fbpx

მექსიკის სულის აღორძინება – დიეგო რივერას ინდივიდუალიზმი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

…თითქოს სრული სახელისა და გვარის სიგრძეც მისი ინდივიდუალიზმის ნაწილიაო: დიეგო მარია დე ლა კონცეპციონ ხუან ნეპომუცენო ესტანისლაო დე ლა რივერა ი ბრიენტოს აცოსტა ი როდრიგეზ…

მცირე ბიოგრაფიული ცნობები: მოგზაურობა, ოჯახი, მიურალები….

მექსიკელმა რომანისტმა, კარლოს ფუენტესმა, რომელსაც ქართველი მკითხველი მაგიური რეალიზმის საკულტო რომან „არტემიო კრუსის სიკვდილით“ იცნობს, ოქტავიო პასზე თქვა: „მექსიკის ღვიძლი შვილი, ლათინური ამერიკის ძმა…“ ამ სიტყვათა დამაჯერებლობა კიდევ უფრო იმატებს, როცა ვეცნობით ოქტავიო პასის შემოქმედებას, მის ესეებსა და ლექსებს და მართლაც, ვრწმუნდებით, რომ პასში მთელი სიმძლავრით ცოცხლობს მექსიკა, ემოციებით, ვნებებითა და ქარიზმით სავსე ქვეყანა. როდესაც ფუენტესისეულ დახასიათებას ვიგონებთ ოქტავიო პასის შესახებ, ძნელია, არ გაგვახსენდეს დიდი მექსიკელი მხატვარი, კუბიზმის, პოსტიმპრესიონიზმისა და მთლიანად მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – დიეგო რივერა. 

დიეგო რივერა გუანახუატოში 1886 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. განსაკუთრებული სითამამისა და რევოლუციური ბუნების გამო, რივერა ლათინურ ამერიკაში ფრესკული მხატვრობის ამაღორძინებლად მიიჩნევა. სამთავრობო სტიპენდიის წყალობით, მან ათი წლის ასაკში, სან კარლოსის აკადემიაში, ხელოვნების შესწავლა დაიწყო, 1907 წელს კი ევროპაში გადავიდა სასწავლებლად. ფერმწერმა სამხატვრო განათლება ესპანეთში მიიღო, რასაც მხატვრის პარიზში გადასვლა მოჰყვა. საფრანგეთში დიეგო რივერა პაბლო პიკასოსა და სხვა გამორჩეულ არტისტებს დაუმეგობრდა.  ყოველივე ამან კი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რივერას სტილის ცვლილებაზე – ის, თითქოს ემშვიდობება კუბიზმს და სეზანისეულ პოსტიმპრესიონიზმში აგრძელებს მოღვაწეობას. 

2004 წელს მიკ დეივისმა, ენდი გარსიას მონაწილეობით, გადაიღო ფილმი ამადეო მოდილიანის შესახებ. ფილმში რამდენიმე სიუჟეტური ხაზია, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად მაინც მხატვართა შეჯიბრი, უფრო ზუსტად კი, პიკასოსა და მოდილიანის კონფლიქტი გვევლინება. შეჯიბრებაში არაერთი მხატვარი  მონაწილეობს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ დიეგო რივერაა, რომელიც მაყურებელს იმ საოცარი გამომეტყველებით ამახსოვრდება, რომელიც მისი როლის შემსრულებელ მსახიობს აქვს აღბეჭდილი საკუთარი ნამუშევრის – „მექსიკა“ – დანახვისას. 

1921 წელს რივერა მექსიკაში დაბრუნდა  და ადგილობრივ მხატვარ დევიდ ალფარო სიკეიროსთან ერთად დაიწყო რევოლუციურ თემატიკაზე მუშაობა. ეს იყო ერთგვარი დაბადება ქუჩის მხატვრობისა. ფრესკული მხატვრობა, რომელიც მომავალში ამშვენებდა მექსიკის ქუჩებს, დიეგო რივერას დაწყებულია. სამშობლოში დაბრუნებულმა მხატვარმა, პირველი ფრესკა ბოლივარის სკოლის აუდიტორიისთვის შექმნა. 1923 წელს კი მეხიკოში სახალხო განათლების სამინისტროს შენობის კედლების მოხატვა დაიწყო. რივერას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მექსიკის სული და მექსიკელების ყოველდღიურობა აესახა. სწორედ ამიტომ მის ნამუშევრებში ჭარბად ვხვდებით სოფლის მეურნეობასთან, მრეწველობასთან ასოცირებულ სიუჟეტებს. დიეგო რივერას მიურალების მთავარი სტილი გაბრტყელებული ფიგურები და ნამუშევრებში ხალხმრავლობა იყო. ის არ ერიდებოდა თამამ, ნათელ ფერებს და ამით აღწევდა სენტიმენტალურ, რევოლუციურ განწყობას

გარდა მექსიკის ყოველდღიურობის ასახვისა, დიეგო რივერა არ ერიდებოდა ისტორიული დეტალების წინა პლანზე წამოწევასაც. მისი მიურალები მექსიკის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ეხმიანება. კუერნავაკაში,  მეხიკოს ეროვნულ სასახლესა და სოფელ ჩაპინგოს ეროვნულ სკოლაზე შესრულებული ნამუშევრები კოლუმბიამდელი ინდიელების ცხოვრებას, ესპანელი დამპყრობლების სისასტიკესა და იმ ბრუტალურ სცენებს ასახავს, რომლებიც რივერას ფიქრებში მარადიულად ცოცხლობდა. 

დიეგო რივერას შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი შეერთებულ შტატებს უკავშირდება. აშშ-ში ყოფნისას რივერამ კალიფორნიის სახვითი ხელოვნების სკოლისთვის ფრესკები შექმნა, ამას მოჰყვა დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის დეკორაცია და ნიუ-იორკში არსებული როკფელერის ცენტრის მოხატვა. ამ ნამუშევარმა დამკვეთთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რის მიზეზადაც ნახატზე ლენინის ფიგურის არსებობა მიიჩნევა. ნამუშევარი მალევე გაანადგურეს, მაგრამ მექსიკელი გენიოსის შემოქმედებაზე აღნიშნულ ინციდენტს ცუდად არ უმოქმედია. 

 

დიეგო რივერას ცხოვრება რამდენადაც საინტერესოა მის მხატვრობაზე მსჯელობისას, იმდენად ბევრ მნიშვნელოვან ბიოგრაფიულ ასპექტს მოიცავს. რივერა კათოლიკე ებრაელების ოჯახიდან იყო. იგი ლათინურ ამერიკაში სახალხო გმირად მიიჩნევა, როგორც უამრავი ხელოვანი ამ კონტინენტიდან, ისიც იზიარებდა კომუნისტურ შეხედულებებს. ჰყავდა მეუღლე, ანგელინა ბელოფი, რომლისგანაც ერთი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ბავშვი ჩვილობის პერიოდშივე დაიღუპა. მალევე რივერამ რუს ემიგრანტ მხატვარ მარია ვორობიოვასთან შექმნა ოჯახი და ქალიშვილი გაუჩნდა. ეს რივერას უკანასკნელი ქორწინება არ ყოფილა. მხატვრის ამ მხარესთან ასოცირებული მთავარი  დეტალები ფრიდა კალოსთან გვაკავშირებს. მექსიკელი მხატვარი, ფრიდა კალო, დიეგო რივერას უკანასკნელი მეუღლე იყო, მაგრამ მათ შვილი არ ჰყოლიათ. 

1929 წელს დიეგო რივერამ ფრიდა გაიცნო. როდესაც რივერას სასიყვარულო ისტორიებზე საუბრობენ, პირველი ორი ქორწინება, ჩნდება განცდა, რომ ბიოგრაფებს მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ, მაგრამ როდესაც საქმე ფრიდა კალოზე მიდგება ხოლმე, აქ თითოეული მკვლევარი საოცარ სულიერ კავშირზე იწყებს საუბარს. როგორც ამბობენ, დიეგოს აზრით, ფრიდა არცერთ ქალს არ ჰგავდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი მხატვრის რომანტიკული კავშირი ძალიან ღრმა იყო, 1940 წელს ის დაირღვა, თუმცა ძალიან მალე, იმავე წელს აღდგა. 

 

დიეგო რივერას კუბიზმი

მიუხედავად იმისა, რომ კუბიზმის მიმდევარი მხატვრები სამხატვრო ექსპერიმენტებს ნატურმორტებისა და პეიზაჟების ირგვლივ ატარებდნენ, დიეგო რივერამ შემოქმედების ცენტრალურ ხაზად პორტრეტები აირჩია. ის ქმნიდა ყველასაგან გამორჩეულ, ამაღელვებელ პორტრეტებს ეპოქის გამორჩეული ადამიანებისა. კუბიზმში ჩაძირული მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აწყობდა გამოფენებს და მთელ მსოფლიოს უზიარებდა კუბიზმის ახლებური სტილის დამკვიდრებას. 

რივერას კუბიზმი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა დიადი მხატვრების ამ ჟანრში შექმნილი ნამუშევრებისაგან. მექსიკელი ფერმწერი ნამუშევრებში ზეთთან ერთად ქვიშასა და ნახერხს იყენებს და ამით განსხვავებულ, რევოლუციურ ტექსტურას ქმნის. დასაწყისში აღვნიშნე, რომ დიეგოს შემოქმედება არის ფანტასტიკური ვიზუალიზაცია მექსიკის სულისა, – მართლაც, ის ხანდახან ურევდა მექსიკურ მოტივებს საკუთარ ნამუშევრებს და ფერად, მკვეთრ ტილოებს ქმნიდა. 

რივერას პორტრეტებისადმი სიყვარულში მხატვრის ინტერესი უნდა დავინახოთ ადამიანის სხეულის ფორმების შესახებ. არტისტი ხატავდა იმას, რაც უშუალოდ მისი სულის განუყოფელი ნაწილი იყო: მეგობრებს, იმ ხელოვანებს, რომლებთანაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში მეგობრობდა. დიეგო რივერას აქვს ნამუშევართა ასეთი ციკლი, რომელიც აერთიანებს პარიზში მცხოვრებ რუს ემიგრანტებს. დიეგო რივერა მათ პირველი და მეორე მეუღლეებისგან იცნობდა.   

ეს საზოგადოება 1905 წლის  პეტერბურგის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ ემიგრაციაში წასულ ბოლშევიკებსაც მოიცავდა: ახალგაზრდა რომანისტი ილია ერენბურგი, პოეტი მაქსიმილიან ვოლოშინი, მოქანდაკე ოსკარ მიესჩანინოვი, მხატვარი ალექსანდრე ზინოვიევი და სხვა. 

დიეგო რივერას კუბისტური ნამუშევრები თავის გარშემო აერთიანებდა როგორც მკვეთრად უარყოფით, ისე დადებით გამოხმაურებებსაც. მხატვარს მიაჩნდა, რომ კუბისტური პორტრეტი უნდა შეიცავდეს ინდივიდუალიზაციის გარკვეულ დონეს, რაც მას დაახლობს სინამდვილესთან. დიეგო რივერას ამ იდეას ბევრი არ ეთანხმებოდა, მაგალითად, ხელოვნებათმცოდნე პიერ რევერდიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აკრიტიკებს კუბისტური პორტრეტის იდეას და იმ მხატვრებს, რომლებიც კუბიზმის მიმდინარეობას ავრცელებენ. გადმოცემის თანახმად, დიეგო რივერა ერთ-ერთ სადილზე ფიზიკურად გაუსწორდა რევერდის. ყოველივე ამან კუბისტური ბანაკის ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვია. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ რივერას ხედვა ინდივიდუალიზმის კუბიზმში დამკვიდრების შესახებ მართალი იყო, ხოლო საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რევერდის პოზიცია მოსწონდა. ამ დაძაბულმა სიტუაციამ და აზრთა სხვადასხვაობამ რივერას გადააწყვეტინა, დაეტოვებინა კუბისტური მოძრაობა. 

ამ პერიოდიდან უკვე მისი მხატვრობის ის ეტაპი იწყება, რომელიც ზევით ვახსენეთ. დიეგო რივერა მხატვრობის კლასიკურ მოდელზე გადადის და მექსიკური ელემენტებითა და რევოლუციური პასაჟებით სავსე კედლის მხატვრობას გვთავაზობს. 

 

პოსტიმპრესიონიზმის გაელვება

 

1912 წელს დიეგო რივერა და ბელოფი სტუდია მონპარნასში მიდიან. ბოჰემური პარიზის ცენტრი დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ხდებოდა ინტელექტუალთა და ხელოვანთა შეკრებებისათვის. მონპარნასში ხშირად მოსიარულე დიეგო რივერა სხვადასხვა ეროვნების, საფრანგეთში მოღვაწე მხატვრებს დაუმეგობრდა და მათი გავლენის ქვეშ მოექცა, თუმცა მის ნამუშევრებს ინდივიდუალობა არასდროს დაუკარგავს. 

სეზანისეული პოსტიმპრესიონიზმი რივერას შემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს განხრად ჩამოყალიბდა. მხატვარმა კუბისტური მახასიათებლები მიივიწყა და აბსოლუტურად სხვა სტილი წარმოშვა. 

გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ დიეგო რივერას შემოქმედების მთავარი ხაზი პოსტიმპრესიონიზმში გადის. რეალურად, მხატვარს, მიდგომებს საკუთარი ნამუშევრების მიმართ, მოგზაურობა, ემიგრაცია და სხვადასხვა საზოგადოებებთან თუ კულტურებთან თანაზიარობა უცვლიდა. აღნიშნულ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ მექსიკაში საბოლოოდ დაბრუნებული მხატვარი აღარ ცვლის სტილს და მკვეთრად მისთვის დამახასიათებელი მიურალების ერთგული რჩება. 

 

პოლიტიკა, ნაციონალიზმი და მექსიკის რევოლუცია

რივერას ურთიერთობამ ბელოფთან და მისმა მონაწილეობამ რუსი ანარქისტების წრეში მხატვრის შემოქმედებასა და პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა. დიეგო რივერას კონფლიქტურ, მძიმე სიტუაციებით სავსე და მკვეთრად გაუარესებულ ევროპასა და მექსიკაში მოუხდა ცხოვრება, რამაც მისი ნამუშევრების ნაციონალისტური მახასიათებლებით გაჯერება გამოიწვია. 

ნაციონალიზმით გაჟღენთილი რივერას კუბისტური ნამუშევრები პაბლო პიკასოს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მან 1914 წლის გაზაფხულზე ჩილელ მხატვარს, ორტიზ დე ზარატეს დაავალა დიეგო რივერასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დაგეგმვა. მხატვრები მალევე დამეგობრდნენ და სიცოცხლის ბოლომდე იზიარებდნენ ერთმანეთისგან მიღებულ გამოცდილებას. ყოველივე ამის პარალელურად პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ესპანეთში დაბრუნებული დიეგო რივერა ომის მიმდინარეობისას აქვე დარჩა. ამ პერიოდში იგი გულმხურვალედ უჭერდა მხარს ფრანგულ მხარეს ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა თუ აქტივობაში. მისი ცნობილი ნამუშევარი „ეიფელის კოშკი“ სწორედ იმ პატრიოტულ განწყობას უკავშირდება, რაც რივერას საფრანგეთისადმი გააჩნდა. 

ყოველივე ამას 1915 წლის მექსიკის რევოლუციაც დაემატა. სამშობლოდან წასული რივერა ბევრს ფიქრობდა მექსიკაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და, გასაკვირი სულაც არაა, რომ მხატვრის შემოქმედებაში მისი პატრიოტული სული მკვეთრად გამოსჭვივის. როდესაც მექსიკის რევოლუციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვახსენოთ დიეგო რივერას მდგომარეობის სირთულეც,  –  ის, სამშობლოს გარეთ მყოფი, ჟურნალისტ გუზმანისგან იღებდა ინფორმაციას, ამ კომუნიკაციას კი ჟურნალისტის პორტრეტის შექმნა მოჰყვა. 

ამდენად, ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია, მხატვრის მთავარი, ყველასაგან გამორჩეული, ინდივიდუალისტური პრინციპები შევიცნოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ დიეგო რივერას შემოქმედების ცვლილებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მისი სხვადასხვა კულტურებთან თანაზიარობა. რეალურად მისი სტილი ერთი იყო, მას უბრალოდ სურდა, რომ მექსიკა ეჩვენებინა საკუთარ ნამუშევრებში. უდიდესი პატრიოტიზმისა და ეროვნულ ფასეულობებთან შეზრდის გამო, მხატვარი ყოველთვის ახერხებდა, მკვეთრად ინდივიდუალისტური შტრიხების შექმნას და სწორედ ეს შტრიხებია, მის ნამუშევრებს მილიონ ნახატში რომ გამოგვარჩევინებს. დიეგო რივერას შემოქმედების დაბადება არის დაბადება მექსიკის სულისა, რომელშიც დიდი ვნებათაღელვა და ემოციათა მთელი პალიტრა იგრძნობა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.