნამუშევრებით გამოირჩეოდა, მაინტერესებს, ახლა როგორი მდგომარეობა აქვთ. 

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია TBC კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: სასტუმრო “პულმანი”,Terminal • ტერმინალი, VISMINO და “ბორჯომი”.

“თიბისი კონცეპტის” მომხმარებლები შეძლებენ აბონემენტის ყიდვას კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით. ბილეთები იყიდება: tkt.ge, kinoafisha.ge biletebi.ge და ამირანის სალაროებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.