fbpx

სახელოვნებო პლატფორმა “ამბრი” პირველი კინოჩვენება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

დღეს  ახალი სახელოვნებო პლატფორმა “ამბრი” აიღებს სტარტს და პირველ ღონისძიებას გამართავს კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში. თანამედროვე აკადემიური და ექსპერიმენტული მუსიკა, ახალი კინო, მუსიკალური თეატრი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, ახალი მედია ხელოვნება – “ამბრის” უწყვეტი პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება. 

 “ამბრი” ქართული მითური გმირია, რომელიც გამოირჩევა დიდი ძალით, სიმაღლით და წონით. ის არის  ქართული ხალხური  ზეპირსიტყვიერების ძეგლის  “ამირანიანის” პერსონაჟი, რომელიც მკვდარიც კი ამარცხებს ამირანს. პლატფორმის შექმნის ინიციატორები კურატორი სანდრო ლომინაშვილი და კინომცოდნე გიორგი რაზმაძე არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალი სახელოვნებო პლატფორმა გახდება ცვლილებების გამომწვევი ჩვენს კულტურულ სივრცეში და არაერთ საინტერესო პროექტს შესთავაზებს საზოგადოებას.

 

AT.GE დაინტერესდა სახელოვნებო პლატფორმის პირველი ღონისძიების შესახებ.

 

სანდრო, რატომ შეარჩიეთ ასეთი სახელი პლატფორმისთვის? რამ გამოიწვია  “ამბრის” გამოჩენა  ჩვენს კულტურულ სივრცეში  და რა თემებზე გაამახვილებს ყურადღებას პლატფორმა? 

სანდრო ლომინაშვილი: “ამბრი” ქართული მითოლოგიური გიგანტია. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მდგრადი კულტურული განვითარების პოლიტიკა, სადაც სახელმწიფო კულტურული და საგანმანათლებლო ინსტიტუციების უმრავლესობა ვერ გამოხატავს  სახალხო ინტერესს, ჩნდება ამბრი, რომელიც თანამედროვე კულტურის ალტერნატიული პროგრამით უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს დღეს ამ მიმართულებით.  “ამბრის” მთავარი ფოკუსი თბილისის საკონცერტო დარბაზი და მისი ყოფილი მცირე დარბაზი, ამჟამინდელი კინოთეატრი “ამირანი” იქნება, პირველ ღონისძიებას  კი 14 დეკემბერს, 20:30-ზე გავმართავთ. ვაჩვენებთ ავსტრიული კოლექტივის, TOTAL REFUSAL-ის უკანასკნელ ფილმს, რომელიც შლის ზღვარს კინოსა და ახალ მედია ხელოვნებას შორის და ეხება  შრომის იდეას გვიანი კაპიტალიზმის ეპოქაში. სწორედ იმიტომ რომ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სავალალო მდგომარეობა  ამ მიმართულებითაა, ვფიქრობ, collapsing_new_order’s profile picture ამ ფილმით პროგრამის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დამფუძნებლებისთვის და აუდიტორიისთვის.

კინომცოდნე გიორგი რაზმაძე “ამბრის” ავანგარდული კინოს მიმართულებას გაუწევს კურატორობას. AT.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ “ამბრის” ერთ-ერთი მიზანი კინოს ყველაზე უცნობი მიმართულების – ავანგარდის – პოპულარიზაცია იქნება. 

გიორგი რაზმაძე: „ამბრის“ კინომიმართულება მოიცავს ავანგარდული ფილმების პერმანენტულ პროგრამას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მაყურებელს კინოთეატრ „ამირანში“ იშვიათი ფილმების ნახვის საშუალებას მისცემს შესაბამისი ხმის სისტემისა და ეკრანის საშუალებით. ექსპერიმენტულ კინოს საქართველოში აქამდე  არ ჰქონია პლატფორმა, ამრიგად, „ამბრის“ მიზანს კინოს ყველაზე უცნობი მიმართულების − ავანგარდის − პოპულარიზაცია წარმოადგენს. ავსტრიული კოლექტივის, TOTAL REFUSAL-ის უკანასკნელი ნამუშევრის – „ამაო შრომის“ ქართული პრემიერა, რომლის ჩვენება 14 დეკემბერს „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართება, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი აუდიტორიისთვის. ბილეთების ღირებულება სიმბოლურია, რათა თანამედროვე ხელოვნება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენების შემდეგ ფილმის შემქმნელებთან და მოწვეულ სტუმართან ერთან გაიმართება დისკუსია შრომის შესახებ. შევეცდებით „ამაო შრომაში“ წამოჭრილი საკითხები განვავრცოთ  ამ მხრივ არსებულ პრობლემურ საკითხებზე, რაც გვაქვს საქართველოში“.

“ამაო შრომა”- ავსტრიული კოლექტივის, TOTAL REFUSAL-ის ფილმია, რომელიც გადაღებულია ვიდეოთამაშში RED DEAD REDEMPTION 2.

ფილმის დაკვირვების მთავარი ობიექტი არამოთამაშე გმირები (NPCs) არიან, რომლებიც ვიდეოთამაშების ფონში არიან ჩაკარგული. Არამოთამაშე გმირები ჰიპერრეალისტური სამყაროს მოსახლეობაა, რომელიც ვირტუალურ თამაშში “ნორმალურობის” განცდა უნდა შექმნან. Როგორც წესი, ისინი ისტორიის განვითარებაში არ მონაწილეობენ.  ფილმში კი რამდენიმე მათგანი – მრეცხავი, ქუჩის მხვეტავი, დურგალი და მეჯინიბე მთავარი პერსონაჟები არიან. ფილმი ეთნოგრაფიული სიზუსტით აკვირდება და იკვლევს მათ ყოველდღიურ დამღლელ შრომას და  ლუპებისგან შექმნილ რიტმს. მთავარი პერსონაჟების  შრომა ნაყოფს არასდროს იღებს და მათი არსებობის სტატუს-კვოც არასდროს იცვლება. ამ სამყაროში მათ შრომას პერფორმანსის სახე აქვს, რომელიც მხოლოდ ამ ქმედებისთვის არსებობს. არამოთამაშე გმირები (NPCs) ე.წ. სუროგატულ მოქმედებებს ასრულებენ, რასაც სოციალური სარგებლის წარმოშობა არ შეუძლია. ეს მოქმედებები მხოლოდ დასანახად არსებობს, რომელიც სოციალურ წესრიგს ქმნის. 

არამოთამაშე გმირები (NPCs) სიზიფეს ციფრული მანქანები არიან, რომელთაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ – თავი გაითავისუფლონ შრომის უსასრულო ციკლისგან. თუმცა, სწორედ მაშინ, როცა მათი მამოძრავებელი ალგორითმი შეცდომაში შედის, არამოთამაშე გმირები თავს აღწევენ “ტოტალური ნორმალურობის” ლოგიკას და შეცდომების დაშვებას იწყებენ – სწორედ ამ დროს ისინი ადამიანებს ემსგავსებიან.

 

კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში დღეს, ფილმის ჩვენების შემდეგ, გაიმართება დისკუსია რეჟისორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.