fbpx

2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ


გააზიარე სტატია

2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში “ჰარაკი” დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ:

სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა. წარმოგიდგენთ 2022 წლის ლაურეატთა ვინაობას და გამარჯვებულ ნამუშევრებს.

თეატრალური ხელოვნება:
გივიკო ბარათაშვილი
მსახიობი
საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან „თოლია“ რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი)

კინოხელოვნება:
თინათინ და ხვიჩა ემირიძეები
კინორეჟისორები
საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რესპუბლიკა”

მუსიკალური ხელოვნება:
ვერიკო ჭუმბურიძე
მევიოლინე
საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო)

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
თორნიკე სიბაშვილი
პოეტი
საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021)

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ცოტნე ავსაჯანიშვილი
მწერალი
საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021)

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
მარი ლუიზა კონჯარია
ქიმიკოსი
საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი Journal of Chromatography A, 2022)

სახვითი ხელოვნება:
ანა ჯიბლაძე
მულტიმედია არტისტი
საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი – The Only Scar” (2022)

ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ანა ქირია
ფილოლოგი, ფილოსოფოსი
საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“ 2021)

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, ჯილდოთი, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.

კომპანია „პეესპეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ თეატრალურ კომპანიას „ჰარაკი“ და სამუსიკო ხელოვნების 2 გამორჩეულ ნომინანტს იოსებ ჯუღაშვილსა და გიორგი კობერიძეს.

„წინანდლის პრემია 2022“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით პროექტის მხარდამჭერები არიან:

ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „თიბისი ბანკი“, „პეესპე“, „ჰარაკი“, პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.