ნახევარფინალების წინ
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
დრონი მეფობენო, ნათქვამია და კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ამის ჭეშმარიტი გამოხატულებაა, რადგან ფეხბურთი თვალსა და ხელს შუა იცვლება და სიახლეები არ არის გამოწვეული მიმდინარე ტურნირის შეცვლილი რეგლამენტიდან გამომდინარე.
ბრაზილიის და ხორვატიის ნაკრებებს შორის ჩატარებული პირველი მეოთხედფინალური მატჩი პენტაკამპეონის ერთი შეხედვით სენსაციური მარცხით დასრულდა, მაგრამ თუკი გავაანალიზებთ მატჩის მსვლელობას, მის ხასიათს, სტატისტიკურ მონაცემებს და ამ კრიტერიუმებთან ერთად თერთმეტმეტრიანების სერიის მიხედვით შევაფასებთ ისტორიულ დაპირისპირებას, გამოვიტანთ დასკვნას, რომ ხორვატებმა მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი ნაკრები უპირველეს ყოვლისა უმძიმეს ფსიქოლოგიურ ჭიდილში დაამარცხეს.
გამარჯვებულებმა პრაქტიკულად სტუმრად გამართეს შეხვედრა, რადგან ტრიბუნებზე უმრავლესობას „ტორსიდა“ შეადგენდა.
ბრაზილიელებმა ამით ისარგებლეს და საკუთარი გულშემატკივრების გასახარად პირველი წუთებიდანვე შეუტიეს, თანაც დროდადრო მწვავედ, ისე რომ ვინისიუსს და ნეიმარს სახეზე გარანტირებული მოგების გამომხატველი ღიმილიც დასთამაშებდათ ხოლმე.
მაგრამ პირველ მათგანს თამაში არც დაუსრულებია, მეორეს კი წინა ჩემპიონატის მსგავსად, ზემოთ ხსენებულ „ტორსიდასთან“ ერთად ცრემლების ღვრა მოუწია უხვად…
ვინისიუსის შემცვლელმა როდრიგომ მოედანზე მნიშვნელოვანი ვერაფერი შექმნა და რაც მთავარია, მატჩის შემდგომი პირველივე პენალტი გაანიავა, რაზედაც ხორვატთა თავხედურმა პასუხმა – თვით ალისონის კარის შუაგულში ზედიზედ ორმა გატანილმა თერთმეტმეტრიანმა არ დააყოვნა.
საქმე მოთავებული იყო, რადგან ეტყობოდა, რომ შესანიშნავ გოლკიპერ ლივაკოვიჩის დამსახურებით მოპოვებულ უპირატესობას ხორვატები აუცილებლად ბოლომდე შეინარჩუნებდნენ.
პენალტების სერიის დაწყებამდე დაახლოებით ათი წუთით ადრე კი ნეიმარმა გაიბრწყინა, როდესაც საკუთარი წამოწყებული ელვისებრი იერიში თავადვე აქცია გოლად, შეამზადა რა სრულიად ბრაზილია სადღესასწაულოდ.
მაგრამ საფეხბურთო განგებას თურმე სხვაგვარად ჰქონია გადაწყვეტილი და მატჩის დამატებითი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ბრაზილიელებისთვის პენალტების სერიის სახით, სასტიკი ხვედრი გაემზადებინა.
ბედის ირონიით ხორვატთა საგოლე კომბინაციაში ზაგრების „დინამოს“ ორმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. პეტკოვიჩმა იქამდე მოედანზე ერთი წუთით ადრე შესული ორშიჩის გადაცემა აქცია გოლად.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ გადამწყვეტი პენალტი იმავე ორშიჩმა გაიტანა და ხორვატების კარს ბრწყინვალედ მოთამაშე ასევე ზაგრების „დინამოს“ მეკარე იცავდა, უახლოეს პერიოდში ამ გუნდის მიმართ წამყვანი ევროპული კლუბების სელექციონერთა მუშაობის ინტენსივობაზეც შეგვექმნება გარკვეული წარმოდგენა…
ლუკა მოდრიჩი კი მართლაც შეუდარებელი იყო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რადგან ჩნდებოდა მოედნის ნებისმიერ წერტილში, სადაც კი ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდს დახმარება და მის ნებისმიერ ქმედებას მეტოქისათვის თამაშის არასასურველი სცენარით გაგრძელება მოჰყვებოდა ხოლმე.
ხორვატიისა და ბრაზილიის მატჩისგან განსხვავებით, უხეში და გარკვეული პერიოდის მანძილზე ზოგიერთი მოთამაშის მხრიდან უზნეოც კი გამოდგა მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება არგენტინის და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის, რომლის ბედიც ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა.
ლიონელ მესიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და პენალტი როგორც ძირითად დროში, ისე მატჩის შემდგომ სერიაშიც გამოიყენა.
მაგრამ დაპირისპირების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად ძირითადი დროის დამატებულ უკანასკნელ მე-10 წუთზე ნიდერლანდელთა მიერ სტანდარტული სიტუაციის მახვილგონივრული გათამაშება იქცა, როდესაც ვეგჰორსტმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.
ამ ეპიზოდში ნიდერლანდელთა მხრიდან გაკვირვებას იწვევს არა იმდენად თვით გათამაშებული კომბინაციის სტილი, არამედ ასეთი რისკის გაწევა მატჩის გადარჩენის საპირწონედ!
ასეთი გოლის შემდეგ ნიდერლანდელებმა დამატებითი დროის საწყის წუთებში დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ რატომღაც შეტევის ტემპს მოუკლეს.
მესი და მისი თანაგუნდელები კი თანდათანობით გონს მოეგნენ და დაახლოებით უკანასკნელი რვა წუთის განმავლობაში თავგანწირულ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც ნეიტრალურ მაყურებელს დაავიწყა პარედესის და ზოგიერთი მისი თანაგუნდელის მიერ იქამდე განზრახ ჩადენილი უხეშობები, როდესაც არბიტრმა არგენტინელები რატომღაც დაინდო მოედანზე ათი კაცით დარჩენისაგან.
ჯერ ანხელ დი მარიამ პირდაპირ კუთხურიდან გადაგზავნა ბურთი ნიდერლანდელთა კარში, რომელიც გოლკიპერმა დიდი გაჭირვებით მოიგერია. უკანასკნელ წუთზე კი ფერნანდესმა ძელს გაარტყა ბურთი, რასაც მან ცოტა ხანში განიავებული პენალტიც მოაყოლა.
საბოლოოდ კი თამაში არგენტინელმა მარტინესებმა მოიგეს, რადგან თერთმეტმეტრიანების სერიაში გოლკიპერ მარტინესის გმირობას ლაუტარო მარტინესის მიერ ზუსტად შესრულებული გადამწყვეტი პენალტი მოჰყვა, რამაც არგენტინის ნაკრები ნახევარფინალში ხორვატიასთან სათამაშოდ გაიყვანა.
მეორე სათამაშო დღემ უკვე თერთმეტმეტრიანების სერიის გარეშე ჩაიარა, რამაც თითქოს აქ წარმოდგენილი წყვილები ნაკლებად დრამატულად წარმოაჩინა ფეხბურთის მოყვარულთა წინაშე.
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ოთხეულში აფრიკული გუნდის მოხვედრაა, რაც აქამდე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას არ ახსოვს.
მაროკოს ნაკრებმა ესპანელების წინააღმდეგ პენალტების სერიაში საკუთარი კარის მშრალად შენახვის შემდეგ მერვედფინალში შვეიცარიის უხერხული ანგარიშით გამანადგურებელი პორტუგალიაც მშრალი ანგარიშით დაამარცხა და აწი იგი ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს – საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფრანგებმა ინგლისის ნაკრების ბარიერის დაძლევა ამ უკანასკნელის ტრადიციული უნიათობის ხარჯზე შეძლეს და ალბათ სამართლიანად გაიმარჯვეს.
ინგლისელებისთვის ამოუცნობი აღმოჩნდა ფრანგების მიერ შეთავაზებული ცვალებადი სათამაშო რიტმი, რადგან მეტოქის საგოლე აფეთქებები მათ ორივე შემთხვევაში გაეპარათ, ხოლო ჰარი კეინმა კი ორივე პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.
როგორც ვხედავთ, კონსერვატორმა ინგლისელებმა უცვლელად შემოინახეს მათთვისვე მომაბეზრებელი არასახარბიელო საჩემპიონატო ტრადიციები, რომელთა გამოსწორებასაც პირი ჯერჯერობით არ უჩანს.
მაყურებელს თავი მათ ტრადიციულად კორექტული თამაშით, შედარებით დაბალი რანგის მეტოქეების იოლი დამარცხებით და პენალტების გაფუჭებით დაამახსოვრეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენილი ოთხი გუნდიდან კი საბუკმეკერო კანტორები უპირატესობას საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებებს ანიჭებენ. თუმცა, ამ ტიპის დაშვებები პროგნოზებისთვის რომ ბევრი არაფრის მომცემია, თუნდაც მათი მეტოქეების – მაროკოს და ხორვატიის ნახევარფინალში გასვლამ ცხადყო.
გავიხსენოთ, რომ მთავარ ფავორიტთაგან განსხვავებით, ამ უკანასკნელთ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი თამაშიც არ წაუგიათ, პენალტებს შესანიშნავად ასრულებენ და მეკარეებიც დიდებული ჰყავთ.
მაროკოს სენსაციური წარმატების შემთხვევაში კი ქართველი გულშემატკივრები წლების შემდეგაც გაიხსენებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის კარი ამ გუნდმა საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეაღო…





