fbpx

„ვითომ გახსნიან აქ კინოს?” – ვინ დაანთო კინო რეგიონებში?


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

ვინ დაანთო კინო რეგიონებში? რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა – ქსელმა 7-15 ნოემბერს ქართული კინოს კვირეული დააანონსა, ათეულობით წლის წინ ჩამქრალ, გაუქმებულ კინოთეატრებსა და მიტოვებულ კულტურის სახლებში ერთდროულად  5+1 ეკრანზე კინო დაბრუნდა: 

ქ. გორი, სოფ. ბეთლემი, კულტურის სახლი, უტა ბერიას ფილმი – “უარყოფითი რიცხვები“;

ქ. ამბროლაური, კინოს ყოფილი შენობა,  უტა ბერიას ფილმი – „უარყოფითი რიცხვები“;   

ქ. ბოლნისი, ძველი კინოთეატრი, ალ. კობერიძის ფილმი  – “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ”; 

თეთრიწყარო, სოფ. სამშვილდე, კლუბის შენობა, ელდარ შენგელაიას ფილმი –  “შერეკილები”; 

კასპი, სოფ, კოდისწყაროს კულტურის სახლი, ალ.კობერიძის ფილმი – “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ”;

ლაგოდეხი, სოფ. ჭიაური, კულტურის სახლი, უტა ბერიას ფილმი – “უარყოფითი რიცხვები“.

რა კარგი პროგრამაა! ნუთუ აქამდე რეგიონების ძველ კინოთეატრებში ფილმებს არავინ აჩვენებდა? ფიქრობ, და სასიამოვნო მოგონებები თავს გატყდება: პატარაობაში საკურორტო ძველ კინოთეატრში გაშვებული “შესანიშნავი შვიდეული”, სადაც სროლის ხმას და კალვერას ბანდის მიერ დაწიოკებული გლეხების კივილს ჭრიჭინების ხმა უერთდება.  გახსენდება ბერლინის 50-იანი წლების, ძველი, სათუთად შენარჩუნებული კინოთეატრი, სადაც ორსონ უელსის ფილმების რეტროსპექტივა მაღალი ხარისხით გაქვს ნანახი და შენს ქვეყანაშიც მსგავს კინოთეატრს ნატრობ. მაშინვე გინდება ქსელის საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანა, მხარდაჭერა, ქართული და საერთაშორისო პრემიერების მათთან ერთად გამართვა; გგონია, რომ ქსელი  რეგიონებში კინოჩვენებებს უკვე აღდგენილ კინოთეატრებსა და კულტურის სახლებში ატარებს, რომ ქსელი დიდი ხნის ორგანიზაციაა მზა კონცეფციით, გამართული ინფრასტრუქტურითა და დამკვიდრებული სახელით, სახელმწიფო ინსტიტუციების  და ადგილობრივი მსხვილი კომპანიების მხარდაჭერით.

მხოლოდ ადგილზე მისულს შეგიძლია დაინახო, რამდენად მცდარია შენი წარმოდგენა, რეალობა კი -.განსხვავებული.

რეგიონების კინოთეატრები და კულტურის სახლები ჩვენი მთავრობების პორტრეტებია, მათი პრიორიტეტების, ნების და  დამოკიდებულების კულტურისა და განათლებისადმი.  შენობები გასხვისებულია ან დანგრევის პირამდეა მისული,  არ ფუნქციონირებს კომუნიკაციები: ელექტრობა, გათბობა, კანალიზაცია. არ სუფთავდება შიდა და გარე ტერიტორია. ამბროლაურის ყოფილი კინოთეატრის შენობა პრივატიზებულია, კინოს მაგივრად სარიტუალო დარბაზი ფუნქციონირებს. ყოფილი პარტერის ადგილას სუფრებია გაშლილი, სადაც ხან ნეფე-პატარძალს ადღეგრძელებენ, ხან კიდევ შესანდობარს ამბობენ. 

“… აქ კინო იქნება, თქვენც დარჩებითო, გვეუბნებოდნენ… მერე კინოდარბაზი მოშალეს. მარტო ეკრანია დარჩენილი. სააპარატოც დაშალეს. რასაც ქვია გამოგვყარეს. ასე რომ, აღარ ვიცი, რამდენად აღდგება აქ კინო. 90-იანებსაც ყველანაირად გადაურჩა ჩვენი კინო, ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. ფოიეში დისკოთეკებიც ეწყობოდა. სააკაშვილი რო მოვიდა პრეზიდენტად, ფილმი  “ჯვაროსნები” გადიოდა, მოვიდა, დაჯდა დარბაზში და ჩვენთან ერთად უყურა ფილმს, მერე 2008-ში გაყიდეს. ჩვენ გვქონდა აქციის ფურცლები შპს ვიყავით – “ამბროლაურის კინო-ვიდეო შპს”.  დღესაც მაქვს შენახული, თუ რამე შეიცვლება, მაგრამ არა მგონია, შეიცვალოს ამ მთავრობის ხელში. ქუთაისის კინოგაქირავება გვამარაგებდა ახალი ფილმებით. კიდევ, ახალი კინო რო გამოდიოდა თბილისში, ჩვენი მძღოლი მიდიოდა და ჩამოქონდა ის ფილმი, თბილისის მერე ჩვენთან ჩამოტარდებოდა. 35 წელი ვმუშაობდი ბუღალტრად, ყველა ფილმი ნანახი მქონდა… ტყიბულშიც ასე სარიტუალო დარბაზად გადააკეთეს, ონში და ცაგერშიც იყო კინოთეატრები და ახლა არ ვიცი..” თალიკო ბოჭირიშვილი, ამბროლაურის ყოფილი კინოთეატრის ბუღალტერი.

ხარაგაულის რაიონის სოფელი ზვარეს მაგალითი მახსენდება. 2020 წელს დოკუმენტალისტებმა – ნინო ორჯონიკიძემ და ვანო არსენიშვილმა თავიანთი ფილმის, “გვირაბის” პრემიერა მოაწყვეს, რომელსაც 6 წელი იღებდნენ ზვარესა და მოლითში. ფილმის დასაწყისში ვხედავთ ეთერს, რომელიც მთელი თავისი ხანდაზმული ცხოვრების განმავლობაში სოფლის სკოლის გულშემატკივარია და იმედი აქვს, რომ საუკუნის წინ აშენებული ერთსართულიანი სკოლის შენობა ოდესმე საგანმანათლებლო და კულტურის კერის ფუნქციას დაიბრუნებს. მაგრამ, სკოლის ეზოში ჩვენ მისი ქელეხის მომსწრენი ვხდებით. დღემდე ეს სკოლა სოფელში  სარიტუალო ფუნქციას ასრულებს.

ბოლნისის კინოთეატრის შენობაში წვიმს და ყველა კომუნიკაცია გაუმართავია. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც ოქრო მოიპოვება და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კერძო კომპანია ბიზნესს აწარმოებს, იყენებს რეგიონის რესურსს და დაბინძურებული გარემოს გარდა მოსახლეობას არაფერს უბრუნებს, არ თვლის თავს ვალდებულად  სოციალური პასუხისმგებლობა დაიკისროს და რეგიონში თუნდაც ერთი კინოთეატრი აღადგინოს. სხვა რეგიონების  გაპარტახებულ კულტურის სახლებში, გარდა კომუნიკაციებისა, დასაჯდომი სკამებიც კი აღარ არის. ასეთია ჩვენი მთავრობების და ბიზნესის სახე.

და თუკი დღეს, ამგვარი სირთულეების მიუხედავად, შეგვიძლია, თუნდაც ერთჯერადად, საქართველოს ექვს სხვადასხვა რეგიონში კინოს ვუყუროთ, ეს ქსელის წევრების პირადი ინიციატივის, მონდომებისა და დიდხნიანი ბრძოლის დამსახურებაა.

“… კინო სფეროს წარმომადგენლები ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანი და მომხიბვლელია ეს მოძრაობა, მზად არიან საკუთარი რესურსით ქსელს მხარი დაუჭირონ. ბევრს კი გონია, რომ რეგიონებში მათ მზა ინფრასტრუქტურა დახვდებათ…” – ელენე მარგველაშვილი, კინოპროდიუსერი, სახელოსნოს მენტორი.

რა არის ქსელი? ქსელი საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და დამოუკიდებელი რეგიონული ორგანიზაციების ერთობაა, მათი, ვინც აქამდე მარტო, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ რეგიონში ცვლილებების მიღწევას. ეს ინიციატივა  ეკუთვნით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ და იბრძვიან კულტურის ხელმისაწვდომობისთვის საკუთარ ქალაქებსა და რეგიონებში; ებრძვიან მოწყენილობას და ცდილობენ შექმნან კულტურული სივრცეები, სადაც დროს კი არ მოკლავენ, არამედ გაცვლიან იდეებს და შექმნიან ახალს, ამით ჩაანაცვლებენ მანქანით ხეტიალს, ქუჩის “ბირჟებზე” დგომას და კერძო სახლებში შეკრებებს.

 “არ მახსოვს, რომელიმე კაბინეტიდან უარით გამოვსულიყავი ბოლნისის კინოთეატრის საჭიროებებთან დაკავშირებით მისული, არც ის მახსოვს, რამე გაეკეთებინოთ..” – ამბობს ლაზარე გობეჯიშვილი, ქსელის წევრი, ბოლნისი.

ქსელის მიზანია: რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობა,  კულტურის დეცენტრალიზაცია და კულტურული სივრცეების გაცოცხლება. 

ქსელი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, კარგად მორგებული სახელწოდებაც სულ ახალია, ხოლო მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად გაცოცხლების პროექტი ქსელის წევრების პირველი დიდი ნაბიჯი და შემდგარი თანამშრომლობაა. ამ პირველი  ღონისძიების მიზანი იყო ქსელის იდეების და სამომავლო გეგმების “გამომზეურება”, აგრეთვე ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და  თანამოაზრეების შემოკრება. 

აქვე მინდა ეთერ არსანიძის წერილიდან ამონარიდი მოვიყვანო, რომელიც კარგად ასახავს ქსელის თანამშრომლობის პროცესს:

„კასპი – პასუხისმგებელი იყო FB-გვერდის შექმნა-მართვაზე;

თეთრიწყარო – FB-გვერდისთვის ტექსტების შექმნა-დამუშავება;

ბოლნისი – მედიასთან კომუნიკაცია, პრესრელიზის მომზადება-გავრცელება;

გორი – სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობა, დიზაინებზე მუშაობა;

ამბროლაური – სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება პირველი ჩვენებისთვის, გეგმის შესრულების კონტროლი, შიდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, შეჯამება, ანალიზი.

 ამასთანავე ყველა თავისი ჩვენებებისთვის არჩევდა სივრცეს, პუბლიკას, ავრცელებდა ინფორმაციას ჩვენების შესახებ საკუთარ თემში“ – ეთერ არსანიძე – ქსელის წევრი, ამბროლაური. 

ქსელის შემდგომი გეგმები და გამოწვევები ასეთია:  რეგიონში დამოუკიდებელი, მდგრადი, თანამედროვე, კულტურული სივრცის მართვის მოდელის შექმნა, რაც გულისხმობს: ცენტრიდან დამოუკიდებლად საკადრო პოლიტიკის მართვას, კულტურული შინაარსის თავად არჩევის შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის ფორმების ძიებას. არაკომერციული კულტურული ინსტიტუციის ფინანსური მოდელის შექმნას. სამწუხაროდ,  ასეთი ტიპის მართვის წარმატებული გამოცდილება საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს.

“ჩვენი არამდგრადი პრაქტიკა არ იცნობს ჯერ მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. ამიტომ, დასავლური ქვეყნების პრაქტიკას პირდაპირ ვერ გადმოვიღებთ, რადგან იქ დემოკრატიული გარემო ტრადიციის და კულტურის ნაწილია. ჩვენთან ამ კულტურის შექმნა უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვისწავლოთ, როგორ მოვთხოვოთ მთავრობას  ვალდებულების შესრულება. მთავრობასა და ამომრჩეველს შორის ანგარიშვალდებულების დაცვა ჩვენთანაც უნდა იქცეს კულტურის ნაწილად”.  –  ამბობს კოკა კიღურაძე, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ვინ მოქსოვა ქსელი?  მოძრაობა თავდაპირველად 2013 წელს ბოლნისში დაიწყო. ახალგაზრდა რეჟისორმა თორნიკე ადამაშვილმა მეგობრებთან ერთად ღია კინოჩვენებების მოწყობა, ბოლნისის კინოთეატრის აღსადგენად ხელმოწერების შეგროვება და აქციების გამართვა ითავა. ასეთმა აქტივიზმმა შედეგი გამოიღო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე მყოფი შენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნეს. საქართველოში თორნიკემ და მისმა მეგობრებმა პირველებმა შექმნეს პრეცედენტი, რომელიც გადამდები აღმოჩნდა და სხვა საინიციატივო ჯგუფებს უბიძგა მოქმედებისკენ, ქსელივით სხვა რეგიონებსაც მოედო. ეს პროცესი გამოცემა ინდიგომ კვალდაკვალ გააშუქა და ერთგვარი “კომუნიკატორის” როლი შეასრულა, მომავალი ქსელის წევრები ერთმანეთს დააკავშირა, საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გააერთიანა. სწორედ ამ გაერთიანების შედეგია ქსელი, რომელმაც წელს პირველი დამოუკიდებელი ღონისძიება წარმატებით  ჩაატარა.

“…წარმატებას არ ვიცი რას დავარქმევთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, თუ  რამხელა ინტერესი და მოლოდინი აქვთ ადამიანებს რეგიონებში იმის, რომ ადგილზე რაღაც შეიცვლება, რომ კულტურა იქაც გახდება ხელმისაწვდომი. ..ახალგაზრდები  პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის იქ არაფერი საინტერესო არ ხდება და მიდიან რეგიონებიდან, თუმცა არ უნდათ, ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც არ უნდა წასვლა… ამ ახალგაზრდებისთვის ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ რამდენიმე სახელოსნოს, რომელიც მთავრობასთან და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის ფორმებს  ეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელოსნოს არა მარტო მონაწილეები, არამედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“. – ნინო ლომაძე, გამოცემა ინდიგოს რედაქტორი.

ვფიქრობ, ასეთი მიდგომა კულტურის დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი ეფექტიანი ფორმაა, ადამიანებს რეგიონებში ასწავლო ის, რაც კონკრეტულად ამა თუ იმ რეგიონს ესაჭიროება… ინდიგომ აგრეთვე იკვლია და შექმნა ერთგვარი ბაზა, სადაც რეგიონებში არსებული 800-მდე ყოფილი კინოთეატრი და კულტურის სახლი აღრიცხა. იმედია,  მომავალში ქსელი მათაც მოედებათ. და, თუკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზამთრის მოწყენილობაში ნაქსოვი სიფრიფანა ქსელი მყარ ქსოვილად იქცევა, თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად  საქართველოში  სამოქალაქო მოძრაობამ გაიმარჯვა.

– „ვითომ გახსნიან აქ კინოს?” – კითხულობს გამვლელი ბოლნისის კინოთეატრთან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.