fbpx

სიმონ მაჩაბლის გამოფენა -„პოეტის სიყვარული“


გააზიარე სტატია

ავტორი: კოტე ბოლქვაძე

 

სიმონ მაჩაბლის გამოფენა – „პოეტის სიყვარული“, რომელიც გაიმართა factory Tbilisi- ის ინდუსტრიულ სივრცეში, წარმოადგენს არტისტის შემოქმედების “Magnum opus”-ს (უდიდესი ნამუშევარი). გამოფენის ვიზუალური ქსოვილი და დრამატურგია კომპლექსურია – გამოსახულებების, ბგერების და მედიუმების გაფანტულობისა თუ მოუხელთებლობის თვალსაზრისით, ხოლო შინაარსობრივი თუ თხრობითი შრე კი მოქნილია და მონტაჟის პრინციპით გამოძრავებს სივრცეში.

ძირითადი  შინაარსობრივი ხაზი  წარმოაჩენს მიკრო-მაკრო კოსმოსის იდეათა ურთიერთმიმართებას, სადაც ადამიანი და სამყარო, სამყარო და ადამიანი დაუნაწევრებელ-შებირთვული მთლიანობაა. ადამიანი თავის თავშივე, როგორც მცირე სამყარო, ეფუძნება დიდი სამყაროს წესრიგს და ასევე დიდი სამყარო, მაკროკოსმი გამომდინარეობს ადამიანისეულ იდეათა სამყაროსაგან.

გამოფენის აღქმა თუ დათვალიერება შესაძლოა ყოველი მხრიდან, იქნება ეს   ვოლტექსტი, ციფრული ტრიპტიხი, ნამუშევრები, შავი, აქრომატული ფონი, ხევსურული სამოსის დამცავი ორნამენტები თუ შავი წულის ბადისებრი ქსოვილით მორთული შემოსასვლელი. შავი წულის ქსოვილი ეხმიანება გამოფენის ფონს, რითაც იქმნება ერთგვარი “Camera obscura” (შავი ოთახი). შესაძლოა ეს გადაწყვეტა იყოს რეფერენციული საქართველოს ისტორიული მეხსიერების, სიკვდილთან თანაზიარი კულტურის, რადგანაც ქართული ეროვნული სამოსის ამსახველი გამოსახულებები თუ ნამუშევრები სწორედ ამ საკითხებს იკვლევს – „ევრაზიული და ტრანსკავკასიური“ ცნებების ფორმაცია. შემოსასვლელი რამდენადმე შავი ძაძებით აჩარჩოებს და მოსავს ქართული კულტურისა და გეოპოლიტიკის საკითხებს.

სუბიექტურად ჩემთვის გამოფენის აღსაქმელად საწყისი წერტილი არის ე.წ.  ვოლტექსტი (საგამოფენო ტექსტი), რომელიც მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული ტექსტობრივი თხრობისგან. ვოლტექსტი ერთგვარი კომპილაცია შეუქცევადი სიმბოლოებისა თუ ტექსტების. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ სიმონ მაჩაბლის შთაგონებათა ქაოსი და ამ ქაოსური წესრიგიდან აღმოცენებული არტისტული მონტაჟია – ინტუიციური პულსაცია და  ქმნადობის პროცესის გამჭვირვალობა. დღიურის პრინციპით დაშრევებული გამოსახულებებიდან იწრიტება მაჩაბლის გრაფიკული-ფერწერული ნამუშევრები. სცენოგრაფიული, ეთნოგრაფიული და კოსტიუმის დიზაინის ესკიზების ენა ბადებს ქართული კულტურის არქეოლოგიას. იმიჯების ერთმანეთზე გადაფარვით და გადადებით არეკლილია საქართველოს „განხორციელებულ-განუხორციელებელი“ შესაძლებლობათა არე, ანუ ტრანსკავკასიურ მოზაიკაში იკვეთება-რენესანსული, ბიზანტიური, ალქიმიური, ორიენტალური და კავკასიური სახე-ხატები. იმდენად, რამდენადაც გამოფენა ეძღვნება საქართველოს, ადგილს მსოფლიო რუკაზე – „არსებულსა და სამომავლოს“, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ სად იყო, არის და იქნება მონიშნული კულტურულ-პოლიტიკური იდენტობა – აღმოსავლეთში, დასავლეთში, ორივეს კვეთაში, ანუ კროსკულტურასა თუ  კავკასიის  ავტონომიურობაში, რომელიც ყველაფრისადმი მიმღებლურია, თუმცა მაინც სტერილურ თვითმყოფადობაში ავლენს სახეს…  

შავ ფერზე, როგორც საგამოფენო ფონზე, განლაგებულია ნამუშევრების ერთიანი სერია, ერთმანეთის მიჯრით თუ  არეული ტრაექტორიით. შავი ფერი განათების კონცენტრაციას და ამონათებას განაპირობებს – ემანაციას, ეპიფანიას, ანუ სინათლის, სასწაულის  ხილვა-გამოცხადებას; სინათლის ფონზე ქართული ფეოდალური ფერადოვნების ნამუშევრებს ვუმზერთ. მათი ფერადოვანი ხავერდი და სილაღე ზომიერია, დამჯდარი ქრომატული სიხშირის, რაღაც ისტორიული მეხსიერების დონეზეა „აალებულიდან აღდგენილი“.

ჩემთვის მხატვარი რამდენადაც ანაქრონისტულია, ღრმადაა ისტორიულ ბურუსში შესული, მისთვის იმდენადვე „თანამედროვის თუ თანადროულის“ შეგრძნებაც  თანმდევია. განზოგადებულად ფეოდალური პრინცები, რაინდები, მეომრები, ისტორიული პერსონები მის ყოველდღიურობას, ყოფას ებმიან. ისტორიულ მეხსიერებასა და შუასაუკუნოვან არქეოლოგიურ შრეებში გამოსახული  ადამიანები სურათში ქმნიან განცდას იმისა, რომ მონტაჟურად მიმაგრებულბი არიან, სხვა ყოფიდან და დროიდან მოხდა მათი „ექსპატრიაცია“, ხელოვანი ერთგვარად ხელდასხმას ახდენს, აკეთილშობილებს და ასამკაულებს მისი ყოველდღიურობის თანამოწმეებს… ეს ინტიმური და ემპირიულად დაგემოვნებულ იერსახეები  უბრუნდებიან თავიან პირველქმნადობას. კვაზიფეოდალური ადამიანი და სამყარო მირაჟია – სილამაზის, ვნებების და განსაწმენდელის. ამ სერიაში იკვეთება მხატვრის უშუალო თანაგრძნობა და ჩართულობა, მისი თანადასწრება თუ  შთაგრძნობა ასახული სურათებისადმი. 

გამოფენა სათაურის („პოეტის სიყვარული“) გარეშე არ იძლევა კონკრეტიკას, იგი თავისი აგებულებით პროზაზე უფრო მეტად პოეზიაა. ხელოვანი ამ გამოფენას უძღვნის  3 დიდ ქართველ პოეტს: ბესარიონ გაბაშვილს, დავით გურამიშვილსა და ნიკოლოზ ბარათაშვილს. მათთან მიმართებაში არანაირი ნიუანსი არ ვლინდება, პირიქით, იბადება კითხვა, თუ როგორ შეიძლება მათი პოეზია უსიტყვოდ და გამოსახულებისამებრ გამოვლინდეს ისე,  რომ კეთილშობილური სულისკვეთება არ გაქრეს…

ვოლტექსტსა და სურათებში ტრადიციული ქართული კოსტიუმი ერთგვარი ილუზორული პერსპექტივაა, ანუ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირება და ფეოდალური წყობის გარდაქმნა რომ არ მომხდარიყო, მხატვრის მიერ დახატული თანამედროვე წულები იქნებოდა ლოგიკური განგრძობადობა ჩვენი ისტორიისა და კულტურული იდენტობის. 

შუმანის მუსიკალურ კომპოზიციასთან შერწყმული „ხახულის კარედის“ მოყვანილობის   ვიდეოინსტალაცია ასევე ასახავს არტისტის ქმნადობის პროცესს, საკუთრივ რუხი პრინტებიდან, თუ რაგვარად იბადება ფერწერა და რამდენად ობსესიურად გადაღვრადია ერთი ნამუშევარი მეორეში.   ხახულის კარედის ციფრული ყალიბი მარჯვენა და მარცხენა მხრიდან,  მონუმენტური  და აქრომატული რაინდის და ანგელოზის აზიდული ფიგურებით ჩარჩოვდება; ადამიანის ორი ტემპერამენტი ქაღალდის ფორმატიდან გადადის მომიჯნავე კედლებზე და უერთდება ყოვლისმომცველ შავს ან კიდევ სინათლეს. შავი საგამოფენო სივრცე   ორპოლუსიანია ემოციური აღქმის კუთხით – სინათლე-სიბნელე, სიკვდილი-სიცოცხლე, ვნება-სიწმინდე, სიყვარული-ზიზღი და  ისტორია-ნოვაცია ამ ჩამონათვალთა  კინეტიკური ქანქარაა.

P.S.

ამ  გამოფენასა და ზოგადად, ხელოვნების ისტორიაში ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართებაზე მუდმივად მახსენდება ლეონარდო და ვინჩის „ვიტრუვიუსის კაცი (ადამიანი)“. ერთ წრებრუნვასა თუ ცნობიერების მორევში ჩაძირული ადამიანი ხდება მრავალგვარი, თუ შინაგან ვერტიგოებს არ გაურბის.

სიმონ მაჩაბლის ეს გამოფენა და არტისტული შიმშილი ამდაგვარად იაზრებს მიკრო-მაკროკოსმის ერთობას. ადამიანი სამყაროში და სამყარო ადამიანში ბრუნავს, ეს წრებრუნვა გაუთიშავია, სტიქიასავით წამლეკავი და ადამიანის საზრისი  მხოლოდ სამყაროსთან მნიშვნელობს, როდესაც სამყარო ძარცვავს მას…

სიმონ მაჩაბლის ეს ნამუშევრები კაცობრიობის სევდის, სილამაზის, ადამიანისა და ისტორიის, როგორც „განდევნილი შინაარსების“ წრებრუნვაა, ამ შემთხვევაში ვიტრუვიუსის იდეალიზებული ადამიანი განდევნილ შინაარსებთან იწყებს საუბარს, სადაც ადამიანი და სამყარო გაუთიშავია, ორივე მათგანში ჩადებული და პირველადი  იდეა ერთმნიშვნელოვანია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.