fbpx

საკონცერტო დღიური #6 – პერიფერიის მოგუდული ხმები (Skazz, She Past Away, თბილისი, 03.12.2022)


გააზიარე სტატია

– იკსკიუზ მი, დუ იუ ნოუ ვერ იზ ელეკტროვერკ? – უკვე კლუბთან მისულ მეკითხება ვიღაც უცნობი რუსული აქცენტით.

უხალისოდ ვუჩვენებ შენობას, შესასვლელს თავად მიაგნოს, არ მაღელვებს.

წვიმს. მე და ხატია ლამის სირბილით შევდივართ ძველი ქარხნის ეზოში და კონცერტის რიგში ვდგებით. მეგონა, ხატია წამოსვლას ვერ შეძლებდა, ბილეთი არც ჰქონია; მიხარია, რომ ბოლო მომენტში მოახერხა.

უკრაინულმა და ქართულმა საპრომოუტერო კომპანიებმა Pink Hearts და RedRum, ერთი მეორეზე უკეთესი კონცერტები დააანონსეს; დარქვეივის, სინთვეივის, პოს-პანკისა და სხვა არაჭყეტელა მუსიკის მოყვარულებს She Past Away, Pink Turns Blue, Lebanon Hanover და ჟანრის სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ელოდებიან. დღეს She Past Away-ს დღეა. რიგში მეტწილად შავებში მოსილი ხალხია. ამდენ გოთში თავი წიწილა მგონია ჩემი ყვითელი ქურთუკის გამო. ირგვლივ შემაწუხებლად ბევრი რუსული საუბარია. ფაქტი ფაქტადაც კი მაღიზიანებს, რომ ქართულ-უკრაინულ ორგანიზებულ კონცერტზე ამდენი რუსი ჰიფსტერი შეკრებილა. რას ვიზამთ, ეს იმ პერიოდში ხდება, როცა ბაზარი ასე გვარეგულირებს. 

რიგი არც თუ ჩქარა იძვრის. ვხედავ თუ როგორ გამობრუნდება უკან რამდენიმე უკმაყოფილო მსმენელი, ვერ ვხვდები რატომ. დაცვის წევრები გოთ გოგოებს უკბილო იუმორისტული რეპლიკებით ეარშიყებიან და უხერხულობის დოზები უფრო და უფრო იზრდება.  

ჩვენი რიგი მოდის, ერთი ბილეთი კარზე გვაქვს საყიდელი.

სიურპრიზი!

თურმე მხოლოდ ნაღდი ფულით შეგიძლია ყიდვა, თანაც ეს ინფორმაცია აქამდე არსად გაჟღერებულა.

კი ვიცით, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც პოლიტიკურმა გარემომ 30 წლით უკანა რეალობაში დაგვარეგულირა, მაგრამ მართლა, რომელი წელია?! 2022 წლის მიწურულია, ბევრს საბანკო ბარათიც კი არ უდევს ჯიბეში და როგორ შეიძლება მოელოდე, რომ ხალხს 100 ლარი ნაღდ ფულად ედება საფულეში. თანაც ინფორმაცია ამაზე არც არსად გავრცელებულა. ახლა ვხვდები რატომ ბრუნდებოდა ხალხი უკან. ჩვენც იგივე ბედი გველის. არანაირი პირადი გადარიცხვაც არ ჭრის. უახლოესი ბანკომატი სადაა, არავინ იცის. ეს სივრცეებიც არ ვიცით კარგად – ახლა ხომ სრული დეცენტრალიზაციისთვის გავემზადეთ?! თბილისის გარეუბანში, სამგორში დაუკრავენ ქუთაიუსი Skazz და თურქული She Past Away ბურსადან.

ტელეფონში ვეძებთ სად შეიძლება იყოს უახლოესი ბანკომატი. ამასობაში უცნობი მოგვადგება და გვეუბნება, რომ შეუძლია ქეში მოგვცეს. მხსნელია. წვიმაში ბოდიალს გადაგვარჩინა. თანხას ვურიცხავთ, ის ქეშს გვაძლევს, რომელსაც ბილეთის კონტროლიორს ვაძელევთ.

– შედით!  – გვეუბნება კონტროლიორი. არანაირი ბეჭედის დარტყმა ხელზე, არანაირი ბრასლეტი. ნაბეჭდ ბილეთსაც კი არავინ გვაძლევს.

გვეცინება და დაშევდივართ. ცუდ ორგანიზებას არ გავაფუჭებინებთ განწყობას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი დგას ქართულ როკ-მუსიკაში; გერმანული ტურის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ნოდო კუპრავა და საბა ვაშაყმაძე ახლა თბილისში უკრავენ, თავიანთი ერთ-ერთი მთავარი  მუსიკალური გავლენის, She Past Away-ს გასახურებლად.

კონცერტამდე ცოტა დროა დარჩენილი. ბექსთეიჯში შესვლა შემიძლია, მაგრამ არაა ახლა ამის დრო. მითუმეტეს, რომ ნოდოც და საბაც ახლა სცენასთან ახლოში დაბორიალობენ; ღელვის ნასახიც არ ეტყობათ. ორიოდე სიტყვას ვცვლით და – როგორც ქართულ შოუებს სჩვევია – ცოტა დაგვიანებით ბიჭები სცენაზე ადიან.

კონცერტს EP „უხვი ნალექის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკით, “განდე“-თი ხსნიან, რომელსაც უკვე ბენდის სავიზიტო “Memorial“-ს აბამენ. ჩემთვის Memorial ის სიმღერაა, რომელმაც თავის თვეების წინ, გამოსვლისთანავე დამარწმუნა, რომ Skazz-ის შემთხვევაში საქმე ნაღდ, გულწრფელ აკუსტიკურ და სოციალურ ენერგიასთან გვაქვს; 1982 წელს ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ გაიხსნა დიდების მემორიალი და ეს ძეგლი წლების განმავლობაში ქალაქის პეიზაჟის ერთ-ერთი განმაპირობებელი ნაწილი იყო. „ქუთაისს დარჩა ნაგებობა, რომელიც სულაც არ იყო გამარჯვების სიმბოლო, პირიქით, ეს მონუმენტი ახსენებდა ყველას თუ როგორ ვმარცხდებოდით როგორც სახელმწიფო და როგორც ადამიანები; იქცა როგორც „შეკრების“ ასევე სისხლიანი გარჩევების ადგილად.“ – წერია ალბომ „მემორიალის“ ანონსში და ხვდები თუ როგორ ორგანულად შეითვისა Skazz-მა ეს ბრუტალისტური ქუთაისური გამოცდილება, თავისი ტრაგიზმით, რომელიც ახალი – ახლა უკვე მიტოვებული და უფუნქციო –  პარლამენტის შენობის აგებას შეეწირა და თავის მხრივ იმსხვერპლა ნგრევის მაყურებელი დედა-შვილი. ამბავი ისტორიამ დაივიწყა, მაგრამ არ დაივიწყა სკაზმა.

„ქვას გატეხილს

დავიწყებით ნაშინებს

შენ თუ აღარ გახსოვს

ისევ მე მიგანიშნებ

თვალებს ვუსწორებთ ხალხს

თვალებს ვუსწორებტ მზეს

დარჩი და გადარჩი

მე კი კვლავ გავიხსენებ

ამ მემორიალს“

 

Skazz-ისთვის ისტორია მნიშვნელოვანია. ეს ქუთაისის ჯურღმულებში გამოწრთობილი ზღაპრული (თავად Skazz-იც ხომ ესტონური ზღაპრების წიგნის სათაურში ამოკითხული სიტყვაა!) დუეტია, რომელსაც საკუთარი მართალი სიტყვის თქმის გარდა, იარაღად არც არაფერი აქვს და კაცმა რომ თქვას, არც არაფერი სჭირდება. Skazz-ისთვის ისტორია მნიშვნელოვანია თავისი აწმყოთიც. ამიტომაცაა, რომ ბევრი თანამედროვე არტისტისგან განსხვავებით, ისინი მკაცრ და არაპრივილეგირებულ პოზიციებზე მყარად დგანან და ჯერჯერობით წარმატებით ახერხებენ არ აითქვიფონ იმ მუსიკალურ, დრომოჭმულ ისტებლიშმენტში, რომელიც, სიმართლე ვთქვათ, არც არაფერში სჭირდებათ. Skazz-ს სჭირდება მხოლოდ ის აუდიტორია, რომელიც მის სიტყვას გაიგებს – კარგი მთქმელის და კარგი გამგების ამბავია – ამიტომაცაა რომ აუდიტორიასთან კომუნიკაცია საკვანძო ელემენტია ბენდისთვის. 

მაგრამ ამ კონცერტზე, სცენის წინ მთავარი აქტის მომლოდინე იმდენი რუსი შეკრებილა, რომ ვინ გაუებს Skazz-ს?! გამეხებულები სახეებით დგანან და ოდნავადაც ვერ გრძნობენ წმინდად ქართულ და უფრო ლოკალურად ქუთაისურ ენერგიას, გაუტოკებლად არიან და არც თუ მშვენიერ განწყობიას ქმნიან. მხოლოდ მე და ხატია ვცეკვავთ და ვყვებით რიტმს. 

დუეტი „ხრიკის“ მღერას იწყებს და ტექსტის ბოლოსკენ სადაც საბა გვეუბნება, რომ ნანახი ხრიკების კვალი არ ქრება, ლამისაა მიკროფონთანვე ამოარწყიოს მთელ სიმღერაში ჩადებული ლავა. მე კი ლამისაა ამოვარწყიო, იმ ფაქტის გამო, რომ ირგვლივ ისევ არავინ ინძრევა. აუტანელია. ამიტომაც აუდიტორიის სხვა ნაწილში გადავინაცვლებთ. მაშინვე დავლანდავ მეგობარს, რომელსაც ცეკვაში ისე დაუკარგავს თავი, რომ საკუთარი მოძრაობებით მაშინვე გავიწყებს სცენის წინ დაბანაკებულ უძრაობას. 

იქვე ვრჩებით. ამასობაში Skazz „მდევარს“ იწყებს და უკანა ფლანგზე გამაგრებული მსმენელი გიჟდება. ნოდო კუპრავას გიტარის სიმი უწყდება, არ იბნევა, სოლოს გადააწყობს და ერთგვარი სიამაყით გამოდის სცენის კიდესთან, გამწყდარი სიმი ჰაერში ქანაობს, იკლაკნება, მდევარის სოლო კი მირაკრაკებს.

სად აქვს ქუთაისურ ბენდს იმის ფუფუნება ათ-ათი გიტარით იაროს ლაივების დასაკრავად?! ამ კონცერტზე კი სიმების გამოსაცვლელად პაუზის დროც არ არის ნამდვილად. ამას ნოდო გრძნობს და ამიტომაცაა, რომ მოურიდებლად იღებს She Past Away-ს ვოკალისტ ვოლკან კანერის მთავარი აქტისთვის გამზადებულ გიტარას. 

კონცერტი გრძელდება. საბას ბანი ელექტროვერკის ქვისკედლებიან, არც თუ სახარბიელო აკუსტიკაში მაინც მომნუსხველად გაისმის. უკვე იმდენად შევეჩვიეთ ქართულ კონცერტებზე რომ ხმის პრობლემა ათიდან ცხრა შემთხვევაში თავს იჩენს, რომ არაუშავს, it’s OK.

It’s OK, რადგან ეს ხომ პერიფერიის ხმაა, რომელიც ჩვენს რეალობაშიც მოგუდულად ისმის. და რა გასაკვირია, რომ კონცერტზეც მოგუდულად ჟღერდეს?! თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ეს მაინც პანკ სცენაა, სადაც აკუსტიკაზე მეტად ის მართალი და გულახდილი სიტყვა გვაინტერესებს, რომელიც ამ დაუბალანსებელ ჟღერადობაში გაისმება. Skazz-ის პოპ-სიმღერებივით გამომჭერი ტექსტები კი, რომელიც მსმენელამდე ძალიან მარტივად აღწევს, საკმარისია ერთხელ დაიგულო თავთან, აღარც გაგეშვება.

„და მე არ გთმობ, და მე არ გთმობ და მე არ გთმობ და მე არ გთმობ“

„ამ მემორიალს; ამ მემორიალს; ამ მემორიალს“

„შენ განდე; შენში განდე; შენ განდე; შენში განდე“

„მახსოვს მახსოვს მახსოვს / მახსოვს მახსოვს მახსოვს“

Skazz 40-წუთიან შოუს რჩება და გვემშვიდობება.

ყველანი დასალევად ბარისკენ ვინაცვლებთ. როგორ ახერხებს, რომ კონცერტის მორჩენიდან ასე მალე ჩნდება ბარში არ ვიცი, მაგრამ ნოდო კუპრავა რიგში ჩემს შემდეგაა. ვეხუტები და საკაიფოდ დაკრულ კონცერტს ვულოცავ. საუნდით ვერაა კმაყოფილი, მაგრამ რა გაეწყობა?! მერე მეგობრები ტეკილას გადავკრავთ და სცენასთან ვბრუნდებით, რომ She Past Away ვნახოთ.

ჩაბნელებული დარბაზი წამით ნათდება და თურქული ბენდი „შფოთვიანი დისკოს“ გამხსნელით იწყებენ თბილისურ კონცერტსაც. Durdu Dunya მაშინვე ქმნის დამაექსტაზებელ გარემოს; როგორც იქნა სცენის წინაც გაკოტკდნენ! თავებს აქანავებენ.

თუკი Skazz-ის შემთხვევაში სიმღერის ტექსტები გვესმოდა და ამის ხარჯზე შეგვეძლო თავი მოგვეტყუებინა, ან It’s OK-დ მიგვეღო საუნდის პრობლემა, ისედაც მიგუდული She Past Away-ს ვოკალი თითქმის საერთოდ აღარ ემის და სინთზატორის ხმას ერევა. 

რატომ ხდება, რომ კარგი აპარატურის შემთხვევაშიც კი ათიდან ერთ შემთხვევაში თუ ვიღებთ ხოლმე სასურველ, შესაბამის ჟღერადობებს?! იმის გამო, რომ საქართველოში, ცალ ხელზე ჩამოსათვლელი მაგალითების გარდა, ფაქტობრივად არ არსებობს პოსტ-პანკ, დარქვეივ და და სხვა ბევრი ვეივ სცენის ისტორია თუ კულტურა, შესაბამისად არსებობს არც იმის პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ უნდა დაყენდეს ხმა ისე, რომ ამ ჟანრის მუსიკა გაისმას ისე, როგორც ავტორებს აქვთ ჩაფიქრებული. ამიტომაცაა, რომ თუკი ბენდი არის რამენაირად კვეთში როკ ან მეტალ მუსიკასთან, ყველა ისმის ერთნაირად, როგორც ჰარდ როკი და როგორც ჰევი მეტალი. 

არადა She Past Away-ს მთელი ხიბლი ხომ სწორედ იმაშია, რომ თურქული პოეზიის წყალობით დარქვეივი ორიენტალურ აკუსტიკურ ფორმატში ისე გადასვა, რომ არ დაკარგა ანდერგრაუნდის ის პირქუში სიმძიმე, რომელსაც ჩაბნელებულ კლუბებში გადავყრივართ.

რას ვიზამთ?! ესაა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს. თავს ისევ იმით ვიმშვიდებთ, რომ კლუბ „ელექტროვერკის“ სივრცე მაინცაა მიმზიდველი და ბენდისთვის შესაბამისი. თავდაუზოგავად ვცეკვავთ. თრობაც საკაიფოდ შეგვეპარა უკვე. 

ამასობაში ბენდი თავისი ემბლემატური “Rituel” დაკვრას იწყებს და აუდიტორიას თითქოს კოლექტიური ამოკვნესის ხმა გადაუვლის; ჯერ კიდევ სანამ სიმღერა მთავარ თემაზე გადადის, ჰაერში უკვე ათობით სმარტფონია აღმართული. სიმღერის აწეული დინამიკა ქვემოთ აღარც ეშვება. ეს ეროტიკული აკუსტიკური სასპენსი მსმენელს მალევე უჯდება სხეულში და რამდენიმე სიმღერის განმავლობაში შეუსვენებლივ აცეკვებს. შედარებით უკან, გაშლილ სივრცეში ცეკვაზე უარს ვამბობთ და სცენის წინ, სივიწროვესა და ხუთვაში გვინდა შესვლა. რამდენიმე მეგობარი წინ გავდივართ, ხალხში ვიზილებით და სწორედ ამ დროს იწყება ჩემთვის She Past Away-ს დისკოგრაფიის საუკეთესო სიმღერა Kasvetli Kutlama – პირქუში დღესასწაული.

„შავ ხვრელში ჩაიკარგა ყოველი ფერი,

ყოველი ბგერა მიჩუმდა ერთხმად

დალპა ყოველი სული

პირქუშ დღესასწაულზე ყალბი სახეები

ტყავის ნიღბებში შემოსილან

მე კი ისევ ღრმად ვიძირები

დიდ არარაში“

ეს ჰორორ-ფილმებისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა უკვე თრობის მოგზაურობაში მყოფ აუდიტორიას კიდევ უფრო გადაზილავს ერთმანეთში და ასე კოლექტიური როკვითვე გრძელდება შოუ სანამ მდორე და მძიმე „სიზმრებით“ არ გვემშვიდობება დუეტი ენქორამდე.

ხმა ვერც ენქორისას სწორდება, მაგრამ არაუშავს, რაღას გავაწყობთ?! არაუშავს, რადგან საერთო ჯამში პანკი (თავისი დარქ-სინთ-ნიუ-დასხვაუამრავ-ვეივ მუსიკით) ხომ ის ფსკერიდან წამოსული ნაკადია, რომელიც დაღლილი ყელით, გაწყვეტილსიმიანი გიტარებით თუ გატეხილი კლავიშებით ხმიანდება; ამიტომაცაა, რომ პირდაპირ ხვდება გულს და პრიორიტეტიც აქ უნდა ვეძებოთ. ეს ბიძგები კი რასაც Skazz-ის და She Past Away-ს კომბინაცია იძლევა, დიდ სურათში იმაზე უფრო საჭირო ბიძგებია, ვიდრე დახვეწილი საუნდი. 

*

კონცერტის შემდეგ უკვე ბექსთეიჯში გადანაცვლებული ვუყურებ თუ როგორ მიდის კლავიშისტი და დრამერი დორუკ ოზთურქჯანი Skazz-ის ბიჭებთან და ორი ბენდის საერთო ფოტოს გადასაღებად ეპატიჟება. ნოდოს ახლა ახსენდება, რომ ვოლკანის გიტარაზე დაუკრა ნახევარი კონცერტი:

– იმედია, არ მიწყენ შენი გიტარა რომ გამოვიყენე.

– იქ ზუსტად იმისთვის იდო, რომ გამოგეყენებინა. – თვალს უკრავს ვოლკანი.

ბექსთეიჯიდან გავდივარ. 

– აუ, ჯერ თერთმეტის ნახევარია! რა უბედურებაა! – წუწუნებს მაკო, – ასეთი კონცერტები ხომ ღამის ორზე უნდა იწყებოდეს?!

– წამო სახლში დავლიოთ და მერე ჰორუმი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.