fbpx

სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის – ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა ობსკურაში


გააზიარე სტატია

საგამოფენო სივრცე “ობსკურაში” ხელოვანმა ნესტან აბდუშელიშვილმა სოლო შოუ “სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის” წარადგინა.

გამოფენაზე გაერთიანებული იყო სხვადასხვა საგნის ფოტო დოკუმენტაცია. ეს ობიექტები ავტორის მიერ დროთა განმავლობაში შეგროვილი ერთგვარი საჩუქრებია, რომლებიც მან წლების განმავლობაში მიიღო სხვადასხვა ადამიანისგან.
ხელოვანი ცდილობს კონკრეტული საგანი (რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ისე არაბუნებრივი მასალა) დაუკავშიროს იმ ადამიანს, რომლისგანაც ის მიიღო; გააიგივოს ის მათ ურთიერთკავშირთან და მეხსიერებასთან. იგი ცდილობს დააკვირდეს პირად ისტორიებს, ადამიანების ინტუიციას და სუბიექტურ აღქმას.
ამ შემთხვევაში, ის აქცენტს აკეთებს პროცესზე, უარს ამბობს საგნის საწყის ფუნქციაზე და გვთავაზობს მისი წაკითხვის თავისებურ გზას. იგი ცდილობს მატერიალური ობიექტი გარდაქმნას არამატერიალურ კავშირად წარსულსა და აწმყოს შორის და შესაბამისად შექმნას დოკუმენტი მომავალი მეხსიერებისთვის.
ავტორი იმ უბრალო ობიექტებს აკვირდება, რომლის გარემოცვაშიც ცხოვრობს და რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ კავშირში არ არიან, მისთვის ერთგვარ მნიშვნელობას იძენენ. ხელოვანი ამავდროულად როგორც კოლექტორი, ნივთებს თითქოსდა ფოტოგრაფიის მთავარი პრინციპის, ‘decisive moment’- ის საწინააღმდეგოდ, ეფემერულობისა და სპონტანურობის განცდის გარეშე აღბეჭდავს.
მიუხედავად იმისა რომ ნამუშევრებში კონკრეტული ობიექტები, ან ამ ობიექტების დეტალებია გამოსახული, დროის და ადგილის უქონლობა, მნახველისთვის ინტერპრეტაციის მეტ სივრცეს ტოვებს და ორ ადამიანს შორის კავშირის გაღრმავების ახალ გზას გვთავაზობს.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.