რვეული #19 – არასაშობაო სიმღერები
დღესასწაულებს ყველასთვის როდი მოაქვთ სიხარული და აღმაფრენა?! ფეიერვერკებით გაბრწყინებული ცა მარტო ძაღლებს და ჩიტებს როდი აფრთხობთ?! დენთის სუნით გაჯერებულ კონსიუმერიზებულ შობა-ახალ წელს უკანასკნელი ჰედონისტის სტრესის დოზებიც კი სახიფათოდ მაღალ დონეზე შეუძლია ასწიოს.
პანდემიამ სადღესასწაულო დაძაბულობა კიდევ უფრო ახალ განზომილებაში გადაიყვანა; თუკი ფსიქიატრიული კვლევები აქამდე სტრესის დონეს საჩუქრების გაკეთების თუ „სავალდებულო“ საოჯახო დისკუსიებში ჩართულობის გამო ზომავდნენ, ბოლო წლებში ამ ყველაფერს გადაჩვეული სოციალიზაციისგან გამოწვეული დისკომფორტის და ვირუსის ან დაავადების გადადების საფრთხის შიშიც დაემატა.
კვლევები მოწმობს, რომ ადამიანების 40%-ზე მეტი უფრო სტრესულია საშობაო პერიოდში, ვიდრე ზოგადად. კიდევ უფრო მეტი ადამიანი შფოთავს გაათმაგებულ საშობაო ფინანსურ გასავალზე, რომელიც დიდ სურათში მეტწილად ფულის ფლანგვად ფიქსირდება ხოლმე.
ცალკე კატეგორიაა ყველასგან მივიწყებული, მარტოდ დარჩენილი თუ სამსახურებს გვიანობამდე შემორჩენილი, გადაღლილი ადამიანები, რომელთათვისაც შობა არაფრით გამორჩეულ, ერთ რიგით სამუშაო დღედ რჩება ხოლმე.
მართალია პოპ-კულტურა უმეტესწილად ფერად და გადაპრანჭულ, ბედნიერსა და სიყვარულით სავსე შობას გვიჩვენებს, მაგრამ მის გვერდით მაინც არსებობს ის ტერიტორია, რომელზეც ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ცხოვრებას გვიჩვენებენ დღესასწაულის პერიოდში. ამ რვეულში რვა ისეთ სიმღერას მოგასმენინებთ, რომლებიც გადაცვეთილი საშობაო სულით საერთოდაც არ მოგგვრიან აღფრთოვანებას, მაგრამ შესაძლოა იმაზე მეტი ემპათია და იმის განცდა მოგგვარონ, რომ მარტო არ ხართ, ვიდრე ყველა გასულმა შობამ ერთად.
Sparks – Thank God It’s Not Christmas (სევდა და აპათია წვეულებაზე)
ჭყეტელა დეკორაციებით მორთულ ოთახში გამეფებული სიყალბის სევდას თუ ოდესმე შეუპყრიხართ, სმენა თუ თითქოს ხელოვნური ინტელექტის მიერ წინასწარ გაწერილ, უშინაარსო დიალოგებს გაუტაცებია და მაშინვე იქაურობისგან თავის დაღწევა გნდომებიათ, მაშინ კლასიკოსი, ექცენტრიკული პოპ და როკ-სტარი ძმების, რონ და რასელ მაელების ეს 1974 წელს გამოშვებული სიმღერა თქვენთვისაა.
საშობაო სიმღერის მომღერალი ბავშვები თუ წვეულებებზე ძველი უინტერესო სანაცნობოს ლაქლაქი, იძულებული დასწრება ამ წვეულებებზე, ცალყბა ღიმილები და ერთმანეთს შეთხლეშილი შამპანურის ჭიქები… მოკლედ, ამ სიმღერაში ბევრი ისეთი პასაჟია, რომელიც შობის გატარებას (მითუმეტეს არასასურველ პარტნიორთან ერთად) ნამდვილად არ მოგანდომებს. აკორდები ცინიკურად გადაეწყობა ხოლმე მინორულიდან მაჟორულზე, ისევე როგორც დეპრესიული ტექსტი უპირისპირდება თითქოს მაინც საშობაო განწყობის მელოდიებს. ბოლოს კი სახელმწიფო ჰიმნივით ეპიკურად დამღერებული ფრაზა – „მადლობა ღმერთს, რომ შობა არაა“ ისე შვების მომტანად ჟღერს, რომ თითქოს მხოლოდ ამის გაგებას ელოდითო.
The Knife – Reindeer (მუშათა კლასი დღესასწაულების მსახურებაში)
ჰოლივუდი შეიძლება ხშირად გვიხატავს პორტრეტებს, სადაც მუშათა კლასი კალენდრისგან ბოძებულ კუთვნილ დღესასწაულს ელოდება, მაგრამ, აბა ჰკითხეთ შოპინგმოლებში მომუშავე კონსულტანტებსა თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, რომელთათვისაც სადღესასწაულო შრომა გაათმაგებულ ძალისხმევას გულისხმობს?! ხშირად სამსახურებიდან გამოფიტულებს სახლში მილასლასებისთანავე საწოლში ჩახეთქებისა და ძილის გარდა არაფერი უნდათ. იმის დრო და ენერგიაც კი აღარ რჩებათ, უკვე გახსნილი ღვინის ბოთლი ბარემ ბოლომდე გამოცალონ.
საშობაო შრომაზეა აგებული შვედი და-ძმის, კარენ და ულუფ დრეიერის ელექტრონული დუეტის, The Knife-ის სადებიუტო ალბომის დამაგვირგვინებელი სიმღერა Reindeer, რომელიც დღესასწაულს სანტასთვის მომუშავე ირემის პერსქპექტივიდან გვიჩვენებს. ირემს, რომელსაც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძიმე მარხილში უწევს ჩაბმა, ერთი სული აქვს, თუ როდის ჩამოუფრენენ ბოლო სახლს, რომ დაქანცული სამუშაო დღეს მორჩეს.
Greg Lake – I Believe in Father Christmas (კომერციალიზებული დღესასწაული)
შობის გადაზედმეტებულ მონეტარიზაციაზე სიმღერა სურდა გრეგ ლეიკს, ლეგენდარული პროგ-როკ ბენდების, King Crimson-ისა და Emerson Lake & Palmer-ის ვოკალისტს. სოლო კარიერა სწორედ ამ ვიღაცისთვის ანტისაშობაო სიმღერით დაიწყო, სადაც თოვლისა და მშვიდობის მომლოდინე არტისტი გაწბილებულ ბავშვად წარმოგვიდგება, რომელსაც შეტენეს ოცნება შობასა და silent night-ზე, რომელსაც სჯეროდა თოვლის ბაბუის და ზღაპრების, სანამ ერთ დილით, პირველივე დამთქნარებისას არ აღმოაჩინა, თუ რამხელა პირფერობა იდგა ამ ყველაფრის უკან. თუმცა ამ სიცრუის მიღმა მაინც რჩება შობა – როგორც მოვლენა და როგორც კალენდრის გამორჩეული დღე, ამიტომაც გამბედაობასა და უმტკივნეულო ახალ წელს გვისურვებს.
ვერ დავიჯერებ, რომ გრეგ ლეიკი არ მოელოდა სიმღერის გაპოპულარულებას; 1975 წელს “I Believe in Father Christmas”-მა ჩარტებში მე-2 ადგილი დაიკავა (Queen-ის Bohemian Rhapsody-ს შემდეგ), ორ დღეში 13 ათასზე მეტი ფირფიტა გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ყოველთვის საპროტესტო სიმღერად მიიჩნევდა ამ ნამუშევარს, მუსიკალურმა ინდუსტრიამ მაინც მოახერხა მისი მორჯულება და ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ საშობაო სიმღერად დააფიქსირა.
De La Soul – Millie Pulled a Pistol On Santa (ბავშვები საფრთხის ქვეშ დღესასწაულებისას)
ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანის გამორჩეული ტრიო De La Soul-ის ბალადა Millie Pulled A Pistol On Santa ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ისტორიაა, რასაც „საშობაო“ მუსიკაში გადააწყდებით. გარდა იმისა, რომ ლირიკა და მისი დამღერება არის თხრობის უმაღლესი მწვერვალი, თავად ისტორიაა უნიკალური საშობაო მოთხრობა; ისეთი, როგორსაც არც New Yorker-ის სპეციალურ გამოშვებაში დაბეჭდავენ და როგორზეც არც საყვარელ ფილმს დააფუძნებენ.
ბავშვთა გასართობ ინდუსტრიაში რომ ყვავის პედოფილია, არახალი ამბავია. სწორედ ამ თემას ეხება კლასიკად ქცეული ალბომის, De La Soul is Dead-ის ეს სიმღერა, სადაც სკოლის მოსწავლე მილიზე მამამისი, დილონი ძალადობს. დილონი სავაჭრო ცენტრში სანტა-კლაუსადაც მუშაობს და ბავშვების გულს ასე იგებს. და სწორედ ამიტომ, როდესაც მილი გაბედავს და მეგობარს გაუმხელს მამის ძალადობის შესახებ, გოგოს არ დაუჯერებენ, რაღაც გეშლებაო, ეტყვიან. მამა ხომ კეთილი სანტაა, რომელიც პატარებს კალთაში ისვამს და მათ ბავშვურ სურვილებს უსმენს.
ჰოდა პატარა მილისაც ყელში ამოასხამს გარშემო არსებული რეალობა, იარაღს იშოვის, სავაჭრო ცენტრში ზომბივით შებოდიალდება და მამას კლავს. სიმღერაც გასროლისთანავე სრულდება.
Tom Waits – Christmas Card from a Hooker in Minneapolis
მისალოცი და მოსაკითხი ბარათები, საშობაო ტექსტების ცალკე ჟანრია. პირველ პირში, კონკრეტული ადრესატისთვის დაწერილი წერილები და მოთხრობილი ამბები ინტიმურობის უდიდეს დოზებს ატარებს.
სწორედ ასეთ წერილს გვიკითხავს ტომ უეტისი თავის კლასიკად ქცეულ ალბომში „Blue Valentine”.
“სალამი ჩარლი, მე ფეხმძიმედ ვარ,
ამჟამად იუკლიდ ავენიუსთან ახლოს,
იმ ჭუჭყიანი წიგნების მაღაზიის გასწვრივ,
მე-9 ქუჩაზე ვცხოვრობ.
ნარკოტიკები გადავაგდე,
აღარც ვისკის ვსვამ.
ჩემი ქმარი ტრომბონზე უკრავს
და სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს.“
ასე ერთი შეხედვით იმედიანად იწყება ჩარლისთან მისული წერილი. მაგრამ დარდიან ტომ უეიტსთან მარტივად ხომ ვერ იქნება საქმე? როიალზე დამღერებული ეს გულახდილი წერილი იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ ვერასდროს შედგება ხოლმე ცხოვრება ისე, როგორც გვინდა; და როდის უნდა გვახსენებდნენ მკვდარი ოცნებები თავს, თუ არა შობის ღამეს?!
ამ სიმღერის ეს საკონცერტო შესრულება, სადაც წერილის თავსა და ბოლოში ტომ უეიტსი Silent Night-ს მღერის, განსაკუთრებით მიყვარს.
The Fall – No Xmas for John Quays (ჯანქების შობა)
პანკ-მუსიკას ბევრი ჩაქვესკნელებული ადამიანი შემოუნახავს შობის ღამეს; The Damned-ის There Ain’t No Sanity Clause, თუ Rancid-ის განწირული ნამღერის – Xmas Eve (She Got Up and Left Me); ანდაც The Vandals-ის მთელი საშობაო ალბომი Oi to the World!
მაგრამ არავის ისე მძლავრად არ გადმოუცია ფსკერზე მწოლიარე კაცის აპათია, როგორც დიდი მანჩესტერის პატარა ქალაქ პრესტვიჩის ბარებში გამოწრთობილ მარკ ი. სმიტს. მისი The Fall-ის სადებიუტო ალბომში ვხვდებით სიმღერას „შობა არ დგას ჯონ ქუაისითვის“.
„ჯონი ქუასისთვის ჯვარცმას არ მოსდევს შობა“, – გვეუბნება სმიტი, სანამ სიმღერას დაიწყებს, მერე კი ჯანქი ჯონ ქუაისის (სახელიც ხომ არ ეხმიანება?!) ცხვირს სხვადასხვა ფხვნილის ბილიკებს ააყოლებს. ბენდისთვის სახასიათო მონოტონური და მძიმედ მჟღერ აკუსტიკურ ტალღას დამაექსტაზებელი ეფექტი აქვს.
Gruff Rhys – Slashed Wrists This Christmas (თვითმკვლელობის მცდელობა დღესასწაულებზე)
ბოლო წლების კვლევებმა აჩვენეს, რომ საბედნიეროდ მცდარია ის სტატისტიკა, ვითომ დღესასწაულები განსაკუთრებით უბიძგებენ თვითმკვლელობისკენ დეპრესიაში მყოფ ადამიანებს. თუმცა სტატისტიკა, რომ მსოფლიოში წუთში მინიმუმ ერთი ადამიანი იკლავს თავს, არც შობას ტოვებს სუიციდის გარეშე.
სწორედ თვითმკვლელობის მცდელობაზეა უელსელი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, გრუფ რაისის სიმღერა „ამ შობას გადაჭრილი ვენები“. ლირიკული, ელექტროორგანსა და აკუსტიკურ გიტარაზე დამღერებული მელოდია, სადაც რაისი არასწორად გადაჭერილი ვენების გამო გადარჩენილ მეგობარს უმღერის, წვეულებაზე ფხიზლად შემორჩენილი წყვილის ძველ, ნელ მუსიკაზე ცეკვის განწყობას ქმნის და საწყისი ბგერებიდანვე განსაზღვრავს მსმენელის განწყობას.
LCD Soundsystem – Christmas Will Break Your Heart (ადამიანები რომლებიც არ ახსოვთ დღესასწაულებზე)
რვეულის დასასრულს კი ჩემს ფავორიტ საშობაო თუ ანტი-საშობაო სიმღერას მოგასმენინებთ; რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ, ნიუიორკული დენს-როკის გიგანტმა ჯეიმს მარფიმ მოულოდნელად საშობაო სიმღერა გამოუშვა: „რვა წლის განმავლობაში, დეპრესიულ საშობაო მელოდიას ვუმღეროდი ჩემს თავს, რომელიც ერთ დღესაც მივხვდი, რომ უნდა ჩამეწერა.“ – იხსენებს მარფი. მაგრამ მაშინ უკვე დეკემბერი იდგა და მუსიკოსი დარწმუნებული არ იყო, რომ დროულად მოახერხებდა გამოცემას. LCD Soundsystem-ის არასრული შემადგენლობითა და მეგობარი პროდიუსერის დახმარებით, მარფიმ მაინც შეძლო და 2015 წლის 24 დეკემბრის ღამეს სიმღერა „შობა გულს გაგიტეხს“ გამოაქვეყნა.
მარტოსული, დარდით სავსე ადამიანის გზა შინისკენ, სადაც არავინ ელოდება, სავსეა მოგონებებით, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ფერმკრთალდება. ეს სიმღერა იმ პატარა ბიჭზეა, რომელიც შობას სანტასაც კი დაავიწყდა, რომელიც შარშანდელი, უკვე გატეხილი სათამაშოთი ხელში მიაბიჯებს.
იშვიათია მიიღო ასეთი მაღალი დოზების ემპათია პოპ-მუსიკაში, როგორსაც ჯეიმს მარფი გაძლევს სიმღერის კულმინაციის მომენტში. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ათასობით ადამიანი აღნიშნავს შობას ამ სიმღერით.
– – – – – – – –
როგორი სიმბოლურია, რომ ალბათ ყველა ამ სიმღერის ჩართვისას Youtube საშობაო განწყობის შექმნას შეეცდება სხვადასხვა რეკლამით. ისე კი, ბევრი მშვენიერი სევდიანი საშობაო თუ ანტისაშობაო სიმღერა დარჩა ამ ბლოგს მიღმა:
The Pogues (feat. Kirsty MacColl) – Fairytale Of New York
Hollywood Undead – Christmas in Hollywood
The Kinks – Father Christmas
Leroy Carr – Christmas in Jail – Ain’t That a Pain
Pet Shop Boys – It Doesn’t Often Snow at Christmas
The Futureheads – Christmas Was Better in the 80s
და სხვა მრავალი.