fbpx

ჯადოსნური ქანდაკებებისაგან შექმნილი მიკროსამყარო – ინტერვიუ ხელოვან პაკო შველიძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანო კლდიაშვილი

 

პაკო შველიძე ქართველი არტისტია – ხელოვანის მიერ მუშაობისას გამოყენებული მასალა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი მხატვრული გამოკვლევები. პაკო შველიძეს ნამუშევრებში ასახული სხვადასხვა თემატიკის, ექსპერიმენტებისა და მასალების მეშვეობით მნახველი სხვა რეალობაში, ეგრეთ წოდებულ მიკროსამყაროში გადაჰყავს, იქ, სადაც კითხვები და პასუხები თანადროულად წარმოიქმნება, თანაც ძლიერი პირველადი განცდის მუდმივი შენარჩუნებით. არტისტისათვის ინსპირაციის წყარო მის გონებაში დაგროვილი იდეებად ტრანსფორმირებული შთაბეჭდილებებია, განსაკუთრებულად საინტერესო თემა კი ადამიანია მისი შიგანი განცდებით, ურთიერთობებითა და დაკვირვებებით.

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს პაკო შველიძესთან, რომელიც მუშაობის პროცესის, ინსპირაციის, ინტერესის სფეროებისა და მის მიერ შექმნილი სკულპტურული სახეების შესახებ გვესაუბრა.

სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდით, თუმცა უკვე ათეული წელია, რაც სკულპტურაზე მუშაობთ – რამ განაპირობა ეს ცვლილება?

დიახ, ფერწერაზე ვსწავლობდი, თუმცა თანამედროვე ხელოვნება სწორედ იმიტომ მომწონს, რომ არტისტს ბევრ შესაძლებლობას აძლევს; ვფიქრობ, რომ საზღვრები აღარ არსებობს, შეგიძლია ყველაფერი სცადო – გამოხატვის ფორმა მუდმივად შეცვალო… ორი წლის წინ ვამბობდი, რომ სიბრტყეზე გამოსახულების კეთებას, მერჩივნა, სამგანზომილებიანი ფიგურები შემექმნა, წელს გამართულ გამოფენაზე კი ძირითადად ტილოები და ნაქარგები  იყო წარმოდგენილი ფიგურებთან ერთად. მომავალ წელს შესაძლოა, სულ სხვა მედიუმში დავიწყო მუშაობა. 

რა ხდება ხოლმე თქვენი ინსპირაცია?

ალბათ ინსპირაცია არის სიტყვა, რომელიც გინდა, რომ წარმოთქვა – ფორმა და მასალა მერე მოდის. შესაძლოა შემთხვევითი, გამოუსადეგარი მასალაც გახდეს ჩემი ინსპირაციის წყარო, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა რამ შთამაგონებს ხოლმე. თხუთმეტი, ათი, თუნდაც ხუთი წლის წინ ინსპირაცია შესაძლოა ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობიდან მიმეღო: ფილმიდან, წიგნიდან, ფოტოდან ან ნებისმიერი გამოსახულებიდან… დღეს ამ შთაბეჭდილებებს ვაგროვებ, ისინი დიდხანს ტრიალებენ ჩემში და შემდეგ იდეის სახით ტრანსფორმირდებიან.

არსებობს თუ არა კონკრეტული თემები, რომლების მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი გაქვთ და ხშირად ასახავთ თქვენს ნამუშევრებში?

ძირითადი თემა, რომელიც განსაკუთრებულად მაინტერესებს, ადამიანია – თავისი შინაგანი ცხოვრებით, განცდებით, ურთიერთობებით და დაკვირვებებით, თუმცა მუშაობის ადრეულ სტადიაზე მე და ერთ-ერთმა ხელოვნებათმცოდნემ აღმოვაჩინეთ, რომ დროის მრავალწლიან მონაკვეთში ჩემს ნამუშევრებში  „მეთევზისა“ და „თევზაობის“ თემა რამდენჯერმე განმეორდა; შემდეგ გამახსენდა და ბევრი ვიცინე იმაზე, რომ სამხატვრო აკადემიის გამოცდაზე, სპორტის თემაზე უნდა შეგვექმნა კომპოზიცია, მე კი მეთევზეები დავხატე.

თქვენ მიერ შექმნილი შთამბეჭდავი სკულპტურული სახეების შესახებ გვიამბეთ – რა მასალას იყენებთ ხოლმე და რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ქანდაკებაზე მუშაობის პროცესში? 

ბევრ რამეს ვიყენებ მუშაობისას: თაბაშირს, მავთულს, ქსოვილს, წებოსა და სხვა სამშენებლო მასალებსაც. ქანდაკებას ძალიან ნელა ვაკეთებ, ამიტომ მგონია, რომ დროის ის მონაკვეთიც აღბეჭდილია მათში, რასაც ვახარჯავ. შექმნის პროცესი ყველა ეტაპზე საინტერესოა, თუმცა ყველაზე სასიამოვნო სულ ბოლოსაა, როდესაც მაგიური მომენტი დგება და  ფიქრობ,  რომ საკმარისია, მორჩა… 

საინტერესოა, თავად როგორ აღწერდით თქვენს ხელოვნებას – რა არის ის მახასიათებელი, რომელიც თქვენ მიერ შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს?

მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – რატომღაც მგონია, რომ ხელწერა თავისით გამომიმუშავდა და თუ ვინმე ჩემს ნამუშევრებს ნახავს სადმე, მეორეჯერ ნახვისას აუცილებლად მიხვდება ვისია ისინი.

რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მუშაობის პროცესით დატკბეთ –  როგორია ან როგორი წარმოგიდგენიათ თქვენთვის იდეალური სამუშაო სივრცე და გარემო?

დავრწმუნდი, რომ თუ შინაგანად მოემზადები, დღეში ორი ან სამი საათის განმავლობაში მუშაობაც ძალიან პროდუქტიულია – მე სიჩუმესა და სიმარტოვეში მიყვარს ამის კეთება.

გაქვთ თუ არა ნამუშევრებს შორის ერთი ყველაზე გამორჩეული, რომლითაც  თქვენი შემოქმედებითი ხედვისა თუ ხელწერის რეპრეზენტაციას  შეძლებდით ადამიანებისათვის?

არ მაქვს ასეთი ნამუშევარი. უფრო სერიებად ვმუშაობ ხოლმე და ფიქრითაც რამდენიმე ნამუშევარზე ერთდროულად ვფიქრობ – ხშირად მათ ერთად მოვიაზრებ სივრცეში. ამ სერიებისგან შემდეგ პატარა მიკროსამყარო იქმნება, რომელიც თავისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და ერთობლიობაში უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს მნახველზე.

დასრულდა ერთი გამოფენა, ემზადებით ახლისთვის?

რამდენიმე დღის წინ დაიხურა “ნოვო გალერეაში” წარმოდგენილი   ჩემი პერსონალური გამოფენა – სახელწოდებით ,,სხვა ხმა“, რომელზეც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი; ვფიქრობ, რთულია არტისტისთვის ასეთ მოკლე პერიოდში ახალ გეგმებზე ფიქრი, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალი წელიც ნაყოფიერი იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.