გამოფენა რაიმონდ კარვერის მოთხრობის მიხედვით – “არტ თერაპიაში”
თუ დროსა და სივრცეში მოგზაურობა გენატრებათ, გინდათ, აღმოჩნდეთ მძაფრი შთაბეჭდილებების ქვეშ, სადაც რეალობას დაივიწყებთ და 70-იანი წლების ამერიკაში იმოგზაურებთ, 20 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე კინოსტუდია ქართული ფილმის ეზოში – მულტიფუნქციურ სივრცეში “არტ თერაპია” თეონა თიგიშვილისა და ანა ქაჯაიას ერთობლივი გამოფენის გახსნა არ უნდა გამოტოვოთ. გამოფენა მხოლოდ 1 დღე გაგრძელდება.
გამოფენისთვის მზადება ავტორებმა ორი წლის წინ დაიწყეს და მისი იდეა ამერიკელი მწერლის, რაიმონდ კარვერის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით გაუჩნდათ. მოთხრობა შესულია კარვერის ცნობილ წიგნში „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე”. შეყვარებული წყვილის ამბავი Midnight Motel-ში ხდება. სწორედ ეს მოტელი და მისი ლანდშაფტი იქნება გადმოტანილი საგამოფენო სივრცეში.
„ხშირად გვეკითხებიან – რას აკეთებს კინომხატვარი? ეს გამოფენა არის მოკლე პასუხი იმაზე, თუ რა არის ჩვენი პროფესია და რამხელა შრომაა ჩადებული ყველასთვის საყვარელ ფილმებში. გვსურს, რომ კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება კინომხატვრობის საინტერესოდ გადმოტანა საგამოფენო სივრცეში“. – ამბობს ანა ქაჯაია.
ქართული ფილმის ეზოში, მულტიფუნქციურ სივრცეში „არტ თერაპია” გამოფენა 20 დეკემბერს, ზუსტად 20 საათზე გაიხსნება და მნახველებს ერთი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.