fbpx

Dédicace Gallery – დედიკას გალერეამ ახალი სეზონი გახსნა


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ შერმადინი

 

Dédicace Gallery – დედიკას გალერეამ ახალი საგამოფენო სეზონი გახსნა ხუთი დამოუკიდებელი თანამედროვე მხატვრის ექსპოზიციით: ავთანდილ გახოკიძე, დავით კუხალაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ვალო იმერლიშვილი და ზურა შეყელაშვილი. გალერეამ წარმოადგინა ხელოვანების ახალი ნამუშევრები, რომლებიც საერთო კონკრეტული შინაარსით არ ერთიანდება, ამიტომ გამოფენის ექსპოზიცია  დამთვალიერებელს  წარუდგენს  მხოლოდ და მხოლოდ სიახლეს, რომელიც, როგორც ცნობილია, გალერეის მხარდაჭერით შეიქმნა 2022 წლის ზაფხულში.

ისევე როგორც გამოფენის, ავთანდილ გახოკიძის მასშტაბური ნამუშევრებიც, ერთიანი კონცეფციის გარეშე გვაჩვენებს ავტორის ერთგვარ პოლარულ დამოკიდებულებას საკუთარი საავტორო მხატვრობის მიმართ. სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვიზუალური ენითა და ამავე დროს, საერთო მხატვრული თემატიკით შესრულებული ნამუშევრები აშკარა პოსტმოდერნისტულ ხასიათს ატარებს –  საკუთარი, შეიძლება ითქვას, არქაული, ბიბლიური თუ რელიგიური ორნამენტულობა და შინაარსი ქმნის თანამედროვე ე.წ. იმიჯებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იკონოგრაფიულ ხასიათს იძენენ ხელოვნების პროგრესული პროცესის ფეხდაფეხ. ხოლო ერთი შეხედვით ორნამენტული თუ დეკორატიული სტილური ნამუშევრები  გაცილებით ფართო შინაარსისაა, რომლებიც, ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ახალი თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ მკაფიო ნიშნულად.

თავად მხატვარი – ავთანდილ გახოკიძე – აქტიურ მხატვრულ კარიერას 2017 წელს ვენეციის 57 ბიენალეზე წარდგენილი პარალელური პროექტის ფარგლებში – European Culture Center – იწყებს, რომელსაც მოჰყვა დედიკას გალერეაში პერსონალური გამოფენა „ოქროს ეროსი“ 2019 წელს.

ისევე როგორც თამარ ხმიადაშვილი, დავით კუხალაშვილიც აგრძელებს მათთვის სახასიათო თემატიკაზე მუშაობას, რომლებიც გამოფენაზე წარმოდგენილი სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, უფრო მეტად სოციალურ-პოლიტიკური, ეკოლოგიური და ფემინისტურია. სწორედ ფემინისტურ ხაზს აგრძელებს თამარ ხმიადაშვილი სერიით „გადატვირთვა,“ რომელიც შეიძლება მხატვრის 2021 წლის პერსონალური გამოფენის ნაწილად აღვიქვათ. ქალები აქაც ცდილობენ სოციუმზე მორგებას, თუმცა უშედეგოდ. პესიმისტურ პროგნოზს  აკეთებს დავით კუხალაშვილიც საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებით, სადაც ვხვდებით შეპირისპირებასა და ურთიერთგავლენას ეკოლოგიასა და კაპიტალიზმს შორის. ეს ყველაფერი ერთმანეთის მიჯრით საკმაოდ მკაფიოდ გამოიყოფა ნამუშევრებზე და ხშირად ამგვარი ალოგიკური თუ ქაოსური წყობა სიურრეალისტურ ხასიათს იღებს.

ვალო იმერლიშვილის სკულპტურები გამოფენილი იყო Dédicace Gallery – დედიკას გალერეის 2019 წლის ჯგუფურ პროექტში  -PER ASPERA. ამჟამად კი წარმოდგენილია სკულპტორის ახალი ნამუშევარი “მოჭრილი ნაძვი.“ 

ზურა შეყელაშვილი 15 წელია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ავტორი მონაწილეობდა  პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე გერმანიაში: Evelin-dreves Galery, ჰამბურგი, 2017; ART COLONE, კიოლნი, 2015; Wiensowski & Horbord, ბერლინი, 2014. თბილისში, კომერციული გალერეის სივრცეში პირველად იქნება წარმოდგენილი სკულპტორ ზურა შეყელაშვილის ხეზე შესრულებული სამი ნამუშევარი. სკულპტორის მხატვრული ენა უხეში, ექსპრესიული მანერაა, განსხვავებით მისი ნამუშევრების საკმაოდ მგრძნობიარე შინაარსისგან.

როგორც იცით, 5 მხატვრის გამოფენასთან ერთად, გაიმართა  Dédicace Gallery – დედიკას გალერეის ახალი დარბაზის  პრეზენტაციაც, რომელმაც არქიტექტურულად და კონცეპტუალურად განავრცო აქამდე არსებული სივრცე. ის  ერთგვარი პოსტამენტია, რომელიც შეითავსებს საცავის ფუნქციას, დროგამოშვებით კი, როგორც აღნიშნულ გამოფენაზე იყო ნაჩვენები, გალერეის ახალმა სივრცემ საგამოფენო ფუნქციაც შეითავსა. ე.წ. საგუშაგოს თავისი  ისტორიაც აქვს 2000-იანი წლების დასაწყისის სადარაჯოსა და თარხნიშვილის 25 ნომერში მდგარ სახლზე, რომლის დარაჯის კაბინაც დღეს უკვე გალერეის საცავის ფუნქციას ასრულებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.