გამოფენა „ოთხი ქალი, ოთხი რეალობა” – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში
18 დეკემბერს, 18 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში (რუსთაველის 7) გაიხსნება ახალი ჯგუფური გამოფენა – „ოთხი ქალი, ოთხი რეალობა“. გამოფენასთან ერთად, მუზეუმში ამავე საღამოს კლასიკური მუსიკა აჟღერდება.
ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ერთობლივად წარმოგიდგენთ კონცერტებს – „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“, რაც მუზეუმის საღამოების სერიის და კონცეფციის, „მუსიკა მუზეუმში“ ერთგვარი გაგრძელებაა.
18 დეკემბერს, 19 საათზე შესრულდება საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი:
პიანისტი – ალექსანდრ გაჯიევი, იტალია.
ელისო ვირსალაძის ცენტრი ამ სერიის ფარგლებში მუზეუმში კიდევ ორ კონცერტს გამართავს:
20 დეკემბერი – კლასიკური მუსიკის შედევრები. ოპერის კამერატა, ხელმძღვანელი ლელა მჭედლიძე.
22 დეკემბერი – ცოტნე ზედგინიძე. კონცერტებზე დასწრება შესაძლებელია წინასწარ შეძენილი ბილეთებით.
გამოფენის – „ოთხი ქალი, ოთხი რეალობა” კონცეფცია:
გამოფენის კურატორია კონსტანტინე ბოლქვაძე. ექსპოზიცია წარმოაჩენს სრულიად განსხვავებული ხედვებისა და საქმიანობის არტისტებს. მათ მხოლოდ ხელოვნება აერთიანებს.
ეს ხელოვანები არიან:
ლანა ღოღობერიძე
ნატო სირბილაძე
ემა ზარაფიშვილი-ხუციშვილი
ჯული რობაქიძე
არცერთი მათგანი არ მიეკუთვნება პროფესიულ მხატვართა ჯგუფს თუ სკოლას, მათთვის ხელოვნება ყოველდღიურობაა. ოთხივე ხელოვანი ქმნის პრიმიტივისტულ და ზოგჯერ უკიდურესად ინდივიდუალისტურ ხელოვნებას. მათი გამოსახული სამყარო ერთგვარი მიკრომოდელებია – გამოგონილი რეალობა, განზოგადებული პერსონაჟები, უდროობის განცდა და დასმული არაერთი კითხვა.
ლანა ღოღობერიძის პურის ფიგურები, კოლაჟები და უცნაური ფორმების აბსტრაქციები კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს დიდ რეჟისორს. ემა ზარხუცის ტუშით გამოსახული ქალური განცდების სამყარო, ნატო სირბილაძის „ვეფხისტყაოსნის“ სერია და ჯული რობაქიძის ნაივური ქართული აზროვნება ქმნის ერთიან ვიზუალურ ქსოვილს, სადაც ჩნდება შემდეგი კითხვები – რატომ მიმართავენ არტისტები ასეთ ზღაპრულ და სიზმრისეულ სამყაროს? რატომ არის მათში ამდენი სიმარტივე, მიუხედავად იმისა, რომ ჰყვებიან ადამიანის ურთულეს შრეებზე…
ლანა ღოღობერიძის ფერწერა თუ ფიგურები მისი კინოოსტატობის სრულიად განსხვავებული რაკურსია. საინტერესოა, ნატო სირბილაძისეული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, როგორც მუზეუმის მიერ თავიდან აღმოჩენილი კიდევ ერთი არტისტის შემოქმედება. 94 წლის ასაკში დაწყებული ჯული რობაქიძის ნაივური, სრულიად განსხვავებული მხატვრობა უკვე არაერთ კოლექციაშია, მან სოლო გამოფენაც კი გამართა. ემა ზარხუცი მსოფლიო პრიმიტივისტების კატალოგში წარადგენს საქართველოს, ეს სერია კი კერძო კოლექციიდანაა და სრულ რარიტეტს წარმოადგენს.
ამ ოთხი არტისტის შემოქმედებას ხშირად წარადგენენ კერძო გალერეები, მათზე იწერება სტატიები, ისინი მონაწილეობენ მსოფლიო ხელოვნების ბაზრობებსა თუ ჯგუფურ გამოფენებზე. ასევე, მათ კარგად იცნობენ ადგილობრივ სახელოვნებო ვიწრო წრეებში. თუმცა ეს გამოფენა სულ სხვა რაკურსით და მასშტაბით გააცნობს ამ ოთხ ქალს საზოგადოებას.