fbpx

დრო, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – ნინი გოგუაძე Veli.store-ის ბლოგისთვის


გააზიარე სტატია

 

ალბათ ხშირად გეუფლებათ გრძნობა, რომ წლიდან წლამდე დრო უფრო და უფრო სწრაფად გადის და დღის გეგმის შესასრულებლად ყოველთვის გვაკლდება საათები. სინამდვილეში, ამ განცდას თანამედროვე სამყაროს თავისებურებები აჩენს, რაც თავის მხრივ, დადებითთან ერთად, უარყოფით ფაქტორებსაც მოიცავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ახალი ეპოქის ადამიანი მეტად დამოუკიდებელია, შესაბამისად, პასუხისმგებლობებიც დიდია. ხშირად ერთდროულად რამდენიმე სამსახურში გვიწევს მუშაობა, ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ, შევინარჩუნოთ სოციალური ცხოვრება. ამასთან ერთად კი გვაქვს ჰობები და ინტერესები, რომლებიც დროის დათმობას იმსახურებენ. 

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა ყველაფერი სარეცხის მანქანის გაწურვის რეჟიმზე მუშაობს, თუ რაიმეს მიღწევა გინდა, ტემპს ფეხი უნდა აუწყო, ამისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, რომელიც თეორიულად ბევრი გვაქვს, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე რთული სწორედ თავისუფალი დროის გამონახვაა“. – ფიტნეს-ინსტრუქტორი ნინი გოგუაძე. 

 ნინი მრავალი წელია გადატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრობს. შესაბამისად, ძალიან კარგად იცის დროის მნიშვნელობა და ის გამოწვევები, რომლებიც მის სწორად განაწილებას ახლავს თან. 

ნინი გოგუაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორია. მრავალწლიანმა შრომამ და საკუთარ თავზე მუშაობამ განაპირობა ის, რომ ვარჯიშის მოყვარულთა თუ უბრალოდ მსურველთა შორის დიდი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს. ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღად კვება, საკუთარი სხეულის ფლობაზე ზრუნვა  არა მხოლოდ მისი პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად არაერთ ჯგუფთან ატარებს ვარჯიშებს და ამასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. ნინის Instagram-ზე 20 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მუდმივად ცდილობს, აუდიტორიისათვის საინტერესო კონტენტი შექმნას, გამომწერებს სასარგებლო ინფორმაცია გაუზიაროს და მათ შეკითხვებსაც უპასუხოს. როგორც ამბობს, დღის ძირითად გეგმას ყოველთვის პატარა გაუთვალისწინებელი დეტალები ემატება, რაც  დამატებით მობილიზებას მოითხოვს. გადატვირთული დროის მიუხედავად, ნინისთვის უპირველესი პრიორიტეტი მეუღლესთან და შვილთან ერთად საინტერესო მოგონებების შეგროვებაა. 

ცხოვრების ტემპისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ნინი გოგუაძე Veli.store-ის ამ ბლოგში საკუთარი დღის განრიგზე, დროის სწორად მართვის მეთოდებზე და ამ პროცესში პრიორიტეტების დალაგების მნიშვნელობაზე საუბრობს:  

ჩემი დატვირთული დღის განრიგი

– კვირის უმეტეს დღეებში დილის 7:30-ზე ვიღვიძებ, ვწესრიგდები, აუცილებლად ვსაუზმობ,  ვცდილობ, დილის გაწელვები მოვასწრო და ამის შემდეგ ჩემს შვილს, ალექსს ვაღვიძებ. ვაწესრიგებ, ბაღში ვტოვებ და სამსახურში გავრბივარ. დილის ვარჯიშები 9:30-ზე იწყება და დღის პირველ საათზე მთავრდება. შემდეგ უშუალოდ ჩემი ვარჯიშის დროც მოდის, რაც რეალურად სამსახურის ნაწილია.  2023 წელს რამდენიმე შეჯიბრში მივიღებ მონაწილეობას, ახლა სწორედ მათთვის ვემზადები. ამის შემდეგ ისევ ვატარებ ჯგუფურ ვარჯიშებს სპორტდარბაზის წევრებისათვის და ერთი საათი მრჩება, სანამ ალექსის ბაღიდან გამოყვანის დრო მოვა. ამ ერთ საათს სხვადასხვა პროექტზე მუშაობაში, შეხვედრებსა  და ონლაინ სავარჯიშო პროგრამების მომზადებაში ვხარჯავ.  სამსახურის დასრულების შემდეგ კი დგება დრო, ვიყო მხოლოდ დედა და სრულყოფილად  შევასრულო მშობლის მოვალეობა.  საღამოს საათებში ჩემი დრო სრულად  ალექსის განკარგულებაშია. ვცდილობ, ყოველ საღამოს რაღაც ახალი გავაკეთოთ, საინტერესო ადგილას წავიდეთ და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. 

შოპინგი  

შოპინგი უმრავლესობისათვის სასიამოვნო პროცესია. მეც მიყვარს ახალი ნივთების შეძენა, განსაკუთრებით  მაშინ, როცა საქმე სპორტული ტანსაცმლის კოლექციის განახლებასა და სახლის ნივთების შეძენას ეხება. თუმცა, ამისათვის დრო თითქმის არასდროს მაქვს. ნაჩქარევად რამის  გაკეთებას კი მირჩევნია, საერთოდ არ გავაკეთო.  იმის გამო, რომ ტანსაცმელს თითქმის არასდროს ვისინჯავ და ზუსტად ვიცი რა ზომა ავიღო,  ონლაინ შოპინგი ჩემთვის მარტივ და კომფორტულ  გამოსავლად იქცა. სასურველი ნივთების ონლაინ შეძენა გზაში დახარჯული დროისა და დისკომფორტის გამომწვევი სხვა გარემოებების გარეშეა შესაძლებელი. 

დრო, რომელსაც საკუთარი სურვილების ასრულებისათვის დავხარჯავდი

რამდენჯერ მიფიქრია – მეტი დრო რომ მქონდეს, კონკრეტულ ინტერესებს, ჩემი ოცნებების ასრულებას და ახალი გამოცდილების მიღებას დავუთმობდი მეთქი. მეტ საინტერესო დღეს გავატარებდი ჩემს შვილთან ერთად, მეტს ვიმოგზაურებდი, მეტ სერტიფიკატს ავიღებდი, რაიმე ახალ სპორტს დავეუფლებოდი, კლდეზე ცოცვაზე ვივლიდი – სხვათა შორის, ადრე დავდიოდი, ახლა კი დრო არ მყოფნის გასაგრძელებლად. კიდევ ზამთარში დღეების დიდ ნაწილს  თხილამურებით სრიალში გავატარებდი, ცეკვას ვისწავლიდი და ასე შემდეგ. თუმცა, შემდეგ ვფიქრობ, რომ რაც ძალიან გვინდა, იმისთვის დროის გამონახვა ყოველთვის შეგვიძლია. ამიტომ ვფიქრობ, დადგება დღე და შევძლებ საკუთარი ინტერესებისათვის დავხარჯო მეტი დრო. ეს კი მაშინ მოხდება, როცა ნამდვილად მოვინდომებ. 

როგორ ვმართავ დროს – რამდენიმე რჩევა მათ, ვისთვისაც დრო ძვირფასი რესურსია 

პირადად ჩემთვის დროის მენეჯმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გასაკეთებელი და დაგეგმილი საქმეების ჩამოწერაა. ამის გარეშე იმდენად  დიდი ქაოსი ხდება ჩემს თავს, რომ ვერაფერს ვასწრებ და არაპროდუქტიული ვხდები. ყოველთვის მაქვს ჩამოწერილი დღის, კვირის და თვის გეგმები. ეს მეთოდი ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ მეტად ორგანიზებული იყოთ და დროც გაცილებით ეფექტიანად მართოთ. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რასაც ადამიანებმა დრო უნდა დაუთმონ, არის საკუთარი თავი და ღირებული მოგონებების შეგროვება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რაიმე განსაკუთრებულად აღსანიშნავი მოვლენა იქნება თუ ლანჩი დიდი ხნის უნახავ ადამიანთან ერთად. მთავარია იყოს მომენტი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც, სასიამოვნო ემოციას დატოვებს ჩვენში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.