fbpx

გზამკვლევი წიგნის საახალწლო ფესტივალზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური 

 

2022 წლის ბოლოს საახალწლო განწყობის ამაღლება კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიებით შეგეძლებათ. 16-დან 18 დეკემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“  მე-4 და მე-5 პავილიონები ტრადიციულად წიგნის  საახალწლო ფესტივალს უმასპინძლებს. 

ცნობილია, რომ ფესტივალი აერთიანებს გამომცემელთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ „საბავშვო წიგნის ფესტივალს“. ამდენად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი წიგნები როგორც ბავშვების, ასევე უფროსების ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.

ფესტივალში  საქართველოში არსებული თითქმის ყველა გამომცემლობა  მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისად,  ადგილზე მისულ მკითხველს წიგნების ძალიან ფართო არჩევანი დახვდება. გარდა ამისა, ქართველ მკითხველს  საშუალება ექნება, არაერთ ძალიან საინტერესო აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, რაც, ეჭვგარეშეა, ახალი წლის წინა პერიოდს კიდევ უფრო საინტერესოს, განწყობას კი – მეტად ამაღლებულს გახდის. 

 

რას გირჩევთ… 

„წიგნის საახალწლო ფესტივალი“ სავსეა ძალიან კარგი სიახლეებით. მკითხველი ბევრ ისეთ ნაწარმოებს წააწყდება, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. ცხადია, თითოეულ თქვენგანს უკვე აქვს წარმოდგენა, თუ რისი შეძენა სურს ამ მასშტაბურ ფესტივალზე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არის რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, რადგან ის აუცილებლად გახდება თქვენი მეგზური ახალ ჯადოსნურ სამყაროში.

 

ბესიკ ხარანაული – „ეჰ, ბესარიონ“

ბესიკ ხარანაულის კრებული „ეჰ, ბესარიონ“ მწერლის შემოქმედებითი უნიკალურობის კიდევ ერთი დასტურია. ეს უმაღლესი პოეტური ოსტატობით დაწერილი ლექსებისა და პოემების ნაკრები გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს მიეკუთვნება, რომელსაც თავად ავტორი „პროზისა და პოეზიის პირშესაყარს“ უწოდებს. კრებულში არსებული პოემებისა და ლექსების დიდი ნაწილი პანდემიის პერიოდში დაიწერა. ბესიკ ხარანაული ცდილობს, აღწეროს ის სიმძიმე, ის თავის ტკივილი, რომელიც პანდემიამ დაბადა ადამიანების გარშემო. ავტორი თითქოს მკითხველს სადღაც ეპატიჟება. მისი ჩამაფიქრებელი და საოცრად თბილი თხრობის მანერა, ეჭვგარეშეა, ზამთრის სუსხიან დღეებს შესანიშნავად გაგატარებინებთ. 

 

ნიკოს კაზანძაკისი – „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“

განუმეორებელი ნიკოს კაზანძაკისი ამჯერად მისი ახლად გამოცემული რომანით ქართველ მკითხველს კიდევ ერთხელ შეხვდება. გამომცემლობა „ინტელექტმა“ დიდი ბერძენი მწერლის წიგნის გამოცემით უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა. კაზანძაკისს ჩვენ „ალექსის ზორბასის ცხოვრებისა“ და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნებით“ ვიცნობთ. ავტორი ამ რომანში საოცარ თხრობის ხერხებს მიმართავს. სიუჟეტი კი მისი სხვა ტექსტებისგან მკვეთრად განსხვავებულია – 1918-1922 წლებში მიმდინარე ბერძნულ-თურქულ ომს და თურქების მიერ ბერძნების მცირე აზიიდან განდევნის ფაქტებს აერთიანებს. გარდა ამისა,  ნაწარმოებს იუდეის უძველესი ამბები და ბოლშევიზმზე გადაჯაჭვული პასაჟები გასდევს თან, რაც რომანს საოცრად საინტერესოს ხდის. ნაწარმოებში „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ ერთ-ერთი პერსონაჟი, კაპიტანი ფურტუნასი, სიკვდილის წინ ბათუმსა და იქ გატარებულ საოცარ პერიოდს იხსენებს. ამ მონაკვეთმა კი გამოჩენილი ქართველი ავტორის, გრიგოლ რობაქიძისა და ნიკოს კაზანძაკისის მეგობრობის ამბავი შეიძლება, გაგვახსენოს. 

კაზანძაკისის შედევრი ახალი ბერძნულიდან მაია კაკაშვილმა თარგმნა.

 

უილიამ ფოლკნერი – „იგავი“

წიგნის საახალწლო ფესტივალი ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, უილიამ ფოლკნერის რომან „იგავის“ გარეშე წარმოუდგენელია. ავტორი ნაწარმოებზე ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. რომანმა 1955 წელს პულიცერის პრემია მიიღო. ფოლკნერი სიუჟეტს საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს ავითარებს, მაგრამ მისი ლიტერატურული ოსტატობის დასტურად უნდა ითქვას, რომ ომის შესახებ მოყოლილი ვრცელი ამბავი საომარ მოქმედებებს ნაკლებად ასახავს. კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. ნაწარმოების მიზანი ომის საშინელებებისა და სისასტიკის ნათლად ასახვაა. რა მოჰყვება კაპრალის ამ გადაწყვეტილებას? – ყოველივეს ზაზა ჭილაძის ბრწყინვალე თარგმანის საშუალებით გავიგებთ. წიგნი „პალიტრა L“-მა გამოსცა და არ გავაბუქებთ, თუ ვიტყვით, რომ ქართველ მკითხველს საოცარი საჩუქარი გაუკეთა. 

აღსანიშნავია, რომ ფოლკნერის რომანი „იგავი“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

 

იტალო კალვინო – „კოსმოკომიკური ამბები“

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული იტალიელი ავტორი ქართველი მკითხველისთვის უცხო სულაც არაა. ჩვენ აქამდე იტალო კალვინოს ისეთი მნიშვნელოვანი რომანებით ვიცნობდით, როგორებიცაა „ბარონი ხეზე“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ და სხვა. ამჯერად „სულაკაურის გამომცემლობა“ 1963-1964 წლებში დაწერილ 12 მოთხრობისგან შემდგარ კრებულს გვთავაზობს. მოთხრობების კრებულში მთავარი პერსონაჟი სახალისო ამბებს გვიყვება კოსმოსის ევოლუციაზე, სამყაროს წარმოშობაზე და სხვა მსგავს არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვან თემაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ ამას ის ხან მოლუსკის, ხან ფრინველის, ზოგჯერ კი სულაც თევზისა და დინოზავრის პირით აკეთებს. პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი აღნიშნული ხერხები მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და სამყაროსადმი მის შეხედულებებს მკვეთრად ცვლის.

წიგნი იტალიურიდან შესანიშნავად თარგმნა ცნობილმა მთარგმნელმა, ხათუნა ცხადაძემ.

 

უილიამ შექსპირი – რომეო და ჯულიეტა (ახალი თარგმანი)

 

ლეგენდარული უილიამ შექსპირის შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის უცხო  არაა. მის პიესებსა და სონეტებს ივანე მაჩაბლის, რეზო თაბუკაშვილის, გივი გაჩეჩილაძისა და ვახტანგ ჭელიძის ბრწყინვალე თარგმანებით ვიცნობთ, მაგრამ გამომცემლობა „დიოგენემ“ დავით ახალაძის მიერ ახლიდან ნათარგმნი „რომეო და ჯულიეტა“ გამოსცა.  შექსპირის ლეგენდარული სასიყვარულო ისტორია საუკუნეებს უძლებს და არასდროს კარგავს აქტუალობას. შესაბამისად, ამდენი ხნის შემდეგ ახლიდან ნათარგმნი საკულტო ნაწარმოები შეუმჩნეველი ნამდვილად არ უნდა დაგვრჩეს. 

 

გარდა ამისა, ფესტივალზე მკითხველს უამრავი ახალი და საინტერესო წიგნის შეძენა შეუძლია, ამდენად, 16, 17 და 18 დეკემბერს არ გამოტოვოთ „წიგნის საახალწლო ფესტივალი“ და კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნეთ წინასაახალწლო განწყობა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.