fbpx

მულტიდისციპლინური პლატფორმა “სხვაგან” – სივრცე შემოქმედებითი თავისუფლებისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

ახალ სახელოვნებო სივრცეს “სხვაგან” სხვა არსებული სახელოვნებო პლატფორმებისგან ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი გამოარჩევს – ის არ იქნება ერთ კონკრეტულ ადგილას, მუდმივად შეიცვლის სივრცეს, შეიცვლის შემოქმედებით გუნდს და ჩატარდება ბევრი  შემოქმედებითი ექსპერიმენტი. სახელოვნებო პლატფორმა ჩაფიქრებულია, როგორც კოლაბორაციების ჰაბი, რომელიც  სხვადასხვა მედიუმების გადაკვეთის წერტილი იქნება, არტისტებს კი მიეცემათ სივრცე, მხარდაჭერა და შემოქმედებითი თავისუფლება, რათა იკვლიონ გამოხატვის ახალი ფორმები და შექმნან ახალი ნამუშევრები. პლატფორმის დამფუძნებლები თანამედროვე არტისტები – ქეთო ტატიშვილი და ნიკა შანავა არიან. 

AT.ge ესაუბრა იდეის ავტორებს, რომლებიც  ვრცლად მოგვიყვებიან ახალ სახელოვნებო სივრცეზე და სამომავლო გეგმებზე.

საიდან და რატომ გაჩნდა ახალი სახელოვნებო სივრცის შექმნის იდეა

ჩვენი ახალი იდეის შესახებ წლების განმავლობაში ვფიქრობდით. ვაკვირდებოდით თანამედროვე ქართულ სახელოვნებო პროცესებს, მოვლენებს, გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაჩნდა დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეები, მაინც განვიცდით მრავალფეროვანი, ექსპერიმენტული პლატფორმების არსებობის საჭიროებას. ჩვენი მიზანია ვეძებოთ “ახალი მიწები”, ადგილები და ადამიანები, ვიყოთ მუდმივად განახლებადი, ცოცხალი ორგანიზმი; შევქმნათ შემოქმედებითი ენერგიების ერთობა, რომელიც იქნება ყველგან და ყველასთვის. როცა არსებობს მიზანი, ჩნდება გზა, რომელიც ამ მიზნისკენ სვლაში გვეხმარება – ჩვენ ასე გვჯერა. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს შემოქმედებითი პროცესის მიმართ.  თამაში ეს არის ის, რასაც დღის განმავლობაში ძალიან ხშირად მივმართავთ.  სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, გვქონოდა ალტერნატიული პლატფორმა, რომელშიც საინტერესო ადამიანებს შემოვიკრებდით და ერთად ვიმუშავებდით იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს სოციუმშია დღეს. 

რა ნიშას დაიკავებს სხვა სახელოვნებო სივრცეებს შორის “სხვაგან” და რით იქნება გამორჩეული

“სხვაგან” იქნება მულტიდისციპლინური, რაც გულისხმობს სხვადასხვა მედიუმების გადაკვეთას, იქნება ეს ვიზუალური თუ  საშემსრულებლო სფეროები. ჩვენი მიზანია შევქმნათ ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან საინტერესო ადამიანები და ერთად იმუშავებენ ახალ იდეებზე, ერთად მოძებნიან თემატიკას, ფორმას და შინაარსს. აქ ისაუბრებენ იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და არსებითია. თუ საით წავალთ ყველანი ერთად, რა თემებისაკენ, ამას ეტაპობრივად ვნახავთ. პლატფორმა არ იქნება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, ის მუდმივად შეიცვლის სივრცეს და შემოქმედებით გუნდს, სწორედ ეს იქნება ჩვენი  განმასხვავებელი ნიშა.

შემოქმედებით გუნდზეც მოგვიყევით, ვინ შექმნის პლატფორმისთვის შემოქმედებით პროდუქტს და როგორია უახლოესი გეგმები?

ძალიან მალე პირველ ნამუშევარს შევთავაზებთ აუდიტორიას, რომლის რეჟისორი სოსო ბლიაძე იქნება, მსახიობები – ნიკა შანავა, ქეთო ტატიშვილი, გიორგი ბურდული, დრამატურგი – თაკო შუკაკიძე,  მულტიმედია არტისტი – თამა კვანტალიანი, მუსიკოსი – გვანცა ენუქიძე.

იდეა ჯერ სულ ახალია. შემოქმედებითი გუნდი ყოველდღიურად განვიხილავთ სამომავლო გეგმებს. ვმუშაობთ სინთეზურად და ყველაფერი “აქ და ახლა” იქმნება. როდესაც იდეა საბოლოო, დასრულებულ სახეს მიიღებს, სიხარულით გავუზიარებთ ყველას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.