fbpx

მგრძნობელობის წერტილი – გიორგი (მაკარი) გოგოლაძე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

„როცა გულწრფელად და ყურადღებით უსმენ, მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი დაინახო ადამიანი თუ კონკრეტული ფაქტი, ილუზიები ქრება და რეალობას უსწორებ თვალს.“ – გიორგი (მაკარი) გოგოლაძე

3-7 ნოემბრის ჩათვლით ქართველი და უკრაინელი არტისტები ყოფილი კოკა-კოლას ქარხნის სივრცეში კულტურის კვირეულისთვის გაერთიანდნენ, რომლის კონცეფციაც ომის შემზარავ რეალობაში სოლიდარობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების მნიშვნელობას მოიაზრებდა. 

მიუხედავად არაერთი საინტერესო გამოფენისა და ნამუშევრისა, იდეის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გიორგი (მაკარი) გოგოლაძის ხმოვანმა სკულპტურამ (კონსტრუქციის თანაავტორი პაატა გოძიაშვილი), სახელწოდებით – მგრძნობელობის წერტილი. ნამუშევარი ორი ლითონის ფირფიტის მეშვეობით, რომელიც ერთი მხრიდან ვიბრაციული დინამიკებით არის აღჭურვილი, კიევის ცენტრალური ქუჩიდან 2 მიკროფონის მეშვეობით გადმოცემულ სიგნალს აჟღერებს და ხელშესახებს ხდის. ინსტალაცია კულტურის კვირეულის ფარგლებში 5 ნოემბრიდან იყო წარმოდგენილი. 

24 თებერვლიდან ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მასში ომი შემოვიდა და  არსებული რეალობის ნაწილად იქცა. ყოველდღიურად ტელევიზორსა და სოციალურ მედიაზე მიჯაჭვულები თვალს ვადევნებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და სწორედ იმ თანაგრძნობის და სოლიდარობის შეგრძნება გვიჩნდება, რომელიც არტისტის მთავარ თემად იქცა. ეს არის თანაგანცდა არა მხოლოდ ჯარისკაცებთან, არამედ იმ ადამიანებთან, რომელთათვისაც ტრაგედია ყოველდღიურობად იქცა. ლითონის ფირფიტებს შორის აღმოჩენილი დამთვალიერებელი/მსმენელი ლაივ რეჟიმში “ეხება” ხმას უკრაინიდან და მშვიდობის ილუზიიდან ერთგვარად საომარ მდგომარეობაში გადადის. ფირფიტების შეხებისას ომის გამოცდილებას პირდაპირი მნიშვნელობით სხეულით ვგრძნობთ. მგრძნობელობის წერტილი უნიკალურობის, წამის და რეალობის განცდას გვიქმნის, რაც უშუალოდ დროსთან და მის წარმავლობასთან არის დაკავშირებული. გადის რამდენიმე წამი და ეს ხმა და რეალობა აღარ არსებობს, მას ცვლის სხვა და შენ ამ განსაკუთრებულ მომენტს მთელი არსებით შეიგრძნობ. პერცეფციის ორი საშუალება ერთად – ხმა და შეხება – კიდევ უფრო ამძაფრებს და შეგრძნებების მთელ კასკადს აღძრავს, რომელიც თითოეული ადამიანისთვის განუმეორებელია და შიშს, ტკივილს, სიხარულსა და იმედს აერთიანებს, რასაც არტისტი ძალიან ფაქიზი მიდგომით განგაცდევინებს. 

კარგი ხელოვნება ყოველთვის მეტაფორებით საუბრობს და ამ შემთხვევაშიც კონკრეტული, რეალური, პერსონალური, უნივერსალურ იდეებთან იკვეთება. ლაკონიური და მინიმალისტური სკულპტურული ფორმა შეხების ფირფიტებისა და კომპიუტერს შორის (საიდანაც სიგნალის ტრანსლირება ხდებოდა) დამაკავშირებელი მილებისა და გამჭვირვალე ხუფის ქვეშ მოქცეული მექანიზმის სახით, ერთგვარ ფუტურისტულ ელემენტებად იკითხება. შორეული და ესოდენ ახლობელი უკრაინიდან წამოსული ხმა ვიბრაციული დინამიკების გავლით ლითონის ფირფიტებზე გადავა და შეხების მეშვეობით პირდაპირ ჩვენს სხეულებში გაივლის. მას უნდა მოუსმინო და იგრძნო. მხოლოდ ამ შემთხვევაში იბადება თანაგრძნობა.“ – გიორგი (მაკარი) გოგოლაძე. 

არტისტი ინსტალაციის განთავსებას მომავალში ღია ცის ქვეშ იმედოვნებს, სადაც დამთვალიერებელი ნებისმიერ დროს შეძლებს ნახოს და შეეხოს “მგრძნობელობის წერტილს”. 

პროექტის მრჩეველია ქეთევან (ქეთი შავგულიძე), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი კონსტრუქციის ავტორი: გიორგი (მაკარი) გოგოლაძე, თანაავტორები: პაატა გოძიაშვილი, არქიტექტორი: ირინა ლომსაძე, კომუნიკაციის მენეჯერი: ნინი დარჩია.

იხ. კონცეფცია:

ხმოვანი სკულპტურა წარმოადგენს მცდელობას, დაარღვიოს ფიზიკური დისტანცია მშვიდობის ილუზიასა და საომარ მდგომარეობას შორის, რაც ჩვენს სამყაროში ყოველდღიურობად იქცა. თანაგანცდის და სოლიდარობის არტისტული ჟესტი, რომელიც სმენის და შეხების მეშვეობით ათასობით კილომეტრით დაშორებული ადგილის ნაწილად გაქცევს. ხმოვანი სიგნალი, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის ერთ-ერთი ქალაქიდან რეალურ დროში გადმოიცემა, გვიზიარებს შიშს, ტკივილს, სიხარულს, იმედს… უკრაინის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სტერეო მიკროფონიდან, რეალურ დროში გადმოიცემა აუდიო სიგნალი. თბილისში დამონტაჟებულ, აუდიო სიგნალის მიმღებ ხმოვან სკულპტურას, წრიული ფორმის ორ ლითონის ფირფიტაზე, ვიბრაციული დინამიკების მეშვეობით გადააქვს გაძლიერებული და სახეცვლილი აუდიო სიგნალი. ფირფიტები თავად ხდება ხმის წყარო და მსმენელი, რომელიც მათ შორის აღმოჩნდება, სმენით და შეხებით, ხმოვან და ვიბრაციულ გარემოში იძირება… განსაკუთრებული მადლობა სოფო ჭყონია, Sophie Villy, Bohdan Cheshyk, Pasha Chornyy ფინანსური და ტექნიკური დახმარება: Studio Phonograph, JagaGrip, ნიკოლოზ ბახტაძე, კახა კინწურაშვილი; მადლობა: ქეთი მაჭავარიანი, მარი გულბიანი, გოგა ქაცარავა, ანნა ძიაპშიპა, დავით ხორბალაძე, კახა კინწურაშვილი, მიშა ჩარკვიანი, კატო ყარსელიშვილი, ნიკა ნადირაშვილი, ელენე კოლელიშვილი, ნატო გოგოლაძე, ლიკა კოლბაია, კატო ტყემალაძე, გია მოსიაშვილი, ვახო მოსიაშვილი, ნიკა გერლიანი, გიორგი კორელი, Anastasia Grivach, იოსებ გვასალია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.